შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაჩნდა, რომ 2025 წლის 25 დეკემბერს, როცა გიორგი თარხნიშვილი ტროტუარზე დგომის დროს ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა (ეწერა ქუდზე PRESS), არღვევდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ წესებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა“. ამისთვის 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, განმეორების შემთხვევაში კი 1 წლამდე პატიმრობა.
ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი გიორგი ტაბატაძე იცავდა.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო იმავე მოსამართლემ რადიო თავისუფლების ოპერატორის, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელის შემთხვევაშიც.
ასევე ნახეთ მოსამართლემ შეწყვიტა რადიო თავისუფლების ოპერატორის წინააღმდეგ „ტროტუარზე დგომის“ საქმეჟურნალისტების წინააღმდეგ სხვა საქმეები
- შსს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშზე“ მუშაობის დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალი ჩართო ნეტგაზეთის ჟურნალისტის ადმინისტრაციული დევნის გამო. საქმეს იგივე მოსამართლე დღეს, 27 მარტს განიხილავს.
- დღესვე იმართება „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ საქმე - მას ედავებიან 2025 წლის 3 ნოემბერს საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგენილია „ტაბულის“ ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას წინააღმდეგ. მას 7 თებერვლის „შაბათის მარშის“ გაშუქების დროს კანონის დარღვევას ედავებიან.
ახალი ნორმა და სასამართლო განხილვები
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის იანვრის მიწურულიდან დაიწყო 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა და არაერთი მათგანი პატიმრობაში გაუშვა.
მაგალითად, გუშინ, 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული გადაწყვეტილებით მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მარიამ მაძღარაშვილს.
ამ პრაქტიკას მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.
„სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ამ საკითხზე.
2026 წლის 20 იანვარს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც გაასაჩივრა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაერთი ნორმა.
გასაჩივრებულია ის არაერთი ნორმა, რომლებიც, მისი პოზიციით, „ბლანკეტურად კრძალავს“ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვას და ასევე უალტერნატივო ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს რიგ შემთხვევებში.
სარჩელი ასევე ეხება განმეორებითი ქმედების შემთხვევაში დაწესებულ პასუხისმგებლობას, რომელიც ორგანიზატორებისა და მონაწილეების, მათ შორის არასრულწლოვანების, პატიმრობას გულისხმობს.
კანონში ცვლილებები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.
საკონსტიტუციო სარჩელი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა სამი მოქალაქის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც ისინი იბრძვიან კანონის იმ ნორმის წინააღმდეგ, რომელიც ტროტუარზე პროტესტისთვის - ფორმალურად „ტროტუარზე ქვეითთა შეუფერხებელი მოძრაობის ხელშეშლისთვის“ - პატიმრობას ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო სარჩელის მოსარჩელეები არიან ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია.
ისინი დავობენ, რომ კანონის მოქმედი ნორმის გამო დაერღვათ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები:
- ღირსების ხელშეუვალობა (მე-9 მუხლი),
- შეკრების თავისუფლება (21-ე მუხლი);
- კანონის უკუძალის აკრძალვა (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი).