ევროკავშირში გაწევრიანება „ჩიხში შევიდა“
2025 წლის ნოემბერში ევროკავშირში განაცხადეს, რომ - „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“; ხოლო დეკემბრის ანგარიშით - “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა” მანამდე, ვიდრე - “ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება“.
„[ვაკვირდებით] სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში“, – აღნიშნულია საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის საბჭომ 2025 წლის 16 დეკემბერს გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტს მხოლოდ უნგრეთმა არ დაუჭირა მხარი.
ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოუწოდებს, მათ შორის - „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული“ ადამიანი და „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“. ჩამონათვალში ხაზგასმულია, ასევე სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ოპოზიციის ლიდერების დევნა თუ პროტესტის მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრება.
2025 წელს კიდევ უფრო კონფრონტაციული გახდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ურთიერთობა ევროკავშირთან - ბოლო დროს კი, სულ უფრო ღიად აცხადებენ, რომ არ უნდათ "ისეთი ევროკავშირის" წევრობა, როგორიც ის დღეს არის.
შეჩერებულია მაღალი დონის შეხვედრები - “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს აღარ იწვევენ ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში მნიშვნელოვან ღონისძიებებზე; გაყინულია თანამშრომლობის არაერთი სფერო; შეჩერებულია დახმარების პროგრამები.
ასევე ნახეთ გაათავისუფლეთ უსაფუძვლოდ დაპატიმრებულები, გააუქმეთ რეპრესიული კანონები - ევროკავშირის 26 წევრი ქვეყანა თბილისს ასევე ნახეთ საპატიო სტუმარი ჩინეთში, კრიტიკის სამიზნე ევროპაში - თბილისი ბრიუსელსა და შანხაის შორისსაქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზო მიმოსვლის შეჩერება დაემუქრა
30 დეკემბრიდან ევროკავშირში ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლებელია ახალი, გამარტივებული წესებით. იმის გამო, რომ თბილისმა არ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები, გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი წესები, პირველ რიგში, საქართველოს შეეხებოდა.
მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის უფლება სრულად გაუუქმდეთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს - რაც, მათ შორის, მოიცავს “ქართული ოცნების” ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს; ხოლო შემდეგ - შესაძლოა, ეს აკრძალვა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხოს.
წინა გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით - ახალი წესების ამოქმედება სავალდებულო იქნება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის.
სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში [2025 წლის 19 დეკემბერი] ევროკომისია მიუთითებს, რომ - საქართველომ „დაარღვია ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეშვიდე (2024 წლის) ანგარიშის რეკომენდაციები“; ასევე - „საქართველომ 2024-2025 წლებში გადაუხვია თავისი გზიდან, მიუხედავად ბოლო წლების არაერთი რეკომენდაციისა".
„ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებას შანტაჟის მცდელობად აფასებს და ისევ „დიპ სტეიტის“ განზრახვებზე მიუთითებს.
ასევე ნახეთ „საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ - აცხადებს ევროკომისია ასევე ნახეთ ქართველებისთვის პოლონეთის შრომის ბაზარი შეიზღუდა - რა უნდა იცოდეთ?აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული დარჩა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 2025 წელს არ უპასუხია თბილისიდან გაგზავნილ წერილებზე - ურთიერთობების "სუფთა ფურცლიდან" დაწყების თხოვნით. ორ ქვეყანას შორის არ შემდგარა კონტაქტები უმაღლეს დონეზე და ამ მხრივ საქართველო რეგიონში კვლავ გამონაკლისად რჩება.
უცვლელად რჩება პრეზიდენტ ბაიდენის დროს მიღებული გადაწყვეტილებები: შეჩერებულია ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა; სანქცირებული არიან “ქართული ოცნების” გუნდის მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები; მათ შორის პარტიის მილიარდერი დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პერიოდულად გამოხატავენ ეჭვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიპ სტეიტის“ გავლენებისგან ვერ თავისუფლდება.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ ტრამპისთვის და რას ნიშნავს „ოცნებისთვის“საქართველოს პრემიერ-მინისტრი პუტინთან ერთად
2025 წელს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სამჯერ ჩავიდა თურქმენეთში. დეკემბერში, მესამე ჩასვლაზე, ის მონაწილეობდა ფორუმში - რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად.
“თავის მართლება საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება", - განაცხადეს “ქართული ოცნების” გუნდში.
„ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის კი ეს ღია სიგნალია - “ოცნება” მზად არის, დაამყაროს ურთიერთობები რუსეთთან.
