"სუფთა ფურცლიდან" თუ კონკრეტული პირობებით? - როგორ გაიგეს საქართველოში აშშ-ის დელეგაციის გზავნილები

ვიზიტის შემდეგ, შემაჯამებელი განცხადება აშშ-ის საელჩომ, 1 ივნისს, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.

რა ითქვა პირდაპირ და რა ჩანს სტრიქონებს შორის - საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებამ, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან მაისში გამართულ შეხვედრებს მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებაზე ლაპარაკობენ, არ ამხელენ სამოქმედო გეგმას და წინადადებებს ისევ ვაშინგტონიდან ელოდებიან.

ოპოზიციური ფლანგისთვის კი ნათელია, რომ, შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად, აშშ თბილისისგან კონკრეტული პირობების შესრულებას მოელის - მნიშვნელოვანი სტაბილურობის მისაღწევად და 2024 წელს შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად.

25-28 მაისს თბილისში შეხვედრებს მართავდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი - პიტერ ანდრეოლი და თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატიდან - ჩარლზ იოკი. ისინი შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ვიზიტის შემდეგ, მათი შემაჯამებელი განცხადება აშშ-ის საელჩომ, 1 ივნისს, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.

“ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, - კიდევ ერთხელ უთხრა “ქართული ოცნების” ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართულ მედიას, 2 ივნისს და გაიმეორა თვეების მანძილზე მრავალჯერ გაჟღერებული მესიჯიც, რომ აშშ-თან “ურთიერთობები და ურთიერთობების განახლება, გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს" - "წინა ადმინისტრაციის უსამართლობის" საპირწონედ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების შემაჯამებელ განცხადებაში “სუფთა ფურცელი” არ არის მინიშნებული და არც სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის უპირობო დაპირება არ იკითხება.

ტექსტში ლაპარაკია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინტერესზე - სუვერენულ პარტნიორებს შორის დაიწყოს “ახალი ეტაპი”, რომელიც “ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე” იქნება დაფუძნებული და აქვე გამოხატულია მზადყოფნაც - საქართველოს მთავრობასთან "კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით”.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან თითქმის უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა. ახალ ადმინისტრაციას არ შეუცვლია წინამორბედის 2024 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება - საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ. სტატუს-კვო ამ დრომდე შენარჩუნებულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის დაწესებული სავიზო და ფინანსური სანქციების კუთხითაც. აშშ-ს ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვისაც. საქართველოს მოქალაქეებისთვის გამკაცრდა აშშ-ის ვიზის მიღების წესები.

ასევე ნახეთ

საჭიროა სტაბილური პოლიტიკური კლიმატი, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას - აშშ-ის დელეგაცია ვიზიტს აჯამებს

ხელისუფლების წარმომადგენლები არაფერს ამბობენ კონკრეტულ ნაბიჯებზე - რის გაკეთებას აპირებენ, აშშ-სთან თითქმის ორი წლის წინ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის ხელშესაწყობად.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თორნიკე ფაღავა პროსახელისუფლებო "იმედს" ეუბნება, რომ “მკაფიო ნაბიჯებს და უკვე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს” თბილისი ვაშინგტონიდან ელოდება; ხოლო დავით მათიკაშვილის შეფასებით - “ახლა ბურთი აშშ-ს მოედანზეა”. ლევან მახაშვილი მოელის, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა “სრულიად ახალი, რეალური დღის წესრიგის საფუძველზე” უნდა აღდგეს.

რას მოელის აშშ?

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის შემაჯამებელ ტექსტში კი, პირდაპირ არის მითითებული, თუ რა არის გასაკეთებელი “მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის” და რომ ამერიკული მხარე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თბილისისგან მოელის.

  • უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს;
  • ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემო;
  • სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატი - რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას.


“დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში”, - აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

“პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს”, - წერია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მარკო რუბიო მეზობელ სომხეთში

ექსპერტების ერთი ნაწილი პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ კომპრომისების გარეშე თბილისმა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა შეძლოს.

“ამ განცხადებაში სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე და სანქციების მოხსნაზე ჯერ ხომ არ არის ლაპარაკი - ჯერ უნდა დაინახონ, როგორ მოიქცევა “ქართული ოცნება” - თუ გაგრძელდება, ახლა რაც ხდება, არაფერიც არ მოხდება; მაგრამ თუ დაინახეს, რომ “ქართული ოცნება” არბილებს თავის პოლიტიკას - ციხეში აღარ ჰყავს ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები, აღარ დევნის მათ, მაშინ შეიძლება რაღაც იყოს ამ მხრივ, მაგრამ ეს მომავლის საქმეა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე და ამატებს, რომ - “ამერიკა ითხოვს დემოკრატიული ფასეულობების დაცვას”, რაც “წესიერად ჩატარებულ არჩევნებსაც" ნიშნავს.

"გარე გავლენები"

პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს ტექსტის კიდევ ერთ პასაჟზე, სადაც ამერიკული მხარე “მავნე გარე გავლენებზე” მიუთითებს. მას ეღიმება ხელისუფლების მხარდამჭერთა განმარტებაზე, რომ - შესაძლოა, ამ ტერმინში “დიპ სტეიტი” იგულისხმებოდეს.

“ცხადია, ამერიკელებს აღიზიანებთ, როდესაც ვიღაც მიდის იქ ირანში და ტერორისტების გვერდით დგება”, - ამბობს ალექსანდრე კუხიანიძე, ირანში ირაკლი კობახიძის რამდენიმე ვიზიტზე მინიშნებით.

2024 წელს, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, სადაც საქართველოს მთავრობას ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა, ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს". 2026 წლის თებერვლის ბოლოდან აშშ და ისრაელი სამხედრო დაპირისპირებაში არიან ირანთან.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ოპონენტების აზრით, “მავნე გარე გავლენების" ხაზგასმით, ირანის გარდა, აშშ თბილისს მკაფიოდ მიუთითებს ურთიერთობების გადახედვაზე რუსეთთან და ჩინეთთან. ამ უკანასკნელს “ოცნების” ლიდერები - ერთადერთ მშვიდობიან ზესახელმწიფოდ მიიჩნევენ.

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი - თავის ფეისბუკპოსტში “სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის მოკლე შინაარსს” - ამერიკული მხარის მოთხოვნების სახით - რამდენიმე პუნქტში აყალიბებს.

მის ჩამონათვალში პირველია - რუსული/ირანული/ჩინური გავლენების განეიტრალება; რასაც მოსდევს - გამოხატვის შემზღუდავი კანონების გაუქმება; პოლიტპატიმრების გამოშვება და პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შეცვლა. სხვა პოსტში ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ - “ივანიშვილი ამ პროცესს ვერ აწევს - მაგრამ ფაფხურიც კი, ამ მიმართულებით - ჩამოაქცევს, როგორც სსრკ ჩამოაქცია პერესტროიკამ”.

"ფედერალისტების" ლიდერები ახლახან იმყოფებოდნენ აშშ-ში, სადაც, მათ შორის - „ოპოზიციური ალიანსის“ სახელით, შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, მედიის წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია უკვე საქართველოში იყო - 26 მაისს, როდესაც თბილისში, "ოპოზიციური ალიანსის" ორგანიზებით - ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ტექსტის თანახმად, “უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის” მყარ საფუძვლად განიხილება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის “შესაძლო თანხვედრის” სფეროები და მათ შორის:

  • ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება,
  • სამართლიანი ეკონომიკური გარემო,
  • მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა,
  • ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს.


აშშ-ის ინტერესებს შორის საკვანძო ადგილს იკავებს - “კომერციული თანამშრომლობის გაფართოება”. კონკრეტულ ჩამონათვალში კი შედის:

  • ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,
  • უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება.


ტექსტში რამდენიმე ადგილას მოხსენიებულ სიტყვა “სტაბილურობაზე” ამახვილებს ყურადღებას ანა ბუჩუკური, ერთ-ერთი ლიდერი პარტიისა - “გახარია საქართველოსთვის”, ყოფილი პარლამენტარი. ის ბოლო თვეებში შეხვდა აშშ-დან საქართველოში ჩამოსულ სამ დელეგაციას - ოპოზიციასთან მათ მიერ დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში.

“სტაბილურობაში [აშშ-ის წარმომადგენლები] მათ შორის მოიაზრებენ ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ბოლო განცხადებაშიც ჩანს; ხოლო ეკონომიკური სტაბილურობისთვის, აუცილებლად თვლიან კანონის უზენაესობას. ქვეყანას, სადაც კანონის უზენაესობა მოშლილია, ინვესტორიც ვერ ენდობა. დავა რომ დასჭირდეს რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს?! ჩვენ გვაქვს სასამართლო სისტემა, რომელიც თავად აშშ-ის მიერ არის კორუფციის ბრალდებით სანქცირებული [სანქცირებული არიან მოსამართლეები - რ.თ.]. ხალხის ინტერესიც ხომ სტაბილურობაა ამ ქვეყანაში - აშშ-ის ინტერესიც სტაბილურობაა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბუჩუკური და იხსენებს ამერიკელების სიტყვებს, სხვადასხვა შეხვედრიდან, რომ - ძალიან კარგად იცნობენ "ოცნების” რეალური სახეს.

“ერთ-ერთ შეხვედრაზე მე გავეხუმრე კიდეც - ახლა რომ წახვალთ და პრემიერს შეხვდებით, დარწმუნებული ვარ - ძალიან ღიმილიანად და თბილად მიგიღებენ-მეთქი, მაგრამ ხომ იცით, მათი პროპაგანდა - მათ შორის პრეზიდენტ ტრამპზე რას ამბობს-მეთქი… და სახელისა და გვარის დონეზე იცოდნენ პროპაგანდისტები… ორმაგ თამაშს რომ ცდილობს “ოცნება” , ეს ყველამ ძალიან კარგად იცის ”, - გვეუბნება ბუჩუკური.

ასევე ნახეთ

სომხეთსა და აზერბაიჯანში არ ყოფილა აშშ-სთან პარტნიორობის განახლების წინაპირობები, ორმაგი სტანდარტი სამწუხარო იქნება - კობახიძე

"ფუნქციონალური დემოკრატია"

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის შემაჯამებელი განცხადებიდან - “ქართული ოცნების” ხელისუფლება და მისი მომხრეები საგანგებო ყურადღებას უთმობენ აშშ-ის პოზიციას “საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ” და შესაბამისად - “რადიკალურ ოპოზიციას” სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას უხსენებენ.

ირაკლი კობახიძემ 2 ივნისს თქვა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია “ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით” და ახლა მოხარულები არიან, რომ “ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული”.

“ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ და ეს იყო მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის უშუალო ჩარევისა და ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, როგორც 2020 წელს, ისე 2024-ში“ - განაცხადა კობახიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს მაშინდელ პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად, პირადად იყო ჩართული მცდელობებში, რომ ოპოზიციას საპარლამენტო ბოიკოტი დაესრულებინა. საბოლოოდ, დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა. "შარლ მიშელის შეთანხმების" სახელით ცნობილ დოკუმენტს - "ქართული ოცნება" რამდენიმე თვეში გამოეთიშა.

2024 წელს კი, როცა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, ბოიკოტი უფრო მტკიცე აღმოჩნდა. პოლიტიკური ძალებიდან, რომლებმაც ცესკოს შედეგებით ბარიერი გადალახეს, საბოლოოდ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია - “გახარია საქართველოსთვის” შევიდა.

ანა ბუჩუკური გვიდასტურებს, რომ - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან მანდატების გამოყენების საჭიროებაზე ჰქონდათ საუბარი და რომ მანდატების არგამოყენება ამერიკული მხარისთვის მიუღებელია.

“ოპოზიციური პარტიის თითქმის ყველა ლიდერი ან ციხეშია ან დევნაშია და ფიზიკური თავდასხმის პირობებში უწევთ ცხოვრება, არ ვიცი მე, წინა ხელისუფლების დროსაც აქტიური ოპოზიციონერი ვიყავი და ასეთი რაღაც მაშინაც კი არ მახსოვს… და ასეთ პირობებში, კიდევ უფრო გაუგებარია ამერიკელი პარტნიორებისთვის, როცა ასეთ მძიმე ვითარებაში მყოფი ოპოზიცია არ იყენებს კონსტიტუციურ ბერკეტებს”, - გვეუბნება ბუჩუკური.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის შემოდგომაზე შევიდა. მათი ლიდერის - “ოცნების” ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. გახარია საქართველოში არ იმყოფება. "ქართულმა ოცნებამ" - პარლამენტში შესვლის გამო ამ პარტიის აკრძალვა გადაიფიქრა.

  • “ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს” - მითითებულია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებაში.


ეს საკითხი სხვაგვარადაც ესმით

ალექსანდრე კუხიანიძე ამ ჩანაწერს - ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს უკავშირებს, რაც ასევე ნახსენებია განცხადებაში და მიიჩნევს ამერიკელების მესიჯად - “ქართული ოცნებისთვის”.

“არჩევნების გაყალბების მიზეზით ბოიკოტი რომ გამოაცხადეს [ოპოზიციამ], ეს სხვა ამბავია... მაგრამ ახლა როცა [აშშ-ის წარმომადგენლებმა] თქვეს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და უნდა იყოს ჩართულობა, ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ ნათქვამი, რომ ასე არ არისო - თუ თქვენ აკრძალავთ პოლიტიკურ ოპოზიციას, მაშინ ამით ართმევთ ელექტორატის გარკვეულ ნაწილს უფლებას - აირჩიოს თავისი წარმომადგენლებიო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კუხიანიძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებამ საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრი კომენტარისგანაც იკავებს თავს.

ზოგი შენიშნავს, რომ - სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ დიპლომატიური ენით დაწერილი ტექსტი, უმეტეს შემთხვევაში - კმაყოფილების მიზეზს აძლევს როგორც ოპოზიციურ ფლანგს, ასევე ხელისუფლებას.

ერთი რამ კი უდავო და მისასალმებელია პროდასავლური ძალებისთვის - რომ აშშ-ის ინტერესები, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოზეც ვრცელდება და რომ არ გამართლდა ღიად პრორუსი ძალების პროგნოზი, რომ - აშშ საქართველოს „პუტინთან გარიგების“ შედეგად შეეშვებოდა.