„ტერაბანკსა“ და „ბილტმორს“ სომეხი ბიზნესმენი ყიდულობს - რა ვიცით გარიგებაზე

კოლაჟი: შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი, კარენ საფარიანი (მარჯვნივ), სასტუმრო ბილტმორი და „ტერაბანკი“

სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის კუთვნილი Arins Group-ი ქართულ „ტერაბანკსა“ და თბილისში მდებარე სასტუმრო „ბილტმორს“ ყიდულობს. ამ გარიგების შედეგად, რომლის ღირებულება არ სახელდება, საქართველოს ტოვებს „დაბი ჯგუფი“ - მსხვილი ინვესტორი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

„ტერაბანკის“ განცხადება

„ტერაბანკმა“ ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა ბანკში „ახალი სტრატეგიული ინვესტორის“ შემოსვლაზე.

განცხადების მიხედვით, „ტერაბანკის“ აქციონერსა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ AGE S.A.-ს შორის „ტერაბანკის“ აქციების შეძენის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

„ტერაბანკში“ ამბობენ, რომ ბანკში ინვესტიცია Arins Group-ის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის ნაწილია.

Arins Group-ს ეკუთვნის „არდშინბანკი“ - სომხეთში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი.

„ტერაბანკის“ ფილიალი თბილისში - ფოტო არქივიდან

„საქართველო რეგიონული გაფართოებისთვის პრიორიტეტულ ბაზრად შეირჩა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკის, დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ძლიერი საზედამხედველო ჩარჩოს გათვალისწინებით“, - აცხადებენ ბანკში.

პრესრელიზის მიხედვით, „ტრანზაქციის დასრულება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საჭირო ნებართვების გაცემის შემდეგ იგეგმება“.

„ტერაბანკის“ პრესრელიზში არ არის ნახსენები „ბილტმორი“, თუმცა მოგვიანებით ლუქსემბურგში დაფუძნებული კომპანია AGE S.A.-ს განცხადება გავრცელდა, სადაც სასტუმროს გაყიდვაზეც არის საუბარი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

რუსულმა ტელეგრამ-არხმა Бойлерная-მ „ტერაბანკის“ შესაძლო გაყიდვის შესახებ 26 ივლისს დაწერა.

წყაროებზე დაყრდნობით, ტელეგრამ-არხის ავტორი წერდა, რომ „ტერაბანკს“ „არდშინბანკი“ შეიძენდა, თუმცა, მისი მტკიცებით, გარიგება რუსული საერთაშორისო საგადახდო სისტემის, А7-ის, და მისი მფლობელის, მოლდოველი პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის ინტერესებს ემსახურებოდა.

რუსულ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ А7 სანქციების გვერდის ავლისთვის შეიქმნა და მასთან შესაძლოა რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი იყოს დაკავშირებული. А7-ის წინააღმდეგ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებია ამოქმედებული.

Бойлерная ასევე ამტკიცებდა, რომ გარიგებას მმართველ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ლობირებდა და მას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან პირადი კავშირები ეხმარებოდა.

ვანო ჩხარტიშვილი

24 აგვისტოს ინფორმაცია უკვე ტვ „პირველმა“ გაავრცელა, რომელსაც ხელში ჩაუვარდა „ტერაბანკის“ გაყიდვასთან დაკავშირებით წინასწარ მომზადებული პრესრელიზი. საუბარი იყო გარიგებაში ჩხარტიშვილის სავარაუდო მონაწილეობაზეც.

25 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედმა“ ვანო ჩხარტიშვილის განცხადება გაავრცელა. ბიზნესმენი ამბობს, რომ არ ყოფილა ჩართული არც „ტერაბანკისა“ და არც სასტუმრო „ბილტმორის“ გასხვისებაში და ამ საკითხზე შეხვედრა არ გაუმართავს. ჩხარტიშვილის თქმით, ბოლო წლებში მისი საქმიანობა „ძირითადად სოციალურ პროექტებს უკავშირდება“.

რა თქვეს ეროვნულ ბანკში?

საქართველოს ეროვნულ ბანკში 24 აგვისტოს განაცხადეს, რომ სებისთვის ცნობილია სს „ტერაბანკით“ სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „არდშინბანკის“, დაინტერესების შესახებ, „თუმცა ამ ეტაპზე კომპანიას ოფიციალურად მარეგულირებლისთვის არ მოუმართავს“.

„კომერციული ბანკების შესახებ“ კანონის თანახმად, ბანკის მნიშვნელოვანი წილის გასხვისებისთვის აუცილებელია სების თანხმობა.

ეროვნული ბანკის ცნობით, უწყება „თავისი მანდატიდან გამომდინარე შეისწავლის და მიიღებს გადაწყვეტილებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

ვინ ფლობს „არდშინბანკს“?

სების ინფორმაციით, „არდშინბანკი“ სომხეთის უმსხვილესი და „სისტემურად მნიშვნელოვანი უნივერსალური ბანკია“, რომელსაც 2025 წლის მდგომარეობით ბაზრის 20,6%-იანი წილი უკავია.

„ეს პოზიცია „არდშინბანკს“ სომხეთის №1 ბანკად აქცევს აქტივების, დეპოზიტების, კაპიტალის, საცალო დეპოზიტების, წმინდა მოგებისა და ფილიალების ქსელის მიხედვით“, - ამბობენ ეროვნულ ბანკში.

ბანკის მაკონტროლებელი აქციონერია Arins Group LLC, რომელიც ბანკის აქციების 98,918067%-ს ფლობს. ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეა კარენ საფარიანი - Arins Group LLC-ის ერთადერთი მეწილე.

„არდშინბანკმა“ 2024 წელს სომხურ ბაზარზე მოქმედი კიდევ ერთი ბანკი, HSBC Bank Armenia იყიდა, მას HSBC Bank Malta-ს შეძენაც სურდა.

საფარიანის რუსული და სომხური ბიზნესი

„არდშინბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საფარიანი ბანკს მისი დაფუძნების დღიდან, 2003 წლიდან, ხელმძღვანელობს.

კარენ საფარიანი 1963 წელს ბაქოში დაიბადა და აზერბაიჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა.

1980-იანი წლების ბოლოს ის სომხეთში, 1990-იან წლებში კი რუსეთში გადავიდა, სადაც ბიზნესსაქმიანობა დაიწყო. ბანკის ვებგვერდის თანახმად, 2000-იანი წლების დასაწყისში ის რუსეთსა და სომხეთში „ათეულობით ბიზნესს ფლობდა“ - საბანკო სექტორის გარდა, სამრეწველო და სამშენებლო ბიზნესებს.

საფარიანის პროექტებს შორის იყო ერევანში ერთ-ერთი სამთავრობო და მერიის შენობების მშენებლობა.

2007 წლიდან მან „ბიზნესინტერესების სფეროს ცვლილება“ გადაწყვიტა. 2008 წლიდან რუსეთში სამშენებლო და სამრეწველო ბიზნესი შეწყვიტა, 2019 წლიდან კი მისი ბიზნესსაქმიანობა, ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ სომხეთის საფინანსო სექტორში გრძელდება.

„არდშინბანკის“ გარდა, ის ფლობს სადაზღვევო კომპანია Armenia Insurance-სა და საინვესტიციო ფონდებს.

ასევე ნახეთ

სომხეთში დააკავეს ოპოზიციონერი ექსპრეზიდენტი და მისი ვაჟი

„ტერაბანკის“ ისტორია

1999 წელს შექმნილი ბანკი 27 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახელით ოპერირებდა. მათ შორის იყო „სტანდარტ ბანკი“ და „კორ სტანდარტ ბანკი“, შემდეგ კი - „ტერაბანკი“.

2007 წლის ბოლოს, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საკუთრებაში არსებულ „სტანდარტ ბანკში“ დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნა, 2008 წლის მარტში, პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ კი ის არაბულმა „დაბი ჯგუფმა“ შეიძინა.

„ტერაბანკის“ სახელით საფინანსო ინსტიტუტი 2016 წლიდან მუშაობს. მისი აქციების 80%-ს ფლობს და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი.

შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანი საქართველოს იმჟამინდელ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. 2015 წელი

აქციების 15%-ს ფლობს შეიხი მოჰამად ბუტი ალ ჰამედი, 5%-ს კი - შპს „ინვესტმენტ ტრეიდინგ გრუპი“.

შეიხ ნაჰაიანის ინვესტიციით აშენდა თბილისში სასტუმრო „ბილტმორიც“.

„ტერაბანკი“ საქართველოში აქტივების ზომით რიგით მეექვსე უმსხვილესი ბანკია. მისი ჯამური აქტივები 2026 წლის ივლისის მდგომარეობით 2,27 მილიარდ ლარს შეადგენს.

„დაბი ჯგუფის“ გასვლა საქართველოდან

ოპოზიციონერი რომან გოცირიძე „სამწუხარო ფაქტად“ აფასებს საქართველოდან „დაბი ჯგუფის“ გასვლას.

„რეალური ინვესტორი ემირატებიდან მიდის, უფულო „იგლ ჰილსი” კი შემოდის“, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

სასტუმრო „ბილტმორი“ თბილისში

„განსაკუთრებით დასანანია „ბილტმორის” გაყიდვა - ეს ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიცია იყო სასტუმროების სფეროში. 140 მილიონი დოლარი დაჯდა მისი აშენება და გამართვა“, - აღნიშნავს გოცირიძე.

პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ სასტუმრო კვლავ დარჩება სინგაპურული ჯგუფის, Millennium-ის მართვაში; ფიქრობს, რომ „სერიოზული უცხოელი ინვესტორის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება შეიძლება აიხსნას ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციითა და საინვესტიციო მიმზიდველობის დაკარგვით“.

ასევე ნახეთ

"იგლ ჰილსის" უბანი ნაკრძალში - როგორ დავათვალიერეთ კრწანისის ჭალები

გარიგებები საბანკო სექტორში

საქართველოსა და სომხეთში მოქმედ ბანკებს შორის პირველი მსხვილი გარიგება 2024 წელს გაფორმდა. „საქართველოს ბანკის ჯგუფმა“ მაშინ სომხეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, „ამერიაბანკი“, შეიძინა.

„ამერიაბანკის“ მსხვილი აქციონერი იყო მილიარდერი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი - მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

2025 წლის მდგომარეობით, Lion Finance Group-ი და მისი შვილობილი „საქართველოს ბანკი“ „ამერიაბანკის“ 90%-ს ფლობენ, 10%-იანი წილი კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშია.

ასევე ნახეთ

რას ცვლის "ბაზისბანკის" გამსხვილება - "ლიბერთის" სანქციების შიშის მოხსნა და ჩინური ინვესტიცია

მიმდინარე წლის აპრილში ქართულ ბაზარზე უმსხვილესი საბანკო გარიგება შედგა: ჩინური „ჰუალინგ ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულმა „ბაზისბანკმა“ „ლიბერთი ბანკი“ იყიდა, რომლის თანამფლობელი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე იყო.