„ხუთზე უკვე იზრუნეს, დანარჩენები კი გზაში არიან“, - Truth Social-ის პოსტში განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ ენტონი ალბანეზესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ორშაბათს, 9 მარტს.
ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ავსტრალიაში მონაწილეობდა აზიის თასის გათამაშებაში. 9 მარტს ნაკრების ხუთმა წევრმა ავსტრალიაში დარჩენა გადაწყვიტა. ცნობილია, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან.
ასევე ნახეთ ტრამპი ავსტრალიას მოუწოდებს თავშესაფარი მისცეს ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრებს"ავსტრალია საშინელ ჰუმანიტარულ შეცდომას სჩადის, როცა უშვებს შესაძლებლობას, ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები იძულებული გახდეს, დაბრუნდეს შინ - სადაც მათ, დიდი ალბათობით, დახოცავენ, - დაწერა ტრამპმა თავის პლატფორმაზე და დასძენს, - თქვენ თუ არა, მათ აშშ მიიღებს".
9 მარტს ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანამ თავშესაფარი მიანიჭა ხუთ ირანელ ფეხბურთელ ქალს.
ინფორმაცია ფეხბურთელების შესახებ ოფიციალურად ირანის ხელისუფლებას არ დაუდასტურებია.
2 მარტს, სამხრეთ კორეის გუნდთან თამაშის დაწყების წინ, ფეხბურთელები ჩუმად დადგნენ და არ აჰყვნენ მუსიკას, არ იმღერეს ირანის სახელმწიფო ჰიმნი. ეს თამაში ირანელმა ქალებმა წააგეს ანგარიშით 3:0; თავი არ შეურცხვენიათ, მედგრად იბრძოლეს, ისევე როგორც დარჩენილ ორ თამაშში, მარცხის მიუხედავად.
სამხრეთკორეელ ქალებთან დაძაბულ თამაშში გამოირჩეოდა ფათემე ფასანდიდე, ათი ნომერი, რომელმაც 57-ე წუთზე, როცა უკვე აგებდნენ, აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, წაიქცა და თავსაფარი, რომლითაც თამაშობენ ირანელი ქალები, გადასძვრა და აღარ გაისწორა.
ფასანდიდე იმ ხუთ ქალს შორისაა, რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, გუნდიდან გაქცევის შემდეგ პოლიციის დაცვის ქვეშ უსაფრთხოდ იმყოფებიან. ეს ინფორმაცია თავიდან CNN Sports-მა გაავრცელა. დაახლოებით ამავე დროს ირანის ადრე ჩამოგდებული შაჰის ვაჟის, ახლა აშშ-ში მცხოვრები რეზა ფეჰლევის სამდივნომ გაავრცელა ცნობა, რომ ხუთმა ირანელმა ქალმა მოახერხა სასტუმროს დატოვება.
გახსნით მატჩში ჰიმნის ბოიკოტის შემდეგ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა, მოჰამედ რეზა შაჰბაზიმ, თქვა, რომ ისინი, ვინც ომის დროს „ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამენ“, „ომის დროს მოღალატეებად“ უნდა ჩაითვალონ.
ირანელი ფეხბურთელი ქალები არ არიან პირველები, ვინც ჰიმნი არ შეასრულა. 2026 წლის იანვრის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, როცა ირანის ხელისუფლებამ დემონსტრაციების დროს ათასობით ადამიანი დახოცა, არაერთმა სპორტსმენმა მიმართა პროტესტის ამ ფორმას — ისევე, როგორც ადრე, 2022 წლის გამოსვლების შემდეგ.
კატარში გამართულ 2022 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე, არც ირანის კაცთა ნაკრებმა არ იმღერა ჰიმნი ინგლისთან გახსნითი მატჩის წინ, თუმცა მომდევნო მატჩებში, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ძალების ზეწოლის გამო მათ მოუწიათ, აჰყოლოდნენ ისლამური რესპუბლიკის ჰიმნს.
წყაროებმა CNN Sports-ს უთხრეს, რომ ავსტრალიის ტურნირის მონაწილე ქალებზე ზეწოლის შემდეგ, ხუთშაბათს, ავსტრალიასთან მეორე მატჩის წინ, ისინი იძულებულნი გახდნენ, ეროვნული ჰიმნი შეესრულებინათ, ხოლო კვირას, ფილიპინების წინააღმდეგ 2:0-ით მარცხის წინ, კვლავ იმღერეს ჰიმნი და მოედანზე სამხედრო სალმით იდგნენ.
ტურნირის ფინალურ მატჩში მარცხის შემდეგ, გულშემატკივრები, ავსტრალიაში მცხოვრები ირანელები, გუნდის ავტობუსის გარშემო შეიკრიბნენ და სანამ ავტობუსი სტადიონის ტერიტორიას დატოვებდა, პოლიციას მოუწოდებენ: „გადაარჩინეთ ჩვენი გოგოები.“
ადამიანის უფლებათა დამცველმა და ავსტრალიის ირანული თემის წევრმა, ჰადი ქარიმიმ, განაცხადა, რომ ავტობუსის გარეთ მყოფ გულშემატკივრებს აშკარად შეეძლოთ ავტობუსში დაენახათ მინიმუმ სამი მოთამაშე, რომლებიც ხელით დახმარების ნიშანს აჩვენებდნენ. 9 მარტს ქარიმიმ თქვა, რომ იმედი ჰქონდა, რომ სხვა მოთამაშეებიც შეუერთდებოდნენ ხუთ თანაგუნდელს, რომლებიც ამჟამად პოლიციაში იმყოფებიან. მისი თქმით, „გასაოცარი ამბავია“, რომ მათ მოახერხეს გუნდს ჩამოშორებოდნენ.
მოსალოდნელია, რომ ავსტრალიაში დარჩენილების ოჯახების წევრებს ირანის ხელისუფლება ანგარიშს გაუსწორებს, მიუხედავად საომარი სიტუაციისა, როცა ირანის ქალაქების დაბომბვა გრძელდება.
გასულ კვირაში ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს The Sports Ambassador-ის შეკითხვაზე, როგორ აპირებს ავსტრალიის მთავრობა რეაგირებას ირანელი ფეხბურთელების უსაფრთხოების დასაცავად. თუმცა მან თქვა: „ავსტრალიის მთავრობა ირანელ ხალხს უჭერს მხარს რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლაში...“
ირანის ეროვნული ნაკრები ავსტრალიაში ჩავიდა ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე.
ავსტრალიის ლტოლვილთა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ პაუერმა, Guardian-ს განუცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ გუნდის წევრები შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდნენ, თუ ისინი ირანში დაბრუნდებიან.
ონლაინ კამპანიის ათიათასობით ხელმომწერი ავსტრალიის მთავრობას მოუწოდება, ხელი შეუწყონ ფეხბურთელების ავსტრალიაში დარჩენას, თუ ისინი დარჩენას გადაწყვეტდნენ.
ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარზიე ჯაფარიმ, ფილიპინების წინააღმდეგ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ირანში დაბრუნება და ოჯახთან ყოფნა სურს.
ასევე ნახეთ „საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება“ - ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა