Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლუკ კოფის მხრიდან ეს არის განწყობების მოსინჯვა როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში"


ლუკ კოფი, „ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
ლუკ კოფი, „ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

ამერიკელი მკვლევრის, „ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის მორიგი იდეა აქტიური განხილვის საგნად იქცა. მან 24 ოქტომბერს „ტვიტერზე“ დაწერა:

„შეთავაზება: ამერიკის ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შესაძლებელია გაიგზავნონ საქართველოში და იქცნენ „ჰორიზონტს მიღმა“ განთავსებულ ძალად, იმისთვის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ აღდგენის შემთხვევაში სწრაფად მოახდინონ რეაგირება.

ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც რაქიდან 460 მილის (740 კმ) მანძილზე მდებარეობს.

ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“.

მომდევნო დღეს, მას შემდეგ, რაც პირველმა პოსტმა დისკუსია გამოიწვია, ლუკ კოფიმ იმავე ფორუმზე უპასუხა ამ დროისთვის წამოჭრილ რამდენიმე კითხვას:

„რამდენიმე საკითხზე:

  • რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი არ განიხილება აშშ-ის მთავრობის მიერ.
  • ბევრი ამბობს, „ლოგისტიკას რა ვუყოთ“? 750 კილომეტრია - ვფიქრობ, ამერიკელი სამხედროები დაძლევენ.
  • მათ, ვინც კითხულობენ - „თურქეთს რა ვუყოთ?“, არ ესმით თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა.
  • დიახ, ეს შეეხება რუსეთის შეკავებასაც“.

სირიიდან გამოსული ამერიკელი სამხედროების ერაყის ნაცვლად საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების იდეის წამოჭრა ამერიკელი პოლიტოლოგის მხრიდან დისკუსიის პროვოცირების მორიგი მცდელობაა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მის ამ მცდელობასაც დუმილით ან თავშეკავებული კომენტარებით გამოეხმაურნენ. ამჯერადაც მეტი ყურადღება მან ანალიტიკოსთა წრეებში მიიპყრო.

ამ იდეას წელიწად-ნახევრით ადრე წინ უსწრებდა ლუკ კოფის ანგარიში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე, რომელიც მოიცავდა აგრეთვე იდეას - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) დროებით გაუვრცელებლობის დაშვებით, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე. ეს იდეა ოფიციალურ დონეზე, საჯაროდ არ განხილულა, თუმცა მისცა ბიძგი აქტიურ დისკუსიას ანალიტიკურ და პოლიტიკოსთა წრეებში. ის იდეა 2019 წლის სექტემბერში თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეახსენა საზოგადოებას.

ახლა კი, როცა აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სირიიდან სამხედროების გამოყვანის შესახებ, ლუკ კოფიმ გაააქტუალურა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების თემა. ის კონკრეტულ მდებარეობასაც ასახელებს - ახალქალაქს, სადაც თავის დროზე საბჭოთა კავშირის და, მოგვიანებით, რუსეთის სამხედრო ბაზა იყო განთავსებული და 2007 წლიდან საქართველოს კუთვნილებაში გადავიდა. საქართველოს ხელისუფლება ორივე იდეას პასიურად შეხვდა და აქტიურ, საჯარო დისკუსიაში არ ჩართულა.

გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-თან, ასევე ძლიერი სიგნალი იქნება რუსეთისთვის - შემაკავებელი ფაქტორი, რომ რაიმე პროვოკაციების მოწყობა არ სცადოს...

ქართველი ანალიტიკოსები, რომლებსაც რადიო თავისუფლება გაესაუბრა, აშშ-ის სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსების იდეას მიესალმებიან, თუმცა, მსჯელობენ ლუკ კოფის ახალი იდეის განხორციელების რეალურობაზე, არსებულ კონტექსტზე, საჭიროებაზე, რისკებსა და შესაძლებლობებზე.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ბათუ ქუთელიასთვის ეს იდეა აბსოლუტურად რეალისტურია აშშ-ის სტრატეგიული მიზნებიდან და დღეს არსებული რეგიონული სურათიდან გამომდინარე. მისი თქმით, ეს იდეა გამართლებულია სამხედრო-ტაქტიკური თვალსაზრისითაც. ბათუ ქუთელიას შეფასებით, ასეთი ტიპის სამხედრო განლაგება ერთმანეთთან დააკავშირებდა ნატოს შავი ზღვის სტრატეგიასა და აშშ-ის ინტერესებს რეგიონში. „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელი თვლის, რომ იდეა სრულად პასუხობს საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს:

...საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდნენ ამერიკული სამხედრო ბაზები.

„საქართველოს ინტერესები ყველა კომპონენტში დაკმაყოფილებულია: ერთი ის, რომ გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-თან, ასევე ძლიერი სიგნალი იქნება რუსეთისთვის - შემაკავებელი ფაქტორი, რომ რაიმე პროვოკაციების მოწყობა არ სცადოს საქართველოსთან მიმართებით და საქართველოს შიგნითაც. პლუს, ეს წაადგება რეგიონის ეკონომიკას - აშშ-ის სამხედრო ბაზები ძალიან ძლიერი ეკონომიკური სტიმულია ხოლმე ისეთი ქვეყნებისთვისაც კი, როგორიც, მაგალითად, გერმანიაა. ძალიან ძლიერი ეკონომიკური ეფექტი აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამას გარდა - ჩვენს სტრატეგიულ როლს და ფუნქციას შავ ზღვაზე დამატებით სამხედრო კომპონენტს შესძენს; აგრეთვე, ძალიან ძლიერი არგუმენტი იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად - თუნდაც იმავე ლუკ კოფის მიერ გაჟღერებული იდეის, რომელიც შემდეგ უკვე რასმუსენმა თბილისშიც გააჟღერა“.

ახლა სირიიდან გამოვდივართ და მოდი, საქართველოში წავიდეთ, ეგრე არ ხდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე წლებია ემხრობა საქართველოში აშშ-ის ბაზის განთავსებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს დიდი ხნის წინ შეეძლო ასეთი ინიციატივის გამოჩენა:

„იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება საქართველოს არათუ ნატოში გაწევრიანება, არამედ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდნენ ამერიკული სამხედრო ბაზები. ვიცით, რომ ცივი ომის პერიოდში არსებობდა ამის პრეცედენტი. შეერთებულ შტატებს ნატოს მიღმა ჰქონდა ბილატერალური შეთანხმებები, მაგალითად: იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან“.

ნიკა ჩიტაძე აღწერს კონტექსტს, როცა შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების ფონზე, აშშ-ს სჭირდება დამატებით მნიშვნელოვანი პარტნიორის ყოლა შავ ზღვაზე და ახსენებს აგრეთვე აშშ-თურქეთს შორის ურთიერთობის ბოლოდროინდელ გართულებასაც. ის ლაპარაკობს ორგვარ სცენარზე:

აშშ აპირებს მომავალი წლის გაზაფხულზე ჩაატაროს ფართომასშტაბიანი წვრთნა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ის მოიცავს უკრაინის და საქართველოს ტერიტორიასაც.

„პესიმისტური სცენარი: აშშ-ში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი და ორივე მხარეს სჭირდება საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, რაც შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე უფროა კონცენტრირებული. შესაძლებელია, ეს საკითხი არ დადგეს ამ ეტაპზე დღის წესრიგში. მეორე - არის სამართლებრივი პროცედურები: უნდა ჩაერთოს კონგრესი და საბოლოოდ ეს იდეა პრეზიდენტმა უნდა მოიწონოს. ახლა სირიიდან გამოვდივართ და მოდი, საქართველოში წავიდეთ, ეგრე არ ხდება.

წინასაარჩევნო კონტექსტი და აშშ-ის ამომრჩევლის ინტერესი გასათვალისწინებელია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობას სურს, აშშ-მა საერთო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სხვა ქვეყნებს გადაუნაწილოს. ეს არის პესიმისტური სცენარი.

ლუკ კოფი საქართველოს მეგობარია, რომელიც ცდილობს თავისი იდეებით, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გართულებული უსაფრთხოების გარემოდან მიეხმაროს საქართველოს.

მაგრამ, მეორე მხრივ, აშშ-ს სჭირდება, თურქეთის სანაცვლოდ იპოვოს შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეები. პლუს, აშშ-ის წარმომადგენლთა პალატამ რამდენიმე დღის წინ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთან თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. კიდევ ის, რომ აშშ აპირებს მომავალი წლის გაზაფხულზე ჩაატაროს ფართომასშტაბიანი წვრთნა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ის მოიცავს უკრაინის და საქართველოს ტერიტორიასაც. ერთობლივ წვრთნაში 37 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იქნება ჩართული. ეს იძლევა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში, მაგრამ არა დღევანდელ ეტაპზე“.

საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების საკითხის ახლო მომავალში გადაწყვეტას არ მოელის თეონა აქუბარდია, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) თანადამფუძნებელი და შეგვახსენებს, რომ ამაზე მსჯელობა ლუკ კოფის არ დაუწყია. ბოლო ხანს თემის ერთ-ერთ გამააქტიურებელ ფაქტორად იქცა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემული ინტერვიუ, სადაც მან თქვა „არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს“-ო. რაც შეეხება ამერიკელი მკვლევრის, ლუკ კოფის მოტივს:

ინიციატივა შეიძლება იყოს ქართული მხარის, მაგრამ არ უნდა იყოს საჯარო და ამას სჭირდება მუშაობა.

„ლუკ კოფი საქართველოს მეგობარია, რომელიც ცდილობს, თავისი იდეებით საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გართულებული უსაფრთხოების გარემოდან მიეხმაროს საქართველოს, რომ მოიძებნოს სწრაფი გზა, საქართველოს მიერ უსაფრთხოების გამოწვევების გადასაჭრელად.

ამერიკულ სამხედრო ბაზას მე პირადად მივესალმები, თუმცა ეს ასეთი იდეით არ ხორციელდება. ამას სჭირდება ორმხრივი ნება როგორც აშშ-ის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის და ამას სჭირდება საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფა იმ კუთხით, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსებას მხარს უნდა უჭერდეს როგორც მთავრობა, აგრეთე პარლამენტი. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს სრული კონსენსუსით მიღებული.

რუსეთი არათუ ბაზას, არამედ ნატოს პარტნიორობით ერთობლივ სამხედრო წვრთნებსაც აღიქვამს თავის უსაფრთხოების გამოწვევად.

არ მგონია, ამ იდეამ ასეთ სწრაფ დროში იპოვოს განხორციელება. ეს არის გარკვეულწილად სირიაში არსებული კონტექსტიდან დანახული რეალობა და, ამასთან ერთად, იმ უსაფრთხოების პარადიგმიდან, რომელიც აქვს საქართველოს - მცოცავი ანექსია და გაძლიერებული პროვოკაციები ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც, რა თქმა უნდა, რუსეთი უმაგრებს ზურგს“.

ამასთან, ნიკა ჩიტაძის მსგავსად, თეონა აქუბარდიაც თვლის, რომ იდეაზე შეიძლება ემსჯელა საქართველოს მთავრობას, რა თქმა უნდა, რისკების გათვალისწინებითა და დაზღვევით:

„ეს შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობაში განხილული იდეა, რომელსაც საჯაროდ არ სჭირდებოდა გახმოვანება, რადგან ვიცით, რომ ჩვენი მეზობელი, აგრესორი რუსეთი არათუ ბაზას, არამედ ნატოს პარტნიორობით ერთობლივ სამხედრო წვრთნებსაც აღიქვამს თავის უსაფრთხოების გამოწვევად და საკმაოდ მკაცრი განცხადებებით გამოდის და ჩვენ ბოლო პერიოდში მედვედევმა ბირთვული იარაღის ფლობა შეგვახსენა.

უნდა არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები, რომ ბაზის განთავსებამდე რუსეთმა არ შექმნას ისეთი კრიზისი, რომ მის განთავსებას საქართველოში უკვე აზრი არ ჰქონდეს.

განსახილველად ძალიან მნიშვნელოვანი იდეაა, თუმცა ეს არის სამუშაო და უნდა ემყარებოდეს ორმხრივ ნებას. ინიციატივა შეიძლება იყოს ქართული მხარის, მაგრამ არ უნდა იყოს საჯარო და ამას სჭირდება მუშაობა.

ლუკ კოფის მხრიდან ეს არის განწყობების მოსინჯვა როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში.

ასევე უნდა არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები, რომ ბაზის განთავსებამდე რუსეთმა არ შექმნას ისეთი კრიზისი, რომ მის განთავსებას საქართველოში უკვე აზრი არ ჰქონდეს.

მე პირადად მივესალმებოდი, რომ საქართველოში იყოს აშშ-ის სამხედრო ბაზები, რადგან ეს იქნებოდა უსაფრთხოების მყარი გარანტია იმ ფონზე, როცა რუსეთი ყოველდღიურად გვაგლეჯს მიწებს და ახორციელებს ჩვენი მოქალაქეების დევნას, შანტაჟს, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“.

საქართველოს მთავრობა რომ ვიყო, ამაზე ძალიან სერიოზულ განხილვას და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ლობიზმს დავიწყებდი.

ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა სერიოზული დრო უნდა დაუთმოს ლუკ კოფის იდეების განხილვას. ის მცდარად აფასებს საქართველოს ხელისუფლების დუმილს ამერიკელი მკვლევრის წინამორბედ იდეაზე:

„მნიშვნელოვანი პროცესები იწყება ხედვით, იდეით და მერე ხორცშესხმა დამოკიდებულია პროცესზე და აქტორების დამოკიდებულებაზე.

საქართველოს მთავრობა რომ ვიყო, ამაზე ძალიან სერიოზულ განხილვას და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ლობიზმს დავიწყებდი“.

სურვილის შემთხვევაში, ძალიან პატარა ინვესტირების პირობებში შეიძლება სრული ინფრასტრუქტურის გაშლა.

მისი თქმით, სირიიდან წამოსული ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსება ორმხრივი პოლიტიკური ნების პირობებში სრულიად რეალისტურია:

„ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, ცხელ წერტილებში მყოფი აშშ-ის სამხედრო ბაზა არ არის კლასიკურად აშენებული სამხედრო ბაზა. ის არის საველე პირობებში განლაგებული ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ძალიან მალე დაიშალოს და გადატანილი იყოს სხვა ადგილას. რაც შეეხება ახალქალაქს, ყოფილი საბჭოთა და შემდეგ რუსეთის სამხედრო ბაზის შემდეგ, იქ ბევრი არაფერია დარჩენილი, მაგრამ არის სააეროდრომე ინფრასტრუქტურა - ასაფრენი ზოლი, რომლის რეაბილიტაციაც მოკლე პერიოდში შეიძლება, ასევე ძირითადი კომუნიკაციებისაც. ამიტომაც, სურვილის შემთხვევაში, ძალიან პატარა ინვესტირების პირობებში შეიძლება სრული ინფრასტრუქტურის გაშლა“.

ბათუ ქუთელიას აზრით, აშშ-ის დაინტერესების შემთხვევაში, გამართლებული იქნებოდა, საქართველოს მთავრობას საკუთარ თავზე აეღო ახალქალაქის ბაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, როგორც ეს სხვა, მათ შორის, ნატოს წევრ ქვეყნებს გაუკეთებიათ.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG