კოსმოსური სამიტი პარიზში - რომელ დეკლარაციებს უერთდება საქართველო?

ირაკლი კობახიძე პარიზში ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. 2026 წლის 10 სექტემბერი

საქართველო პარიზში მიმდინარე კოსმოსის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში სამ დეკლარაციას უერთდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

რას ითვალისწინებს დეკლარაციები?

სამიტზე მისაღებ დოკუმენტებზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისაუბრა. მისი თქმით:

  • კოსმოსური სივრცის უსაფრთხოებისა და მდგრადობის შესახებ დეკლარაცია ითვალისწინებს კოსმოსური მოძრაობის კოორდინაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ოპერატორებს შორის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო მექანიზმის შექმნას. მაკრონის თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოსმოსური ნარჩენებისა და სამომავლო თანამგზავრული თანავარსკვლავედების მართვისთვის.
  • Copernicus-ის შესახებ დეკლარაციით, მონაწილეები ევროკავშირის დედამიწის დაკვირვების პროგრამას „გლობალურ საერთო სიკეთედ“ აღიარებენ და იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ მისი უწყვეტობა, დაიცვან პროგრამისთვის საჭირო რადიოსიხშირეები და შეინარჩუნონ მასზე ღია წვდომა.
  • კოსმოსური სამეცნიერო მონაცემების შესახებ დეკლარაცია კი მონაცემების ხელმისაწვდომობის, ღიაობისა და მთლიანობის პრინციპებს ეფუძნება.

ასევე ნახეთ

მაკრონი პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს - რა განიხილება, ვინ [არ] ჩავიდა

„ჩვენი პოზიციაც მნიშვნელოვანია“

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ევროპას ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებით“.

„ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, რესურსები ამ მიმართულებით შეზღუდულია, თუმცა ჩვენ ვართ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი. ვმონაწილეობთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი. მთავრობის მიერ გავრცელებული ფოტო

მისივე თქმით, „საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“.

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „სამივე დეკლარაციას საქართველო შეუერთდება და ეს არის ერთგვარი საწყისი კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის გლობალურ დონეზე, რომლის მონაწილეც არის ევროკავშირი“.

სამიტი პარიზში

ემანუელ მაკრონმა სამიტზე ევროპის კოსმოსური ინდუსტრიის შესაძლებლობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა კოსმოსში ევროპის სტრატეგიული დამოუკიდებლობის გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის თანამგზავრული კომუნიკაციების, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, კოსმოსური ინფრასტრუქტურა სულ უფრო მეტად უკავშირდება სახელმწიფოების უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ ავტონომიას.

სამიტის ძირითად მიმართულებებს შორისაა კოსმოსური ეკონომიკა და საერთაშორისო თანამშრომლობა, მეცნიერებისა და კოსმოსური კვლევების განვითარება, ასევე კოსმოსური უსაფრთხოება.

სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენიც. მან ყურადღება გაამახვილა ევროპის კოსმოსური შესაძლებლობების, მათ შორის უსაფრთხო სატელიტური კომუნიკაციების, ნავიგაციის, დედამიწის დაკვირვებისა და კოსმოსზე დამოუკიდებელი წვდომის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ასევე ნახეთ

Anthropic-ის თანამშრომლები: ხელოვნური ინტელექტის შეუზღუდავმა განვითარებამ შესაძლოა უახლოეს წლებში ადამიანები გაანადგუროს
  • კოსმოსის საერთაშორისო სამიტში 90-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის სახელმწიფოთა ლიდერები და კოსმოსური ინდუსტრიის წარმომადგენლები.