სააკაშვილის ცუდად გახდომის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მასთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა:
„გუშინ გონება დაკარგა საკანში, დაცემისას მიიღო თავის და კიდურების დაზიანება, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება“.
საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ რადიო თავისუფლებამ ჰკითხა მის ადვოკატს, ბექა ბასილაიასაც.
„ვისაც ეს ეხება, იმან ყველაფერი იცის. ჩვენ არ გვინდა გავახაროთ არაადეკვატური ადამიანები და შევაშფოთოთ ნორმალური ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი მხნედ არის“, - თქვა მან.
იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და „მყისიერად გაეწია დახმარება“ სამედიცინო პერსონალის მიერ:
„ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია, მათ შორის გადაუღეს რენტგენი, რომლითაც არანაირი დაზიანება არ დადგინდა. ამის შემდეგ მას დაურეგულირდა მონაცემები“, - ამბობენ პენიტენციურ სამსახურში.
სააკაშვილის დაკავება
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოდან წასული მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის პოლიციამ არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავა. სააკაშვილმა იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა.
ის ოთხ საქმეზე იხდის სასჯელს:
- მის წინააღმდეგ პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს დადგა - თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე (მსჯავრდადებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით;
- 2018 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას კვლავ დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წელს თავს დაესხნენ და სცემეს. სწორედ ამ საქმეში, სააკაშვილს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი;
- 2025 წლის 12 მარტს მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს;
- ბოლო განაჩენი 2025 წლის 17 მარტს დადგა. ის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთისთვის დამნაშავედ ცნეს და ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილისთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პატიმრობაში 12 წელი და 6 თვე უნდა გაატაროს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
დაპატიმრების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა, რის შედეგადაც ნელ-ნელა მისი მდგომარეობა დამძიმდა.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო 2021 წლის 20 ნოემბერს ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 40 დღეში კი უკან, რუსთავის ციხეში დააბრუნეს. მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებდნენ, რომ აუცილებელი იყო სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, რასაც ხელისუფლება არ დათანხმდა.
რამდენიმე თვის შემდეგ, 2022 წლის 12 მაისს, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, ორ წელში, 2025 წლის 12 ნოემბერს კი, ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. კლინიკაში ყოფნის დროს ის სასამართლო სხდომებზე დისტანციურად ერთვებოდა.