„ქართული ოცნების” ხელისუფლების შეფასებით, „დოკუმენტი შედგენილია მანკიერი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით…“ და შეიცავს „სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებსა და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობასა და ობიექტურობას“
“ქართველი ხალხი მართლაც მშრომელი ხალხია. მათ უბრალოდ უნდათ, უსაფრთხოდ იცხოვრონ, აღზარდონ შვილები. თუ შევძლებ მათთვის ამ უსაფრთხო გარემოს შექმნაში დახმარებას, ძალიან ბედნიერი ვიქნები.“ - ამბობს ეუთოს ექსპერტი რადიო თავისუფლებასთან ვრცელ ინტერვიუში. ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 13 მარტს პატრიცია გრჟებიკს ნინო წვერავა ესაუბრა და დაუსვა არაერთი კითხვა, მათ შორის „ქართული ოცნების“ შეფასებაზეც, რომელიც მის რეკომენდაციებს - „აუხდენელი ოცნებებისა და სურვილების სიას" უწოდებს.
როგორ დაიწყო ანგარიშზე მუშაობა?
„ჩემი მისია 11 თებერვალს დაიწყო. ამის შემდეგ ორი კვირა მქონდა - 24 თებერვლამდე, რათა მომემზადებინა სრული ანგარიში და, ამავე დროს, შემეგროვებინა ყველა საჭირო ინფორმაცია, გამეკეთებინა ანალიზი და ა.შ. ეს მართლაც ძალიან ინტენსიური პერიოდი იყო“, - გვიყვება ეუთოს ექსპერტი, მომხსენებელი პოლონეთიდან და აღწერს, როგორია „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი მისიის სამუშაო პროცესი - როგორ აგროვებენ მტკიცებულებებს.
პატრიცია გრჟებიკი ვარშავის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი ძირითადი სპეციალიზაცია საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და საერთაშორისო სისხლის სამართალი. ის არის საერთაშორისო სასამართლოების საკითხების ექსპერტი, საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების საბჭოს წევრი და ევროპული უნივერსიტეტების ჰუმანიტარული მოქმედების ქსელის პრეზიდენტი.
გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია. არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დამოუკიდებელი მრჩეველი და ბოლო წლებში მონაწილეობდა საერთაშორისო სასამართლოს იმ პროცესებში, რომლებშიც პოლონეთი იყო ჩართული.
საქართველოში მისიის დაწყებისთანავე, ეუთომ მტკიცებულებების შესაგროვებლად სპეციალური ელექტრონული ფოსტა გახსნა. პატრიცია გრჟებიკი გვიხსნის, რომ ამ ფოსტის საშუალებით ადამიანები საკუთარ ისტორიებსა და მტკიცებულებებს უზიარებდნენ. ანგარიშის ავტორი იხსენებს, რომ მას წერილები პირად ელფოსტაზეც [უნივერსიტეტის] მოსდიოდა - ადამიანები სწერდნენ ძალადობისა და დარღვევების მძიმე ისტორიებზე.
„როდესაც ყველა შემოსული წერილი გადავამოწმე, გამოვავლინე 213 წერილობითი ჩვენება. ეს იყო 213 ჩვენება, რომელსაც თან ერთოდა სამედიცინო ჩანაწერები, ფოტოები, ვიდეოები და სასამართლოს გადაწყვეტილებები. ეს იყო ძალიან მძიმე და დეტალური მტკიცებულებები… ადამიანები გვიზიარებდნენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან მასალებს. ბუნებრივია, ჩემს ანგარიშში ყველა წყარო ანონიმურად წარმოვადგინე, რადგან არ მინდოდა ვინმეს საფრთხე შეჰქმნოდა.“
როგორც კი მომხსენებლად წარადგინეს და მისი მისია დაიწყო, პატრიცია გრჟებიკმა ეუთოში საქართველოს ელჩს მისწერა და ჰკითხა, ვიზიტის ორგანიზებაში დახმარებას თუ შეძლებდა.
„წერილის გაგზავნიდან ორი დღის შემდეგ ეუთოში საქართველოს ელჩმა მიპასუხა და მაცნობა, რომ მზად იყვნენ ჩემი ვიზიტის ხელშესაწყობად. ამისთვის კი უნდა გადამეგზავნა იმ ინსტიტუციების სია, რომელთა წარმომადგენლებთან შეხვედრაც მსურდა“.
დაახლოებით ერთ საათში შეადგინა სია, სადაც მოხვდნენ იუსტიციის სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო…
შეხვედრები თანამდებობების პირებთან
„ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც მივედი, უმაღლესი თანამდებობის პირები დამხვდნენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი“, პატრიცია გრჟებიკი იხსენებს, რომ ეს არ იყო ფორმალური შეხვედრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მაგალითად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოჰყავს: „პრემიერ-მინისტრთან საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ის პასუხობდა ყველა შეკითხვას და განმარტავდა საკუთარ პოზიციას. გულწრფელად რომ ვთქვა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სურვილის შემთხვევაში, საუბარი კიდევ უფრო დიდხანსაც შეიძლებოდა გაგრძელებულიყო.“ პატრიციას თქმით, შეხვედრებისას თუ წერილობით მიღებული პასუხებია ასახული 90-გვერდიან ანგარიშში.
შეხვედრები პოლიტიკოსებთან, აქტივისტებთან, ჟურნალისტებთან
ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების პარალელურად, პატრიცია ასევე ესაუბრა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
მისი თქმით, სწორედ ამ ინტერვიუებმა და შეგროვებულმა მტკიცებულებებმა შექმნა სურათი, რომელიც ანგარიშის ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ შეფასებამდე მივიდა - რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცა ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი და პოლიტიკური კამპანიები.
„ვფიქრობ, დემოკრატიისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხე არის ოპოზიციის განადგურების მცდელობა…ეს ყველაფერი დემოკრატიული უკუსვლის ნათელი მაგალითია. ჩანს, რომ პროცესები მცდარი მიმართულებით მიდის: ოპოზიციასთან ბრძოლა, ოპოზიციის განადგურების მცდელობა და ადამიანების უფლებების შეზღუდვა“
შეხვედრა სახალხო დამცველთან
„როდესაც ძალიან ღიად ვსაუბრობდი სახალხო დამცველთან, ვკითხე: დაადგინეთ, მოხდა თუ არა ადამიანების წამება?“ მან აღიარა, რომ მოინახულა ადამიანები და ზოგიერთ მათგანს ჰქონდა წამების აშკარა ნიშნები. მან დააფიქსირა ძალადობის შემთხვევები, რაც მიუთითებდა სისტემურ ხასიათზე და არა ცალკეულ ფაქტებზე“- ამბობს ეუთოს ექსპერტი.
ამასთან, იგი იხსენებს, სახალხო დამცველის მისთვის ნათქვამს, რომ რამდენიმე საქმის მასალის შესწავლით გამოავლინა შემთხვევები, როცა დამნაშავეების იდენტიფიცირება მარტივი იყო, თუმცა გამოძიება მაინც არ მიმდინარეობდა.
„ჩვენთვის სრულიად გაუგებარი იყო, რატომ არიან ისინი [ხელისუფლება] ასე ეფექტიანები დემონსტრანტების [სამართლებრივი] დევნის დროს, მაგრამ ვერ ახერხებენ იმ ადამიანების ვინაობის დადგენასა და შემდეგ პასუხისმგებლობაში მიცემას, რომლებიც ჩადიოდნენ მძიმე დარღვევებს“
„მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით, ომბუდსმენთან საუბარზე დაყრდნობით, ასევე იმ საქმეებზე დაყრდნობით, რომლებიც მომაწოდეს და რომლებზეც შედეგი არ დამდგარა, ჩანს, რომ არსებობს დაუსჯელობის პოლიტიკა.“
„დემოკრატია ვერ არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გარეშე“
„სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში მცირდება და ვერ ახერხებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას. ადამიანები მუდმივ სტრესში არიან, ისინი ძალადობის მსხვერპლი ხდებიან, მათ სცემენ ან მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს სხვადასხვა ‘გაშავების კამპანია’ ეს ნორმალური არ არის, როცა შენი ბინა ან ოფისი ხდება ადგილი, სადაც ადამიანები გიყვირიან ან გაფურთხებენ. ბოდიში, შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ მათ, მაგრამ მათი ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პატრიცია გრჟებიკი. ამბობს, რომ მისიისას გაიგო ისიც, როგორ იხურებიან უცხოეთიდან დაფინანსებული ის ორგანიზაციები, რომლებიც, მათ შორის, სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს ეხმარებოდნენ.
ხელისუფლებამ მთავარი არგუმენტად მასთან შეხვედრებშიც უცხოური გავლენებისა და უცხოეთიდან მომავალი დაფინანსების გამჭვირვალობა დაასახელა, თუმცა ექსპერტი ამბობს, რომ ამის მისაღწევად შექმნილი კანონების მთავარი პრობლემა სიცხადის, სიზუსტისa და განჭვრეტადობის არარსებობაა.
„ისინი მიუთითებენ FARA-ს კანონზე, რომ ეს კანონი ამერიკული კანონმდებლობიდან ზუსტადაა გადმოტანილი, მაგრამ ამერიკულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით არსებობს აღიარებული იურიდიული პრაქტიკა, რომელიც განმარტავს, რა არის დაშვებული და რა არა. აშშ-ში არავინ შიშობს, რომ თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ, ეს იქნება სამართლებრივი საფუძველი, რომ მათი მუშაობა უკანონოდ ჩაითვალოს და უცხოური წყაროებიდან ვეღარ დაფინანსდნენ. საქართველოში კი არ გაქვთ სიცხადე, რომელი საქმიანობები შეიძლება ჩაითვალოს ისეთ საქმიანობად, რომლებიც არ შეიძლება უცხოური წყაროებით დაფინანსდეს“
„მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული“
“ქართული ოცნების” ხელისუფლება ანგარიშს აღწერს, როგორც მიკერძოებულს და, ზოგ შემთხვევაში, უსაფუძვლოს. ეუთოს არჩეული მომხსენებელი ხელისუფლების მხარდამჭერი, მათ შორის ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელევიზიების (“იმედი”, “პოსტვ”) საინფორმაციო კამპანიის სამიზნეც გახდა. „მისი მოღვაწეობა პირდაპირ უკავშირდება პოლონეთის ხელისუფლებას“, - ნათქვამია ტელეკომპანია „იმედზე“ პატრიცია გჟებიკის შესახებ გასულ სიუჟეტში.
„ანგარიშის ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი…“ - თქვა „ქართული ოცნების” მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე.
„მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული. როცა ჩამოვედი საქართველოში, ისინი ცდილობდნენ ჩემს წარდგენას, თითქოს მე ვიყავი ევროკავშირის ან პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი. არა, მე ვარ მეცნიერი და სრულიად დამოუკიდებელი ვიყავი“ - ამბობს პატრიცია და განმარტავს, რომ საქართველოში მისი მისია სრულიად დამოუკიდებელი იყო პირველივე წუთებიდან. რჩევები და რეკომენდაციები არ მიუღია არც ეუთოსგან, რადგან მათ წარმომადგენლობას „არ სურდა ანგარიშის შინაარსზე გავლენის მოხდენა.“
„ქართული მხარის ერთ-ერთი ბრალდება იყო ის, რომ ჩემი ანგარიში ემყარება მესამე მხარის ინფორმაციას. ეს სიმართლე არაა.
ყველა ინფორმაციას, რომელიც ანგარიშშია, თან ერთვის შესაბამისი ცნობა. მე მკაფიოდ განვმარტავ ყველაფერს - არის თუ არა ინფორმაცია აღებული რომელიმე დოკუმენტიდან, ანგარიშიდან, თუ უშუალოდ მოვისმინე მტკიცებულების შემსწრე და თვითმხილველისგან. ეს ანგარიში ძალიან დიდი სიფრთხილითაა დაწერილი, დიდი პასუხისმგებლობით თითოეული სიტყვისადმი, რათა ისეთი არაფერი მეთქვა, რასაც ჩემი ანგარიში ვერ დაამტკიცებდა“ - ექსპერტის თქმით, ანგარიშზე მუშაობის ბოლო წუთებამდე კითხულობდა და ასახავდა საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებულ პასუხებს - „როდესაც წერა უკვე უნდა შემეწყვიტა, მივიღე საქართველოდან უამრავი დოკუმენტი, მაგრამ ავდექი და უკლებლივ ყველა მათგანს გავეცანი, რათა დარწმუნებულიყავი, რომ რაიმე ახალი ფაქტი ან გარემოება არ იყო“
თუმცა, პატრიცია გრჟებიკი, ასევე ამბობს, რომ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი ანალიზი მისთვის სარწმუნო არ იყო, რადგან პრაქტიკა სულ სხვა რამეზე მეტყველებდა. „ისინი მაგალითად იმაზეც ჩივიან, რომ მე არ გავითვალისწინე ლინგვისტიკის ექსპერტის ანალიზი [“უცხოეთის აგენტების”კანონებთან დაკავშირებით - რ.თ.]. მე გავითვალისწინე, თუმცა ვთქვი, რომ ეს დასკვნა ჩემთვის საკმარისი არ არის. ჩემი შეფასებით, თუ ბევრი ადამიანი გრძნობს მუქარას ან დამცირებას იმით, რომ მათ „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ მოიხსენიებენ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ამას სტიგმატიზებად და დამამცირებლად აღიქვამენ, მიუხედავად ზოგიერთი ლინგვისტიკის პროფესორის ექსპერტული აზრისა.“
„აუხდენელი ოცნებებისა და სურვილების სია“ - ანგარიშის რეკომენდაციები
საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის მნიშვნელოვანი, და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ყველაზე სადავო ნაწილი ეთმობა რეკომენდაციებს - რომელიც მომხსენებელმა დაწერა როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე ეუთოს წევრებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
ანგარიში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ფაქტობრივად ყველა ის ცვლილება და კანონი, რომლებსაც ადგილობრივი უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევენ, გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები, თავი შეიკავონ ოპოზიციისადმი ცილისწამების, დაშინებისა და მუქარის შემცველი კამპანიებისგან, გაუქმდეს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ „თვითნებური” ბრალდებები და ა.შ. რეკომენდაციებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „აუხდენელი ოცნებებისა და სურვილების სია“ უწოდა.
„ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ქართული მხარე გააღიზიანა რეკომენდაციებმა. მათ თქვეს, რომ მე გადავაჭარბე მანდატს, რომ ბევრი ვთქვი, რომ არ მაქვს უფლება ვახსენო სხვა ინსტიტუციები ან ორგანიზაციები, მაგრამ ჩემი მანდატის ფარგლებში შემეძლო, რომ გამეცა რეკომენდაციები - როგორ უნდა მისდგომოდნენ [ანგარიშში] აღნიშნულ [პრობლემურ] საკითხებს“, - გვეუბნება პატრიცია გრჟებიკი.
ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და მის მოწინააღმდეგეებში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა, სისხლის სამართლის საერთაშორისო ხსენებას უკავშირდება. პატრიცია გრჟებიკი წერს, რომ რომის წესდების ხელმომწერ სახელმწიფოებს „შეუძლიათ განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), - პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით.“
ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ თქვა, რომ „ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს, მათ შორის მოწოდებებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიმართ, იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ“.
