საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემის აკრძალვა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო დეპარტამენტს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა.

შეზღუდვა, მათ შორის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეებს შეეხებოდა.

საიმიგრაციო ვიზები სჭირდებათ მათ, ვინც აშშ-ში მუდმივად ცხოვრებასა და მუშაობას გეგმავს. ვიზების გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს ოჯახის გაერთიანება, ქორწინება, შვილად აყვანა ან „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მოგება.

როგორც Reuters სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წერს, მანჰეტენის სასამართლოს მოსამართლემ სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკას „აშკარად უკანონო“ უწოდა. მისი შეფასებით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც ვიზების გაცემის აკრძალვა მხოლოდ განმცხადებლების მოქალაქეობას დაუკავშირა.

მოსამართლის განცხადებით, კანონმდებლობა სახელმწიფო მდივანს საკონსულო თანამშრომლების საქმიანობაში ამგვარად ჩარევის უფლებას არ აძლევს. ცალკეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა პირდაპირ ეწინააღმდეგება განაცხადების განხილვის კანონით დადგენილ პროცედურას.

სახელმწიფო დეპარტამენტმა შეზღუდვები იანვარში შემოიღო. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ჩამონათვალში შესული ქვეყნებიდან ჩამოსული პირები მაღალი ალბათობით შესაძლოა სახელმწიფოსთვის ფინანსურ ტვირთად ქცეულიყვნენ და აშშ-ში სოციალური დახმარებით ესარგებლათ.

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო დეპარტამენტს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ

„თითქოს ახლოს იყო ოცნების ახდენა“ - საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის საიმიგრაციო ვიზებს ვეღარ მიიღებენ

სავიზო დეპოზიტები

საიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ეხებოდა სასწავლო, ტურისტულ და საქმიან ვიზებს. თუმცა, ორ უკანასკნელზე საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის კიდევ ერთი შემზღუდავი ზომა - სავიზო დეპოზიტის პროგრამა - მოქმედებს.

50 ქვეყნის მოქალაქეებს ვიზაზე განაცხადის შეტანისას სოლიდური თანხის დეპოზიტზე შეტანა მოეთხოვებათ.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში საკონსულო თანამშრომლებს შეეძლოთ მოეთხოვათ დეპოზიტი 5, 10 ან 15 ათასი დოლარის ოდენობით. მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ამოქმედებული წესის მიხედვით, დეპოზიტის თანხა 10, 15 ან 20 ათასი დოლარით განისაზღვრა.

50 ქვეყანაში არ შედის საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყანა - არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც თურქეთი. სიაშია 30 აფრიკული სახელმწიფო.

საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის 10-წლიანი ვიზებიც აღარ გაიცემა.

ამ ფონზე „ქართული ოცნების“ მთავრობა აცხადებს, რომ ამერიკასთან 2024 წელს შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სურს.