ასევე ნახეთ კობახიძე და პუტინი ერთად - რას ამბობს საერთო ფოტო„ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერა-გასამართლება
2025 წელს გამოჩნდა, რომ საქართველოს წლების მანძილზე კრიმინალი ჩინოვნიკები მართავდნენ. ბრალდებულთა შორის არიან „ქართული ოცნების“ ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სუსის უფროსი, გენერალური პროკურორი. ბრალდებების ჩამონათვალშია კორუფცია, ფულის გათეთრება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და მკვლელობის შეკვეთაც კი.
2025 წლის 29 იანვარს, შს სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძე-რომანოვს - „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის „შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება" ედება ბრალად. 30 დეკემბერს, ყოფილ მთავარ პროკურორს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გამოცხადებულია ძებნა.
2023 წლის სექტემბერში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ქართველ-რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფესბესთან" [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ“ ეროვნულმა ბანკმა, სანქციების აღსრულების წესში, საქართველოს მოქალაქისთვის საშეღავათო გამონაკლისი დაუშვა.
2025 წლის 24 დეკემბერს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა წინა დღით დაკავებულ გრიგოლ ლილუაშვილს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს - რომლის ახლო გარემოცვიდანაც მანამდე არაერთი ადამიანი დააკავეს. ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან - მათ შორის ქოლ-ცენტრებთან და ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ ეპიზოდებზე.
11 სექტემბრის შემდეგ დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე - ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის [ფულის გათეთრება] ბრალდებით ასამართლებენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ჩხრეკისას მას სახლში 6 500 000 აშშ დოლარი აღმოუჩინეს. პროკურატურის შუამდგომლობით, ღარიბაშვილი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ნოემბერში პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა „ოცნების“ კიდევ ერთ პრემიერ-მინისტრს - ამჟამად ოპოზიციონერ გიორგი გახარიას, რომელიც ევროპაში იმყოფება. მისი ბრალდებები „20 ივნისისა” და “ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეებს უკავშირდება. ორივე ეს ეპიზოდი მომხდარია 2019 წელს, რის შემდეგაც გახარია, შს მინისტრობიდან, თავად „ოცნებამ“ პრემიერად დააწინაურა.
ჯერჯერობით საქართველოში კვლავ არ დაბრუნებულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე, რომელთან დაკავშირებითაც კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა რჩება. ოფიციალური ვერსიით, ივლისში, რიჟვაძემ თვითმკვლელობა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის სახლში სცადა და მალევე სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, ის ევროპაში მკურნალობს და პირადად მასთან დაკავშირება შეუძლებელია.
ასევე ნახეთ წერილით რატომ სთხოვს დახმარებას ივანიშვილსა და კობახიძეს? - კითხვები, ეჭვები და ფაქტები რიჟვაძის დაჭრის გარშემო ასევე ნახეთ ღარიბაშვილის გათეთრებული მილიონები? - რა კითხვებს აჩენს გამოძიების საჯარო პოზიციაგაძვირებული ცხოვრების გამოძიება
საქსტატის ნოემბრის მონაცემებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 10.3%-ით გაძვირდა 2024 წლის ნოემბერთან შედარებით.
● ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი),
● თევზეული (15.5 პროცენტი),
● ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი),
● პური და პურპროდუქტები (13.6 პროცენტი),
● ყავა, ჩაი და კაკაო (12.0 პროცენტი),
● შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.6 პროცენტი),
● მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.6 პროცენტი),
● რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი),
● ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.5 პროცენტი),
● ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 პროცენტი)
2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.
2025 წლის დეკემბრის მიწურულს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ - „ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია“ და რომ საკითხი გამოძიებას საჭიროებს.
24 დეკემბერს სუსმა გამოაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების შესწავლას იწყებს; ხოლო სადავო პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნას თებერვლისთვის გეგმავს.
„ოცნების“ ოპონენტები აცხადებენ, რომ სიძვირესთან ბრძოლა კამპანიურ სახეს ატარებს. ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქტების ფასების და ზოგადად - სამომხმარებლო ფასების ზრდის მიზეზი არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა.
ასევე ნახეთ სუსი სურსათის ფასების ზრდის შესწავლას იწყებს და „მკაცრ სამართლებრივ რეაგირებაზე“ საუბრობსოპოზიციონერი ლიდერები ციხეში
2025 წელს გაასამართლეს და დააკავეს 20-მდე მოქმედი თუ ყოფილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სხვადასხვა ბრალდებით; მათი ნაწილი - სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისიის”] სხდომაზე არგამოცხადების გამო. ამ მიზეზით დააპატიმრეს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე; ორი ლიდერი “ლელო - ძლიერი საქართველოდან” - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. იმავე მიზეზით მოხვდნენ საპატიმროში ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმროდან [შეწყალების მექანიზმით] თვითმმართველობის არჩევნებში მათი პარტიის მონაწილეობის საფუძვლით გამოუშვეს.
პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, დეკემბერში გათავისუფლდა ზურაბ ჯაფარიძე. თუმცა მას, სხვა არაერთი პოლიტიკოსის მსგავსად, კვლავ ემუქრება დაპატიმრება - ახლა უკვე “საბოტაჟის საქმის” გამო. ეს საქმე შეეხება, მათ შორის “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას, რომელიც ჯერ ისევ დაკავებულია - “ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის [„რუსული ოცნება“] გაკეთების გამო.
საპატიმროს ჯერ ვერ დატოვებს ნიკა მელია - 26 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას, მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო, დამატებით 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაკავებული არიან ასევე 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის საქმეზეც“. პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძის გარდა, თავიდანვე დააკავეს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე. 25 დეკემბერს, ამავე საქმის ფარგლებში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც დახურულ სხდომაზე ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სუსმა განაცხადა, რომ ის „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო”.
პატიმრობაშია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. 11 სექტემბერს ის სუსმა დააკავა, “მშვიდობიანი დამხობის” გეგმის ფარგლებში სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის „200 000 დოლარის შეთავაზების“ ბრალდებით.
“ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ღიად აცხადებდა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასამართლება და მათი პარტიების აკრძალვა ჰქონდათ ჩაფიქრებული. მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ "ოცნების" სხვა წარმომადგენლებიც. მიზანში ამოღებულ ოპონენტებს “კოლექტიური ნაციონალურ მოძრაობად” მოიხსენიებდნენ.
ასევე ნახეთ პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგპარტიების აკრძალვა
საკონსტიტუციო სასამართლოში ოქტომბრის მიწურულს შეტანილი სარჩელით, „ქართული ოცნება“ სამი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვა მოითხოვა, ესენია: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.
გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს.
გასაქრობად შერჩეული პარტიების სამეულს, ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯამში - 623 299-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც, მოპოვებული 49 სადეპუტატო მანდატით, ჯამში, ხმების - 30.01%-ს შეადგენს. ეს პოლიტიკური ძალები სადავო პარლამენტში არ შესულან.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა.
ასევე ნახეთ მხარდამჭერები პარტიების გარეშე - მაქსიმუმ 9 თვე 3 პროდასავლური პარტიის გასაქრობადემიგრანტები არჩევნების მიღმა
2025 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და ემიგრანტებს, მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ. ეს მათთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის ტოლფასია, რადგან ბევრი მათგანი, დროისა თუ ფულის არქონის გამო, საქართველოში, უკვე წლებია - შვილებისა და მოხუცი მშობლების სანახავადაც ვერ ჩამოდის.
ამასთან, ემიგრანტების დიდი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფება და თუკი ჩამოვლენ, უკან ვეღარ დაბრუნდებიან.
ოფიციალური ინფორმაციით, ემიგრანტების მიერ 2024 წელს საქართველოში გადმორიცხული თანხა 3 მილიარდ 300 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ასევე ნახეთ "მშობლის დაკრძალვაზე ვერ მიდიან და არჩევნებზე ჩავლენ?“ - ხმის მიცემის შეზღუდული უფლება ემიგრანტებისთვისBBC-ის გამოძიების ვარაუდი
2025 წლის 1 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - BBC-მ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის მიწურულს, საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ საუკუნის წინ შექმნილი ძლიერ ტოქსიკური ნივთიერება - Bromobenzyl cyanide (CA) - გამოიყენეს.
“ოცნების” ყოფილმა და მოქმედმა შს მინისტრებმა ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები გააკეთეს, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ:
- შს ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ BBC-ს გამოძიებაში დასახელებული ნივთიერებები, შსს-ში “ნაციონალური მოძრაობის” დროს შეიძინეს და იყენებდნენ 2012 წლამდე.
- შს მოქმედმა მინისტრმა გელა [გეკა] გელაძემ კი თქვა, რომ არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ოცნების” დროს ეს ნივთიერება არავის უყიდია და, შესაბამისად, არავის გამოუყენებია.
6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 1 დეკემბერს დაწყებული გამოძიების ერთი ნაწილი დასრულებულად გამოაცხადა. განმარტეს, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, „მასების მართვისათვის“ გამოიყენეს ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ [ცრემლსადენი გაზი - CS], რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი და რომ ეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაადგინეს.
თუმცა საზოგადოების ერთ ნაწილს კვლავ მრავალი პასუხგაუცემელი შეკითხვა დარჩა.
სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ექიმების ნაწილმა თავიდანვე განაცხადეს, რომ, სანდოობის აუცილებლობის გამო, გამოძიება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში უნდა წარიმართოს.
“რეჟიმი გვწამლავს!” - საერთაშორისო გამოძიებას დემონსტრანტები დეკემბერში გამართულ არაერთ აქციებზეც ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ერთი წლის განმავლობაში არ დაუსახელებია, რა სახის ქიმიურ ნივთიერებას ურევდნენ წყალში, 2024 წლის აქციებზე, ათიათასობით მომიტინგის წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ ტოქსიკური "კამიტი": ისტორია, თვისებები, საფრთხეები, საერთაშორისო კონტროლი ასევე ნახეთ არასამთავრობოები მისიის გამოსაგზავნად მიმართავენ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) დირექტორს ასევე ნახეთ სუსის განცხადებით, აქციებზე Chlorobenzylidenemalononitrile გამოიყენეს„ოცნების“ კანონები პროტესტის წინააღმდეგ
2024 წლის ნოემბერში დაწყებული პროევროპული პროტესტის ჩასახშობად, სადავო პარლამენტმა ათობით ახალი კანონი დაამტკიცა - ძირითადად, დაჩქარებული წესით. “ოცნებაში” არ მალავენ, რომ პროტესტის წინააღმდეგ ყველა საკანონმდებლო “ხვრელის” ამოვსებაზე არიან ორიენტირებული.
5000-ლარამდე გაზრდილ ჯარიმებს "ქართულმა ოცნებამ", 2025 წლის ოქტომბერში, კიდევ უფრო გამკაცრებული ზომები დაამატა.
გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდა; ხოლო მეორე ჯერზე - სასჯელი სისხლის სამართლის წესით. ქუჩაში ადამიანებს აჩერებდნენ სამედიცინო პირბადეების ტარებისთვის (სახის დაფარვა აიკრძალა საპროტესტო შეკრებებისას); პირბადეებს ნივთმტკიცების სახით ლუქავდნენ.
დეკემბერში, დაჩქარებული წესით დამტკიცებული ახალი რეგულაციებით - შეზღუდვა ტროტუარებზე გამართულ აქციებსაც შეეხო. აუცილებელი გახდა შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილება - აქციის გამართვის შესახებ. თუკი პოლიცია ნებართვას არ გასცემს, მაგრამ ხალხი მაინც შეიკრიბება, ადმინისტრაციული პატიმრობას, განმეორების შემთხვევაში - ერთწლიანი პატიმრობა მოჰყვება, უკვე სისხლის სამართლის წესით.
ასევე ნახეთ ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრება - წესრიგის დაცვა თუ აბსურდი?პროტესტი არ შეწყდა
პროტესტის მონაწილეთა მასობრივი დაჭერისა და დაპატიმრების მიუხედავად, თბილისში, 2025 წელსაც გრძელდება ყოველდღიური აქციები, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯს [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] არ გადადგამდა, 2028 წლის ბოლომდე.
მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, ხალხმა - სტიქიურად, თვითდინებით დაიწყო ქუჩაში გამოსვლა. მას შემდეგ, დემონსტრანტები ყოველდღე იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, პერიოდულად - მასშტაბურ აქციებზე. თითქმის 400 დღის მანძილზე ყოველდღე იკეტებოდა რუსთაველის გამზირი - მათ შორის ამის გამოც, ბევრი ადამიანი საპატიმროში აღმოჩნდა.
სხვადასხვა დროს დააკავეს სტუდენტები, მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, ჟურნალისტები, ექიმები, პედაგოგები; მათ შორის, ათეულობით ადამიანი - სისხლის სამართლის წესით. „ქართული ოცნება“ მათ "კოლექტიური დასავლეთის" - „დიპ სტეიტის“ - მიერ გარედან მართულ „აგენტებს“ და "უსამშობლო" "რადიკალებს" უწოდებს.
დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე უხეში ფიზიკური ძალადობის გამო არცერთი ძალოვანი არ დასჯილა, არც 2025 წელს.