Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი „ჩებურეკსაც“ ჭამდა... რასაც სომხეთი აკეთებს, იმავეს ნამდვილად არ ვაპირებთ - ნინო წილოსანი ირანზე

„მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი“ - ნინო წილოსანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე
„მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი“ - ნინო წილოსანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ირანში განვითარებული მოვლენების, - ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმებისა და უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციის, - შემდეგ საქართველოს ხელისუფლება „არ აპირებს, იგივე გააკეთოს, რასაც სომხეთი აკეთებს“.

ვიცე-სპიკერმა წილოსანმა პარლამენტში ჟურნალისტების მიერ აიათოლა ხამენეიზე დასმულ სხვა კითხვაზე ასევე უპასუხა: „მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი“.

ნინო წილოსანს პარლამენტში ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მოიწვია თუ არა საქართველომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, - როგორც ეს სომხეთში მოიწვია პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ჩებურეკსაც“ ჭამდა, თუ როგორ იყო? ომის დაწყებიდან [მალე]... ამიტომ, რასაც სომხეთი აკეთებს, იგივეს ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ჩვენ“, - განაცხადა მან ორშაბათს, 2 მარტს.

2025 წლის 1 სექტემბრიდან ეროვნული უსაფრთხოების საბჭო - რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაში იყო, - აღარ არსებობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წილოსანი სომხეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ნიკოლ ფაშინიანი ხვალ, 3 მარტს ეწვევა თბილისს.

უსაფრთხოების საბჭოს სხდომა სომხეთში

ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა კვირას, პირველ მარტს გაიმართა.

სხდომას უხელმძღვანელა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. სხდომას ესწრებოდნენ:

  • უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი;
  • პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი
  • პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი
  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არაიკ არუთუნიანი
  • პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი.

სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, სხდომის მიმდინარეობისას საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა კრისტინ გრიგორიანმა „წარადგინა ყოვლისმომცველი ანგარიში ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული მოვლენებისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ“.

შემდეგ კი:

  • „პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი მითითებები გასცა სახელმწიფო სტრუქტურებზე“;
  • „სხდომის მონაწილეებმა ღრმა მწუხარება გამოთქვეს მტკივნეული მოვლენების გამო, სამძიმარი გამოუცხადეს დაზარალებულებს და ხაზი გაუსვეს მშვიდობის სწრაფი დამყარების აუცილებლობას“.

2 მარტს ფაშინიანმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს.

ფაშინიანის საარჩევნო კამპანია

ნიკოლ ფაშინიანმა, თანაგუნდელებთან ერთად, გასულ კვირას ავტობუსით მოგზაურობა დაიწყო სომხეთის სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში. საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2026 წლის ივნისშია დანიშნული.

ფაშინიანმა, - რომელიც ბოლო ორი წელია, ყოველდღიურად არაერთ ვიდეოს აქვეყნებს სოციალურ ქსელებში, - 28 თებერვალს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის და ავტობუსში მის გვერდით მჯდარი პარლამენტის სპიკერი, ალენ სიმონიანი ღვეზელს შეექცევიან.

ეს ვიდეო მან გამოაქვეყნა 16:35 წუთზე, - რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელს დაწყებული ჰქონდათ სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ.

თეირანმა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის სიკვდილი მეორე დღეს, პირველ მარტს დაადასტურა.

ფაშინიანს კვირას, პირველ მარტს ასევე აქვს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ის და სიმონიანი მოხარშულ სიმინდს ჭამენ.

2 მარტს ფაშინიანის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა პრემიერის მიერ ირანის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი სამძიმრის წერილი, სადაც ფაშინიანი ფეზეშქიანს სწერს:

„ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში. ამ რთულ მომენტში, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობა სწრაფად აღდგება“.

„მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი“ - წილოსანი

„ქართული ოცნების“ მთავრობის სამძიმრის წერილის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვაზე, სამძიმრის საფუძველია თუ არა „ათასობით ახალგაზრდის მკვლელს რომ კლავს საქართველოს მოკავშირე შეერთებული შტატები“, წილოსანმა განაცხადა:

„მკვლელის მკვლელი ასევე არის კონკრეტული დეფინიცია სამართლებრივად. არ გადავდივარ უფრო დიდ მასშტაბზე. - ელემენტარულად, ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში. შესაბამისად, მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი“.

„თქვენ რომ მიესალმებით ამ ყველაფერს, ეს ნამდვილად შემაშფოთებელია“, - უთხრა წილოსანმა ჟურნალისტებს.

მცირე ხნის წინ ირანში საყოველთაო საპროტესტო დემონსტრაციებისას, ხელისუფლებამ ათასობით მოქალაქე დახოცა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ხელისუფლება გაემგზავროს ხამენეის დაკრძალვაზე, - რაკი ირაკლი კობახიძე 2024 წლის მაისში წინა პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა, - წილოსანმა ასე უპასუხა:

„თქვენ გეცოდინებათ, თუ იმართება ასეთი დაკრძალვა... როცა იყო, კონკრეტული პასუხი მიიღეთ, - იქ იყო რეგიონის ყველა ლიდერი და წარმომადგენელი. როდესაც ირანი ამ რეგიონში ამხელა მნიშვნელობის აქტორია, წარმოუდგენელია, რომ თქვენსავით ვინმეს უხაროდეს იქ დესტაბილიზაცია“.

თბილისის სამძიმარი „ირანსაც და ისრაელსაც“

2 მარტს გავრცელებული განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, „მათ შორის უმაღლესი ლიდერის“ დაღუპვის გამო, ისე ებრაელ ხალხსა და ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.

ამასთან, გამოხატა „სრული სოლიდარობა“ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მიმართ. უფრო ზუსტად, განცხადებაში წერია:

სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს“.

მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ყურადღებით“ და „ღრმა შეშფოთებით“ ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.

  • ახლო აღმოსავლეთში 2026 წლის 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები;
  • 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს;
  • ოპერაციის შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი;
  • ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.


წილოსანი სომხეთზე

წილოსანის დღევანდელი რეპლიკები სომხეთთან დაკავშირებით არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგი აკრიტიკებს მეზობელ ქვეყანას, რომელთანაც საქართველომ 2024 წელს სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა.

ნინო წილოსანმა 2025 წლის 3 ნოემბრის სომხეთის მმართველი გუნდის წევრი დეპუტატები გააკრიტიკა ევრონესტის იმ რეზოლუციის მხარდაჭერის გამო, რომელშიც საპარლამენტო ასამბლეამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში „გაყალბებული“ უწოდა.

„მათი დეპუტაციის მხრიდან რეზოლუციაზე ხელმოწერა, სადაც „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურობაზეა საუბარი, პირდაპირ ალბათ [ნიშნავს, რომ] საკუთარ პრემიერ-მინისტრს უცხადებენ უნდობლობას“, - განაცხადა წილოსანმა.

რადიო თავისუფლებასთან საპასუხო კომენტარში ევრონესტში სომხური დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარია კარაპეტიანმა განაცხადა, რომ:

  • საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის წევრებმა როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან ან თავი შეიკავეს საქართველოსთან დაკავშირებული ცალკეული [კრიტიკული] შესწორებების ხმის მიცემისგან, ან საერთოდ არ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში;
  • თუმცა, მისი განმარტების თანახმად, დელეგაციის წევრების მიერ მხარდაჭერა სრული რეზოლუციისა, - რომელშიც „ქართული ოცნების“ მიმართ მკაცრად კრიტიკული ასპექტებიც შევიდა, - განაპირობა სომხეთისთვის პრიორიტეტულმა არაერთმა ჩანაწერმა.
  • მისი თქმით, ამ ჩანაწერების გათვალისწინებით სომხეთის დელეგაცია კენჭისყრისგან „თავს ვერ შეიკავებდა და წინააღმდეგ ვერ წავიდოდა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG