Nati Topuria-ს პოსტი გამოაქვეყნეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: POSTV, მხარე • mkhare.ge, Ongo, რეპორტიორი, InfoPostalioni.com, მედიაჰოლდინგი „კვირა“, „საერთო გაზეთი“, „რუსთავი 2“, newshub.ge და region.ge.
მასალებში არ არის ახსნილი, რა საჯარო ინტერესს ატარებდა ექიმად მოხსენიებული ნათია თოფურიას სახელით გამოქვეყნებული პოსტის ახალ ამბად ქცევა. გარდა ამისა, მკითხველისთვის არ აუხსნიათ, ღარიბაშვილის რომელი ნათესავის განცხადებაზე გამოხმაურება გაავრცელეს მათ.
გუშინ, 12 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებიდან მალევე, მისმა ცოლისდამ ფეისბუკში დაწერა, რომ „იყო ადამიანი, არ არის მარტივი. ირაკლიზე ვინ რას დაწერს არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც ღირსება, ქვეყნის სიყვარული და ადამიანობა აქვს, ყველა ხვდება ვინ არის. ვისაც გიხარიათ რაც ხდება, ჩემთვის თქვენ ადამიანები არ ხართ“.
პოსტში, რომლითაც 10-ზე მეტი პროსახელისუფლებო მედია დაინტერესდა, ავტორი „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს „კორუმპირებულ ნაძირალად“ და „ქვეყნისა და ხალხის მოღალატედ“ მოიხსენიებს. ის მის ნათესავებს მოუწოდებს, ან საჯაროდ განაცხადონ, რომ მათი „ფალავანი“ უდანაშაულოა, ან გაჩუმდნენ და „მადლობა თქვან, რომ ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელი მიიღო“.
„მედიის განვითარების ფონდმა“ აღმოაჩინა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება Nati Topuria-ს ფოტოდ მაყურებელს სხვადასხვა ადამიანის ფოტოს სთავაზობდა. მათივე მტკიცებით, ერთ-ერთი ფოტო, რომელიც ახალ ამბებს თან ერთვის, ეკუთვნის არა ნათია თოფურიას, არამედ ნათია დვალს, რომელსაც ვიდეოზარით ესაუბრნენ.
„მას ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ანგარიშთან “Nati Topuria”, რაზეც მან გვიპასუხა, რომ არ იცის, ვინ შეიძლება იყენებდეს მის ფოტოს სანდოობის შექმნის მიზნით. ნათია დვალმა ასევე აღნიშნა, რომ ფეისბუქზე პოლიტიკური ხასიათის პოსტებს არ ავრცელებს“, - წერია სტატიაში.
გუშინ, 12 იანვარს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააპატიმრეს - ამას წინ უსწრებდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მან აღიარა ფულის გათეთრების შესახებ წაყენებული ბრალი, დაეთანხმა მილიონლარიანი ჯარიმის გადახდას და 9-წლიანი პატიმრობის ნაცვლად ხუთ წელს გაატარებს საპატიმროში.
ფორუმი