პატრიცია გრჟებიკი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამ რეკომენდაციის გაცემის საფუძველს ასე განმარტავს - „საქართველოს პასუხიდან ჩანს, რომ აღიქვეს, თითქოს მე საერთაშორისო სასამართლოებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხსენებით „სამართლებრივი ბრძოლის“ დაწყება მინდოდა. არა, ჩემი მიზანი იყო მხოლოდ იმის შეხსენება, რომ თუ არსებობს წამების შესაძლო ფაქტები, თუ ხდება დევნა ან სხვა არაადამიანური ქმედებები, ეს შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად.
თუ ეს დანაშაული დადასტურდა, საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმომწერია, შესაბამისად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს კომპეტენცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას. მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, მაგრამ საჭიროა გავითვალისწინოთ ეს შესაძლებლობა, თუ დარღვევების მსგავსი შემთხვევები დადასტურდება ან გაგრძელდება“
პატრიცია გრჟებიკის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია
პატრიცია გრჟებიკი ჩვენთან ინტერვიუში სამ, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციას ასახელებს:
- „პირველი, რა თქმა უნდა, თუ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას განიცდიან ან წამებას ექვემდებარებიან, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
- მეორე, მე შევაჩერებდი პოლიტიკური საფუძვლის მქონე სასამართლო პროცესების წარმოებას. რადგან, ჩემი აზრით, ოპოზიციის განადგურება სისხლის სამართლის პროცესების გზით ჩიხია - ამ გზას არსად მიჰყავხარ, ამცირებს პოლიტიკურ პლურალიზმს, რაც რეალური საფრთხეა დემოკრატიისთვის.
- მესამე საკითხი კი ის არის, რომ მე მესმის, რომ მათ არ სურთ კანონების გაუქმება. მაგრამ ჩემი აზრით, მცდელობა, რომ გარკვეული საკითხები თუ პრობლემები დააზუსტონ იმისთვის, რომ შექმნან უსაფრთხო სივრცე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, უმნიშვნელოვანესია.“
„საქართველოში დემოკრატიის დასაცავად: საერთაშორისო საზოგადოების როლი და მხარდაჭერის გზები“
ანგარიში საერთაშორისო საზოგადოებას სთავაზობს კონკრეტულ გზებს, როგორ შეიძლება ხელი შეეწყოს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების აღდგენასა და გაძლიერებას.
რადიო თავისუფლებამ პატრიცია გრჟებიკს ჰკითხა, როგორ ხედავს ის საერთაშორისო თანამეგობრობის როლს საქართველოს მხარდაჭერის პროცესში და რა ზომები იქნებოდა ყველაზე ეფექტური:
„აუცილებელია სიტუაციის მონიტორინგი, დიალოგში ჩართვა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენა, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს. იმედია, რომ ეს გაამართლებს. მე ამას ვიმედოვნებ არა ხელისუფლებისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის, რადგან ისინი იმსახურებენ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას. ქართველი ხალხი მართლაც მშრომელი ხალხია. მათ უბრალოდ უნდათ, უსაფრთხოდ იცხოვრონ, აღზარდონ შვილები. თუ შევძლებ მათთვის ამ უსაფრთხო გარემოს შექმნაში დახმარებას, ძალიან ბედნიერი ვიქნები.“
პატრიცია გრჟებიკი საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებასთან დაკავშირებით საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია პროცესები წარიმართოს მათ შორის დიალოგის გზით. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს მრავალი საკითხი, რომელიც გულდასაწყვეტია, ფაქტი, რომ ხელისუფლება მზად იყო თანამშრომლობისთვის, საუბრისთვის, ახსნებისთვის, მიუთითებს, რომ ისინი ღია არიან დიალოგისთვის..
ამიტომ, მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება იტყვის, რომ არ აპირებს არც ერთი რეკომენდაციის შესრულებას და რომ ეს უბრალოდ „სურვილების სიაა“, მე ვიმედოვნებ, რომ ისინი ღია იქნებიან დიალოგისთვის და ეცდებიან გარკვეული საკითხების დაზუსტებას“
ფორუმი