Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო


სამხედრო მანევრები ტაივანში, 2022 წელი
სამხედრო მანევრები ტაივანში, 2022 წელი

ჩინეთმა შეზღუდვები დაუწესა აშშ-ის 20 სამხედრო-სამრეწველო ფირმას და 10 მაღალი რანგის პირს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იარაღის მიყიდვა „ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და სიაში შეტანილ ორგანიზაციებთან და ფიზიკურ
პირებთან თანამშრომლობის აკრძალვას. ფიზიკურ პირებს ასევე ეკრძალებათ ჩინეთში შესვლა. სანქციები ძალაში შედის 26 დეკემბრიდან.

დეკემბრის დასაწყისში ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა ტაივანისთვის რეკორდული 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა. პაკეტი მოიცავდა HIMARS-ის სისტემებს, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Altius-ის დრონებს, ჰაუბიცებს და სხვა აღჭურვილობის კომპონენტებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა გადაწყვეტილება. უწყებამ განაცხადა, რომ ეს დაარღვევს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიურ შეთანხმებებს, სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩინეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის რეგიონულ სტაბილურობას.

პეკინი ტაივანს თავის მეამბოხე პროვინციად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, კუნძულზე კონტროლის დასამყარებლად ძალა გამოიყენოს. თუმცა ტაივანელების უმრავლესობა მხარს უჭერს ტაივანის ფაქტობრივ დამოუკიდებლობას და დემოკრატიულ სტატუსს.

კუნძულის გარშემო ნებისმიერ პოტენციურ სამხედრო კონფლიქტში შესაძლოა ჩაერთოს აშშ-ც, რომელიც რამდენიმე რეგიონული კოალიციის წევრია და აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, ტაივანის მიმართ ნებისმიერ საფრთხეს „განსაკუთრებული სიმძიმის“ საკითხად მიიჩნევს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG