და მაინც რა მოხდა დანიის სამეფოში და რატომ დაინტერესდა ამით „ოცნება“

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ევროკავშირში „შემაშფოთებელი პროცესებია“.

“ბრუტალური ძალადობა” - ასე უწოდებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება დანიის დედაქალაქში 13 მაისს პოლიციის მიერ პროპალესტინური აქციის დაშლას, რაც ბრიუსელზე სიტყვიერი თავდასხმის კიდევ ერთი საფუძველი ხდება. უფრო მკაფიო ხდება თბილისის მესიჯი - "ასეთ ევროკავშირში” საქართველოს არაფერი ესაქმება.

ბრიუსელიდან არ პასუხობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის სახელით თბილისიდან გაგზავნილ წერილს. წერილში იყო საყვედური დანიაში მომხდარის გამო და გამოტანილი იყო დასკვნაც - “ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა”. დანიის სამეფოს ამბებს ირაკლი კობახიძემ, 19 მაისს, სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების შეფასებებს ამ დღეებში ინტენსიურად ავრცელებდა რუსეთის სახელმწიფო მედია - ევროკავშირის “ორმაგი სტანდარტებისა” და "ფასეულობებისგან გაქრობის" ხაზგასასმელად.

პოლიტიკოსები და ექსპერტები “ქართული ოცნების” “მანიპულაციურ მესიჯებში” არაერთ კონკრეტულ მიზანს ხედავენ. მათ შორის - საზოგადოების აზრის შემზადებას - ევროკავშირში გაწევრიანებაზე საბოლოო უარისთვის.

  • “რა საშინელება მოხდა დანიაში…”
  • “ეს რა ვნახე, ნეტა არ მენახა”
  • “კიდევ იტყვით, რომ საქართველოში პოლიცია მოძალადეა?..”

უკვე არაერთი დღეა, დანიაზე ლაპარაკობენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც - სოციალურ ქსელებში, ქუჩაში, მაღაზიაში. მაგრამ ყველამ არ იცის, სინამდვილეში რა მოხდა დანიის სამეფოს დედაქალაქში. ზოგმა ისიც თქვა, რომ: "ძაღლებმა ადამიანებს ხორცები ამოაგლიჯეს"; ზოგი კი უფრო შორს წავიდა - “ამოაგლიჯეს და შეჭამეს”.

ადგილზე გადაღებულ ვიდეოში კი არ ჩანს, რომ ძაღლები ადამიანებს გლეჯენ ან თუნდაც კბენენ. არსად ჩანს სისხლი.

რა მოხდა კოპენჰაგენში?

13 მაისს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც სატრანსპორტო-ლოგისტიკური გიგანტი კომპანიის Maersk-ის ოფისის შენობის შესასვლელებს ბლოკავდნენ. აქციის მონაწილეები - ისრაელის საწინააღმდეგო, პროპალესტინური განწყობებით - Maersk-ის მიერ სამხედრო დანიშნულების ტვირთის ისრაელში გადაზიდვას აპროტესტებდნენ.

დილის 8:00 საათისთვის ჟურნალისტების გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ძირს მჯდომ ადამიანებს ხელკეტებს ურტყამენ - ძირითადად კიდურებში, წელის არეში და მათ გამოთრევას ცდილობენ. ხელკეტებს პოლიცია იყენებს ეზოში მყოფი დემონსტრანტების წინააღმდეგაც, რომელთა ნაწილი კვლავ შენობაში შესვლას ცდილობს.

ადგილზე არიან გაწვრთნილი ძაღლებიც - პოლიციელები მათ დემონსტრანტების დასაშლელად იყენებენ. ერთ მომენტში ძაღლი ყეფით უახლოვდება მიწაზე დავარდნილ დემონსტრანტს, თუმცა არ ჩანს კბენის ფაქტი.

თვითმხილველები წერენ, რომ აქციის დაშლას სულ წუთ-ნახევარი დასჭირდა.

13 მაისის აქციის დარბევის ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - ბევრი ლაპარაკობს საპოლიციო ძალის შესაძლო გადამეტებაზე; ბევრიც აქებს კოპენჰაგენის პოლიციას, რომელმაც სწრაფად მოახერხა პალესტინის “ჰამასის” მხარდამჭერთა “თავგასულობის” აღკვეთა, რაც მათთვის ტერორიზმის მხარდაჭერის ტოლფასია.

კოპენჰაგენის პოლიციაში ადგილობრივ მედიასაშუალებებს [TV2 Kosmopol-სა და DR-ს] უთხრეს, რომ პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა “მცირე ხნით” – როდესაც “პროტესტის მონაწილეები შეიჭრნენ კერძო ტერიტორიაზე და არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს”.

„კონკრეტულ სიტუაციაში ყოველთვის არ არის შესაძლებელი ხალხის გაყვანა და როდესაც ეს შეუძლებელია, შესაძლოა საჭირო გახდეს ფიზიკური ძალა... მაგრამ ეს ყოველთვის სპეციალური შეფასების შემდეგ ხდება“, - უთხრა ადგილობრივ მედიას პეტერ დალმა, კოპენჰაგენის პოლიციის უფროსმა ინსპექტორმა და დაამატა, რომ პოლიციის არჩევანია პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა და ამიტომ წინასწარ აფრთხილებენ აქციის ორგანიზატორებს - თუ რას უნდა მოელოდნენ ისინი.

დანიის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაციაზე 20 ადამიანი დააკავეს - კერძო საკუთრებაში შეჭრის ბრალდებით. წერენ ასევე, რომ ისინი სწრაფადვე გაათავისუფლეს.

როგორ იქცევიან დანიაში, როდესაც პოლიცია ძალას ამეტებს?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან თქვა, რომ “დანიის პოლიცია არ აპირებს, გამოიძიოს ეს დარბევა”.

დანიის სამეფოში პოლიციელების ჩადენილ გადაცდომებსა თუ დანაშაულს თავად პოლიცია არ იძიებს. იქ არსებობს პოლიციის ქმედებებზე საჩივრების შემსწავლელი დამოუკიდებელი ორგანო - DUP [Den Uafhængige Politiklagemyndighed], რომელსაც, ბოლო ინფორმაციით - უკვე მიმართეს 13 მაისის აქციის მონაწილეებმა.

პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრების განმხილველი დამოუკიდებელი ორგანო 2012 წელს შეიქმნა - მეტი ნდობის უზრუნველსაყოფად. DUP სწავლობს:

  • პოლიციელების მიერ ძალის შესაძლო გადამეტებას;
  • მათ მიერ უცენზურო ლექსიკის გამოყენებას და დისკრიმინაციას;
  • იძიებს შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულებს;
  • DUP-ი გამოძიებას იწყებს, თუკი ადამიანი დაღუპა ან დაზიანდა პოლიციის მოქმედებების შედეგად ანდა პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს.

გამოძიების დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს პროკურატურა.

ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს DUP-მა 1258 საჩივარი მიიღო. წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 24%-ით მეტია. დანიური მედიის თანახმად, განხილული საქმეების ნაწილი მაინც კრიტიკის საგანია; თუმცა ადამიანები სიმართლის დადგენასაც ახერხებენ. ზოგადად, წლების განმავლობაში, პოლიციის რეიტინგი დანიაში მაღალი იყო და, სხვადასხვა კვლევით, 87%-საც აღწევდა. მაღალი ნდობით სარგებლობს სასამართლო სისტემაც. „ბედნიერი ქვეყნების“ მსოფლიო რეიტინგებში დანია კვლავ მოწინავე სამეულშია.

დანია თბილისის თვალით

“რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 19 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც მან ბრიუსელში გაგზავნილ ღია წერილს მიუძღვნა და ტექსტი თავიდან ბოლომდე წაიკითხა.

ადრესატები არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი - რობერტა მეცოლა.

“როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?” - წერილის საბაბი დანიის სამეფოა, თუმცა აქცენტები მთელ ევროკავშირზე ვრცელდება.

ტექსტში საქართველო დემოკრატიის მცველად, ხოლო ევროკავშირი - ფასეულობების გზას აცდენილ გაერთიანებად არის წარმოდგენილი:

  • ევროპა “ღრმა ღირებულებით კრიზისშია”;
  • “დღეს ევროკავშირი ხშირად უგულებელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს”;
  • “ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია”;
  • ევროკავშირში „შემაშფოთებელი პროცესებია“;
  • ევროპაში პროცესები - “დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას” უკავშირდება.

ასევე ნახეთ

„რა გეგმა გაქვთ?“ - თბილისი წუხს ევროპის „დემოკრატიულ უკუსვლაზე, ეკონომიკურ სტაგნაციაზე“

ტექსტში მითითებულია, რომ საქართველო “ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის”, თუმცა არ წერია ის, რაც ირაკლი კობახიძემ სანქცირებული ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 20 მაისს განაცხადა:

„თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ“.

  • „ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს“.
  • „სუვერენიტეტი აქვს დაკარგული ევროპის სახელმწიფოების უდიდეს უმრავლესობას“ - ასევე თქვა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერმა.


ამ ტალღას „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ახლებური შემართებით აჰყვნენ.

“ასეთი ბიუროკრატიის მართულ ევროკავშირში შესვლა ჩვენთვის უბრალოდ წარმოუდგენელია”, - 21 მაისს განაცხადა არჩილ გორდულაძემ - "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობიდან. მას სურს, რომ “ევროპა დაბრუნდეს ევროკავშირში”, “ნამდვილი, ქრისტიანული, ტრადიციაზე დაფუძნებული, ადამიანების უფლებებზე დაფუძნებული ევროპული მიდგომები დაბრუნდეს ევროკავშირში”.

“რა თქმა უნდა, ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მხოლოდ სახელია ევროპული, ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მონაწილეობას”, - ეს უკვე შალვა პაპუაშვილის სიტყვებია. 22 მაისს, ჟურნალისტებთან მან ასევე თქვა, რომ - ევროკავშირი “ცივილიზაციური უფსკრულისკენ” მიექანება და ამიტომ უნდა შეიცვალოს - რათა კვლავ მიმზიდველად იქცეს საქართველოსთვის.

"ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევროკავშირი არ არის ევროკავშირი, ის არის უბრალოდ კავშირი სხვადასხვა ქვეყნების, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი", - ესეც პაპუაშვილის სიტყვებია.

მან ევროკავშირს, ჩვეული რიტორიკით, რამდენიმე დღის წინ, ჩინეთიდანაც შეუტია, სადაც ის, დელეგაციასთან ერთად, კომუნისტური პარტიის მიერ მართული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ორი ქვეყნის ზიარ პრინციპებზე ილაპარაკა, სადაც შედის: ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა თუ საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ურთიერთპატივისცემა.

ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება ახალი არ არის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისგან. “სამწუხაროდ, ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები უფრო და უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირს, – “ქართული ოცნების” უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმაც.

ასევე ნახეთ

"არანაირი სურვილი არ გვაქვს“, - „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპის დღის ღონისძიებებზე არ მივლენ

“[“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები] ცდილობენ შეაჩვიონ საქართველოს მოსახლეობა, რომ, ფაქტობრივად - აღარ იქნება [ევროკავშირში] ინტეგრაცია და რეალურად, ეს უნდა დაჰბრალდეს - ევროკავშირის ბიუროკრატიას, ხელმძღვანელებს, ევროპარლამენტარებს და კიდევ - “გლობალური ომის პარტიას“ ეძახიან თუ იმ რაღაც “დიპ სტეიტს”… აი, ამისთვის ამზადებენ საფუძველს ამ პროპაგანდით”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მუჩაიძე, „ატლანტიკური საბჭოს” აღმასრულებელი დირექტორი. მას არ უკვირს, რომ ამ კონტექსტში კოპენჰაგენში მომხდარიც ასე “დაიხვიეს ხელზე”, რადგან ჩათვალეს, რომ - “მათ ნარატივზე ასხამს წყალს”.

“დანიაში იქნება თუ სხვაგან, არ არის სამოთხე დედამიწაზე და ვიღაცას რაღაც ყოველთვის შეიძლება შეეშალოს, მაგრამ იქ სასამართლო ფუნქციონირებს, საპარლამენტო კონტროლი არსებობს, იჭერენ იქ - ვინც მართლა დასაჭერია. მთავრობას თუ რამე შეეშლება, იმხელა ზეწოლაა ხალხისგან, რომ თანამდებობის პირებს გადადგომაც უწევთ. იქ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც კანონის დაცვას უზრუნველყოფენ. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მიტაცებული აქვს ერთ პარტიას და არ არსებობს საქართველოში ეს ინსტიტუტები”, - ამბობს მუჩაიძე რადიო თავისუფლებასთან.

ასევე ნახეთ

რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ ტრამპისთვის და რას ნიშნავს „ოცნებისთვის“

ბრიუსელში გაგზავნილ წერილს “სამარცხვინოს” უწოდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, თეონა აქუბარდია.

“მათ [“ქართული ოცნების” ხელისუფლების] დეზინფორმაცია-მანიპულაციას რამდენიმე შრე აქვს: ერთი მხრივ, ამით გადაფარვას აკეთებენ იმ სასტიკი მეთოდების, რასაც თავად იყენებდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული და აქვეა ნარატივი, რომ - “ასეთი ევროკავშირი” არ უნდათ” - ჯერ ვერ ბედავენ თქმას, რომ ევროკავშირი საერთოდ არ უნდათ, რაც რეალობაა”, - აქუბარდია ასევე განმარტავს, რომ დანიის დედაქალაქში მომხდარის ხაზგასმით - “ქართული ოცნება” "ანტიდასავლური განწყობების კიდევ უფრო გაძლიერებას ცდილობს". პოლიტიკოსი ამავე კონტექსტში აერთიანებს შეტევას ევროპელ ელჩებზე და “ქართული ოცნების” გენმდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებულ “სამძიმრის წერილსაც”, სადაც ის გერმანულ ბიუროკრატიას „დიპ სტეიტის“ მორჩილს უწოდებს, ხოლო გერმანიას "ჭაობში ჩაფლულად" წარმოაჩენს.

“ასე იქცევა რუსეთიც და ამ ყველაფერს ჰქვია სურკოვის კონცეფცია - “სუვერენული დემოკრატიის” შესახებ, რის შესახებაც “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საუბარი ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო”, - ამბობს თეონა აქუბარდია.

ასევე ნახეთ

სუვერენული დემოკრატია ქართულად და რუსულად

ასევე ნახეთ

კალაძე „სამძიმარს“ უცხადებს გერმანელებს ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ

ამ დღეებში რუსეთის პროსახელისუფლებო მედია მონდომებით ავრცელებდა ციტატებს “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებებიდან.

„სად გაქრა ფასეულობები? კობახიძემ მკაცრად ილაპარაკა “თავისუფალ” დანიაში აქციის დარბევაზე“, “თბილისმა ევროკავშირისგან მოითხოვა განმარტებები კოპენჰაგენში მიტინგის სასტიკი დარბევის შესახებ”... - წერდა რუსეთის მედია.

ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქართველმა პოლიტიკოსმა ევროპელებს მოსთხოვა პასუხები შეკითხვებზე - საით მიჰყავს ევროპა ამ გზას და როგორ მოხდა, რომ ევროპა ფასეულობების ასეთი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

მოსკოვს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, არაერთხელ შეუქია “ქართული ოცნების” ლიდერები, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის რეალური დამცველები, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთის დიქტატს. თავად “ქართულ ოცნებას” კი არასოდეს გაუკრიტიკებია რუსეთი - ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რასაც ევროკავშირის წინააღმდეგ ხშირად აკეთებს.

2024 წელს, ევროკავშირმა, ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო, საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა; ხოლო თბილისმა ევროკომისია შანტაჟში დაადანაშაულა. ამავე წლის ნოემბერში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე პოლიტიკური დღის წესრიგიდან ხსნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას - რაც ევროინტეგრაციის აუცილებელი ეტაპია. ბრიუსელსა და თბილისს შორის შეჩერდა მაღალი დონის შეხვედრები, გაიყინა თანამშრომლობის არაერთი მიმართულება, დაპაუზდა დახმარების პროგრამები, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესდა სავიზო შეზღუდვები.