რუსეთის პოზიცია
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი სიტყვები ვითარების „ობიექტური შეფასებაა“.
ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ „ევროკავშირის მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაში და თბილისი ნატოში ჩაითრიოს, კარგს არაფერს მოიტანს“.
„საქართველოს ამჟამინდელმა პრაგმატულმა ხელისუფლებამ ეს კარგად იცის“, განაცხადა დიპლომატმა.
მას შემდეგ, რაც 2024 წლის ბოლოს საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში „2028 წლამდე“ არ დააყენებს, - რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა და დასავლეთის ქვეყნებმა საგარეო კურსის ფორმალურად ცვლილებად შეაფასეს, - რუსეთი ხშირად აქებს თბილისს, განსაკუთრებით „დასავლეთიდან დესტრუქციულ გავლენებთან წინააღმდეგობის“ გამო.
ნებენზიას თქმით, „რუსეთი რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და გაძლიერების ინტერესებით ხელმძღვანელობს“.
რუსმა დიპლომატმა გაიმეორა რუსეთის რამდენიმე გზავნილი საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით:
- მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში „ცხინვალის მოსახლეობას თავს დაესხნენ შეშლილი სააკაშვილის რეჟიმის ქართული სამხედროები“, ხოლო „მძინარე ქალაქი ცხინვალი მასიური საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა“.
- ნებენზიას განცხადებით, მოსკოვი მზად არის, „ყოვლისმომცველი დახმარება გაუწიოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის ხელშეწყობას, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და მოგვარდეს მათთვის საერთო რეგიონული პრობლემები“.
- რუსეთი კვლავ მოუწოდებს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს „ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების“ გაფორმებისკენ და „საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებისკენ, რასაც დემარკაცია უნდა მოჰყვეს“.
ასევე ნახეთ
ზახაროვა: საქართველოში რუსოფობიური გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა გამოიძიონნებენზიამ ასევე გააკრიტიკა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეზოლუციის წარდგენა, რომლის განხილვა „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების“ გარეშე მიმდინარეობს.
რუსმა დიპლომატმა ისაუბრა ქართველი ოპოზიციონერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზეც, რომელიც აფხაზეთის ომს შეეხებოდა.
„ცოტა ხნის წინ საქართველოში შიდა პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გიორგი ბარამიძის, განცხადებას. ის ბატონი სააკაშვილის თანამოაზრე იყო. მან აფხაზეთის კონფლიქტის დროს, 90-იანი წლების დასაწყისში, ქართული მხარის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ“, აღნიშნა ნებენზიამ.
გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, სადაც ის ამბობდა, რომ აფხაზეთის ომის დასაწყისში ქართველებს „ტყვეები არ აჰყავდათ“ და მათ „ხვრეტდნენ [ჩვენები]“, მის წინააღმდეგ გამოძიება „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ მუხლებით დაიწყო. მოგვიანებით ბარამიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა, მათ შორის თქვა: „არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით“.
ასევე ნახეთ
სოხუმში „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდეს ბარამიძის წინააღმდეგ გამოძიებასსხდომა გაეროში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 აგვისტოს გამართული სხდომის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის საკითხებში, მოჰამედ ხალედ ხიარმა, მოხსენება წარადგინა და საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
სხდომის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ლატვიის, დანიისა და საბერძნეთის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების, ავსტრიისა და პორტუგალიის, წარმომადგენლებმა.
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეჭრამ საქართველოში სათავე დაუდო რუსეთის უფრო აგრესიულ პოზიციას მისი მეზობლების მიმართ... რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებებით“, განაცხადა უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების სახელით ლატვიის წარმომადგენელმა ოლეგს ილგისმა.
ასევე ნახეთ
რას ებრძვის "ქართული ოცნება", როდესაც ამბობს, რომ ებრძვის რუსოფობიას?„ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები“
განცხადების ავტორების თქმით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში:
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და გაეროს წესდების საწინააღმდეგოდ გაგრძელებულ უკანონო სამხედრო ყოფნას, ეფექტური კონტროლის განხორციელებასა და საქართველოს ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“.
საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაეროში ლატვიის წარმომადგენელმა წაიკითხა
განცხადებაში საუბარია:
- ცხინვალსა და მოსკოვს შორის 9 მაისს ხელმოწერილ „შეთანხმებაზე“, რომელიც „მოკავშირეობრივი ურთიერთობების გაღრმავებას“ ითვალისწინებს;
- მისი იმპლემენტაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე „რუსეთის მოქალაქის ხელმძღვანელად დანიშვნაზე“ (საუბარია მარატ კამბოლოვზე - რ.თ.);
- საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემასა და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებაზე.
ასევე ნახეთ
„საპრეზიდენტო არჩევნები“ ცხინვალში - რატომ ვიცით წინასწარ, ვინ გაიმარჯვებს?საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნები მიესალმებიან ნაურუს გადაწყვეტილებას, რომელმაც უკან გაეწვია ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება, და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდეს, მიბაძონ მას და პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ამ ეტაპზე, რუსეთის გარდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ მიიჩნევენ სირია, ნიკარაგუა და ვენესუელა.
უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა განცხადებაში დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „განგრძობითი პროვოკაციები“, მილიტარიზაცია, უკანონო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყება, ასევე ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დარღვევები.
ასევე ნახეთ
საქართველო ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის მზადაა - კობახიძემათ ასევე გაიხსენეს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებმაც დაადასტურა რუსეთის ფედერაციის, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებლის, პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე.
განცხადების მონაწილეები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს,
- სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან;
- უკან გაიწვიოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება;
- არ შეუშალოს ხელი ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და დაუშვას ორივე რეგიონში საერთაშორისო უფლებადამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციები.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საჭიროებას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის საფუძველზე.
2008 წლის ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების - სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.