არაფორმალური გარიგება, მართლმსაჯულების პიროვნებაზე მორგება, პატიმრის ოჯახის წევრების შევიწროება, სახელისუფლებო პროპაგანდა, შანტაჟი, შუღლი და ერთმანეთის ჩაძირვა ბიძინა ივანიშვილის ორბიტაზე - ღარიბაშვილი ამ ყველაფერზე წერს, მაგრამ არა როგორც სახელმწიფოს პრობლემებზე, არამედ როგორც მისი ინტერესებისა და უფლებების შელახვაზე.
ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც დაპატიმრების შემდეგაც კი ღარიბაშვილს კორუფციაში არ ადანაშაულებდნენ - დღეს ამბობენ, რომ კორუფციონერი ღარიბაშვილი ტყუის და ურთიერთგამომრიცხავ, (საკუთარი თავისთვის) დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს.
მასზე მორგებული მართლმსაჯულება
წერილში, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ციხეში “ბიძინა ივანიშვილის დავალებით” შეუგზავნეს, მართლმსაჯულების მასზე მორგებას ჰპირდებოდნენ, თუკი კორუფციულ დანაშაულს აღიარებდა.
- “შეთანხმებით მოხდება ყველაფერი”, მათ შორის - “აღიარებაც”;
- “მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც”;
- “სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და 5 წელი დარჩება” [უკვე მისჯილი პატიმრობის ვადა არ გაიზრდება] - წერია ბეჭდური წერილის გამოქვეყნებულ ფრაგმენტში, რომელიც, ღარიბაშვილის მტკიცებით, მას მამუკა მდინარაძემ, როგორც ივანიშვილის შუამავალმა, გადასცა.
“ირაკლი ღარიბაშვილის წერილებიდან პირდაპირ ამოდის ის რეალობა, რასაც ჩვენ ვხედავთ სასამართლო პროცესებზე უკვე წლების მანძილზე… სასამართლო სხდომებზე ჩვენ ვხედავთ ურთიერთშეუსაბამობებს მოწმეების ჩვენებებს შორის. როდესაც ადვოკატები ტყუილებში გამოიჭერენ მოწმეებს, მოსამართლეები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გამოაძვრინონ ისინი სიტუაციიდან და შემდეგ ამ მოწმეების ჩვენებების შედეგად დგება განაჩენები… სისტემაა თავიდან ბოლომდე ასე აწყობილი”, - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” უფროსი იურისტი თამთა კახიძე გვეუბნება, რომ ცრუ მოწმეების პრაქტიკა განსაკუთრებით ხილული გახდა 2023 წლიდან და შემდეგ უკვე 2024 წლის 28 ნოემბრიდან - “მას შემდეგ, რაც ჩვენ ბევრი პოლიტპატიმარი მივიღეთ”. ახლა კი უკეთესად გამოჩნდა, რომ “ეს მიკერძოებული მართლმსაჯულების სისტემა არ ინდობს არავის - არც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, არც “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ოპონენტებს და საერთოდ არავის”.
ასევე ნახეთ
ივანიშვილის დავალებით გამოგზავნილ წერილში კორუფციის „აღიარებას“ მთავაზობენ, ამ ჩაგვრას წინ აღვუდგები - ღარიბაშვილითამთა კახიძე იხსენებს, რომ ღარიბაშვილი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ინიციატივას - თანამდებობებზე მყოფი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების [ვეტინგი] შესახებ; ხოლო, როდესაც, 2023 წელს, აშშ-მა სანქციები დაუწესა რამდენიმე ქართველ მოსამართლეს, ღარიბაშვილმა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისვლით, მათ მხარი დაუჭირა.
- 2023 წლის აპრილში, სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტია“;
- ხოლო ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა - „ერთ-ერთი სამაგალითოა ევროკავშირში“, არის „დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან“.
ასევე ნახეთ
უზენაესის თავმჯდომარე: დადგა ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებშიასევე ნახეთ
არის თუ არა საქართველო მოწინავე ხუთეულში - რას ამბობს „ფრიდომ ჰაუსი“ ქართულ სასამართლოზე?ციხიდან გავრცელებული მესიჯები თამთა კახიძისთვის იმის დასტურიც არის, რომ -ექსპრემიერს “არ სჯერა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობის ამ ქვეყანაში” და ის იძულებული გახდა მდუმარედ წასულიყო ციხეში [2026 წლის იანვარში] ; ხოლო მისი გასამართლება და დაპატიმრება - მართლმსაჯულების ჯაჭვის - მტკიცებულებების სტანდარტის, რეალური გამოძიების გარეშე მოხდა.
ქართული სახელმწიფო ღარიბაშვილს ჩვეულებრივ ბრალდებულად არ განიხილავდა:
- მას სულ ორჯერ მოუწია სასამართლო სხდომაზე მისვლა: პირველად 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც მას, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, მილიონიანი გირაო შეუფარდეს და თავისუფლება არ აღუკვეთეს [განსაკუთრებით მძიმე ბრალდების მიუხედავად, პროკურატურამ და სასამართლომ მნიშვნელოვნად არ ჩათვალეს მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა თუ მტკიცებულებების განადგურების რისკები]; მეორედ კი დაპატიმრების დღეს, 12 იანვარს.
- ღარიბაშვილი განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა - სასამართლოს ეზოში მანქანით შეუშვეს, ხოლო შენობაში - ცალკე შესასვლელით; გასაიდუმლოებული იყო სხდომის დარბაზი. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, დეტალები აღარ გახმაურებულა, საზოგადოება საინფორმაციო ვაკუუმში დარჩა.
ასევე ნახეთ
სამი პროცესი სამ საათში - რა გავიგეთ ბაჩიაშვილის გათავისუფლებისა და ივანიშვილთან მორიგების დეტალებზეამ დღეებში ბევრმა გაიხსენა გიორგი ბაჩიაშვილი - ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსისტი, რომელიც დაპატიმრების შემდეგ თავს ბიძინა ივანიშვილის „პირად ტყვედ“ თვლიდა.
ბიტკოინების თემაზე ხანგრძლივად მიმდინარე დავა სწრაფად გადაწყდა ივანიშვილთან მორიგების შემდეგ. 2026 წლის თებერვალში - ერთ დღეში ორმა სასამართლომ ოთხი გადაწყვეტილება მიიღო, რაც იურისტებისთვის უჩვეულო ფაქტია და საქმის პრივილეგირებულ სტატუსზე მიუთითებს. ბაჩიაშვილი გაათავისუფლეს და ის საჯარო ცხოვრების თვალთახედვიდან გაქრა.
“ეს უფრო ფინანსური შეთანხმებაა, ვიდრე საპროცესო”.
· “დიდი ხანია, ყველაფერი მოსულა ამ ქვეყანაში”.
· “ბიძინას დუქანში ვცხოვრობთ”.
· “დადე მაყუთი და გარეთ ხარ”. - წერდნენ მაშინ სოციალურ ქსელებში.
არაფორმალური გარიგება
როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მეორე წერილიდან ირკვევა, 2026 წლის ივლისში თავადაც აქტიურად იყო ჩართული - „ბიძინა ივანიშვილის დავალებითა“ და სუსის ყოფილი უფროსის შუამავლობით მიმდინარე კულუარულ მოლაპარაკებებში და „მათ“ საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს თავადაც სთავაზობდა.
“კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება”, - ვკითხულობთ ექსპრემიერის 20 აგვისტოს წერილში.
ტექსტის მიხედვით, კორუფციული დანაშაულის აღიარება საჭირო იყო არა კორუფციასთან რეალური ბრძოლისთვის, არამედ სამომავლო შესაძლო პოლიტიკური ამბიციების მოსათოკად.
ასევე ნახეთ
მდინარაძე ღარიბაშვილის წერილში. რა პასუხია ბრალდებებზე?“არაფორმალური გარიგებების ნაწილი და მათ შორის - საპროცესო შეთანხმების მექანიზმის ამ მიზნით გამოყენება ეს არ არის უცნაური ჩვენი სამართლებრივი სისტემისთვის და შიდა პოლიტიკისთვის”, - თამთა კახიძე ვარაუდობს, რომ ღარიბაშვილისთვის არაფორმალურ გარიგებასთან დაკავშირებული კომუნიკაცია არაბუნებრივი სულაც არ იქნებოდა.
ზეწოლაზე, 2022 წლის აგვისტოში, ციხიდან - სუსის ყოფილი უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილიც წერდა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო და პატიმრის მდგომარეობის მიმართ საჯარო ინტერესი არ გამოუხატავს.
მეტიც, გოგაშვილი აცხადებდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფლობდა ინფორმაციას, რომ იმხანად შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მასთან საიდუმლო არაფორმალური კომუნიკაცია ჰქონდა. ღარიბაშვილის გარდა ის ასახელებდა - გრიგოლ ლილუაშვილსა [სუსის ყოფილი უფროსი, ამჟამად დაპატიმრებული] და ირაკლი შოთაძეს [ყოფილი გენერალური პროკურორი].
ასევე ნახეთ
სოსო გოგაშვილი ახალ წერილში დეტალურად აღწერს ვახტანგ გომელაურთან სატელეფონო საუბრებს ციხეში“დავალებას ვისგანაც იღებთ, ეს უკვე ყველამ იცის, მაგრამ რეციდივისტები რომ ხართ, კიდევ ერთხელ დადასტურდა”, - გოგაშვილი ირწმუნებოდა, რომ ციხეში მასთან არაფორმალური კომუნიკაცია 4-ჯერ შედგა.
თავის ისტორიას კი წარსულიდან ორ გახმაურებულ საქმეს ამსგავსებდა:
„[ექს-პრემიერი] მერაბიშვილი გაიყვანეთ საკნიდან და კადრები წაშალეთ; შემდეგ [აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან] მუხთარლი გაიტაცეთ და მთელი ქალაქის კამერები ლაგოდეხამდე წაშალეთ“.
ციხეში ზეწოლაზე ლაპარაკობდა გიორგი ბაჩიაშვილიც; ამბობდა, რომ საკანში მისი ცემის ფაქტამდე, ციხის [მე-8 დაწესებულების] უფროსმა დავით გოგობერიშვილმა ურჩია, ბიძინა ივანიშვილისთვის გადაეცა მთელი თავისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტის საფულეების მისამართები. დავით გოგობერიშვილი პოსტიდან გადადგა; მალევე, გარდაცვლილი იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღის კვალით. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
2025 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია ბაჩიაშვილის ციხის საკანში ცემის შესახებ - მისთვის უცნობი პირების მიერ. სახელმწიფო უწყებები აცხადებდნენ, რომ ბაჩიაშვილის ცემა ინსცენირებული იყო, მასთანვე შეთანხმებით. ამ საქმეზე სუსმა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე დააკავა.
6 აგვისტოს „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია - ირაკლი ღარიბაშვილის, ერთი ღამით, კლინიკაში გადაყვანის შესახებ. დაცვის მხარემ დაადასტურა და განმარტა, რომ ეს „გეგმური შემოწმება“ იყო. პატიმრის მხარდამჭერები ვარაუდობენ, რომ ეს გადაყვანაც არაფორმალური კომუნიკაციის მიზნით მოხდა.
თავად ღარიბაშვილს ეს ფაქტი თავის წერილებში ჯერჯერობით არ უხსენებია.
ოჯახის წევრები - “ამორალური შანტაჟი და ზეწოლა”
“თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს…” - მიმართავს ღარიბაშვილი ხელისუფლებას 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში.
აღნიშნავს ასევე, რომ მის წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა - “ამორალური შანტაჟი და ზეწოლა” და ორჯერ მიანიშნეს “სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით”.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილის გათეთრებული მილიონები? - რა კითხვებს აჩენს გამოძიების საჯარო პოზიციაროდესაც ღარიბაშვილს ასამართლებდნენ - პროკურატურას არ დაუკონკრეტებია - სად დააგროვა მან მილიონები, რომელთა უკანონო ლეგალიზაციაშიც [ფულის გათეთრება] ადანაშაულებდნენ.
დაცვის მხარემ კი ღვინის ბიზნესი ახსენა.
ადვოკატმა ლილი გელაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ღარიბაშვილის საქმიანობა შეეხებოდა ღვინის ინდუსტრიას - "ეს იყო ღვინის ქარხნები", "ღვინის ქარხანა", "რომლის ხელმძღვანელიც არის მისი მამა ტარიელ ღარიბაშვილი".
2024 წლის მარტში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მამა მულტიმილიონერი ჰყავს. "მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს აქვს, ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი, ასე ვთქვათ - ბიზნესსაქმიანობა და ქონება”, - თქვა მან, როცა აშშ-სკენ მიმავალ მის ოჯახს, ოფიციალური ვერსიით, თვითმფრინავი მამამ უქირავა.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილი ჩარტერულ ფრენაზე: შეძლებული ოჯახი მაქვს, არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული- სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ღარიბაშვილის მამის სახელზე 2023 წლამდე არცერთი საწარმო არ აღირიცხებოდა. როდესაც ტარიელ ღარიბაშვილმა პირველი ღვინის ქარხნის [კომპანიის] შპს „ქართული ფესვების“] წილი შეიძინა, მისი ვაჟი უკვე პრემიერ-მინისტრი იყო, მეორე წრეზე.
- 2013 წელს, ინტერვიუში, ტარიელ ღარიბაშვილი იხსენებდა რომ შვილი სასწავლებლად საფრანგეთში მეგობრების შეგროვებული ფულით გაუშვა; თავად ირაკლი ღარიბაშვილი კი, სწავლის დროს, მიმტანად მუშაობდა და ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა.
2026 წლის 12 იანვარს, როდესაც ღარიბაშვილი დახურული სასამართლო სხდომიდან ციხეში გადაიყვანეს - ადვოკატებმა ახსნეს, რომ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ მის ოჯახს არ ჩამოართმევდნენ ღვინის ქარხანას; მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსავლების დამალვაში ბრალი ისევ დარჩა.
“ღირსების შემლახავი ბოროტება", "დაუნდობელი სისასტიკე", "ჩაგვრა", "უსამართლობა", "ოჯახის განადგურების ბინძური გეგმა", "ოჯახის უსაფრთხოება" - ეს სიტყვები გამოიყენა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი საქართველოს რეალობის აღსაწერად. კარგად აჩვენებს ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას, რომელსაც თავად უარყოფდა რამდენიმე თვის წინ”, - დაწერა ფეისბუკზე სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ.
“წარმოიდგინეთ, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ეს მოპყრობა რომ არის, რა გზას გადიან პოლიტპატიმრები, ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები და რა ტიპის უსამართლობასთან უწევთ გამკლავება”, - ვკითხულობთ მის ფეისბუკპოსტში.
"უღირსი", "ცილისმწამებლური" - ხელისუფლების პროპაგანდა
ბოლო წერილიდან ჩანს, რომ ღარიბაშვილს არ გაჰკვირვებია სახელისუფლებო პროპაგანდის გაძლიერება მის წინააღმდეგ, რაც ციხიდან გამოქვეყნებულ წერილებს მოჰყვა.
“მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულ ტყუილად წვალობთ”, - წერს ექსპრემიერი 20 აგვისტოს წერილში.
"რაც შეეხება თქვენს მიერ ორგანიზებულ უღირს და ცილისმწამებლურ კამპანიას სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში, თქვენი ექსპერტების და სპიკერების ცრუ მოსაზრებებს და ნარატივებს, მე ერთს გეტყვით: ფრთხილად იყავით - მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ”, - ეს ფრაგმენტიც ღარიბაშვილის ბოლო წერილიდან არის.
ბოლო დღეებში პროსახელისუფლებო ტელემედია აქტიურად აშუქებდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პროსახელისუფლებო ექსპერტების განცხადებებს, რომ ღარიბაშვილი ტყუის, წერილების შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია და დამაზიანებელია თავად ექსპრემიერისთვის.
სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა პოსტები თუ კომენტარები, მათ შორის - ბუნდოვანი გვერდებიდან, რომლებშიც ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციონერობას ესმება ხაზი.
„მედიის განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი და დირექტორი თამარ კინწურაშვილი გვეუბნება, რომ ორგანიზებული პროპაგანდისტული კამპანიები ახალი არ არის.
„ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გამოვავლინეთ ყალბი ანგარიშები, რომლებიც მთავრობის კანცელარიასთან, პრემიერ-მინისტრის სტრატკომთან იყვნენ დაკავშირებული. შემდეგ მეტამ წაშალა ეს ანგარიშები და ირონიაა ის, რომ ახლა იმავე მეთოდებით ებრძვიან თავად მასაც“, - თამარ კინწურაშვილი იხსენებს 2026 წლის იანვარს, როდესაც პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა ღარიბაშვილის წინააღმდეგ ტროლის ფეისბუკპოსტი გაავრცელეს.
პოსტში, რომელიც 10-ზე მეტმა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებამ გაავრცელა, ავტორი ღარიბაშვილს მოიხსენიებს „კორუმპირებულ ნაძირალად“ და „ქვეყნისა და ხალხის მოღალატედ“; ხოლო ნათესავებს მოუწოდებს, ან საჯაროდ განაცხადონ, რომ მათი „ფალავანი“ უდანაშაულოა, ან გაჩუმდნენ და „მადლობა თქვან, რომ ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელი მიიღო“.
"ეს არის სისტემური პრობლემა და ადამიანები აცნობიერებენ მაშინ, როდესაც მათ შეეხებათ... [ღარიბაშვილი] თავადაც იყო ამ სისტემის ნაწილი - დეზინფორმაციის, პროპაგანდის... თუმცა ეს არ ამართლებს მის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით ამ მექანიზმის გამოყენებას", - ამბობს კინწურაშვილი.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილის ნათესავებისთვის ტროლის მიმართვა სახელისუფლებო მედიამ გააშუქა - MDFუმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის დროს, ირაკლი ღარიბაშვილის ხისტი განცხადებები თუ მუქარა ფართოდ შუქდებოდა პროსახელისუფლებო ტელემედიაში.
„წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებსაც და სხვებსაც მივაყოლებთ“ - ამ დღეებში ბევრმა გაიხსენა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, 2021 წელს, პროსახელისუფლებო "იმედის" ეთერში, პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით ნათქვამი სიტყვები, რასაც უფლებადამცველების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათთვის ეს მართლმსაჯულებაზე გადაბიჯების მაგალითი იყო. ღარიბაშვილმა მოგვიანებით განმარტა, რომ მისი განცხადება ირონიას შეიცავდა.
ღარიბაშვილი ოპონენტებს ხშირად მოღალატეებად, მანიაკებად, არარაობებად და სულელებად მოიხსენიებდა.
2023 წლის მარტში, „იმედთან“ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ რუსთაველის გამზირის პროტესტში მონაწილე ახალგაზრდები სატანისტებს ჰგვანან.
„საზოგადოებამ იხილა ძალიან მკრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას - სატანისტური რიტუალები - ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული რიტუალები “ - ეს განცხადებაც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, უკვე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში, 2024 წლის დეკემბერში, პროსახელისუფლებო "რუსთავი 2-თან" საუბრისას.
ასევე ნახეთ
ვინ რა თქვა სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ და რატომ არის ეს განცხადებები პრობლემურიბოლო დღეების დისკუსიებში ბევრი შენიშნავს, რომ ღარიბაშვილმა დაიწყო ლაპარაკი პრობლემებზე, რომელთა არსებობას თავადაც კატეგორიულად უარყოფდა კარიერის ზენიტში ყოფნის დროს. ექსპერტები ამბობენ, რომ ექსპრემიერი თავისივე აქტიურობით შექმნილი და გაძლიერებული სისტემის სამიზნე გახდა.
წერილების სერიაში აღწერილ პრობლემებს ღარიბაშვილი არა სახელმწიფოს, არამედ საკუთარი ოჯახის პრობლემების პრიზმაში განიხილავს.
“მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი; მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ!” - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 აგვისტოს.