სომხეთში მილიადერი ოპოზიციონერი რუსეთის მოქალაქეობის დათმობას გეგმავს

სომხეთის კონსტიტუცია პრემიერობის კანდიდატისთვის აუცილებელ წინაპირობად ექსკლუზიურად სომხეთის მოქალაქეობას აწესებს 4 წლის განმავლობაში

ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ დამფუძნებელი მილიარდერი ბიზნესმენი, შინაპატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანი აცხადებს, რომ რუსეთის და კვიპროსის მოქალაქეობას თმობს.

სამველ კარაპეტიანმა ამის შესახებ 15 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მას ფულის გათეთრებასა და გადატრიალებისკენ მოწოდებას ედავებიან - ორივე ბრალდებას უარყოფს.

კარაპეტიანმა სასამართლოს განუცხადა, რომ უკვე დაწყებული აქვს რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობის დათმობის პროცედურები ორივე ქვეყანაში და მომავალშო სომხეთის მოქალაქეობა ექნება.

  • სამველ კარაპეტიანს, - რომლის პარტია „ძლიერ სომხეთს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში 11% აქვს, - პრემიერ-მინისტრობის ამბიცია აქვს.
  • სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისათვის კი სომხეთის კონსტიტუცია აწესებს ქვეყანაში მინიმუმ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრებისა და ამ პერიოდში მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის ქონის აუცილებლობას.

ასევე ნახეთ

ვნახეთ, რა მოუვიდათ საქართველოს და უკრაინას რუსეთთან მტრობით - ფაშინიანის მთავარი კონკურენტი

„ძლიერი სომხეთი“ აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, არსებული მოთხოვნების შესაცვლელად და კარაპეტიანის პრემიერად არჩევის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს შეიმუშავებს.

გადაწყვეტილია, რომ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება მილიარდერის ძმისშვილი, ნარეკ კარაპეტიანი.

ასევე ნახეთ

კარაპეტიანის თქმით, ივანიშვილი ფაშინიანს „უგულებელყოფს“, ბიძამისს კი „სიამოვნებით შეხვდებოდა“

სამველ კარაპეტიანი არის პოლიტიკოსი, ვისაც, სავარაუდოდ, გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირველ აპრილს გამართულ შეხვედრაზე.

კერძოდ, პუტინმა ფაშინიანი გააფრთხილა, მის ხელისუფლებას არ აეკრძალა 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება „პრორუსული“ პარტიებისა თუ პოლიტიკოსებისთვის. ზოგიერთი მათგანი ამჟამად დაკავებულია, „მიუხედავად იმისა, რომ რუსული პასპორტები აქვთ“, - თქვა პუტინმა.

ასევე ნახეთ

სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერი მილიარდერის პარტიის 14 წევრი დააკავეს