36 წლის მარინა კლიმჩუკი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოში არშემოშვების მიზეზი, შესაძლოა, სწორედ მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდეს:
„ეს კითხვა მიტრიალებს თავში, რატომ არ შემომიშვეს? არანაირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. გასულ წელს, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, სულ 10 წუთით, გზად სასტუმროსკენ, აღმოვჩნდი რუსთაველზე, აქციაზე. ნიღაბი არ მეკეთა. არც კი ვიცი, რა ჯარიმაზეა ლაპარაკი. საჯარიმო ოქმი არ უჩვენებიათ აეროპორტში. შესაძლოა, არშემოშვების მიზეზი ჩემი სტატიები იყოს?“ - კითხულობს მარინა კლიმჩუკი.
რატომ არ შემოუშვეს?
რადიო თავისუფლება ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ კითხვებზე პასუხს.
ვინ არის მარინა კლიმჩუკი?
წარმოშობით უკრაინელი რეპორტიორი 5 წლის იყო, ოჯახთან ერთად გერმანიაში რომ გადავიდა საცხოვრებლად. ის გერმანიის მოქალაქეა და სტატიებს სხვადასხვა უცხოური, მათ შორის, გერმანული და შვეიცარიული გამოცემებისთვის (Tageszeitung (taz), Zeit, Fas) ამზადებს.
წერს ვრცელ სტატიებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის ადამიანის უფლებების შესახებ. ამზადებს მასალებს გერმანიაში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებზე. ბოლო 2-3 წელია, სამუშაო მივლინებებით მოგზაურობს ამერიკაში, შუა აზიაში, უკრაინაში.
გასულ წელს, საქართველოში ყოფნისას, მან ორი სტატია მოამზადა: ერთი - ტურისტული შინაარსის რეპორტაჟი წყალტუბოს შესახებ. ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ სტატიაზე მუშაობისას ინტერვიუები ჩაწერა ოპოზიციური პარტიის, „ლელოს“ დამფუძნებელთან, მამუკა ხაზარაძესთან და თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, თინათინ ხიდაშელთან.
ინტერვიუ მამუკა ხაზარაძესთან. 2025 წლის მაისი
„პირველი სტატია წმინდა წყლის ტურისტებისთვის განკუთვნილი მასალა იყო. ინტერვიუები ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კი უფრო კრიტიკულ შინაარსს ატარებდა. შეიძლებოდა ეს სტატია გამხდარიყო ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზი? ვწერ სტატიებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. არ ვიცი, შეიძლება, რომ ამის გამო ვიყო, მაგალითად, რუსეთის „შავ სიაში“? არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა ვიფიქრო“.
რა მოხდა აეროპორტში?
რეისი, რომლითაც მარინა მოფრინავდა, 11 მაისს, გამთენიისას, დილის ხუთ საათზე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მარინა კლიმჩუკი საქართველოში ამჯერად ტურისტად მოდიოდა. ორ დღეში უნდა ჩამოფრენილიყო მისი პარტნიორიც. ისინი აქ რამდენიმე დღის გატარებას და დასვენებას გეგმავდნენ.
აეროპორტში პასპორტის კონტროლისას, 8 თვის ორსული მესაზღვრეებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ არ ჰქონდა საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება, რადგან მის სახელზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 5000-ლარიანი ჯარიმა იყო გამოწერილი.
მარინა კლიმჩუკისთვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა. ჟურნალისტმა სამართალდამცავებს საჯარიმო ოქმის წარმოდგენა მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ:
მარინა კლიმჩუკი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დროებითი მოთავსების ოთახში. 11 მაისი, 2026 წელი
„რამდენიმე ადამიანი მესაუბრებოდა. ნაწილი მეუბნებოდა, რომ თუ გადავიხდიდი თანხას, მქონდა შანსი, გავსულიყავი აეროპორტიდან. მეორე ნაწილი მეუბნებოდა, რომ შესაძლოა შევეშვი ქვეყანაში, მაგრამ ამის შესახებ მას შემდეგ შემატყობინებდნენ, როცა გადავწყვეტდი, გადავიხდიდი თუ არა ჯარიმას. ვუთხარი, რომ არ მქონდა ანგარიშზე საკმარისი თანხა და ჩემი პარტნიორი უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში.
ორსულად ვარ, არ მინდოდა, რომ დამატებითი სტრესი განმეცადა, ამით ნაყოფი დამეზიანებინა და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ოქმი არ მინახავს, იურისტთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, მაინც გადამეხადა ე.წ. ჯარიმა“, - უყვება რადიო თავისუფლებას ჟურნალისტი.
მარინა კლიმჩუკმა ჯარიმის ჯერ ერთი ნაწილი - 3000 ლარი - გადარიცხა იმ ანგარიშზე, რომელიც მესაზღვრეებმა მიუთითეს. როდესაც დარჩენილი 2000 ლარიც უნდა გადაერიცხა, სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ თანხის გადარიცხვას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან გადაწყდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შემოვიდოდა:
„უკან დამიბრუნეს ის 3000 ლარიც. ეს ყველაფერი ცირკს ჰგავდა. ათჯერ მაინც მოვითხოვე, რომ გადმოეცათ დოკუმენტი, რომელშიც ქვეყანაში შესვლაზე უარის მიზეზი იქნებოდა განმარტებული. ბოლოს დავნებდი.
ეს დოკუმენტი ფრენამდე ცოტა ხნით ადრე გადმომცეს, რომელშიც ქვეყანაში შემოსვლის უარის მიზეზად მონიშნულია, რომ არ მაქვს გადახდილი ჩემთვის დაკისრებული ჯარიმა“.
„საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის შესახებ“ გადაწყვეტილება
8 თვის ორსული ქალი აეროპორტის დროებითი მოთავსების ოთახში გადაიყვანეს, სადაც თითქმის 23 საათი გაატარა:
დროებითი მოთავსების ოთახი აეროპორტში, სადაც 8 თვის ორსულმა ჟურნალისტმა თითქმის 24 საათი გაატარა.
„არც საბანი იყო, არც ბალიში. გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოვიდნენ და მკითხეს, მქონდა თუ არა ფული, რომ საკვები მეყიდა. სამართალდამცავის თანხლებით გამიყვანეს აეროპორტში არსებულ ერთ-ერთ კვების ობიექტში, სადაც ვიყიდე საჭმელი, თუმცა ადგილზე ჭამის უფლება არ მომცეს, დამაბრუნეს ისევ ოთახში და იქ ვჭამე, საწოლზე.
მოგვიანებით ამავე ოთახში შემოიყვანეს დედა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. სავარაუდოდ, დეპორტაციის მიზნით“, - უყვება მარინა კლიმჩუკი რადიო თავისუფლებას.
კლიმჩუკის უფლებებს საქართველოში ადვოკატი მარიამ ჯიქია იცავს. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს მარინა კლიმჩუკის უფლებები, არ მიაწოდეს საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, ე.წ. საჯარიმო ოქმი და ამასთანავე, „საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის შესახებ“ გადაწყვეტილებაში არამართებული მიზეზი მიუთითეს:
მარიამ ჯიქია, იურისტი
„ვვარაუდობდი, რომ ამ დოკუმენტში მითითებული იქნებოდა, რომ არ შემოუშვეს „სხვა საფუძვლების გამო“, სადაც არასდროს არ არის ხოლმე დაკონკრეტებული, რის გამო არ უშვებენ ადამიანს ქვეყანაში. მაგრამ ამ დოკუმენტში სამართალდამცავებმა მიუთითეს, რომ ის არ შემოუშვეს ქვეყანაში იმის გამო, რომ არ გადაიხადა მასზე დაკისრებული ჯარიმა. ეს ადამიანი აპირებდა ე.წ. ჯარიმის თანხის გადახდას, ანგარიშზე გადარიცხა 3000 ლარიც, თუმცა, საბოლოოდ, დარჩენილი თანხის გადახდაზე უარი თავადვე უთხრეს.
თავიდან ეუბნებოდნენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული ჯარიმა გაქვთ გადასახდელიო, შემდეგ უთხრეს, რომ არ იყო ავტოსატრანსპორტო ჯარიმა და ეს არის დემონსტრაციებში მონაწილეობისას გამოწერილი ჯარიმაო“, - ამბობს მარიამ ჯიქია.
მისივე თქმით, გეგმავს, რომ მიმართოს სახალხო დამცველს 8 თვის ორსულის მიმართ არასათანადო მოპყრობის დასადგენად. რაც შეეხება ქვეყანაში არშემოშვების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას, ამ საკითხზე ჟურნალისტთან ერთად უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვებით, რათა დაედგინა, რა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ 36 წლის ჟურნალისტს, რა გახდა მისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზი. უწყების პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ „საკითხს მოიკითხავენ“, თუმცა ამ დრომდე მათგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია.
როდის და რატომ არ უშვებენ საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?
მარინა კლიმჩუკი არ არის პირველი უცხოელი ჟურნალისტი, რომელსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.
2024 წლის ბოლოდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციები დაიწყო, არაერთ ჟურნალისტს, ფოტორეპორტიორს, სამოქალაქო აქტივისტსა თუ მათთან დაკავშირებულ ადამიანებს, მათ შორის საქართველოში ბინადრობის მქონეებს, უთხრეს უარი ქვეყანაში შემოსვლაზე.
"სუსში არსებობს ე.წ. გაწითლებული ადამიანების არალეგალური სია, რომლებსაც არ უშვებენ ქვეყანაში. ამ სიაში ხვდებიან დასავლელი ჟურნალისტები, ევროპელი აქტივისტები, მათ შორის რამდენიმე ცნობილი ბლოგერიც მოხვდა და ხელისუფლებისათვის არასასურველი პირები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში არშემოშვებული უცხოეთის მოქალაქეების არაერთი საქმე დაუგროვდა.
შოთა თუთბერიძე, იურისტი
თუთბერიძე განმარტავს, რომ უფრო ხშირად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის საფუძვლად, ოფიციალურ დოკუმენტში შსს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევას" უთითებდა ხოლმე, თუმცა ზეპირსიტყვიერად ქვეყანაში შემოსვლის მსურველ მოქალაქეებს მესაზღვრეები განუმარტავდნენ, რომ მათ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას ჩადენილი სამართალდარღვევისთვის (მაგალითად, ქუჩის გადაკეტვა) ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდათ გადასახდელი და საბოლოოდ, ამ საფუძვლით არ უშვებდნენ ქვეყანაში.
ბოლო ერთ წელში, ე.წ. ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის საფუძვლით, უცხო ქვეყნის არაერთ მოქალაქეს, მათ შორის უმეტესად ჟურნალისტებს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე.
იურისტის თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლებას ე.წ. ზეპირსიტყვიერი განმარტებისთვის კანონიერი საფუძველი შეექმნა, 2025 წლის ზაფხულში "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლს, ანუ ქვეყანაში არშემოშვების საფუძვლებს, კიდევ ერთი პუნქტი დაემატა - თუკი საქართველოში შემოსვლის მსურველს "საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია".
"ამ საფუძვლის გამოყენება იქამდე დაიწყეს, სანამ ეს ცვლილება ამოქმედდებოდა. ახლა უკვე, როცა ეს ფსევდო-იურიდიული საფუძველი გაჩნდა კანონში, ცხადია, მას მათთვის არასასურველი პირების ქვეყანაში არშემოშვების მიზეზად აუცილებლად გამოიყენებენ - განსაკუთრებით გამორჩეულად, დასავლელი ჟურნალისტების მიმართ, მათ შორის, მე პირადად მაქვს შეხება, მაგალითად, ყოფილი დიპლომატიური სამსახურების თანამშრომლების მიმართ.
ანუ, თუკი "ქართული ოცნების" ვითომ-ვითომ უსაფრთხოების სამსახური ჩათვლის, რომ პოლიტიკურად წამგებიანია ამ ადამიანების საქართველოში შემოსვლა, შესაძლოა, მათთვის რაიმე ცუდი სტატია დაწერონ ან რაიმე მსგავსი, როგორც წესი, მათ შემოშვებას აპრობლემებენ. და ახლა უკვე შეიქმნეს ამის იურიდიული საფუძველიც".
ასევე ნახეთ
"არსებობს შავი სიები" - როგორ აბრუნებენ ევროპელ ჟურნალისტებს საზღვრიდანსხვა უკანგაბრუნებულები
სწორედ ასეთ ადმინისტრაციულ ჯარიმას ედავებოდნენ, მაგალითად, თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ სტუდენტს, ჯავიდ აჰმედოვს, რომელიც 2025 წლის სექტემბერში, სწავლის დაწყების წინ აღარ შემოუშვეს საქართველოში და უთხრეს, რომ 5000 ლარით იყო დაჯარიმებული - თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გზის გადაკეტვის გამო.
მაშინ ჯავიდმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ იყო აქციის მონაწილე და რუსთაველზე ჟურნალისტის სტატუსით იმყოფებოდა, პროცესებს აშუქებდა.
ასევე ნახეთ
საქართველოში არ შემოუშვეს ჟურნალისტიკის სტუდენტი, რომელიც თბილისში ცხოვრობდამანამდე, 3 აგვისტოს, საქართველოში არ შემოუშვეს ფრანგი ფოტორეპორტიორი ჰიშამ ელ ბუმიდი, რომელიც პროევროპულ აქციებს აშუქებდა.
2025 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს პროევროპული აქციებისას დაკავებული, ახლა უკვე მსჯავრდადებული რუსეთის მოქალაქის, ანასტასია ზინოვკინას დედას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მესაზღვრეებმა თავდაპირველად ქალს უთხრეს, რომ გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი და ამის გამო არ უშვებდნენ ქვეყანაში. შემდეგ კი უთხრეს, რომ ჯარიმა რომც გადაეხადა, შემოსვლას მაინც ვერ შეძლებდა. მისმა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ანასტასია ზინოვკინას დედას ჯარიმის არსებობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.
ასევე ნახეთ
საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული რუსი აქტივისტის, ანასტასია ზინოვკინას დედარამდენიმე თვით ადრე, 2025 წლის 31 მარტს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ფრანგ ფოტოჟურნალისტს, ჟერომ შობოს. ის იმ პერიოდში აქტიურად აშუქებდა პროევროპულ აქციებს.
რადიო თავისუფლებას ფოტოგრაფი უყვება, რომ ქვეყანაში შემოსასვლელად, თბილისის აეროპორტში ორი 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოსთხოვეს ნაღდი ფულით. მისთვის ეს მოულოდნელობა იყო, თუმცა ფოტოგრაფი დათანხმდა ჯარიმის გადახდას და ფულის გამოსატანად ბანკომატთან წვდომა ითხოვა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ მას არც ის არ უთხრეს, რატომ ჰქონდა გამოწერილი ჯარიმა.
ჟერომ შობო საქართველოში პირველად 2024 წლის 9 დეკემბერს ჩამოვიდა და 18 დეკემბრამდე აშუქებდა პროევროპულ აქციებს. ეს ის პერიოდია, როდესაც პოლიცია სასტიკად უსწორდებოდა დემონსტრანტებს, დაკავებულებს ნიღბიანები სცემდნენ, აქციების დასაშლელად კი ცრემლმდენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდნენ.
ასევე ნახეთ
„მაქვს განცდა რომ აქციებზე შემამჩნიეს“ - ფრანგი ფოტოგრაფი ჰყვება, როგორ არ შემოუშვეს საქართველოში2025 წლის 20 მაისს კი სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრიდან გააბრუნეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი. ინფორმაცია მაშინ გაავრცელა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.
უილ ნილი საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა. როგორც ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ის სომხეთ-საქართველოს საზღვარზე 45 წუთის განმავლობაში გააჩერეს, ქვეყანაში შესვლაზე უარი კი ახსნა-განმარტების გარეშე, კანონის ბუნდოვანი ჩანაწერით - „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ - აუხსნეს.
ასევე ნახეთ
საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი - „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნავდა, რომ უილ ნილის საქართველოში არშემოშვება დროში ემთხვევა მის მიერ მომზადებულ სტატიას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებების მხრიდან „ცილისმწამებლური კამპანია“ მოჰყვა.
უცხოელი ჟურნალისტების საქართველოში არშემოშვების მომრავლებული ფაქტები ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაგმო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.