Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამოგეკითხათ, იქნებ აღიარებს?“ - ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად პროკურორმა „დედ ჰასანის“ შვილიშვილი დაასახელა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დაასახელა ირაკლი უსოიანი, რომელიც „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილია.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დაასახელა ირაკლი უსოიანი, რომელიც „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილია.

„კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ინიციატორად და შემკვეთად პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დღევანდელ, ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე დაასახელა რუსეთში მცხოვრები ირაკლი უსოიანი, წლების წინ მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი. თუმცა უსოიანი პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ.

თავად ირაკლი უსოიანის პოზიცია ამ ბრალდებაზე უცნობია. ყველა სხვა დადანაშაულებული მკვლელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს, - მათ შორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.

განსასჯელთა ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურა, ფაქტობრივად, სასამართლოს უბიძგებს, საკითხის გამოკვლევის შესაძლებლობის გარეშე დაასახელოს უსოიანი დანაშაულის დამკვეთად.

პროკურორი კი ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება და ამ უწყების გადასწყვეტია, ვის, როდის და რა ფორმულირებით წაუყენებენ ბრალს.

განაჩენი ახლოვდება

სულ ცოტა დარჩა „კანონიერ ქურდ“ მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული სამი ადამიანის - ძმები დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის განაჩენის გამოცხადებამდე. მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

მხარეთა დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ, ოთხშაბათს, 2026 წლის 29 აპრილს, სასამართლომ მათი ბოლო რეპლიკები მოისმინა.

6 მაისს დაინიშნა შემდეგი სასამართლო სხდომა, რომელზეც მოუსმენენ „წინასწარ პატიმრობაში“ მყოფ გიორგი მიქაძეს, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

გამოყოფილი საქმის დანარჩენი ორი ბრალდებული - გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე - საქართველოში არ არიან და მათზე ძებნაა გამოცხადებული.

„პროკურატურამ უნდა აირჩიოს“ - ადვოკატის კრიტიკა

კვირა-ნახევრის წინ ბრალის ფორმულირების კრიტიკის გათვალისწინებით და ადვოკატთა საპასუხოდ, დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საუბარი დაიწყო ბრალდების დადგენილების ციტირებით:

„ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება“.

აი, რა თქვა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ 18 აპრილს:

„პროკურატურამ უნდა აირჩიოს, ან უსოიანმა შეუკვეთა მიქაძეებს, თუნდაც ფარცხალაძის მეშვეობით ჯანგველაძის მკვლელობა, ან ფარცხალაძე და გარდაცვლილი [ჯანგველაძე] დაპირისპირებული იყვნენ და ფარცხალაძემ შეუკვეთა მისი მკვლელობა“.

29 აპრილის სხდომაზე კი პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის თავდაპირველ ინიციატორად და შემკვეთად დაასახელა რუსეთში მცხოვრები ირაკლი უსოიანი, რუსეთში წლების წინ მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი.

პროკურორმა ვეფხვაძემ სასამართლოს წარუდგინა სქემა, რომლის თავშიც ირაკლი უსოიანია გამოსახული, მის ქვეშ კი სამი ადამიანი - ძმები მიქაძეები და ოთარ ფარცხალაძე იყვნენ გამოსახულნი.

„უსოიანმა წამოიწყო“ - პროკურორის პოზიცია

29 აპრილის სხდომაზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა: „ირაკლი უსოიანმა გამოიყენა შანსი, რომ დაპირისპირებაში იყვნენ ძმებ ჯანგველაძეებთან მისთვის კარგად ცნობილი როგორც ოთარ ფარცხალაძე, ასევე დავით და გიორგი მიქაძეები“.

„უსოიანი არის პირველ რიგში ის, ვინც წამოიწყო ეს თემა [ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება], თუმცა შემდეგ უსოიანი დაუკავშირდა ერთდროულად ოთარ ფარცხალაძესა და დავით და გიორგი მიქაძეებს, - რომლებიც მისი ნათელმირონები არიან, - და, რახან იცოდა, რომ მათაც ჰქონდათ დაპირისპირება, მოახდინეს ორგანიზება“, - თქვა მან.

„უსოიანი არის კაცი, რომელსაც ჰქონდა ჯანგველაძესთან დაპირისპირება, რადგან სჯეროდა, რომ მისი ბაბუა მოკლეს ჯანგველაძეების შეკვეთით თუ დახმარებით“, - თქვა ვეფხვაძემ. პროკურორმა ამ ინფორმაციის წყაროდ გამომძიებელ რომიკო გოგიაშვილის პატაკი დაასახელა.

დაცვის მხარე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ პოლიციელთა პატაკები, - თუკი იქ მითითებული ინფორმაცია სხვა ცნობებით არ დასტურდება, სასამართლომ არ უნდა გაითვალისწინოს. სწორედ ასეთად ახასიათებენ ისინი რომიკო გოგიაშვილის პატაკს.

„იქნებ ეამაყება?! გამოგეკითხათ“ - ადვოკატი

„პროკურატურამ თქვა, რომ იცის შემკვეთი, - ირაკლი უსოიანი - და მის მიმართ არ არის არანაირი სამართლებრივი ღონისძიება განხორციელებული“, - თქვა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

ირაკლი უსოიანი საქართველოს პროკურატურას პასუხისგებაში მიცემული არ ჰყავს, მისთვის ბრალი არ წაუყენებია და ძებნა არ გამოუცხადებია, - განსხვავებით ოთარ ფარცხალაძისგან.

„გამოძიება დაიწყო [2025 წლის] 15 მარტს და დღემდე გრძელდება რიგ ეპიზოდებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ძირი საქმიდან არაერთი საქმეა გამოყოფილი. და კვლავ გრძელდება გამოძიება“, - განაცხადა დღეს ლევან ვეფხვაძემ.

„ვის მიმართ, როდის და რა ფორმულირებით მოხდება ბრალის წარდგენა, დამოკიდებულია მტკიცებულებებზე“, - თქვა მან.

„დედ ჰასანის“ შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი. წყარო: ტელეგრამ-არხი BAZA
„დედ ჰასანის“ შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი. წყარო: ტელეგრამ-არხი BAZA

ადვოკატ კორძაძის შეფასებით კი, უსოიანის ამ კონტექსტში ხსენებით, „გამოდის, რომ [პროკურატურას სურს, რომ] სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩაწეროს, რომ უსოიანია შემკვეთი“, - ოღონდ ისე, რომ უსოიანის ბრალეულობის საკითხზე ცალკე სიღრმისეული განხილვა არ ყოფილა. „ამას ითხოვს ამ ყველაფრით პროკურატურა“, - თქვა მან.

„შეიძლება სასამართლოს წარმოუდგინო სქემა, თავში გყავდეს უსოიანი, და მის მიმართ არ იყოს არანაირი ღონისძიება?! რომ ეთქვათ, რომ გაურკვეველი პირები იყვნენ შემკვეთებიო, კიდევ გასაგები იქნებოდა ეს პოზიცია“, - განაცხადა ადვოკატმა.

„როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება რომიკო გოგიაშვილის ჩვენება გამოყენებული იყოს, ირაკლი უსოიანის „შემკვეთობასთან“ დაკავშირებით, - მეტი ხომ არაფერი არ არის საქმეში?! ეს რიტორიკული კითხვა აღარ არის“, - თქვა მან.

ზვიად კორძაძემ გაიხსენა სხვა მოწმეების - მიხეილ ბერძენიშვილის (მოკლულის მამიდაშვილის), მისი ნაცნობი კონსტანტინე (კოკა) მორგოშიას („ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი), ასევე მძღოლის/პირადი მცველის, გია ჩადუნელის ჩვენებები:

„ყველა მათგანმა თქვა, კონკრეტული არაფერი ვიცითო დაკვეთაზე. უსოიანის გვარიც არ უხსენებია სხვას არავის [გარდა გოგიაშვილისა]. გვაქვს მხოლოდ მისი პატაკი, და დღეს ეს კაცი აღმოჩნდა სქემის სათავეში. როდესაც მისი გამოკითხვის მცდელობაც კი არ არის“, - თქვა კორძაძემ.

„იქნებ ეამაყება ადამიანს, რომ შური იძია [ბაბუის მკვლელობისთვის]? ჰკითხე, რა! ამის ნაცვლად უბრალოდ დასვეს სქემის სათავეში“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

კიდევ ერთმა ადვოკატმა, შორენა მიქაბაძემ განაცხადა, რომ უცნაურია პროკურორის მიერ ირაკლი უსოიანის მიქაძეების „ნათელმირონად“ მოხსენიება.

ეს იმიტომ, რომ მისი განმარტებით, უსოიანები, - რომელთა ახლო ნათესავებიც თბილისში, ვარკეთილში ცხოვრობენ, - მათ შორის ირაკლი უსოიანი, რელიგიით იეზიდები არიან და არა მართლმადიდებელი ქრისტიანები.

„დედ ჰასანი“, იგივე ასლან უსოიანი, 2013 წლის იანვარში მოკლეს რუსეთში.
„დედ ჰასანი“, იგივე ასლან უსოიანი, 2013 წლის იანვარში მოკლეს რუსეთში.

„დედ ჰასანი“ და ირაკლი უსოიანი

„დედ ჰასანი“, იგივე ასლან უსოიანი, - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდი", თბილისელი ქურთი იეზიდი, - 2013 წელს მოსკოვში მოკლეს. სწორედ ის ითვლებოდა რუსული კრიმინალური სამყაროს უპირობო ლიდერად.

მისი მკვლელობის შემდეგ კრიმინალურ სამყაროში დაწინაურდა კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“, შაქრო კალაშოვი, - „დედ ჰასანის“ მსგავსად, თბილისელი ქურთი იეზიდი. მან 2024 წელს დატოვა საპატიმრო და თქვა, რომ მოსკოვში გადასახლდა.

ჯანგველაძეები უსოიანის მკვლელობასთან კავშირს - რაზეც სავარაუდო, დაუდასტურებელი ცნობები მედიაში წლების წინ ცირკულირებდა - უარყოფდნენ.

მათმა მამიდაშვილმა, მიხეილ ბერძენიშვილმა, „ქილერობაში“ ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლოს მიმდინარეობისას თქვა:

„ერთადერთხელ მივეცი თავს უფლება, მეკითხა [რამე კავშირი ხომ არ გაქვთ-მეთქი მკვლელობასთან]. როცა „დედ ჰასანი“ მოკლეს, ხშირად რუსეთის ტელევიზიაში ნახსენები იყვნენ ჩემი ძმები - ჯანგველაძეები და სხვები. ლევანმა მითხრა, არანაირი კავშირი და შეხება არ მქონია ამ პიროვნებასთან და მის მკვლელობასთანო“.

„ფარცხალაძის გავლენები“

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა რუსეთში ოთარ ფარცხალაძის გავლენებზეც.

„არ არის რთული ამოსაცნობი, საიდან გახდა მათთვის [მკვლელობის ორგანიზატორებისთვის] ხელმისაწვდომი ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის გამოფრენის შესახებ“, - თქვა მან.

გამოძიების ვერსიით, „კილერმა“ გელა უძილაურმა იცოდა ჯანგველაძის მიერ მარტში თბილისში ჩამოსვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, - ჯანგველაძემ ჩამოსვლა მოულოდნელად, თავისი მეგობრის, გურამ მოქიას გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა.

მოგვიანებით, საპასუხო რეპლიკისას ადვოკატმა ზვიად კორძაძემ გამოძიება ამ ნაწილშიც გააკრიტიკა:

„სასამართლომ უნდა გამოიცნოს, მიქაძეებს ინფორმაციას ფარცხალაძე აწვდიდა თუ არა? ამის მტკიცებულება არაა წარმოდგენილი“, - თქვა მან.

ადვოკატის თქმით, თუკი ლევან ჯანგველაძის გადაადგილებაზე ინფორმაციას ფარცხალაძე მოიპოვებდა და შემდეგ ეს ინფორმაცია უძილაურთან ხვდებოდა, ამის მტკიცებულება უნდა არსებობდეს საქმეში: „შეიძლება, რომ ამის მტკიცებულება კითხვა იყოს? „აბა ვინ იზამდა, ფარცხალაძეს გავლენები აქვს რუსეთშიო“?

ადვოკატმა შორენა ნიქაბაძემაც თქვა, რომ ფაქტია, რომ მკვლელმა იცოდა ბევრი რამ ჯანგველაძის გადაადგილებაზე, თუმცა გამოძიებას არ დაუდგენია, საიდან, - მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო, ჯანგველაძის გარემოცვა გამოეკითხა, - რაც, მისი თქმითვე, ასევე გამოძიების ხარვეზზე მიუთითებს.

მიქაძეებსა და ჯოხაძეს ბრალად ედებათ შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი.

  • ლევან ჯანგველაძე, - ევროპაში მცხოვრები „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმა - 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ვაკეში მოკლეს.
  • მისი მკვლელობის ბრალდებით 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ სპეცრაზმელ გელა უძილაურს, - გიორგი ჯოხაძის ყოფილ პირად მცველს.
  • მან მკვლელობა აღიარა, თუმცა შეკვეთას და მკვლელობის განზრახვას დღემდე არ აღიარებს.
კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG