როგორ მოჰპარეს იაპონელ მოგზაურს ველოსიპედი საქართველოში მსოფლიოში 57 000 კილომეტრის გავლის შემდეგ

32 წლის იაპონელი მოგზაურის, ნაოია ტაბიბიტოს ხელნაკეთი ველოსიპედი, რომლითაც მან 45 ქვეყანა და 57 000 კილომეტრი გაიარა, ქობულეთში მოიპარეს. უნიკალური ველოსიპედი, სახელად „RISE“, მისთვის მხოლოდ ტრანსპორტი კი არა, მთელი სამწლიანი მოგზაურობის სიმბოლო იყო. პოლიცია ამ დრომდე ეძებს დაკარგულ ველოსიპედს.

საქართველო 46-ე ქვეყანაა, სადაც ნაოია ჩამოვიდა თავისი საოცნებო მოგზაურობისას, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო.

სწორედ ამ განსაკუთრებული ველოსიპედით, იაპონელ მოგზაურს თავისი ტურნე ერთ წელში სამშობლოში უნდა დაესრულებინა.

ეს ველოსიპედი საგანგებოდ მისთვის, იაპონიაში, ხელნაკეთი ველოსიპედების ერთ-ერთ მაღაზიაში, ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა.

მასთან ერთად ნაოიამ 45 ქვეყანა მოიარა. 57 000 კილომეტრი გადასერა.

ნაოიას მარშრუტი

ის ნაოიას ყველა ფოტოს და ყველა ვიდეოს მთავარი გმირია, რომლებსაც მოგზაური ბოლო სამი წლის განმავლობაში იღებდა და უზიარებდა თავის გულშემატკივრებს.

“გთხოვ, დამიბრუნე ჩემი ველოსიპედი. ჩემი ცხოვრების პარტნიორი. ის ჩემთვის განსაკუთრებულია და იმედი მაქვს, სწორედ ამ ველოსიპედით მოვივლი მთელ მსოფლიოს, რაც ჩემი ცხოვრების ოცნება იყო”, - მიმართა ნაოიამ ველოსიპედის ქურდს.

ნაოია და მისი ველოსიპედი RISE

იაპონელი მოგზაური სულ ერთი კვირაა, რაც საქართველოშია - ის აქ თურქეთიდან ჩამოვიდა და მოგზაურობა შავი ზღვისპირეთიდან დაიწყო.

გასულ შაბათს ღამე თავის კარავში, ქობულეთთან ახლოს, ფიჭვების ტყეში, კემპინგის ადგილას გაათენა. ველოსიპედი ბოქლომით ჩაკეტა, თუმცა ხეზე არ მიუბამს, იქვე კარავთან ახლოს დააბინავა. მეორე დილით, ის თავის ადგილზე აღარ დახვდა.

“ალბათ, ვიღაცამ ზურგზე მოიკიდა, მანქანაში ჩააგდო და წაიღო”.

"ის ჩემი განუყრელი პარტნიორია", - ამბობს იაპონელი მოგზაური თავის ველოსიპედზე.

ნაოიამ პოლიციას მიმართა. გამოჰკითხეს, ველოსიპედის მოპარვის ადგილი დაათვალიერეს, კამერებიც შეამოწმეს და დაჰპირდნენ, რომ სიახლის შემთხვევაში, დაუკავშირდებოდნენ.

ნაოიას კარავი ქობულეთში, სადაც მისი ველოსიპედი მოიპარეს.

ჯერჯერობით პოლიცია დუმს. არც ნაოიას ველოსიპედი არ ჩანს სადმე.

ქობულეთში იაპონელ მოგზაურს რამდენიმე მეგობარი აღმოაჩნდა და ახლაც სწორედ ერთ-ერთთან რჩება.

მთელი ამ სამი წლის განმავლობაში ველოსიპედი პირველად მოჰპარეს:

“ამისი ძალიან მეშინოდა”, - გვეუბნება ის.

ნაოიას გეგმაში 51 ქვეყანაა.

ნაოიამ ინსტაგრამზე ცალკე ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც „მთხრობელი“ ამჯერად მისი ველოსიპედია:

„მე რაისი ვარ. მე საქართველოში მომიპარეს. მე ნაოიამ შექმნა, რომ მსოფლიო მოგვევლო. მე ხელნაკეთი ვარ. ჩვენ მზის ამოსვლის მიმართულებით ვმოგზაურობდით. იმიტომ, რომ ნაოიამ მე დამარქვა მზის ამოსვლის სახელი - Rise...

ჩვენ სულ ერთად ვიყავით, განუყრელად. ნაოია ჩემი ერთადერთი პარტნიორია, ჩვენი ოცნებაა, რომ მთელ მსოფლიოს დავარტყათ წრე და იაპონიაში დავბრუნდეთ. ეი, ნაოია, სად ხარ? მენატრები“.

ამ ველოსიპედთან ერთად იაპონელმა მოგზაურმა 57 000 კილომეტრი გაიარა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნაოია ტაბიბიტომ 6 წლის განმავლობაში უწყვეტად იმუშავა იაპონიაში იმისთვის, რომ ფული მოეგროვებინა და ეს მოგზაურობა დაეწყო - მზის ამოსვლის მიმართულებით.

2023 წლის მარტში მან თავისი ველოსიპედით გეზი იაპონიიდან ავსტრალიისკენ აიღო. მერე იყო ალასკა, სამხრეთი ამერიკა - არგენტინა და სხვა ქვეყნები - მერე ევროპა, აფრიკა, აზია... ასე მოვიდა საქართველომდე, საიდანაც ჯერ სომხეთში და მერე ინდოეთში აპირებდა წასვლას.

„ახლა, რადგან ჩემი ველოსიპედი მოიპარეს, დროებით გაჩერებული ვარ. ინდოეთში წასვლას სექტემბერში ვგეგმავდი, რადგან ზაფხულში იქ ძალიან ცხელა და ვნახოთ, მანამდე იქნებ ჩემი ველოსიპედიც იპოვონ“.

სანამ უკან, იაპონიაში, დაბრუნდება, 51 ქვეყანა უნდა მოიაროს. ასე დასრულდება მისი ოთხწლიანი მოგზაურობა ველოსიპედით.

გზები და დღეები

როცა მას ვკითხე, რატომ იქცა მთელი მსოფლიოს შემოვლა ველოსიპედით მისი ცხოვრების მთავარ ოცნებად, ნაოია ტაბიბიტომ ერთი ამბავი მოგვიყვა:

როცა ის პატარა ბიჭი იყო, სკოლის მოსწავლე, ქალაქგარეთ ცხოვრობდა და ძალიან უნდოდა ხოლმე თავისი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით მდებარე სათამაშო-გასართობ ცენტრში წასვლა - იქ ან ავტობუსით უნდა წასულიყო, ან მატარებლით, რაც ძვირი ღირდა. ამიტომ, ველოსიპედი იქცა მისთვის მარტივ და უფასო ტრანსპორტად.

„მერე კი, სტუდენტობისას, მთელი იაპონია მოვიარე და მაგ დროს მივხვდი, რომ მსოფლიოს მოვლა მსურდა სწორედ ასე, ჩემი ველოსიპედით“.

ნაოიამ ამ დრომდე 45 ქვეყანა მოიარა. საქართველო 46-ე ქვეყანაა.

ამ სამწლიან მოგზაურობაში რთული გზები და დღეებიც იყო. მარტოობაც. შიშიც, თუმცა, როგორც ნაოია გვიყვება, ყველაფერს თავისი ოცნების ახდენით მოგვრილი ბედნიერების განცდა ფარავდა.

წინ ინდოეთია.

თუ თავის ველოსიპედს ვერ იპოვის, იძულებული გახდება, ახალი იყიდოს, რომ მოგზაურობა არ ჩაეშალოს.

„ჩემი ველოსიპედის მოპარვა ძალიან სევდიანი ამბავია, საწყენია, რომ ეს საქართველოში მოხდა, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ ვიპოვით და გზას მასთან ერთად გავაგრძელებ“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ქურდობის მუხლით - არის დაწყებული. შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ველოსიპედის ქურდებს ეძებენ.