სექტემბერში შეტანილი ბოლო სარჩელის სიაში მოხვდნენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველო - ლელო”, "ფედერალისტური პარტია" [„ფედერალისტები“], “გახარია საქართველოსთვის”.
დემოკრატიულ ქვეყნებში არ იძებნება ხუთი პარტიის ერთბაშად აკრძალვის პრეცედენტი.
ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო დაპირება იყო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმთავითვე გაცხადებული მიზნით - ველის მოსუფთავება ახალი პოლიტიკური ძალებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელ(ებ)ი ეყრდნობა მთელ რიგ ბრალდებებს, რომლებიც სასამართლოს მიერ დადასტურებული არ არის. ავტორები არგუმენტებს ძირითადად "წულუკიანის კომისიის" სახელით ცნობილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე აფუძნებენ.
სარჩელში, „არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე“ უარის თქმა შეფასებულია საბოტაჟად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
როგორ მოხვდა სარჩელში "გახარია საქართველოსთვის"
"ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სარჩელს ერთი წლის შემდეგ დაამატა.
თავდაპირველად, "გახარიას საქართველოსთვის" ოპოზიციური პარტიების მიერ არალეგიტიმურად აღიარებულ სადავო პარლამენტში შესვლამ იხსნა - 2026 წლის ოქტომბერში, ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ. პარტიის 12 დეპუტატი “ქართული ოცნების” სიით გასულთა 89-წევრიან შემადგენლობას შეუერთდა. ეს მოხდა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე “ქართული ოცნების” დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სარჩელით მიმართავდნენ.
„სამართლებრივად დაიძვრინეს თავი“ - ამბობდა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
“პოლიტიკური პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას“, - აღნიშნავდა “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე.
2026 წლის სექტემბერში ვითარება შეიცვალა - პარლამენტში შესვლა არასაკმარისად ჩაითვალა.
“ერთი საპარლამენტო სესია არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ და საზოგადოებამაც ამოიკითხოს რეალური მოტივი - თუ რატომ შემოდის კონკრეტული ძალა პარლამენტში. ეს რეალურად იმავე მოტივებით და ქვენაგრძნობებით იყო ნაკარნახები, რომლითაც მოქმედებდნენ გარე რადიკალური დაჯგუფებები”, - უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის - თორნიკე ჭეიშვილის ლოგიკით, გახარიას პარტია, როგორც “შედარებით უფრო კონსტრუქციული ნაწილი” პარლამენტში “კურატორების თუ პატრონების” გეგმით შევიდა, ხოლო ამავე გეგმით - „მეორე მხარე დატოვეს ქუჩაში”. განცხადება სახელისუფლებო "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთდა - 21 სექტემბერს, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის დღეს, ჭეიშვილი მონაწილეობდა დებატებში სახელწოდებით -“კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში”.
"მივეცით მათ [გახარიას პარტიის დეპუტატებს] შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი. თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა. არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია, არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში“, - თქვა იმავე დღეს, ჟურნალისტებთან საუბარში შალვა პაპუაშვილმა, სარჩელში ახალი პარტიის ჩამატების შესახებ.
სარჩელში "ანტიკონსტიტუციურად" არიან მოხსენიებული ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც "ქართული ოცნების" ლიდერები, უკვე დიდი ხანია, “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას" უწოდებენ. ეს ტერმინი სარჩელის ტექსტში არ გვხვდება.
ასევე ნახეთ
"ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტიაც ვერ აიტანა" - გახარიარა წერია (ბოლო) სარჩელში?
„ვინაიდან ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ვითხოვთ, შემდეგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად, აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია“, - მოთხოვნის ტექსტი უცვლელია როგორც პირველ, ასევე ყოველ მომდევნო განახლებულ სარჩელში.
იცვლება და იზრდება - ასაკრძალი პოლიტიკური ძალების ჩამონათვალი.
- საკონსტიტუციო სასამართლოში პირველი სარჩელი 2025 წლის ოქტომბერში შევიდა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვისა” და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მიზნით;
- 2026 წლის აპრილში სარჩელი განახლდა - სიას ფედერალისტური პარტია - „ფედერალისტები“ დაამატეს;
- 2026 წლის 21 სექტემბერს სასამართლოში შევიდა კიდევ ერთ ახალი სარჩელი - სიას ამჯერად გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტია “საქართველოსთვისაც” შეიტანეს.
ასევე ნახეთ
გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს“გახარია საქართველოსთვის” “ქართული ოცნების” რეალურ მოტივად “განსხვავებული აზრის განადგურებას” მიიჩნევს.
“ბუნებაში ვერ იარსებებს სამართლებრივი არგუმენტი პარტიაზე, რომელიც ყველა კონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობდა/მონაწილეობს - ყველა არჩევნებში, ყველა კონსტიტუციურ ორგანოში წარმოდგენილია, პარლამენტში, საკრებულოებში და მისი იდეოლოგია და საქმიანობა სრულად, დეკლარირებულად ემიჯნება რაიმე ფორმით არაკონსტიტუციურ და ძალადობრივ ქმედებებს”, - სარჩელს აბსურდულსა და არაკონსტიტუციურს უწოდებს პარტიის აღმასრულებელი მდივანი - ბერდია სიჭინავა. მისი თქმით, “პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური აკრძალვა ის სახრჩობელაა, რომელზეც „ოცნება“ თავად ავიდა, თავად გაყო ამ ყულფში თავი და მისი პოლიტიკური სხეულიც ზედ ჩამოეკიდება, თუკი ამ სიგიჟეს საბოლოოდ რეალობად აქცევს”.
"ამ დოკუმენტით მმართველი პარტია ოფიციალურად აცხადებს არაკონსტიტუციურად თავად კრიტიკულ აზრს" - 29 სექტემბერს, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ სარჩელის ავტორმა 88 პარლამენტარმა ხელი მოაწერა "საქართველოში კრიტიკული აზრისა და პოლიტიკური პლურალიზმის აკრძალვას" და "თითოეული ხელმომწერი ინდივიდუალურად აგებს პასუხს".
"საქართველოსთვის ეს ნიშნავს სრულ ერთპარტიულ მმართველობაზე გადასვლას, ჩვენი ევროპული გზის სრულ ჩაშლასა და უმძიმეს საერთაშორისო იზოლაციას", - წერს გახარია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია არ იმყოფება საქართველოში.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომელთა არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს "ქართული ოცნება", 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგები მათ არ ცნეს და სადავოდ გახადეს, ჯამში თითქმის - 800 ათასი ხმა აიღეს.
ამ საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობდა არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე შექმნილი “ფედერალისტები”. 4 ოპოზიციური პარტიიდან, რომლებმაც 2024 წელს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდნენ მხოლოდ „ძლიერი საქართველო - ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“.
თუკი პარტიებს აკრძალავენ, პარლამენტში თუ საკრებულოებში, მათ წევრებს - აღარ ექნებათ უფლება აკრძალული პარტიების სახელით იმუშაონ.
როგორ მოხვდნენ სარჩელში “ფედერალისტები”
საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი რიგით მეორე სარჩელით, 2026 წლის აპრილში, “ქართულმა ოცნებამ” ასაკრძალი პარტიების სიას – “ფედერალისტები” მიამატა და განახლებული სარჩელი შეიტანა.
მეორე სარჩელის ტექსტში, წინასგან განსხვავებით - მოხსენიებულია 2026 წლის მარტში შექმნილი “ოპოზიციის ალიანსი”, რომელიც 9 პარტიამ დააფუძნა. ალიანსის სხვა, სარჩელს მიღმა დარჩენილი წევრებიდან, ასაკრძალი პარტიების სიას „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ მხოლოდ „ფედერალისტები“ დაამატა.
"ოპოზიციის ალიანსის" არსებობა, მოსარჩელეების მტკიცებით, “პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებდა“.
ასევე ნახეთ
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს „ფედერალისტების“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართავსპარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა აპრილშივე თქვა, რომ სარჩელის სიაში დამატება მათთვის არაფერს ცვლის - კვლავ გააგრძელებენ [„ქართული ოცნების“ ხელისუფლების] არაღიარების, როგორც „ეფექტური იარაღის“, გამოყენებას და ცვლილებებს მიაღწევენ ფორმულით - „აქცია, სანქცია, ალტერნატივა”.
ალიანსის წევრი პარტიების შესახებ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელში წერს, რომ ეს „პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს და ერთიან პოლიტიკურ პოზიციას და გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა“.
ალიანსი დააფუძნეს ოპოზიციურმა პარტიებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. „ერთობა ერთფეროვნების გარეშე“ - ალიანსის წევრები საერთო წესებზე და მოქმედებების კოორდინაციაზე შეთანხმდნენ. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ისინი არ აღიარებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას; ხოლო მისი ცვლილება თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მიღწევითა და გამარჯვებით წარმოუდგენიათ.
ბოლო თვეებში გამწვავდა დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობასა” და ალიანსში შემავალ სხვა პოლიტიკურ ძალებს [მათ შორის - “ფედერალისტებს”] შორის. “ნაციონალური მოძრაობა” ალიანსისგან დისტანცირდა, თუმცა არ გაკეთებულა საბოლოო განცხადება ალიანსიდან გასვლის შესახებ.
9-თვიანი ვადა
“რეჟიმს ეს ყველაფერი ახლა იმიტომ დასჭირდა, რომ წინა სარჩელს 9-თვიანი ვადა გასდის, იმის თავი არ აქვს, მიადგეს და ის 3 პარტია აკრძალოს, ამიტომ ახალი ვადა სჭირდება და შესაბამისად, ის 9-თვიანი გამოითხოვეს და ახალი შეიტანეს, რომ ვადის ათვლა ახლიდან დაიწყოს. ეს რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა და სხვა არაფრის”, - განაცხადა აპრილში თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ახალ-ახალი სარჩელებით პროცესის შეგნებულად გაჭიანურების ვერსიაზე ლაპარაკობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.
"აკრძალვას ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი ექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ"; „ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა მოჰყვება ამ ყველაფერს… ეს, მათ შორის, გამოიხატება პერსონალურ სანქციებშიც“, - აცხადებს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მსგავს განცხადებებს უპასუხეს, რომ თუკი მათი მიზანი ვადის გახანგრძლივება იქნებოდა, მაშინ ახალ სარჩელს სასამართლოში 9-თვიანი ვადის ამოწურვის დროსთან უფრო ახლოს შეიტანდნენ.
ბოლო სარჩელის შეტანამდე, კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი იანვრის მეორე ნახევარში უნდა გამოეცხადებინა.
“ქართული ოცნების” ლიდერებმა თქვეს, რომ მათთვის ეს გეგმა არ იცვლება და იმედია აქვთ, რომ სასამართლო ამ დროში ჩაეტევა.
“სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, უბრალოდ, ერთი კონკრეტული პარტია ემატება. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ დასჭირდება დამატებით კიდევ დრო ამ საკითხის განსახილველად, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია. საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, კონკრეტულად, რას, როდის და რანაირად იზამს”, - განაცხადა "ქართული ოცნების" უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლევან მახაშვილმა 21 სექტემბერს, სასამართლოში უკვე მესამე სარჩელის შეტანის დღეს.
29 აპრილით დათარიღებული განჩინება მოწმობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირველი სარჩელი უკან გაიწვია “არსებითად განსახილველად მიღებამდე”, რის საფუძველზეც სასამართლოს I კოლეგიამ [გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი] საქმე №1912 შეწყვიტა. მეორე სარჩელზე მსგავსი დოკუმენტი ჯერჯერობით [29 სექტემბრის მდგომარეობით] არ გამოქვეყნებულა, თუმცა მესამე, ბოლო სარჩელს წინა ორისგან განსხვავებული ნომერი აქვს მინიჭებული.
შესაბამისად, სავარაუდოდ იმავე პრინციპით - მესამე სარჩელის შემდეგაც თავიდან დაიწყება 9-თვიანი ვადის ათვლა და ეს ვადა მომავალი წლის ივნისში ამოიწურება.
რადიო თავისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში უთხრეს, რომ კომენტარს არ აკეთებენ და ყველა გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდება.
რა [არ] შეიცვალა შეცვლილ სარჩელებში?
“ქართული ოცნების” უმრავლესობის დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სამივე სარჩელის მთავარი აქცენტი - ხელისუფლების არაღიარებას უკავშირდება.
„არჩევნებში არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე“ უარის თქმა "საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟად“ განიხილება.
ტესტის თანახმად:
- რადგან „პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან, „პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას“, ეს ნიშნავს, რომ „მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს“.
- მოსარჩელე ცდილობს დაადასტუროს, რომ - „არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ [ოპოზიციურ - რ.თ.] პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს“.
სახელობითად პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარდა, პირველ და მეორე სარჩელებში, მოხსენიებული იყვნენ „ძლიერი საქართველო − ლელოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - „ბიზნესზე უკანონო თავდასხმის, ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის" შემთხვევებთან დაკავშირებით, რაზეც "წულუკიანის კომისია" მსჯელობდა.
ეს ბრალდებები არ არის დადასტურებული სასამართლოს მიერ.
მესამე სარჩელში ბრალდებები პერსონალურად გიორგი გახარიას წინააღმდეგაც არის მიმართული.
მაგალითად, ნათქვამია, რომ გახარიამ - "2021 წლის თებერვალში აქტიურად ხელი შეუწყო საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ნიკანორ მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მცდელობას, განეხორციელებინათ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის პირდაპირ, საჯაროდ და დეკლარირებულად ხელყოფა საქართველოში".
სამართლებრივად დადასტურებული არც ეს ბრალდება არ არის.
2021 წლის თებერვალში, როდესაც გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, მიზეზად დაასახელა გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმჟამინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიის ოფისში დაკავებასთან დაკავშირებით. გახარიამ მაშინ თქვა, რომ, პოლიტიკური პოზიციებში განსხვავების მიუხედავად - "მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი".
ბოლო სარჩელში გახარიასთან მიმართებით მოხსენიებულია, მაგალითად - სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს 2019 წელს აგების საკითხიც, როგორც "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებისკენ" მიმართული ქმედება. ტექსტში ხაზგასმულია, რომ ამ ფაქტს არ ემიჯნება გახარიას პარტია.
"ჩორჩანის საგუშაგოს" საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. პროკურატურა გახარიას "ჩორჩანის საგუშაგოს" ერთპიროვნულად, ყველასაგან მალულად აშენებას [სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას] ედავება.
განაჩენი არც ამ საქმეზე არ არსებობს.
ასევე ნახეთ
“ჩორჩანის საგუშაგოს” საქმე სასამართლოში - სხდომების დახურვა, აჩქარებაბრალდებების ძირითადი ნაწილი “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას” შეეხება. ჩამოთვლილია ყველა ის ბრალდება, რომელთა შესახებაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები უკვე წლებია ლაპარაკობენ და რომელთა კვლევისთვისაც შექმნეს დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში.
- "წულუკიანის კომისიის" დასკვნა ცენტრალურ ადგილს იკავებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემული მასალების ჩამონათვალში.
- “ქართულ ოცნებას” არასდროს დაუმალავს, რომ - საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა საფუძვლად დაედებოდა პარტიების აკრძალვის პროცესს.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მთავარ ფუნქციად თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების” გამოვლენა დასახელდა, მოგვიანებით კი ეს მანდატი გაფართოვდა და 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდა. კომისიის სხდომებზე არმისვლის გამო დაიჭირეს არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი - მათ შორის მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
“ნაციონალური მოძრაობის” შესახებ სარჩელებში წერია, მაგალითად, რომ - „შექმნა და განავითარა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სისტემა“ ანდა „შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემა“, „ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო“.
მსგავსი ფაქტების გამო ბრალი არა აქვს წაყენებული პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე სარჩელის შესვლის შემდეგ, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ “ქვეყანაში დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესის მოკვლა” ემსახურება “ქართული ოცნების” მიზანს - შეინარჩუნოს ხელისუფლება.
“ის განცხადებები და ეს სარჩელები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არც საკონსტიტუციო მართლმსაჯულება და ზოგადად არც სასამართლო სისტემა არ არსებობს”, - ბეჟაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერები თავიანთი განცხადებებით საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვას “უკვეთავენ”.
როგორ აკავშირებენ ერთმანეთთან ასაკრძალ პოლიტიკურ პარტიებს?
სარჩელების თანახმად, იმ პარტიების საერთო მიზნებს, რომელთა საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა სურს "ქართულ ოცნებას", შემდეგი გარემოებები ადასტურებს:
- ამ პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად;
- „მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) და „მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით“ ხდებოდა ადამიანის უფლებების ხელყოფა".
სარჩელებში კიდევ არაერთი კოლექტიური ბრალდებაა. მაგალითად, წერია, რომ:
„ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული“.
მოქმედი პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებები სასამართლოს მიერ არ არის დადასტურებული.
სარჩელის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები:
- „წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ“ და ასე იყო “მათ შორის - საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში“.
- ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ე.წ. საბოტაჟის საქმე ახლა სასამართლოში განიხილება. ძირითადი ბრალდებებია: საბოტაჟი, მტრულ საქმიანობაში დახმარება, მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ და მატერიალური მხარდაჭერა.
ასევე ნახეთ
“საბოტაჟის საქმის” განხილვა დაჩქარდა - რატომ?ასევე ნახეთ
წულუკიანის კომისია და აგვისტოს ომი - რა იკითხეს, რა ითქვა, რა გავიგეთ?სარჩელებში არ არის მოხსენიებული ე.წ. გლობალური ომის პარტია, რომელსაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ ე.წ. დიპ სტეიტად მოიხსენიებს.
2024 წლის 29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე პროსამთავრობო აქციაზე გამოსვლისას, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან “გლობალური ომის პარტიამ” დააპირისპირა და რომ "გლობალური ომის პარტიისთვის" “საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს".
ოპოზიციურ პარტიებს მოსარჩელეები პრეტენზიად უყენებენ იმასაც, რომ პარტიები “პირდაპირ, ნათლად და მყისიერად“ არ გაემიჯნნენ, უკრაინის ხელისუფლების მოწოდებებს „მსგავსი ოფიციალური განცხადება უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ“ და როცა „2023 წლის ივლისში უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ელჩს უკრაინაში ქვეყანა დაატოვებინა“.
ასევე წერია, რომ პოლიტიკური პარტიები „პირდაპირ, ნათლად და მყისიერად“ არ გაემიჯნნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მოთხოვნას, „რომელიც ევროპის პარლამენტის რეზოლუციებშიც კი აისახა“.
სარჩელების ავტორთა თანახმად, პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საერთაშორისო წესები და შეთანხმებები, მათ შორის - თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია - "რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს".
პარტიების აკრძალვა - კონტრარგუმენტები
საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში ასახული ინფორმაციით, 2025 წლის 10 ნოემბერს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და ისინი მიუთითებენ, რომ:
- „საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტის საფუძველზე არ შეიძლება მოხდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვა, ვინაიდან საკუთრივ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნილია ერთი პარტიის მიერ, რაც განაპირობებს მის არაკონსტიტუციურობას“;
- „თუმცა, იმავდროულად, მისი კონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც, მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა პოზიციით, ამ კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად უშუალოდ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვის პროცესში“.
საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, 2025 წლის ნოემბერში, სასამართლოს შუამდგომლობით ასევე მიმართა პარტიამ “ძლიერი საქართველო - ლელომ”, რომელიც ირწმუნება, რომ - სარჩელში პარტიის “არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად არა თუ ერთი მტკიცებულება, არამედ არგუმენტიც კი არ არის წარდგენილი“; ამასთან პარტიის აკრძალვის მოთხოვნა „პროცედურული თვალსაზრისითაც კი შეუსაბამოა საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან“ - რადგან „სარჩელში მითითებული გარემოებები შეეხება 2012 წლამდე ფაქტებს, როდესაც ეს კონკრეტული პარტია არ არსებობდა“ [შეიქმნა 2019 წლის დეკემბერში].
„თუ მოსარჩელისთვის პრობლემურია პარტიის შექმნამდე (რეგისტრაციამდე) არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მას მოთხოვნა უნდა დაეყენებინა არა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის თაობაზე, არამედ პარტიის შექმნის კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, არსებითად განსხვავებული წესით განიხილება“ - ასეთი ჩანაწერია "ლელოს" არგუმენტებში.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ორჯერ წარუდგინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია]: პირველ სარჩელზე - 2025 წლის 16 დეკემბერს, ხოლო მეორე სარჩელზე - 2026 წლის 14 მაისს.
“სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე, სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით”, - მიმართავს სასამართლოს საია.
როგორ შეარჩია "ოცნებამ" ოპოზიციურ პარტიები, რომელთა აკრძალვაც სურს?
სარჩელების ტექსტის თანახმად, “ოცნება” პარტიებს პოლიტიკური ზეგავლენების მიხედვით ახარისხებს.
ავტორები აღნიშნავენ, რომ “ერთკაციანი და მცირე პარტიები” შეგნებულად არ არიან შეყვანილი სიაში, მიუხედავად იმისა, რომ - ისინიც რადიკალური ოპოზიციის ნაწილად განიხილებიან.
- არ იკრძალებიან პარტიები, რომლებსაც „ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ“ და შესაბამისად - „ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება“.
- „მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“.
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში 2025 წლის მაისში დამტკიცებული ცვლილებებით, მაქსიმუმ 14 დღეში შეიძლება აკრძალოს პარტია, რომელიც “არსებითად იმეორებს" მანამდე უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ არაკონსტიტუციურ მიზანს, საქმიანობის არსსა თუ შემადგენლობას.
თუკი ოპოზიციური პარტიები აიკრძალება, ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უპრეცედენტო მოვლენა იქნება. საბჭოთა დროს მოქმედი კომუნისტური პარტია, 1991 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ აკრძალა. აიკრძალა სხვა კომუნისტური გაერთიანებებიც. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის განცხადება.
- 2024 წლის სექტემბერში, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ - „ევროსაბჭოს სახელმწიფოებს შორის პარტიების აკრძალვის 150-მდე ფაქტია“. მის ჩამონათვალში იყო: უკრაინა 22, საფრანგეთი 13, რუმინეთი 9, ესპანეთი 4, იტალია 3, ნიდერლანდები 3, ბელგია, გერმანია, ავსტრია, ესტონეთი, მოლდოვა, დიდი ბრიტანეთი.
- ფაქტების მკვლევარმა პორტალმა “მითების დეტექტორმა” მაშინ ეს ინფორმაცია მანიპულაციურ დეზინფორმაციად და იმგვარი შთაბეჭდილების შექმნის მცდელობად შეაფასა, რომ “თითქოს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მიღებული პრაქტიკაა”, მაშინ, როცა “ჩამოთვლილ ქვეყნებში პარტიები ნაცისტური, კომუნისტური, სეპარატისტული ან ისლამისტურია და ძალადობრივი, ტერორისტული, სიძულვილის ან დისკრიმინაციის წამქეზებელი, ან სეპარატისტული საქმიანობის გამო აიკრძალა”.
- სხვადასხვა წყაროს თანახმად, ევროპაში ძირითადად ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე რადიკალური პარტიების აკრძალვის პრაქტიკა არსებობს.