მისი თქმით, სუს-ის გამომძიებელმა განუცხადა, რომ დაბარებულია მოწმის სტატუსით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის გამო.
ნანუაშვილი, რომელიც ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI-ის) ხელმძღვანელია, რადიო თავისუფლებას ეუბნება:
„საუბარი არის იმაზე, რომ დაწყებულია გამოძიება და მოწმის სტატუსით ვარ დაბარებული მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით“.
„თანახმა ვარ სასამართლოში გამოკითხვაზე“
მისი თქმითვე, არ აპირებს სუს-ში მისვლას და გამომძიებელსაც განუცხადა, რომ გამოცხადდება სასამართლოში და თანახმაა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე, - როდესაც დაიბარებენ.
ნანუაშვილის თანახმად, არ უთქვამთ, რა მუხლითაა გამოძიება დაწყებული, ან როდისაა ეს გამოძიება დაწყებული; არც ის იცის, არის თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით ვინმე სხვა დაბარებული.
რადიო თავისუფლება ცდილობს სუს-სთან დაკავშირებას გამოძიების შესახებ ამ დეტალების გარკვევის მიზნით. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
„ქაცარავას ნათქვამის შემდეგ“
ნანუაშვილმა თქვა, რომ როდესაც დღეს სუს-იდან დაურეკეს, უთხრეს, რომ დაბარება დაკავშირებულია დავით ქაცარავას მიერ „ტვ პირველზე“ მის ხსენებასთან.
დავით ქაცარავა არის „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ხელმძღვანელი, რომელსაც 2024 წლის მარტში საპროტესტო აქციებისას სასტიკად სცემეს სამართალდამცავებმა.
მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ დავით ქაცარავა აქციის სხვა მონაწილეებს შორის იდგა და პოლიციას მიმართავდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით - ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.
დავით ქაცარავა აქციაზე პოლიციელების დაკავების შემდეგ, 2024 წლის 14 მარტი
მან 2026 წლის 15 მარტს ტვ პირველის ეთერში - განაცხადა:
„მე მქონდა ერთ ეტაპზე საუბარი უჩა ნანუაშვილთან, რომელმაც მითხრა, რომ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მოხდებოდა ჩემი გამოკითხვა, თუმცა, შემდეგ არავინ დამკავშირებია“.
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში მოხვდა სამართალდამცველთა მიერ დემონსტრანტებზე ძალადობისა და დაკავებისას ძალის გადამეტების არაერთი შემთხვევა.
კობახიძემ მას „აგენტი“ უწოდა
16 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე, - რომელიც „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს ეხებოდა, - ირაკლი კობახიძეს რუსთავის 2-ის ჟურნალისტმა ჰკითხა:
„რას ფიქრობთ განცხადებაზე. რომელიც გააკეთა დავით ქაცარავამ ერთ-ერთი მედიასაშუებით, სადაც ის ამბობს, რომ „მოსკოსვის მექანიზმის“ ფარგლებში უჩა ნანუაშვილისგან მიიღო იფორმაცია, რომ ისიც იქნებოდა ერთ-ერთ გამოსაკითხი პირი. რამდენად საყურადღეობა ეს განცხადება და რა გამოდის, რომ რეალურად უჩა ნანუშავილი უწევდა თუ არა კოორდინაციას, ვინ იქნებოდა გამოსაკითხი პირი და ვინ არა“?
ირაკლი კობახიძემ უპასუხა:
„რეალურად, აგენტურა რომ იქნებოდა კოორდინაციაში, რა თქვა უნდა, არ არის გასაკვირი და ეს ჩანს თვითონ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექნიზმის“ ანგარიშის სახით. რა თქმა უნდა, იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება“.
ასევე ნახეთ სუსი ირანის გავლენაზე კვლევების ავტორების მოტივებით დაინტერესდა - გამოძიება დაიწყო„უფლებადამცველების დევნა“ - ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სუს-ში დაბარებას დევნად აფასებს:
„ეს არის უფლებადამცველების დევნა იმ საქმიანობისთვის, რაც უკავშირდება უფლებების დაცვას, მათ შორის იმ ადამიანებისა, ვინც არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლნი გახდნენ“.
ირაკლი კობახიძემ 16 მარტს ჟურნალისტებს პოლიციელთა მხრიდან ძალადობაზე კითხვაზე პასუხად განუცხადა: „ამას შეიძლება მიეცეს არაჰუმანური მოპყრობის კვალიფიკაცია, შეიძლება მიეცეს დანაშაულის კვალიფიკაცია, გადაცდომის კვალიფიკაცია, სხვადასხვა კვალიფიკაცია, მაგრამ წამება არის სხვა რამე. წამება არის ტყუილი“.
ნანუაშვილის განმარტებით, მის მიერ ექსპერტთან, პატრიცია გრჟებიკთან გაზიარებული ინფორმაცია ეხებოდა ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ბოლო ორი წლის განმავლობაში, - რის შესახებაც უფლებადამცველების ანგარიშები საჯაროდ უკვე არსებობს.
„ამ ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან არის თურმე დაუშვებელი და დანაშაული“, - ამბობს ნანუაშვილი.
ასევე ნახეთ ვის და რას დაეყრდნო ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” მომხსენებელი ანგარიშის წერისას - ინტერვიუ პატრიცია გრჟებიკთან„მოსკოვის მექანიზმი“
ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა.
- „მომხსენებლის მთავარი დასკვნა ცალსახაა“, - წერენ ეუთოს წევრი სახელმწიფოები და ანგარიშიდან ერთ-ერთ ამონარიდს ციტირებენ:„მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა დაფიქსირდა“.
- „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები“, - აცხადებენ ისინი.
- ირაკლი კობახიძემ 16 მარტს წარადგინა ხელისუფლების საერთო უარყოფითი პოზიცია მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის შედგენილია „მანკიერი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესის გავლენით“.