„ნაცმოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი გახდა

პარტიის ყრილობა სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში გაიმართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ყრილობაზე პარტიის სტრუქტურის ცვლილებას დაუჭირეს მხარი: შეიქმნა დროებითი მმართველი საბჭო, რომელსაც ირაკლი ფავლენიშვილი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ენმ-ის ახალ თავმჯდომარეს, მის არჩევას პარტია ექვსი თვის შემდეგ გეგმავს.

დროებითი საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ:

  • პეტრე ცისკარიშვილი
  • ანი წითლიძე
  • გიორგი ჩალაძე
  • ლაშა ფარულავა
  • გიორგი ბოტკოველი
  • ლევან ბეჟაშვილი
  • ირაკლი ნადირაძე (4 ოქტომბრის საქმეზე მას 7 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი).

საბჭოში წარდგენილი იყო ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას კანდიდატურაც, თუმცა მან თანამდებობაზე უარი თქვა და საქმიანობას პარტიაში პოლიტსაბჭოს რიგით წევრად გააგრძელებს.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პარტია „გადადის მოდერნიზაციაზე“ და იქმნება გუნდი, რომელიც მისი რეფორმირების სტრატეგიას დადებს.

მან ირაკლი ფავლენიშვილი მმართველი საბჭოს „ნომინალურ“ ხელმძღვანელად მოიხსენია და განმარტა, რომ ის შეასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციას და ყველა იმ უფლებამოსილებას განახორციელებს, რომლებიც წინა წესდებით პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს ეხებოდა.

„რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, ის ჯერ არ არის პარტიის წევრი, არ იღებს მონაწილეობას არც პარტიის მმართველობით ორგანოებში. კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ პარტიის მიღმა შეიქმნას "რეფორმების საბჭო", რომელიც, არაპარტიული შემადგენლობით, შეიმუშავებს პარტიის რეფორმირების სტრატეგიულ დოკუმენტს“, - თქვა ბეჟაშვილმა.

ასევე ნახეთ

ჟორჟოლიანი ენმ-ის „რეფორმატორთა საბჭოს“ აღმასრულებელი მდივანი იქნება - სააკაშვილი

სააკაშვილის პოზიცია

ყრილობის მონაწილეებს პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

„ყველანაირი მცდელობა ჩვენი დაყოფის და დემოტივაციის, შიდა დამყოფებს ცუდად შემოუბრუნდათ და ასევე მტრისთვის, საბოლოო ჯამში, არაფრით დასრულდა და ვერც მომავალში მიაღწევს ის ჩვენს თამაშგარედ დატოვებას. იმიტომ რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოებრიობის იდეის მატარებლები და შესაბამისად მთავარი ქართული პოლიტიკური ძალა და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი უნდა გვახსოვდეს: ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული“, - აღნიშნა მან.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში სააკაშვილმა დაწერა, რომ ყრილობა „ბრწყინვალედ“ ჩატარდა, თინა ბოკუჩავამ კი „სწორი პოზიცია დაიჭირა“.

„ახლა ჯერი არის ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს გამოცდილ მებრძოლებზე, ნანუკაზე და რეფორმატორთა საბჭოზე. ვამაყობ ჩვენი თანამებრძოლებით და ვემზადებით დიდი ბრძოლებისთვის“, - დაწერა სააკაშვილმა.

  • „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები მიხეილ სააკაშვილმა 10 ივნისს დააანონსა. მან დაწერა, რომ „ნანუკას [ჟორჟოლიანს] აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად“;
  • 11 ივნისს ჟორჟოლიანმა თქვა, რომ სააკაშვილი მას პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა, რასაც არ დათანხმდა - „თუ ჩვენ შევთანხმდებით მთავარ საკითხებზე, თანათავმჯდომარის თანამდებობა არის სრულიად საკმარისი, რომ მე ეს ცვლილებები განვახორციელო“;
  • ბოკუჩავამ თქვა, რომ არ იზიარებდა აზრს პარტიაში „ორხელისუფლებიანობასთან“ დაკავშირებით. მან 16 ივნისს პოლიტიკური ჭორაობა უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი ჟორჟოლიანს მის თანამდებობას სთავაზობდა;
  • 17 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც ეწერა: „ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს“;
  • ამ განცხადების შეფასებისას, ბოკუჩავამ თქვა: „სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ"...
  • 30 ივნისს „TV პირველის“ ეთერში გავიდა მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ, რომლიდანაც გაირკვა, რომ ორი წლის წინ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ლევან ხაბეიშვილს ჯანმრთელობის მიზეზით არ დაუტოვებია: „რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს. მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი ბაბლი“ დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ, ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივ ადამიანის ენით საუბარს, ხან - რას, ხან - რას“.
  • 2 ივლისს ამის გამო ბოდიში მოიხადა თინა ბოკუჩავამაც, რომელიც ხაბეიშვილის შემდეგ აირჩიეს თავმჯდომარედ.