ირანის ელჩი მადლობას უხდის საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს იმისთვის, რასაც „პროფესიონალურ მიდგომას“ უწოდებს და მიიჩნევს „ორ ქვეყანას შორის პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ნიშნად“.
რადიო თავისუფლებისთვის ჯერჯერობით უცნობია, ეს ინციდენტი ზუსტად როდის მოხდა და ვინ არის დაკავებული.
აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებისა და მათ შედეგად აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის ფონზე, - რასაც, უფლებადამცველთა ცნობით, ათიათასობით დემონსტრანტის მკვლელობა უძღოდა წინ, - საღამოობით, საქართველოში მცხოვრები ირანელები თბილისში ირანის საელჩოსთან იკრიბებიან. ისინი მიესალმებიან აშშ-ისრაელის ოპერაციას.
მინის ჩამსხვრევა
ინფორმაცია ირანის მოქალაქის დაკავების შესახებ თავდაპირველად გაავრცელა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანიმ.
მოჯანიმ თავისი ქვეყნის მოქალაქეს, - რომელმაც, სავარაუდოდ, პროტესტის ნიშნად ჩაამსხვრია მინა, - „შეუგნებელი“ უწოდა.
მოჯანიმ ფეისბუკზე დაწერა, რომ „ერთი შეუგნებელი ირანელის კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა“.
თუმცა გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩამსხვრეულია არა ფანჯრის, არამედ საინფორმაციო დაფის მინა.
ელჩის თანახმად, „ინციდენტის“ შემდეგ ადგილზე „დაუყოვნებლივ გამოცხადდა სახელმწიფო დაცვის სამსახური“ და ირანის მოქალაქე დააკავეს.
ასევე ნახეთ ალი ხამენეის მემკვიდრეობა - გზა პოეზიის მოყვარული ახალგაზრდიდან დიქტატორამდე„მნიშვნელოვანი ზიანი“?
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ირანის მოქალაქე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც „ნივთის დაზიანებას ან განადგურებას“ გულისხმობს.
ამ მუხლის თანახმად, „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, ისჯება:
- ჯარიმით;
- საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე;
- გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე;
- შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან
- ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
კოდექსში არ არის განსაზღვრული, რა შეიძლება ჩაითვალოს „მნიშვნელოვან ზიანად“.
ასევე ნახეთ სატელიტის ფოტოები: ირანის სარაკეტო ბაზა იერიშებამდე და შემდეგ„დაიწყეს ზიანის ოდენობის შესწავლა“
ელჩი მოჯანის თანახმად, ირანის მოქალაქის დაკავების შემდეგ საელჩოსთან მივიდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და დაიწყეს „კომპენსირების მიზნით ზიანის ოდენობის შესწავლისა და ამ დამნაშავის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღების პროცესი“.
ელჩის მიერ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოში ჩანს, რომ საელჩოსთან ექსპერტები მუშაობენ, - იღებენ ჩამსხვრეული მინის ფოტოებს და, სავარაუდოდ, მინის პერიმეტრს ზომავენ.
„დეპორტაცია“
ელჩი მოჯანი აცხადებს, რომ ირანის მოქალაქე საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში იქნება დაკავებული, შემდეგ კი ქვეყნიდან გააძევებენ.
„ჯარიმის გადახდის შემდეგ კი მოხდება მისი დეპორტაცია საქართველოდან და ჩამოერთმევა ამ ქვეყანაში ხელმეორედ დაბრუნების უფლება“, - წერს ელჩი.
უცნობია, რაზე დაყრდნობით აკეთებს ელჩი მსგავს დასკვნას. გადაწყვეტილებას, წესით, სასამართლო იღებს, სხდომა ჯერ არ დანიშნულა.
ელჩის მადლობა „დროული ქმედებისთვის“
ელჩი მადლობას უხდის საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს მოქალაქის დაკავებისა და თანამშრომლობისთვის. მადლიერება მან ასე გამოხატა:
„სახელმწიფო დაცვის სამსახურის პასუხისმგებლიანი, მტკიცე და კანონთან შესაბამისი ქცევა შექებას იმსახურებს. ეს პროფესიონალური მიდგომა კარგად წარმოაჩენს ქართული ინსტიტუტების კანონისადმი ერთგულებას, დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესებისადმი პატივისცემას.
როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა და სხვა შესაბამისი ინსტიტუტების ძალისხმევის, გულმოდგინების, პასუხისმგებლობისა და დროული ქმედებისთვის. ამ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ნიშნად მივიჩნევ“.
ასევე ნახეთ მთავრობა უსამძიმრებს ირანსაც და ისრაელსაც და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებსკონტექსტი
- ახლო აღმოსავლეთში 2026 წლის 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები;
- 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს;
- ოპერაციის შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი;
- ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
- ამ მოვლენებს წინ უძღოდა ირანში საპროტესტო დემონსტრაციების სისხლში ჩახშობა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათასობით დემონსტრანტი დახოცეს.
2 მარტს გავრცელებული განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, „მათ შორის უმაღლესი ლიდერის“ დაღუპვის გამო, ისე ებრაელ ხალხსა და ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. ამასთან, გამოხატა „სრული სოლიდარობა“ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მიმართ.
ასევე ნახეთ ფაშინიანი „ჩებურეკსაც“ ჭამდა... რასაც სომხეთი აკეთებს, იმავეს ნამდვილად არ ვაპირებთ - ნინო წილოსანი ირანზე