ის ასევე საუბრობს ჩინეთ-საქართველოს ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე და აცხადებს, რომ ვაშინგტონი-ტაიბეის ნაბიჯებზე ჩინეთის საპასუხო ზომებს მთელი მსოფლიო, მათ შორის, საქართველო დაუჭერს მხარს.
საქართველოში ჩინეთის საელჩოს ოფიციალურმა ფეისბუკ-გვერდმა 2025 წლის 30 დეკემბერს გააზიარა გამოცემა „რეზონანსში“ გამოქვეყნებული ტექსტი, რომელიც ელჩ ჭოუ ციენს ეკუთვნის.
დაახლოებით 2.5-გვერდიან ტექსტში ელჩი ციენი ძირითადად საუბრობს აშშ-ის მიერ ტაივანისთვის რეკორდული 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვის შესახებ და ამის გამო ვაშინგტონს მწვავედ აკრიტიკებს.
„აშშ-ის შელახული ავტორიტეტი“
„აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა, ტაივანის სრუტეში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ცეცხლზე ნავთის დასხმაა“, - ამბობს ჭოუ ციენი და კიდევ ერთხელ განმარტავს პეკინის პოზიციას „ერთიანი ჩინეთის“ შესახებ:
„მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც მთელ ჩინეთს წარმოადგენს“.
მისი შეფასებით, აშშ სინამდვილეში ცდილობს „ტაივანის გამოყენებას ჩინეთის შესაკავებლად და მის შეიარაღებას“, რითაც „აშშ ტაივანის სრუტეს საშიში საომარი მდგომარეობისკენ უბიძგებს“.
ასევე ნახეთ ჩინეთის საელჩო „მკაცრად გმობს“ აშშ-ის ელჩის მიერ ანაკლიის პორტის ინვესტორის კრიტიკას და „აბსურდულს“ უწოდებს„აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა იმაზე მიუთითებს, რომ აშშ საკუთარ სიტყვას არ ასრულებს… აშშ-ის მიერ შავით თეთრზე დაწერილი დაპირებები ცარიელ სიტყვებად იქცა, საერთაშორისო საზოგადოება დიდი ხანია ხედავს აშშ-ის შელახულ ავტორიტეტს“, - აცხადებს ელჩი.
ამავე ტექსტში ელჩი ციენი მიმოიხილავს ტაივანის შიდა პოლიტიკას, ტაივანის პრეზიდენტ ლაი ცინდეს პარტიას, „დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას“ უწოდებს „მილიტარისტული ამბიციების მქონეს“ და ამბობს, რომ „იარაღის გადაჭარბებულმა შესყიდვებმა კუნძულის მოსახლეობის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია“.
„აშშ-ს არ აქვს უფლება, საკუთარი შიდა სამართალი საერთაშორისო სამართალზე მაღლა დააყენოს, არ აქვს უფლება გამოიყენოს იგი საერთაშორისო ვალდებულებებისგან თავის გასათავისუფლებლად და მით უმეტეს, ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო წესრიგსა და რეგულაციებს“, - განაცხადა ელჩმა საქართველოში.
ის ასევე ამბობს, რომ აშშ-მა „და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ უნდა შეწყვიტონ ჰეგემონური ქცევა“.
ასევე ნახეთ „ფრონტის ხაზი“ ტაივანსა და ჩინეთს შორის - რეპორტაჟი მაცუს კუნძულებიდანსაქართველო „მხარს დაუჭერს“ ჩინეთის საპასუხო ზომებს
შემდეგ ელჩი ამბობს, რომ „ჩინეთი და საქართველო ორივე უძველესი ცივილიზაციების მქონე ქვეყნებია, რომლებიც აფასებენ მშვიდობასა და განვითარებას, და ასევე სტრატეგიული პარტნიორებიც“.
ელჩი უბრუნდება ტაივანის საკითხს და ამბობს, რომ ეს „ჩინეთის შიდა საქმეა“:
„ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა სერიოზულ ზიანს აყენებს ჩინეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს მიუღებელ, უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებას. ჩინეთის საპასუხო ზომები აუცილებლად მოიპოვებს მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, ხალხთა გაგებასა და მხარდაჭერას“.
დაბოლოს, ელჩი კვლავ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრობს:
„2026 წელს ჩინეთი მზადაა, ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი კონსენსუსის გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობას პრეზიდენტ სი ძინფინგის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისა და ოთხი გლობალური ინიციატივის ფარგლებში“.
ასევე ნახეთ საქართველოს 6 პრობლემა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში„ჩინეთ-საქართველო კვლავ იქნებიან ნამდვილი მეგობრები და კარგი პარტნიორები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ერთმანეთის ძირითად ინტერესებს, ერთად დაიცავენ საერთაშორისო სამართლიანობას და ხელს შეუწყობენ მშვიდობასა და განვითარებას“, - ამბობს ელჩი.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წელს გამოაცხადეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს, რის შემდეგაც პოლიტიკური კავშირები გაღრმავდა; ანაკლიის პორტის პროექტში ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის ჩართვა განიხილება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაახლოებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, განსაკუთრებით „შუა დერეფნის“ კონტექსტში, რომელსაც თბილისი განიხილავს მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად ჩინეთსა და ევროპას შორის.
ჩინეთი, საქართველოსთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ მიუხედავად, კვლავ არ უჭერს მხარს გაეროში საქართველოს რეზოლუციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების შესახებ.
ასევე ნახეთ ჩინეთი საქართველოს მხარდაჭერისგან თავს იკავებს. სხვების მხარდაჭერა გაიზარდა - გაეროში კენჭისყრის გეოპოლიტიკა- ჩინეთის არმიამ კუნძულ ტაივანის გარშემო 29 დეკემბერს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სხვადასხვა სახეობის ჯარების მონაწილეობით;
- ტაივანის მთავრობამ ჩინეთის სამხედრო წვრთნები დაგმო და პეკინს მოუწოდა, შეწყვიტოს უპასუხისმგებლო პროვოკაციები.
- მანამდე, 26 დეკემბერს ჩინეთმა შეზღუდვები დაუწესა აშშ-ის 20 სამხედრო-სამრეწველო ფირმას და 10 მაღალი რანგის პირს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო.
- 2025 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვას.
- ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაარღვევს აშშ-ჩინეთის დიპლომატიურ შეთანხმებას, სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩინეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს შეუქმნის რეგიონულ სტაბილურობას.
- ტაივანს, სადაც 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ნაწილობრივ აღიარებული დემოკრატიული სახელმწიფოა, ჩინეთი თავის მეამბოხე პროვინციად მიიჩნევს.
- პეკინს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, კუნძულზე კონტროლის დასამყარებლად ძალა გამოიყენოს. ტაივანელების უმრავლესობა მხარს უჭერს ტაივანის ფაქტობრივ დამოუკიდებლობას და დემოკრატიულ სტატუსს.