38 წლის ცენტრალურმა მცველმა ეს ინფორმაცია ორშაბათს, 23 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააცნო საზოგადოებას.
„ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება“, - თქვა კაშიამ მას შემდეგ, რაც საზოგადოებას მიუსამძიმრა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალება.
„მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის - საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის“, - თქვა კაშიამ, რომლის კაპიტნობითაც საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
რაც შეეხება საკლუბო კარიერას - იგი ბრატისლავის „სლოვანის“ მცველია.
„38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კაპიტანმა.
საქართველოს ნაკრების მაისურით ის ბოლო მატჩს ჩაატარებს 2026 წლის ივნისში, როდესაც საქართველო ამხანაგურ მატჩში შეხვდება რუმინეთის ნაკრებს.
Your browser doesn’t support HTML5
გურამ კაშია - „ძლიერები არ ძალადობენ“
- გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია.
- 17 წლის განმავლობაში ცენტრალურმა მცველმა ნაკრების ფორმით 128-ჯერ ითამაშა. რუმინეთთან ბოლო მატჩი მისთვის 129-ე იქნება.
- კაშიას 2019 წელს მიღებული აქვს „თანასწორობის ჯილდო“ უეფასგან. ჯილდოს გადაცემამდე ერთი წლით ადრე ის, როგორც „ვიტესის“ კაპიტანი, ჩაერთო ჰოლანდიის ერედივიზიონის კამპანიაში, რომელიც მიმართული იყო ჰომოფობიის წინააღმდეგ.
- კამპანიაში ჩართვის ნიშნად, კაშიამ ლგბტ სამკლავური გაიკეთა, რასაც საქართველოში ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების პროტესტი მოჰყვა.
- 2018 წელს, როდესაც „ვიტესი“ 8-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა, კაშია პატივით გააცილეს ჰოლანდიიდან. ის ვერცხლის სპეციალური სამკერდე ნიშნითაც დააჯილდოვეს.
- კლუბმა ისტორიის განმავლობაში პირველი ტიტული, ჰოლანდიის თასი, სწორედ კაშიას კაპიტნობით მოიგო.