დე ფაქტო უწყების კომენტარში ნათქვამია, რომ ბარამიძე საუბრობდა „1992–1993 წლებში აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე“.
„(პროკურატურის) გადაწყვეტილება წარმოადგენს ზეწოლის მცდელობას ქართული საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ათწლეულების შემდეგ წარსულის ტრაგიკული მოვლენების ობიექტურად გააზრებისა და ჩადენილი დანაშაულების აღიარების მზადყოფნას გამოთქვამს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სოხუმში მიიჩნევენ, რომ „ისტორიული ფაქტების საჯარო განხილვის შეზღუდვის მცდელობები ვერ შეცვლის ისტორიულ მეხსიერებას და მომხდარი მოვლენების ობიექტურ შეფასებას“.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში საუბრობენ „ამ დანაშაულების აღიარების, მათი ყოვლისმომცველი გამოძიებისა და სათანადო საერთაშორისო-სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზე“.
ასევე ნახეთ
გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყორას ედავებიან ბარამიძეს?
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის, გიორგი ბარამიძის მიერ გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება „სამშობლოს ღალატის“ მუხლით დაიწყო.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ორი კვირის წინ YouTube-ში გამოქვეყნდა გადაცემა „საქართველოს დაბადების“ მორიგი ეპიზოდი, რომლის სტუმარიც იყო გიორგი ბარამიძე. 18 ივლისს განთავსებული გადაცემის იმ ნაწილში, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლას შეეხებოდა, მან ასეთი რამ თქვა:
„პირველი ტყვეები რომ ჩავარდნენ ჩვენი, გაგრა რომ დაეცა, მეფარიშვილის ბატალიონი ერქვა, იბრძოლეს ბოლომდე ბიჭებმა, უბრალოდ, ტყვია-წამალი დაუმთავრდათ და 45 კაცი ჩავარდა ტყვედ.
ვთქვი, რომ წავალ სოხუმში და იქ ვიღაცას დავუკავშირდე „წითელი ჯვარის“ მეშვეობით, იქნება დაგვაკავშირონ და დავიწყოთ ამ ხალხის გამოხსნა. ის ცალკე ისტორიაა, ისინი როგორ გამოვიყვანეთ, პირველად როგორ შევედი "წითელი ჯვრის" დახმარებით, როგორ გავიცანი ანქვაბი, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორ შევედი მათივე ხელით აშენებულ საკონცენტრაციო ბანაკში გუდაუთაში...
შევედი, ვთქვი: „გამარჯობა, გიორგი ბარამიძე ვარ, პარლამენტის წევრი და აი, გიპოვეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოგიყვანოთ და ყველანი გამოვიყვანეთ...“
მისი ნათქვამის ეს ფრაგმენტი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში, სადაც მას აკრიტიკებდნენ, არ მოხვდა.
გადაცემის მიღმა გავრცელებული ვიდეოჩანაწერი იწყება სიტყვებით, რომლებიც მანამდე ნათქვამის გაგრძელებაა: „მაგრამ აღარ გვაძლევდნენ ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ გვყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“.
ამ დროს გადაცემის წამყვანმა, პოლიტიკოსმა იაგო ხვიჩიამ იკითხა: „რატომ?“
გიორგი ბარამიძემ მას უთხრა, რომ „ხვრეტდნენ [ჩვენები]“.
- წამყვანი: „რატომ იყო ეს აუცილებელი?“
- ბარამიძე: „აუცილებელი არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია..."
- წამყვანი: „იქითა მხრიდანაც ხომ იგივე ხდებოდა?“
- ბარამიძე: „იქ დისციპლინა იყო. იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა და ისინი იყვანდნენ ტყვეებს“.
„ქართველებს ბუნებრივად ჰყავდათ ნაკლები ტყვე“ - კობა ლიკლიკაძე
აფხაზეთის ომის დროს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული პრესცენტრის სამხედრო ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძე, რომელიც ახლა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორია, ამბობს, რომ გიორგი ბარამიძე ვიდეოჩანაწერში ცრუობს. მისი თქმით, ამ განცხადების შემდეგ „სულ მცირე, ბოდიში უნდა მოიხადოს“.
„საქართველო იყო თავდაცვის ბრძოლაში და ქართველებს ბუნებრივად ჰყავდათ ნაკლები ტყვე... მე არ ვიცი, ვინ დახვრიტეს, სად დახვრიტეს. თვითონაც ხომ არ მონაწილეობდა, შემთხვევით?! - აბა, როგორ შეიძლება, რომ მე ვიცოდე, ვინმე დახვრიტეს და ასეთი საზარელი დანაშაული არ ვაცნობო ყველას. დატყვევებული ჯარისკაცის არათუ დახვრეტა, არამედ არაჰუმანური მოპყრობა არის სამხედრო დანაშაული...“
კობა ლიკლიკაძე
კობა ლიკლიკაძე ამბობს, რომ ვეტერანებისთვის გიორგი ბარამიძის განცხადება შეურაცხმყოფელი იყო:
„ჩვენს სამსახურთან დაკავშირებულმა ვეტერანთა კავშირებმა ერთმნიშვნელოვნად ეს აღიქვეს პირად შეურაცხყოფად, იმ ადამიანების შეურაცხყოფად, ვინც 1992-1993 წლებში ასრულებდა საბრძოლო დავალებებს აფხაზეთში... მეორე მხრივ, მან სახელმწიფო დააყენა საფრთხის წინაშე - არაერთხელ ეკავა მაღალი თანამდებობა და მან იცის, რომ ამ განცხადებას აუცილებლად გამოიყენებენ სეპარატისტები და მათი მხარდამჭერი მოსკოველი ბოსები“.
ბარამიძის განმარტება
გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ მზადაა, აფხაზეთის ომთან დაკავშირებული თავისი განცხადება განმარტოს, მაგრამ არა პროკურატურაში, არამედ სასამართლოში - მაგისტრატ მოსამართლესთან.
გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებული განცხადების გამო გამოძიება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ მუხლებით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს დააბრუნა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბარამიძე აღნიშნავს, რომ არ გაჰკვირვებია „რუსული მარიონეტული რეჟიმის მიერ“ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომისა და რუსეთის შემოჭრის დაწყების დღეს დაემთხვა.
გიორგი ბარამიძე
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ რუსეთის მხრიდან უკვე ვარ გასამართლებული უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო და რუსულმა სასამართლომ 6,5 წლით პატიმრობა მომისაჯა“, - ამბობს ბარამიძე.
რაც შეეხება აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ განცხადებას, ბარამიძის თქმით, ხელისუფლებამ მისი სიტყვების თავისებური ინტერპრეტაცია მოახდინა.
„(ინტერვიუში) ვლაპარაკობდი იმაზე, რაც ხდებოდა ომის დაწყების პირველ დღეებსა და კვირებში - იმ სირთულეზე, რაც გვქონდა ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით. რა არის მაგაში გასაკვირი, რომ ომის დროს გამწარებულმა, დედამოკლულმა და უბედურებაგადატანილმა ადამიანმა მტერს ესროლოს?! ომი იმიტომ არის ცუდი, რომ ადამიანი ადამიანს კლავს. რეჟიმმა და პროპაგანდამ ისე მონათლეს ჩემი განცხადება, თითქოს ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე ვხვრეტდით. ეს აბსოლუტურად არ მითქვამს და არ შეესაბამება სინამდვილეს. უბრალოდ, არ აჰყავდათ ჩვენებს ტყვეები, იმიტომ რომ მტერი იყო, მტრად მიაჩნდათ და იმ პერიოდში საჭიროდ არ მიიჩნევდნენ აყვანას“, - ამბობს ბარამიძე.
მისივე თქმით, საუბარი არ ყოფილა „რეგულარულ ქართულ ჯარზე ან, მით უმეტეს, სახელმწიფო პოლიტიკაზე“.
„მაგალითად, ოჩამჩირის ფრონტზე, სადაც მე ვიყავი, ჩვეულებრივი მოხალისეები იყვნენ. ასევე იყო არაფორმალური გაერთიანება „მხედრიონი“. პირველ დღეებში ქაოსი იყო - ეს არის სიმართლე“, - აცხადებს ბარამიძე.
რაც შეეხება ომის შემდგომ პერიოდს, პოლიტიკოსი იხსენებს, რომ ტყვეთა გაცვლაში პირადად მონაწილეობდა.
„ინტერვიუში ვთქვი, რომ მე და ჩემს მოადგილეს, პაატა ზაქარეიშვილს, 200 ტყვე გვყავს გათავისუფლებული. როგორ გავათავისუფლებდით იმ 200 ტყვეს, თუ ჩვენი მხარის მიერ დაკავებულ ტყვეებში არ გავცვლიდით?! რა თქმა უნდა, ჩვენც გვყავდა ტყვეები შემდგომ პერიოდში“, - დასძინა ბარამიძემ.
ასევე ნახეთ
რა უძღოდა აგვისტოს ომს? - საქართველო სცილას და ქარიბდას შორისაფხაზეთის ომის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. წელს 34 წელი შესრულდება.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები.
საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსული არმია.
აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.
დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.