Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგენტების კანონი" და კობახიძის ვიზიტი გერმანიაში - ვის (მო)უსმენს "ოცნება"?


ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში. 3 ივლისი, 2023 წელი.
ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში. 3 ივლისი, 2023 წელი.

შოლცი-კობახიძის შეხვედრის წინ, „ქართული ოცნება“ კვლავ აცხადებს, რომ არ აპირებს გაითვალისწინოს „უცხოეთის აგენტების“ კანონთან დაკავშირებული საერთაშორისო კრიტიკა და არც ბრიუსელისა და ვაშინგტონის განმარტებები, რომ ამ კანონს საერთო არაფერი აქვს ევროპულ თუ ამერიკულ კანონმდებლობასთან.

საერთაშორისო პარტნიორები აფრთხილებენ საქართველოს, რომ - „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემთხვევაში ევროინტეგრაცია შეფერხდება. საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი პარტია.

მმართველი პარტიის მიერ „აგენტების კანონის“ შემობრუნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველ საერთაშორისო ვიზიტს გერმანიაში მართავს. ის ბერლინში 11 აპრილს გაემგზავრა. წინასწარ არის ცნობილი გერმანიის ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულება „უცხოეთის აგენტების კანონის“ გაცოცხლების გამო.

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ერთმანეთს ბერლინში, 12 აპრილს თბილისის დროით 14:30 საათზე შეხვდებიან.

„მოსაზრებებს გაცვლიან ორმხრივი ურთიერთობების, ასევე - ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპის პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ“, - ვკითხულობთ კანცლერის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საუბრის თემა „აგენტების კანონიც“ იქნება - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს 11 აპრილს უთხრა.

ელჩმა თქვა, რომ „გერმანია შეშფოთებულია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, რადგან ის შეუსაბამოა ევროკავშირის პრაქტიკასთან. „ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო აკმაყოფილებდეს ჩვენს სტანდარტებს“, - ციტირებს ელჩის სიტყვებს ქართული მედია.

წინა დღით, 10 აპრილს, გერმანიის ელჩი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, X-ზე პეტერ ფიშერმა დაწერა, რომ მადლიერი იყო „დეტალური და გულახდილი საუბრისთვის“ „გერმანიის შეშფოთებაზე“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ [„აგენტების კანონის“] შესახებ კანონპროექტსა და ევროკომისიის „9 დათქმასთან“ დაკავშირებით.

პრემიერის ვიზიტის წინ გერმანული მედიის ყურადღება მიიპყრო 9 აპრილს, თბილისში გამართულმა აქცია-მარშმა - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“

„რუსეთში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები „უცხოეთის აგენტებად“ ითვლებიან. [კანონის] მსგავსი ვერსიის მიღებას გეგმავს საქართველოს ხელისუფლება. ათასობით ადამიანი აპროტესტებს“, - წერს გამოცემა „შპიგელი“ 10 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში და იქვე აზუსტებს, რომ პროტესტის მონაწილეები პროევროპულები არიან, ხოლო კანონი ჰგავს რუსეთში მოქმედს, - „რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დისიდენტებს გაჩუმება აიძულა“.

„აგენტების კანონს“ „ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელს“ უწოდებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

დამოუკიდებელი + კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ხალხის მტერი კი არა, ევროკავშირში გაწევრიანების პირობაა. „ქართულმა ოცნებამუნდა მოუსმინოს თავის ხალხს: ქართველების 90%- ევროკავშირში შესვლა სურს და არა პუტინის რუსეთში, - წერს როთი.

„აგენტების კანონის“ გაცოცხლებაზე გერმანიის რეაქცია მოულოდნელი არ არის. მძაფრი იყო კანონის გატანის პირველ მცდელობასთან დაკავშირებული კრიტიკაც.

