სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვიზიტს ოფიციალური თბილისი რამდენიმე კვირის განმავლობაში აანონსებდა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თვის ბოლოს აშშ-დან კვლავ ელიან დელეგაციას.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და ფოტოების თანახმად, სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ:
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე;
- საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი;
- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ამერიკული მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პარსელი.
ვინ არის სონატა კოლტერი
სონატა კოლტერი, რომელთანაც მათ გამართეს შეხვედრა, არის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე.
ის ამ პოზიციაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროში, 2023 წლის 10 ივლისიდან მუშაობს.
წარსულში, წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში, ამ პოზიციას იკავებდა ჯეიმს ო'ბრაიენი, - რომელიც მოგვიანებით სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდა.
ასევე ნახეთ
ო'ბრაიენი შეზღუდვების დაწესებაზე: ეს იძულება არაა... თუ ჩვენი საზოგადოების წევრობა გინდა, შესაბამისად უნდა მოიქცეეს ამ ბიუროდან მეორე მაღალჩინოსანია, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან.
მათ თებერვალში შეხვედრები გამართეს ბრენდან ჰანრაჰანთან, ბიუროს უფროსი რანგის წარმომადგენელთან.
2026 წლის 3 თებერვალს ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ჰანრაჰანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრას სონატა კოლტერიც ესწრებოდა.
რაზე ისაუბრეს მათ
მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, დღევანდელი შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ „კიდევ ერთხელ დაადასტურა“ საქართველოს მთავრობის მზადყოფნა:
- „ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის,
- სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული“.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში“, - წერია მოკლე ცნობაში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა აშშ-ის საელჩოს შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. საელჩოს ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
აშშ-ის საელჩოს ვკითხეთ, როგორ უყურებს სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისის განცხადებებს „სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყების მზაობაზე“.
პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ერთ-ერთი ბოლო საჯარო გამოხმაურებისას, მედიის კითხვაზე პასუხად 16 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ საქართველოსთან „კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის“ და განიხილავს ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას „სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად“.
დაანონსებული შეხვედრა
2026 წლის 29 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობდა, რომ აშშ-სთან ურთიერთობაში საქართველოს ხელისუფლებას პროგრესი აქვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მან მაგალითად დაასახელა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაგეგმილი ვიზიტი.
„მოხარულები ვართ, რომ შესაძლებელი გახდა, დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე [საუბარი]. საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო თებერვლიდან დღემდე...“ - თქვა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ აშშ-ში იმყოფებოდა დელეგაცია საქართველოდან, ქვეყანაში კი ჩამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
კოლტერთან შეხვედრის შემდეგ მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა:
“თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები“.
კოლტერის ვიზიტი ერევანში
თბილისში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის წინა დღეს, ოთხშაბათს, 6 მაისს, სონატა კოლტერი სომხეთში იმყოფებოდა. ერევანში ის შეხვდა:
- პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის უფროს მრჩეველს, ლილიტ მაკუნცს;
- სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს.
„ორივე მხარემ კმაყოფილებით გავუსვით ხაზი ვაშინგტონის შეთანხმებებს და აღვნიშნეთ მათ ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის ხელშესახები შედეგები“, - დაწერა გრიგორიანმა X-ზე.
მათ ასევე ისაუბრეს „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტზე.
კოულტერთან შეხვედრას „პროდუქტიული“ უწოდა ლილიტ მაკუნცმა და თქვა, რომ მასთან განიხილა „აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაძლიერების და სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობების გაფართოების საკითხები“.
6 მაისს სონატა კოლტერი ერევანში ასევე შეხვდა ევროკავშირის ელჩს სომხეთში, ვასილის მარაგოსს.
მათ ისაუბრეს კვირის დასაწყისში ერევანში გამართულ მაღალი რანგის ევროპულ სამიტზე, სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობასა და ევროკავშირის მიერ სომხეთის „მდგრადობის, რეფორმებისა და დაკავშირებადობის მხარდაჭერაზე“.
ასევე ნახეთ
ერევანი მასპინძლობს სომხეთისა და ევროკავშირის პირველ სამიტსკობახიძე-რუბიოს ზარი
ეს ირაკლი კობახიძის პირველი შეხვედრაა ამერიკელ მაღალჩინოსანთან მას შემდეგ, 2026 წლის 30 მარტს, - ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, - აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ტელეფონით ესაუბრა.
30 მარტის ზარი ამ დონეზე პირველი კომუნიკაცია იყო 2024 წლის საკამათო საპარლამენტო არჩევნებისა და აშშ-ის მიერ 2009 წელს დადებული სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ.
ასევე ნახეთ
ბოჭორიშვილის თქმით, ირანის ელჩთანაც აქვთ "კომუნიკაცია, როცა არსებობს გარკვეული წუხილები"„მათ იმსჯელეს ორმხრივი ინტერესის სფეროებზე, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ჩათვლით“, - ნათქვამი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოკლე ცნობაში. ირაკლი კობახიძემ X-ში დაწერა, რომ ნაყოფიერი საუბარი ჰქონდათ.
„ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ერთგულნი ვართ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
ასევე ნახეთ
ეს არ არის გადატვირთვა - კონგრესმენი უილსონი რუბიო-კობახიძის ზარზე2026 წლის 26 მარტს კი საქართველოში ვიზიტად მყოფი პიტერ ანდრეოლი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, შეხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
იანვრის ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია. მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების პარალელურად, 29 იანვარს დელეგაციის წევრები შეხვდნენ რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებსაც.