უკრაინის უძველესი კინოფაბრიკა - დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდია - მძიმედ დაზიანდა 15 ივნისს კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად: გადამღები პავილიონების შენობები ნაწილობრივ, ხოლო უნიკალური კოსტიუმების კოლექცია სრულად განადგურდა.
უკრაინის კულტურის მინისტრის და ჰუმანიტარული პოლიტიკის საკითხებში მთავრობის ვიცე-პრემიერის, ტეტიანა ბერეჟნას თქმით, ეს არის რუსების მიერ უკრაინული კულტურის წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი უკიდურესად მძიმე დანაშაული.
"იერიშის შედეგად გაჩნდა ხანძარი. განადგურდა უკრაინის ყველაზე დიდი და უძველესი სასცენო კოსტიუმების კოლექცია. კინოსტუდიაში ინახებოდა დაახლოებით 100 000 კოსტიუმი და 3 მილიონი ერთეული სხვადასხვა სახის სამოსი. ასევე დაზიანდა კინოსტუდიის სხვა კორპუსები და შენობები. <...> კულტურული კერების განადგურება უკრაინელი ხალხის მეხსიერებაზე, ისტორიასა და თვითმყოფადობაზე დარტყმის მიყენების მცდელობას წარმოადგენს", - განაცხადა უკრაინის კულტურის მინისტრმა 2026 წლის 15 ივნისს, რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო იერიშის დასრულების შემდეგ.
რა მდგომარეობაშია დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდია ამ იერიშის შემდეგ – ამის შესახებ ჰყვება რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებული The CurrentTime.
„როგორ ვერ შენიშნეთ? ჩვენ ხომ დღეს ჩემი უკრაინის ცისთვის ვიბრძოდით!“ - საბჭოთა მსახიობის, ლეონიდ ბიკოვის ეს ფრაზა საბჭოთა კინოს კლასიკად იქცა. სწორედ კიევის დოვჟენკოს კინოსტუდიაშია გადაღებული ფილმი „ბრძოლაში მხოლოდ „მოხუცები” მიდიან”, რომელიც საბჭოთა მფრინავების გერმანელ ოკუპანტებთან ბრძოლას ასახავს. ათწლეულების შემდეგ ამ კინოსტუდიაზე ნამდვილი რაკეტებით, ოღონდ ამჯერად რუსული რაკეტებით მიიტანეს იერიში.
რუსეთის თავდასხმის კვალი დღემდე კარგად ჩანს სტუდიის ტერიტორიაზე: ჩამსხვრეულია ფანჯრები და კარები, აფეთქების ტალღამ 16 შენობა დააზიანა.
„შეგიძლიათ ნახოთ, როგორაა შემოხვეული ჭიშკარი ხეზე“, - სარაკეტო იერიშის შედეგებს აჩვენებს დოვჟენკოს კინოსტუდიის გენერალური დირექტორი ანდრი დონჩიკი.
დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის ბაღში მდგარი ხე, რომელსაც აფეთქების ტალღამ ლითონის ღობე შემოახვია, კიევზე რუსეთის მიერ 15 ივნისს განხორციელებული თავდასხმის დროს.
კოსტიუმების საამქროს უზარმაზარი ორსართულიანი შენობა მთლიანად დაიწვა. განადგურდა უკრაინაში ყველაზე დიდი კოსტიუმების კოლექცია.
„ამ საამქროს ხელმძღვანელი ბავშვივით ტიროდა. უბრალოდ დადიოდა, ცრემლები სდიოდა, ქვითინებდა. ყველა ამშვიდებდა. როცა ეს ვნახე, მეც სრულიად შევიძარი“, - იხსენებს კინოსტუდიის დირექტორი.
ანდრი დონჩიკი
ანდრი დონჩიკი ამბობს, რომ ეს ადგილი მისთვის მშობლიურია - სწორედ აქ დაიწყო მუშაობა რეჟისორის ასისტენტად. მისი თქმით, კოსტიუმების საამქრო იყო უნიკალური ბაზა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა ისტორიული ფილმების, სერიალებისა და თეატრალური დადგმებისთვის.
„რა ვთქვა არ ვიცი. 100 ათასი კოსტიუმი და დაახლოებით 3 მლნ-მდე ნივთი - ფეხსაცმელები, ქუდები და სხვა აქსესუარები“, - ასე აღწერს ანდრი დონჩიკი ზარალს.
აქ შეიძლებოდა სხვადასხვა ეპოქის კოსტიუმებისა და აქსესუარების პოვნა კაზაკთა დროიდან XX საუკუნემდე. მსგავსი მასშტაბის კოლექცია აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ ჩეხეთში არსებობდა. ამიტომ დოვჟენკოს კინოსტუდიის ფონდებით ხშირად უცხოური პროექტებიც სარგებლობდნენ.
„ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ფორმების ყველაზე დიდი კოლექცია გვქონდა. მაგალითად, ფართომასშტაბიანი ისტორიული სამხედრო ფილმების გადაღება დოვჟენკოს კინოსტუდიის გარეშე იტალიაშიც კი შეუძლებელი იყო“, – ამბობს კოსტიუმების მხატვარი ანტონინა ბელინსკა.
ბოგან ბენიუკი
ბოგდან ბენიუკი, ცნობილი მსახიობი და უკრაინის სახალხო არტისტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დოვჟენკოს კინოსტუდიასთან თანამშრომლობდა, ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზარალის დაფიქსირება, არამედ სტუდიის აღდგენაზე ფიქრიც:
„მთავარია შენობისა და სამკერვალო საამქროს აღდგენა, შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ ვითარებაში ცივი გონება და თბილი გული არ დავკარგოთ.“
რუსეთის თავდასხმის შემდეგ კინოსტუდიამ მოახერხა 500-ზე მეტი ფილმის არქივის გადარჩენა. საუბარია ფილმებზე, რომელთა ნაწილი მხოლოდ კინოფირზე არსებობს. საცავი რაკეტის მოხვედრის ადგილიდან სულ ათ მეტრში მდებარეობდა. აფეთქების ტალღამ ფანჯრები და კარები ჩაამსხვრია, თუმცა თავად კოლექცია არ დაზიანებულა.
მომავალ წელს დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდია 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ კინოსტუდიაშია გადაღებული ათასზე მეტი ფილმი, მათ შორის საბჭოთა და მსოფლიო კინოს კლასიკად აღიარებული ნამუშევრები: ოლექსანდრ დოვჟენკოს “მიწა”, სერგო ფარაჯანოვის “დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები” და მრავალი სხვა.
დოვჟენკოს კინოსტუდიის სამუზეუმო ექსპონატები
დოვჟენკოს კინოსტუდიის მუზეუმისა და უნიკალური მემკვიდრეობის ნაწილის გადარჩენა მაინც მოხერხდა.
„გადარჩენილია ფილმ „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილების“ ორი ორიგინალური კოსტიუმი – მარიჩკას სამოსი, რომლის როლსაც ლარისა კადოჩნიკოვა ასრულებდა და ივანის (მსახიობი ივან მიკოლაიჩუკი) კოსტიუმი“, - ამბობს მუზეუმის თანამშრომელი.
ასევე გადარჩა ფილმ „ორი კურდღლის მადევრის“ პერსონაჟის, სვირიდ გოლოხვასტის ორიგინალური კამზოლიც - უკრაინული კინოკლასიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კოსტიუმი.
ბოლო წლებში კინოსტუდია ნაწილობრივ კოსტიუმებისა და რეკვიზიტის გაქირავებით, ექსკურსიების ორგანიზებითა და გადაღებებისათვის მოედნების იჯარით არსებობდა. კინოსტუდიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ზამთრამდე მოხერხდება დაზიანებულ შენობებში ფანჯრებისა და კარების აღდგენა. ამ მიზნით უკრაინის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან ფინანსების გამოყოფას გეგმავს.