მალევე, მას შემდეგ, რაც შარშან, მასშტაბური აქციების ფონზე, ხელისუფლებამ კანონი იძულებით ჩააგდო, საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ჩამოვიდა და 24 მარტს ვიზიტის პირველი შეხვედრა „აგენტების კანონის“ მთავარ სამიზნესთან - არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა, რომ ქართველები „ევროკავშირის დროშებით ხელში დემონსტრაციაზე ["აგენტების კანონის" წინააღმდეგ] - გამოხატვის თავისუფლებისა და კრიტიკული, სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად გამოვიდნენ“.

ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ დაინახამცდელობები, რომ ქვეყანამ [საქართველომ] პროევროპული კურსიდან გადაუხვიოს“. ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი“, - თქვაქართული ოცნებისგენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე.
იმავე კალაძემ, 2024 წლის 10 აპრილს ჟურნალისტებს უთხრა: როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა?! მაგრამ პირველ რიგში ევროპა საქართველოში მინდა... ვისაც ერთი ბატონის მეორით ჩანაცვლება თავისუფლება და დემოკრატია ჰგონია, ეს ასე არ არის“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ერთი წლის წინ თბილისში თქვა, რომ აქციაზე ევროკავშირის დროშების ფრიალი ძლიერ შთამბეჭდავი სანახაობა“ იყო, რომელსაც მთელი გერმანია ყურადღებით ადევნებდა თვალს.

ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, არამედ ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს... ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია, - ეს სიტყვები კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა წარმოთქვა - გერმანელ კოლეგასთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, 2023 წლის 24 მარტს.

2024 წლის 11 აპრილს კი, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ბერლინში ჩასულმა ილია დარჩიაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლება გერმანიას, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორებს, რეფორმების სწორედ გატარებასა და „აგენტების კანონის“ გაცოცხლების მართებულობაშიც დაარწმუნებს.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონი ფიზიკურად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, რადგან სწორედ გამჭვირვალობა წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის მთავარ ქვაკუთხედს“, - ამბობს მინისტრი დარჩიაშვილი.

ის, რასაც „ქართული ოცნება“, „აგენტების კანონის“ მიხედვით, გამჭვირვალობის მიზანს უწოდებს, ევროკავშირში სამოქალაქო საზოგადოებაზე წნეხად განიხილავენ.

„აგენტების კანონი“ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის საფრთხეს რომ წარმოადგენს, ეს შეფასება 11 აპრილს, თბილისში, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც გაიმეორა.

„ეს კანონპროექტი, როგორიც ის ახლაა, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში, ევროკომისიას ძალიან გაუჭირდება კანონის მიღებაზე დადებითი შეფასების გაკეთება“, - განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ და ასევე განმარტა, რომ - „უბრალოდ ეს კანონი არ არის კარგი, ის არც ევროპულია და არც ამერიკული, როგორც ეს ხმამაღლა და მკაფიოდ მოისმინეთ აშშ-ის ელჩისგან გუშინ“.

აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, როცა კანონპროექტი დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს, ხოლო ოკუპანტი - მიესალმება, ქართველებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ - „არის თუ არა ის კარგი რამ მათი ქვეყნისთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ „აგენტების კანონის“ საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა [15 აპრილს იწყება], მისგან მოსალოდნელ დამაზიანებელ შედეგებზე უკვე მრავალი საერთაშორისო განცხადება გაკეთდა: ევროკავშირიდან, ნატოდან, ევროსაბჭოდან თუ აშშ-დან.
სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მოვლენათა განვითარებას აკვირდებიან და რეაგირებაც შესაბამისი იქნება.
საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ თუკი ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს კანონი ხელს შეუშლის.

„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია - რას იტყვის გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი.

თუმცა ხიდაშელი თითქმის დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერავინ გადააფიქრებინებს, რადგან, მისი ვარაუდით - „აგენტების კანონის“ გატანა გეგმის ნაწილია.

„ჩემი შიშია, რომ „ქართული ოცნება“ სტრატეგიული პარტნიორების რჩევებისა და ჩვენი კონსტიტუციის მუდმივი იგნორირებით, ცდილობს, რომ საქართველოთი მუდმივი დაღლა გამოიწვიოს და აღარავინ შეწუხდეს იმაზე, რაც საქართველოში ხდება.

ვფიქრობ, ამ წუთის მდგომარეობით, მათ აქვთ მიღებული მკაცრი დავალება [„ქართული ოცნების“] საპატიო თავმჯდომარისგან [ბიძინა ივანიშვილისგან], რომ რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა თქვას, რაც არ უნდა თქვას, რაც არ უნდა დაემუქროს ქვეყანას, იგივე ევროკავშირში პროგრესის შეფერხება, კანონპროექტი უნდა გაიტანონ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხიდაშელი.

„აგენტების კანონის“ გაცოცხლებას თინა ხიდაშელი უკავშირებს - „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ სავარაუდო ჩანაფიქრს, რომ მიტინგებით საზოგადოება „დაღალოს“, რათა უკვე არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსვლის სურვილი აღარავის გაუჩნდეს.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მივიღოთო - ამბობენ ["ოცნება"], მაგრამ ხვდებიან, ამისთვის მათ ელექტორალური რესურსი არა აქვთ. შესაბამისად, დასჭირდებათ ძალიან მასშტაბური საარჩევნო მანიპულაცია [გაყალბება], რაც შეუმჩნეველი არ დარჩება.

ისინი ხვდებიან, რომ ოქტომბერში გარდაუვალია კრიზისი და რუსთაველის გამზირი შეიძლება კიდევ ერთხელ გახდეს მთავარი მოთამაშე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში... ამიტომ ახლა ურჩევნიათ მიტინგის პრობლემის მოგვარება, რომ არ შემოიტოვონ შემოდგომისთვის“.

თუმცა თინა ხიდაშელი დარწმუნებულია ასევე, რომ „არც წინააღმდეგობის ფრონტია უინტელექტო“ და „მიტინგის მართვა შეიძლება წარმატებულად, ისე, რომ არავინ დაიღალოს“ და „ეს მუხტი პროტესტს გადაყვეს ოქტომბრამდე“.

„ქართული ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს და დარწმუნებით აცხადებს, რომ პროცესს ამჯერად ბოლომდე გაიტანს.

11 აპრილს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველო ქვეშევრდომივით არავის უნდა ელაპარაკოს.

„როგორც იქნა, გაბედა ამ ქვეყანამ, რომ ქვეშევრდომივით არ ლაპარაკობს. ჩვენ უნდა შევძლოთ თანაბრად, სწორად ველაპარაკოთ ჩვენს პარტნიორებს, ვიდგეთ ორ ფეხზე მყარად და თავი არავის წავაქცევინოთ არანაირი მიმართულებიდან. შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებსაც მოვუწოდებთ და ვთხოვთ, ნუ დაგვიშლით იმას, რაც თქვენთან ინიციირებულია ან მოქმედებს. ეს არის სწორი პარტნიორული და მეგობრული დამოკიდებულება“, - თქვა მდინარაძემ.

"ოცნებასა" და ოლაფ შოლცის ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს არცთუ კარგი მოგონებები აკავშირებთ.

  • 2023 წლის მაისამდე, ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთსა და იმავე ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს - ევროპელი სოციალისტების პარტიას (PES) წარმოადგენდნენ.
  • შარშან გაზაფხულზე „ოცნება“ ევროპის მსხვილ პარტიას გაემიჯნა.
  • დაპირისპირების საგანი საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, ღარიბაშვილმა მონაწილეობა მაინც მიიღო უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში, რომელიც ჰომოფობიური მესიჯებით გამოირჩეოდა.
  • შარშან, მაისის დასაწყისში, PES-მა გააკეთა განცხადება, რომ გადახედავდა პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ საკითხს; თუმცა „ოცნებამ“ ევროპელ პარტნიორებს დაასწრო და გაერთიანებას გამოეთიშა.

„ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა და ასეთი დამოკიდებულება, ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ“, - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა PES-ისგან გამიჯვნის შესახებ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG