ინფორმაცია ველოსიპედის პოვნის შესახებ თავად მოგზაურმა, ნაოია ტაბიბიტომ გაავრცელა შაბათ საღამოს, 16 მაისს ინსტაგრამზე.
32 წლის მოგზაურის თქმით, ველოსიპედი ქობულეთის პოლიციამ „120 კმ-ში მდებარე ქალაქში“ იპოვა.
მან ხელნაკეთი ველოსიპედი, რომლითაც 45 ქვეყანა და 57 000 კილომეტრი გაიარა, საქართველოში ყოფნისას მოჰპარეს.
ის მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ამბით დაინტერესდა. იგი მოგზაურობას გააგრძელებს.
რადიო თავისუფლებასთან ის განმარტავდა, რომ ეს იყო „უნიკალური“, ხელნაკეთი ველოსიპედი, რომელიც მისთვის მხოლოდ ტრანსპორტი არ ყოფილა და წარმოადგენდა მსოფლიოს გარშემო სამწლიანი მოგზაურობის სიმბოლოს.
საქართველო 46-ე ქვეყანაა, სადაც იგი ჩამოვიდა. მან თურქეთიდან გადმოკვეთა საზღვარი.
მოგზაურს ველოსიპედი მოჰპარეს გასულ შაბათს, 9 მაისს, როდესაც ღამე კარავში, ქობულეთთან ახლოს, ფიჭვების ტყეში გაათენა.
ის გვიამბობდა, რომ ველოსიპედი ბოქლომით ჩაკეტა, თუმცა ხეზე არ მიუბამს, კარავთან ახლოს დააბინავა, მეორე დილით კი ადგილზე აღარ დახვდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ქურდობის მუხლით - დაიწყო.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს პრესცენტრს კითხვით, დააკავეს თუ არა სავარაუდო ქურდი. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ფორუმი