ეუთოს 24 ქვეყანა საქართველოს მოუწოდებს, სრულად გაატაროს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები

ხელისუფლება „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ანგარიშის გამო

ეუთოს წევრი 24 სახელმწიფო, რომელთა ინიციატივითაც საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა, მექანიზმის ფარგლებში ვრცელი კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სრულად გაიზიაროს და გაატაროს ანგარიშის რეკომენდაციები.

ანგარიშს თან ერთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა კომენტარები, სადაც ისინი „კატეგორიულად“ უარყოფენ ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

„დასკვნა ცალსახაა“ - „დემოკრატიული უკუსვლა“

„მომხსენებლის მთავარი დასკვნა ცალსახაა“, - წერენ ეუთოს წევრი სახელმწიფოები და ანგარიშიდან ერთ-ერთ ამონარიდს ციტირებენ:

„მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა დაფიქსირდა“.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები“, - აცხადებენ ისინი.

ისინი ჩამოთვლიან შემდეგ ნაბიჯებს, რასაც ქართველოს ხელისუფლებისგან მოელიან:

გამოძიება, კანონების გაუქმება

„პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდებაზე, რათა პასუხისგებაში მიეცეთ დამნაშავეები“, - აცხადებენ ისინი.

„მეორეც, საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად შეცვალოს კანონმდებლობა, რომელიც შეუთავსებელია მის საერთაშორისო ვალდებულებებთან და ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების სფეროში“.

ისინი, - ანგარიშის მსგავსად, - გამოყოფენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ კანონებს და ცვლილებებს გრანტების, მაუწყებლობისა და სხვა კანონებში.

„ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების და საჯარო დებატების სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან, მოხსნას თვითნებურად წაყენებული ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზების გამო დაკავებული ყველა პირი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი, გაიწვიოს ამ საკითხთან დაკავშირებით განხილული განაცხადები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა“, - აცხადებენ ეუთოს წევრი ქვეყნები.

ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი.

ანგარიში და გამოხმაურება

მცირე ხნით ადრე, 12 მარტს, გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიში - მან მკვეთრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.

ანგარიში მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ფაქტობრივად ყველა ის ცვლილება/კანონი, რასაც ადგილობრივი უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევდნენ და მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები“.

ამასთან, იგი რომის წესდებაზე მითითებით წერს, რომ წესდების ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).

  • ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ეუთოსა და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ მთავრობის სახელით „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ანგარიშის გამო.
  • ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა, რომ ანგარიში შეიცავს ისეთ რეკომენდაციებსაც, რომლებიც „სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს“.
  • ოპოზიციის ახალმა ალიანსმა, რომელიც 9 პარტიას აერთიანებს, ანგარიში შეაფასა, როგორც „რეჟიმის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მარცხი“.
ასევე ნახეთ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა - ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაცია