პროკურორი მიესალმება, ადვოკატები ასაჩივრებენ მიქაძეების განაჩენს ჯანგველაძის საქმეზე

ფოტოკოლაჟი. მარცხნიდან მარჯვნივ: პროკურორი ლევან ვეფხვაძე და ადვოკატები ლიკა ბითაძე, შორენა ნიქაბაძე და ზვიად კორძაძე

პროკურორი მიესალმა სასამართლოს მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთათვის უვადო პატიმრობის მისჯას, ადვოკატებმა კი გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელი, უკანონო და შეკვეთილი უწოდეს და განაცხადეს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება, - პოტენციურად, სტრასბურგის სასამართლოშიც კი.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხშაბათს, 2026 წლის 6 მაისს, გამოაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.

გადაწყვეტილებას მიესალმნენ ჯანგველაძეების ოჯახის ახლობლები და მხარდამჭერები - რომლებიც მრავლად იყვნენ სასამართლოს ეზოში.

განაჩენი: უვადო პატიმრობა

„კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით უვადო პატიმრობა მიუსაჯეს:

  • თბილისელ ბიზნესმენებს, ძმებს, დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებს;
  • გიორგი ჯოხაძეს, - რომელსაც მედიაში „კრიმინალურ ავტორიტეტს“ უწოდებენ.

სამი მსჯავრდადებულიდან მხოლოდ გიორგი მიქაძე იმყოფება საქართველოში - იგი 2025 წლის 8 აგვისტოდან „წინასწარ პატიმრობაშია“.

დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ მიმალვაში არიან.

მიქაძემ 6 მაისის სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა, კვლავ უარყო ბრალდება და თქვა, რომ რაც ხდება, „არის წინასწარ დაანონსებული ბრალდების ქრონიკა“.

ასევე ნახეთ

მიქაძეებსა და ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით

„არ არსებობს მტკიცებულებები“ - ადვოკატები

ძმები მიქაძეების ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სასამართლოს შესასვლელთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა:

„განაჩენი არის უკანონო. არ არსებობდა და არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიქაძეების ბრალს“.

მისი სიტყვებით, გარემოება, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო, ადასტურებს, რომ „საქმე არ გადაწყვეტილა სამართლებრივ ასპექტში“.

მათმა კიდევ ერთმა ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ, განაცხადა:

„საქმეში მტკიცებულად წარმოდგენილი იყო ერთადერთი პატაკი [პოლიციელის, რომიკო გოგიაშვილის პატაკი], რაც სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში ვერასდროს უნდა ხდებოდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი“.

მისი თქმით, დღეს „მართლმსაჯულება დამარცხდა“:

„დღევანდელ პროცესზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამარცხდა მართლმსაჯულება, იმიტომ რომ ეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია როგორც კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ნორმების დარღვევით“, - თქვა შორენა ნიქაბაძემ.

ადვოკატი ლიკა ბითაძე

გიორგი მიქაძის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რომეო ტყეშელაშვილის განაჩენი იყო „ყველაზე უკანონო, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო განაჩენი“.

„ამით არაფერი არ დასრულებულა. ყველაფერი გვაქვს წინ, ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე. ბევრჯერ გვინახავს პირველ-მეორე ინსტანციაში გამართლებული და მესამეში გამტყუნებული და ასე შემდეგ და ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე“, - თქვა მან.

„რაც გვეკუთვნოდა, მივიღეთ“ - უცნობი კაცი

ადვოკატ ზვიად კორძაძესთან, - როდესაც ჟურნალისტებთან საუბარს იწყებდა, - მივიდა უცხო პირი, ჯანგველაძეების მხარდამჭერი, რომელმაც ადვოკატს ხმამაღლა მიმართა და კმაყოფილება გამოხატა გამოტანილი განაჩენისადმი.

  • „ხომ მიიღეთ, რაც გინდოდათ?“ - შეკითხვით უპასუხა კორძაძემ.
  • „მივიღეთ!“
  • „თავისუფალი ბრძანდებით“, - უთხრა ადვოკატმა.
  • „რაც გვეკუთვნოდა, ის მივიღეთ. რაც გვეკუთვნოდა, იმაზე ნაკლები მივიღეთ“.
  • „თავისუფალი ბრძანდებით“, - გაიმეორა მან.

უცნობი პირი ზვიად კორძაძესთან, სასამართლოს შესასვლელთან

„მტკიცებულებათა ერთობლიობით“ - პროკურორი

„საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ერთობლიობაში ადასტურებდა ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

მან ამ მტკიცებულებებს შორის ჩამოთვალა „მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეომასალა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა“.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რა არის უმთავრესი მტკიცებულებები, პროკურორმა დაასახელა, რომ მთავარი მტკიცებულება არის მიხეილ ბერძენიშვილის ჩვენება, არის რომიკო გოგიაშვილის ინფორმაცია, პატაკი „რომელიც დეტალურად აღწერს დაპირისპირებასთან დაკავშირებით [გარემოებებს]“.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე

  • მის მიერ დასახელებული ამ ორი მტკიცებულებიდან პირდაპირი მტკიცებულება არცერთი არ არის.
  • მიხეილ ბერძენიშვილი არის ლევან და მერაბ ჯანგველაძეების მამიდაშვილი, რომელმაც მოკლულის დაპირისპირებაზე ისაუბრა მიქაძეებთან და ოთარ ფარცხალაძესთან;
  • რომიკო გოგიაშვილი კი არის დეტექტივი, რომლის მიერ მომზადებულ პატაკშიც ასევე საუბარია ირაკლი უსოიანის და ფარცხალაძის დაპირისპირებაზე ჯანგველაძესთან; პატაკში ამ ინფორმაციის წყარო არ არის დასახელებული; ამას წინ უძღოდა იმავე შინაარსის ფეისბუკპოსტის გამოქვეყნება უცნობი პირის, „ჯონათან ჯონის“ მიერ.

პროკურორმა ამ კრიტიკაზე პასუხად თქვა: „დაცვის მხარეც ხშირად აპელირებდა, რომ "პირდაპირი სახის მტკიცებულება არ არსებობს“ და ასე შემდეგ. დასაწყისში, როდესაც ამ საქმის განხილვას ვიწყებდით, - არა მარტო ამ საქმეს, არამედ გელა უძილაურის საქმის განხილვისასაც, - ვამბობდი, რომ ეს არ არის მარტივი საქმე“.

მისი თქმით, „შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის გამოძიება დაკავშირებულია ძალიან ბევრ სირთულესთან“.

„შესაბამისად, ბრალდების მხარემ და საგამოძიებო ორგანომ შეძლო ყველა შესაძლებელი მტკიცებულება, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ საქმესთან დაკავშირებული, მოიძია“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

„3000 დოლარი ცრუ ჩვენებაში“ - სასამართლომ არ მიიღო სკანდალური ვიდეო ჯანგველაძის საქმეზე

„პოტენციურად - სტრასბურგის სასამართლოში“

ადვოკატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ჯერ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო თუ განაჩენი იგივე დარჩა, სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობენ.

„ამ საქმეზე წინ არის გასაჩივრება, საქართველოს სასამართლოს ორი ინსტანცია“, - თქვა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

„თუ ასე დარჩა [განაჩენი], აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, იმიტომ რომ საქმეზე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, საქმე გამყარებულია მხოლოდ პოლიციელების პატაკებით, რომელიც ემყარება ანონიმურ წყაროებს, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობს“, - განაცხადა მან.

ზვიად კორძაძის თანახმად, წინ „გრძელი ბრძოლაა“, რომლისთვისაც მზად არიან.

ასევე ნახეთ

„გამოგეკითხათ, იქნებ აღიარებს?“ - ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად პროკურორმა „დედ ჰასანის“ შვილიშვილი დაასახელა

მიქაძის საბოლოო სიტყვა

რომიკო გოგიაშვილის პატაკის თანახმად, „ოპერატიული ინფორმაციით“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა ირაკლი უსოიანმა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს „ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ“ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.

გიორგი მიქაძემ დღევანდელ სხდომაზე, ერთსაათიან საბოლოო სიტყვაში ამ საკითხზეც ისაუბრა და ეს ბრალდება უარყო. მან საერთოდ უარყო ირაკლი უსოიანთან ნაცნობობაც.

„უსოიანების შთამომავლობიდან არცერთთან არასოდეს გადაკვეთა არ მქონია“, - IPN-ის ცნობით, თქვა გიორგი მიქაძემ. „ინტერპრესნიუსი“ ერთადერთი მედია იყო, რომელიც შეუშვეს დასკვნით სხდომაზე, რომელიც მცირე დარბაზში ჩატარდა.

ასევე ნახეთ

მოწმის თქმით, ფარცხალაძე, მიქაძე და „თანამდებობის პირები“ წვეულებებზე ერთად უნახავს | ჯანგველაძის მკვლელობის საქმე

„ხუთი მილიონი კი არა, ხუთი მილიარდიც რომ მომცეს ვინმემ, კაცს არ მოვკლავ. ოჯახში გავიზარდე ტრადიციებით. არც ანგარებით მომიკლავს ლევან ჯანგველაძე და არც სხვა მიზეზით“, - განაცხადა მან.

„ამ ტრადიციებით გავზარდე ჩემი ძმაც, რომელიც ფულის გამო კაცს არ მოკლავს",- განაცხადა მიქაძემ და დასძინა, შთაბეჭდილება მრჩება, ციხეში ჯანგველაძის მკვლელობის გამო კი არა, „ვიღაცის ნების გამო“ ვარო.

მოგვიანებით პროკურორმა ვეფხვაძემ თქვა, რომ ჰქონდა მოლოდინი, მიქაძე „საქმის ფაქტობრივ გარემოზე ისაუბრებდა, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა.“

„ერთი ფრაზა მენიშნა ბატონი გიორგი მიქაძის გამოსვლაში. მე არასდროს განმისჯია ლევან ჯანგველაძეო. და რატომ? რატომ უნდა განესაჯა მას ლევან ჯანგველაძე?“ - განუცხადა პროკურორმა ჟურნალისტებს.

დამაზუსტებელ კითხვაზე, როგორ ინტერპრეტაციას უკეთებს ამ ნათქვამს, - „ანუ მათ კონფლიქტი ჰქონდათ?“ - პროკურორმა არ უპასუხა: „მეტი რაღა უნდა გითხრათ. „განსჯა“... დანარჩენი თავად შეაფასეთ“.

ასევე ნახეთ

8 ახალი დეტალი ჯანგველაძის საქმეზე მორგოშიას დაკითხვიდან: Wildberries, „პოლიტიკაში ჩართვა“ და „ფარცხალაძის შფოთვა“
  • ლევან ჯანგველაძე, - ევროპაში მცხოვრები „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმა - 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ვაკეში მოკლეს.
  • მისი მკვლელობის ბრალდებით, 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ სპეცრაზმელ გელა უძილაურს, - გიორგი ჯოხაძის ყოფილ პირად მცველს.
  • მან მკვლელობა აღიარა, თუმცა შეკვეთას და მკვლელობის განზრახვას დღემდე არ აღიარებს.
  • 2025 წლის 29 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ორგანიზატორად ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე (წარსულში ოთარ ფარცხალაძე) დაასახელა და მასზე ძებნა გამოაცხადა.
  • ბრალდებას ფარცხალაძეც უარყოფს. მისი საქმე ცალკეა გამოყოფილი და ჯერ სასამართლოს საქმის არსებითი განხილვა არ დაუწყია.

ასევე ნახეთ

„საქმე უცხოელი პატრონების დაკვეთით შეკერეს“ - ფარცხალაძე დუმილს არღვევს, თუმცა ბევრს არაფერს ამბობს