Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშკარაა, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი - კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერმა კახა კალაძემ "რეალობას აცდენილი" უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს იმ განცხადებისთვის, რომელშიც ნათქვამია, რომ "არის მცდელობა, საქართველომ გადაუხვიოს პროევროპულ კურსს". გერმანელი მინისტრის ამ კომენტარის შეფასება თბილისის მერს ჟურნალისტებმა სთხოვეს დღეს, 23 მარტს, ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე.

"არ ვიცი, რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით - აბსოლუტურ სიცრუეს.

საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესრულდეს. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ მონაწილეობს ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი იმისა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს არის ოპოზიცია. არცერთ განხილვასა და გადაწყვეტილებაში, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ეს არის სამწუხარო რეალობა", - განაცხადა კალაძემ.

საქართველოში ვიზიტის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში ხალხი ევროკავშირის დროშებით გამოვიდა პლურალიზმის და კანონის უზენაესობის დასაცავად.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს, 23 მარტს, ეწვევა. ანალენა ბერბოკი თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტისას შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. ვიზიტი 24 მარტს დასრულდება.

საქართველოში ვიზიტამდე ანალენა ბერბოკი შეხვედრებს მართავს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG