გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა დღეს, 7 ივლისს, 21:40 საათზე.
პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000 ლარის ოდენობით გირაოს.
მოსამართლემ გირაოს თანხად 70 000 ლარი განსაზღვრა.
რამიშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. სასამართლოს განმარტებით, მას 30-დღიანი ვადა აქვს გირაოს თანხის გადასახდელად.
ეს მხოლოდ აღკვეთის ღონისძიებაა - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას კვლავ ემუქრება შვიდი წლით პატიმრობა.
ბრალდების მხარე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„შეცდომა, მაგრამ არა დანაშაული“.
რამიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ „შეცდომა“ მოუვიდა:
„მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და, უბრალოდ, ვერ შევამჩნიე. აქედან გამომდინარე, ეს კვალიფიკაცია, რომ ვატარებდი იარაღს, არაა სწორი, უბრალოდ ჩანთაში იდო“.
ასევე თქვა, რომ ფიქრობს, „ზედმეტია“ პროკურორის მიერ პატიმრობის მოთხოვნა.
„ძალიან ვნანობ. ეს ძალიან დიდი მაგალითი იქნება ჩემთვის“, - თქვა მან და დასძინა:
„ეს შეცდომა მოხდა. ეს შეიძლება ნებისმიერ აქ მჯდომ ადამიანს მოუვიდეს. ეს არ იყო გამიზნული“.
საუბარია „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ პისტოლეტზე, - მჭიდითა და 7 ცალი 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ ამას დანაშაულს მე ვერ ვუწოდებ“, - განაცხადა მან.
პროკურორების, ნინო ციხისელისა და თორნიკე მახარაძის მტკიცებაზე, რომ არსებობდა მიმალვის რისკი, ბრალდებულმა რამიშვილმა თქვა:
„რა მჭირს გასაქცევი?! ძალიან ბევრი საქმე და შვიდი ათასი თანამშრომელი მყავს“.
რამიშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამაც განაცხადა, რომ რამიშვილს „ჩანთა აერია“, რადგან აეროპორტში მიიჩქაროდა.
ასევე ნახეთ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებარას მოიცავს ბრალდება
დაცვის მხარე 50 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ გირაოს თანხად 70 000 ლარი განსაზღვრა.
- ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი (საზოგადოების ნაწილში ცნობილია, როგორც „ზარალა“) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დააკავეს.
- „[სამართალდამცველებმა] გამგზავრების ტერმინალში [გიორგი რამიშვილის] ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს“, - განაცხადა შსს-მ.
- შსს-ში დაადასტურეს, რომ მას იარაღი რეგისტრირებული ჰქონდა, თუმცა აცხადებენ, რომ არ ჰქონდა ტარების უფლება.
დღეს სასამართლო სხდომამდე პროკურორმა თორნიკე მახათაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას აქვს წესები“, რაც რამიშვილმა დაარღვია:
„როდესაც პირს ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით, იგი დაცულ ადგილას უნდა იყოს შენახული, შესაბამისად, შემთხვევითობა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პრაქტიკულად, გამორიცხულია“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს58 წლის გიორგი რამიშვილი არის კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ის ასევე არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეჯვარე (2018 წლის ქორწინებაში).
გიორგი რამიშვილი გეგმავდა ბათუმში Trump Tower-ის აშენებას, თუმცა გარიგება 2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩაიშალა.
- „სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებმა 2024 წლის 30 ნოემბერს - ანტისამთავრობო საპროტესტო დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, - განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებას.
- „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას“
- „არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - განაცხადეს კომპანიებმა.