ამ დღეებში პარიზს “კოსმოსის დედაქალაქიც” უწოდეს.
სამიტის მასპინძელია საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. თანათავმჯდომარე ქვეყნად, საფრანგეთთან ერთად, დასახელებულია გერმანია, თუმცა სამიტზე ვერ ჩავიდა კანცლერი ფრიდრიხ მერცი. გერმანიის დელეგაციაში თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და კოსმოსის საკითხთა მინისტრი დოროთე ბერი შედიან.
“ქართული ოცნების” მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამიტზე დელეგაციით თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ჩავიდა.
მონაწილეთა შორის არიან ასევე:
- ალექსანდრ სტუბი - ფინეთის პრეზიდენტი;
- ლი ჯე მიონი - სამხრეთ კორეის პრეზიდენტი;
- ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის პრემიერ-მინისტრი;
- კირიაკოს მიცოტაკისი - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი;
- პოლ კაგამე - რუანდის პრეზიდენტი;
- ისმაილ ომარ გელე - ჯიბუტის პრეზიდენტი;
- ურზულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის პრეზიდენტი;
- ანდრიუს კუბილიუსი - ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში;
- იოზეფ აშბახერი - ევროპის კოსმოსური სააგენტოს [ESA] გენერალური დირექტორი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ამერიკული კოსმოსური ინდუსტრიის წამყვანმა კომპანიებმა; ხოლო სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საერთაშორისო მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ ვაშინგტონმა კომპანიები მოაქცია წნეხის ქვეშ, რათა არ ჩასულიყვნენ პარიზში დაგეგმილ სამიტზე.
რას განიხილავენ?
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 9 სექტემბერს, კოსმოსის საერთაშორისო სამიტის გახსნისას თქვა, რომ პარიზში ხელი მოეწერება 50-ზე მეტ მნიშვნელოვან პროექტს, რაც მასშტაბურ ინვესტიციებსაც ნიშნავს.
თავდაპირველ ცნობებში აღნიშნული იყო, რომ სამიტზე მიწვეული იყო დაახლოებით 120 ქვეყნის 2000-მდე წარმომადგენელი. საბოლოოდ სამიტზე 90 ქვეყანაა წარმოდგენილი.
მაკრონმა თქვა, რომ მზადდება ახალი კოსმოსური მისია [PAM-6 ], რაც, მისი სიტყვებით - დიდი მოვლენაა ასტრონავტებისთვის და კარგი მეგობრებისთვის. გახსნის ცერემონიაზე წარადგინეს ამ მისიის მონაწილე ფრანგი, ბერძენი და ჩეხი ასტრონავტები. ჯგუფის მეოთხე წევრის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ირიაკოს მიცოტაკისმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ევროპის კოსმოსური ეკოსისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
"რამდენიმე წლის წინ ჩვენ არ გვქონდა ჩვენი ადგილი კოსმოსში - არ გვქონდა კოსმოსური პროგრამა, კოსმოსური სტრატეგია; ახლა ჩვენ გვაქვს 18 თანამგზავრი ორბიტაზე; ჩვენ ვავითარებთ ჩვენს საკუთარ ეკოსისტემას... და დღეს სიამაყით ვაცხადებთ, რომ პირველი ბერძენი ასტრონავტი გაიგზავნება კოსმოსში", - თქვა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
საბერძნეთი კოსმოსში გაგზავნილ თანამგზავრებს იყენებს გარემოს დაცვისთვის [ტყის ხანძრების ადრეული აღმოჩენა]; სანაპირო ზოლისა და საზღვრების კონტროლისთვის; ასევე სოფლის მეურნეობის მიზნებისთვის [ნიადაგის მდგომარეობის კვლევა, ნათესების მონიტორინგი].
პარიზში აცხადებენ, რომ განსახილველი თემები მთელი მსოფლიოს აწმყოსა და მომავალს შეეხება, რადგან კოსმოსის გამოყენება სხვადასხვა სფეროს - მათ შორის თავდაცვის სფეროს, ტრანსპორტისა თუ ტელემედიცინის ინტერესებშია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ კოსმოსში პროგრესის ელვისებური ზრდის პირობებში იზრდება რისკებიც - რასაც შეთანხმებული მუშაობა სჭირდება.
სამიტი ძირითადად ფოკუსირებულია ოთხ პრიორიტეტზე:
- კოსმოსში უსაფრთხოება სულ სხვა განზომილებას იძენს - “ოპერაციების მდგრადობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მისი შენარჩუნების გათვალისწინება”.
- კოსმოსური ეკონომიკა - “ეს სექტორი ამჟამად კონკურენტუნარიანობასა და ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებული სტრუქტურული საკითხების ეპიცენტრშია”.
- კოსმოსი საერთო სიკეთეა და ჩვენ არ უნდა დავუშვათ მისი კანონგარეშე ზონად ქცევა - “უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ მომავალში მისი ყოვლისმომცველი და პასუხისმგებლობიანი მართვა”.
- კოსმოსი რჩება ფუნდამენტურ პროექტად - რომელიც შთააგონებს და მობილიზებას უკეთებს “ახალგაზრდებს, სამეცნიერო კვლევებს, სამყაროს შესწავლასა და ტექნოლოგიურ პროგრესს.
ევროპული მიზნები და ამერიკული კომპანიების უარი
საერთაშორისო მედია საგანგებოდ შენიშნავს სამიტის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკულმა კომპანიებმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის გამო. თეთრი სახლის წნეხისა და კომპანიების დაბნეულობის შესახებ ინფორმაცია სექტემბრის დასაწყისში POLITICO-მ გამოაქვეყნა.
“არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ზუსტია ეს ცნობები, მაგრამ მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ამერიკა აქ მხოლოდ სასურველი სტუმარი კი არ არის - ჩვენ ძალიან გვინდა, რომ თქვენ აქ იყოთ. ამერიკული კომპანიები, მეცნიერები, #NASA, #NOAA და აშშ-ის ადმინისტრაცია - ყველა მოწვეულია”, - დაწერა მაშინ X-ზე საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევებისა და კოსმოსის მინისტრმა ფილიპ ბატისტმა, „პოლიტიკოს” სტატიის გაზიარებისას.
მინისტრი აღნიშნავდა, რომ “ეს სამიტი მაგიდასთან კრებს ყველა წამყვან კოსმოსურ სახელმწიფოს - მეცნიერების, კვლევების, უსაფრთხოების, ტელეკომუნიკაციების, კოსმოსური სივრცის მონიტორინგისა (SSA) და ყველა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით”.
მოგვიანებით საფრანგეთის ხელისუფლებაში საერთაშორისო მედიას დაუდასტურეს, რომ წამყვანმა კომპანიებმა - SpaceX-მა, Blue Origin-მა, Stoke Space-მა და Starcloud-მა - უარი თქვეს სამიტში მონაწილეობაზე.
ექსპერტების თანახმად, უკვე წლებია, ევროპა ცდილობს კოსმოსურ ბაზარზე აშშ-ის დომინირებასთან დაპირისპირებას.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს [ESA] თანახმად, “2025 წელს ევროპის კოსმოსური ბიუჯეტი 12%-ით გაიზარდა და 13,5 მილიარდ ევროს მიაღწია”. 2025 წლის ნოემბერში ESA-მ დაამტკიცა 22,3 მილიარდი ევრო სამწლიანი [2026-2028] პერიოდისთვის.
"ევრონიუსი" იხსენებს, რომ - როდესაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში, სამიტის გეგმების შესახებ გამოაცხადა, მას უწოდა შესაძლებლობა „ევროპელების ერთიანი ამბიციის გარშემო გასაერთიანებლად“ და “გლობალური კოსმოსური სახელმწიფოების რუკაზე ევროპის ადგილის შესახებ საერთო ხედვის ჩამოსაყალიბებლად, 2035 წლისთვის“.
სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ნორვეგიიდან გაშვებულმა გერმანულმა რაკეტა Spectrum-მა ორბიტას მიაღწია. ფაქტი ისტორიულია, რადგან წარმატებული ორბიტალური მისია პირველად შესრულდა დასავლეთ ევროპის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტის მიერ. 28-მეტრიანმა რაკეტამ ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა ევროპაში შექმნილი ხუთი მცირე ზომის თანამგზავრი (CubeSat).
საფრანგეთში ამ ფაქტს “ევროპული კოსმოსური სექტორის ძლიერი სიგნალი” უწოდეს.
“ევროპის კოსმოსური ავტონომია მისი სუვერენიტეტის აუცილებელი პირობაა. Spectrum-ის წარმატება გზას უხსნის ამ ავტონომიის პრაქტიკულ განმტკიცებას”, - დაწერა 6 სექტემბერს ფილიპ ბატისტმა.
საქართველოს დელეგაცია პარიზში
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, პარიზში მიმდინარე სამიტს საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით ესწრება.
“აღნიშნულ სამიტზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის კვლევა, მეცნიერება, უსაფრთხოება და თავდაცვა და აღნიშნული მიმართულებით ის მიღწევები, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში. ასევე ხაზი გაესმება კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ამ საკითხებზე”, - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც ასევე იმყოფება პარიზში.
ირაკლი კობახიძე მიწვეული იყო ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამიტის მონაწილე ლიდერებისთვის გამართა.
2-დღიანი ღონისძიების პროგრამაში, პანელური დისკუსიებისა თუ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მონაწილეთა შორის არ არის მითითებული საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლების გვარები.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ “კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი" და "მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში უმაღლეს დონეზეა მიწვეული”.
„გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია საქართველო, ასევე, საყურადღებოა სამიტი ორმხრივი თვალსაზრისითაც. ბევრი დელეგაციაა აქ წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის ორმხრივი შეხვედრების გასამართად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან", - ბოჭორიშვილის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
20 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ოფიციალური მიწვევის ტექსტი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო. „ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის“, – წერს მაკრონი მიწვევის წერილში. „მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა“, - აღნიშნულია ოფიციალურ ტექსტში.
[განახლება]
10 სექტემბერს, ირაკლი კობახიძემ ემანუელ მაკრონს სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა, ძირითადად სახელისუფლებო მედიის მიკროფონების გარემოცვაში და თქვა, რომ სამიტი, მათ შორის - მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო პოზიციის ფორმირებისთვის:
„სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამიტზე სხვადასხვა მხრიდან მოსაზრებების მოსმენა, პოზიციების მოსმენა, იმისათვის, რომ სამომავლოდ ჩამოაყალიბოს ქვეყანამ სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები".
ირაკლი კობახიძის თქმით, 9 სექტემბერს ისაუბრა "რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით". თანამოსაუბრეები მას არ დაუსახელებია. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ იძებნება მთავრობისა თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდებზე.
4 სექტემბერს, კოსმოსის სფეროს ანონიმურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, POLITICO წერდა სამიტის ცუდად ორგანიზების შესახებ: მოსაწვევები იგზავნებოდა ზაფხულის განმავლობაში და ბოლო მოსაწვევები გაიგზავნა მას შემდეგაც, რაც დეკლარაციის ტექსტზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იყო; აღმოჩნდა, რომ სტუმრების სიაში გამორჩენილი იყო კოსმოსის სფეროს არაერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.
გამოცემის თანახმად, "ქაოსს ისიც დაემატა", რომ მაკრონის მრჩეველმა, რომელიც სამიტზე იყო პასუხისმგებელი, "თანამდებობა ღონისძიებამდე ერთი თვით ადრე დატოვა”.
ფორუმი