სასამართლომ ამავე საქმეზე ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას, - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, - ჯარიმა მიუსაჯა 300 000 ლარის ოდენობით.
დაცვის მხარე, - ასევე, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა არაერთი ოპოზიციური ჯგუფი, - საქმეს და ამ გადაწყვეტილებასაც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
„9-წლიანი პატიმრობა“
ბრალდება, რაც სააკაშვილსა და ჯანაშიას ჰქონდათ 9 მილიონი ლარის „ჯგუფურ გაფლანგვის“ საქმეზე წარდგენილი, 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
საქმე, რასაც მედიაში ხშირად „პიჯაკების საქმეს“ უწოდებდნენ, ითვალისწინებდა დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას.
მოსამართლემ 12 მარტს განაჩენის გამოცხადებისას ჯერ განაცხადა, რომ ჯანაშიას „გაფლანგვა“ არ იკვეთება, შესაბამისად, საქმეში „ჯგუფურობა“ არ ჩანდა, ამიტომ ეს ბრალდება „ზედმეტად წარდგენილ“ ბრალდებად ჩათვალა.
თუმცა განაცხადა, რომ სააკაშვილმა თანხა „გაფლანგა“, ხოლო ჯანაშიამ „სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ“.
საბოლოოდ, მან მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ჯანაშიას - 300 000 ლარის ოდენობის ჯარიმა.
2030 წლამდე ციხეში
სააკაშვილს ამჟამად 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 2021 წლის 1 ოქტომბრის, - საქართველოში ფარულად შემოსვლისა და დაკავების შემდეგ ის პატიმრობაშია. ამჟამად - კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.
მოსამართლის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ სააკაშვილს დარჩენილი სამი წლისა და ექვსი თვის ნაცვლად, კიდევ ექვსი წელი და ექვსი თვე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა.
შესაბამისად, თუკი არსებული ვითარება არ შეიცვალა, სააკაშვილის 2030 წლამდე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა.
„ბიძინას მონა“ - ხმაური სასამართლოში
განაჩენის გამოცხადებას დამსწრეთა პროტესტი და შეძახილები მოჰყვა.
„ბიძინას მონა“, - ასე უწოდეს მათ მოსამართლეს.
მოსამართლემ სხდომის დასაწყისშივე თქვა, რომ „წესრიგის დარღვევის“ შემთხვევაში მათ გააძევებდა.
რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ზვიად კუპრავა, დარბაზიდან გააძევეს.
მოსამართლე კოჭლამაზიშვილმა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვამდე თქვა, რომ ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, თითქოს ბრალდებაში ნახსენები ხარჯები „იყო პირადი ხარჯები“, და განაცხადა:
„როდესაც საქმეში წარმოდგენილია ასეულობით ათასი ლარის ხარჯი კოსმეტოლოგიური მომსახურებისათვის, რაც ჩატარებულია საზღვარგარეთი წამყვან კლინიკებში, ამ ხარჯების დაკავშირება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან, შეუძლებელია“.
„საქმეში წარმოდგენილია ასევე, მაგალითად, იმდროინდელი პრეზიდენტის შვილების სწავლების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც ბიუჯეტს დაუჯდა 60 000 ლარამდე. ეს ხარჯიც ვერ ჩაითვლება ქვეყნის ინტერესებისთვის გაღებულ ხარჯად“, - თქვა ბადრი კოჭლამაზიშვილმა.
სააკაშვილი დასწრებას ითხოვდა
სხდომას არ დასწრებია მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც წინა საღამოს განაცხადა, რომ სურდა, პროცესს დასწრებოდა.
თუმცა, მისი თქმით, ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს დასწრებას და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას განაჩენის გამოცხადების გადადება სთხოვა.
მოსამართლე კოჭლამაზიშვილმა განაცხადა, რომ პროცესი ვერ გადაიდება:
„არათუ რომელიმე ბრალდებულის, არამედ არცერთი მხარის გამოუცხადებლობას არ აბრკოლებს სასამართლოს განაჩენის გამოცხადებაში“, - განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა.
მოსამართლემ ასევე თქვა, რომ უცნობია, როდის გამოჯანმრთელდება სააკაშვილი და „განუსაზღვრელი დროით პროცესის გადადება ვერ მოხდება“.
სააკაშვილის გასამართლება გრძელდება
მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე, - რასაც იგი, სხვა ბრალდებებთან ერთად, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
„პიჯაკების საქმის“ შემდეგ, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვა არ სრულდება:
- სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ 2007 წლის დარბევის საქმეზე;
- კიდევ ერთი ბრალდება ითვალისწინებს „საზღვრის უკანონოდ კვეთას“ - 2021 წელს.
ის მკურნალობას აგრძელებს
სააკაშვილი, რომელმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მალულად ჩამოვიდა უკრაინიდან, პირველ ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ პატიმრობაშია.
ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, 2022 წლის 12 მაისს, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც დღემდე აგრძელებს მკურნალობას.
11 მარტს, განაჩენის გამოცხადების წინა საღამოს, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სააკაშვილს აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება და დროთა განმავლობაში, შიგადაშიგ ჯანმრთელობის მდგომარეობა ურთულდება.
ფორუმი