Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია, გახარია, კობახიძე - ირაკლი ჩიქოვანის გზა თავდაცვის მინისტრობამდე


ფოტო ილუსტრაცია: ირაკლი ალასანია (თავდაცვის ყოფილი მინისტრი), გიორგი გახარია (ყოფილი პრემიერ-მინისტრი), ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი), ირაკლი ჩიქოვანი (თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი).
ფოტო ილუსტრაცია: ირაკლი ალასანია (თავდაცვის ყოფილი მინისტრი), გიორგი გახარია (ყოფილი პრემიერ-მინისტრი), ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი), ირაკლი ჩიქოვანი (თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი).

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად იმუშავებს მინისტრთა კაბინეტში. როგორ გამონახა მან საერთო ჯერ ალასანიასთან, შემდეგ გახარიასთან, ახლა კი - ირაკლი კობახიძესთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ 2 თებერვალს პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი იცვლება. მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე კი რამდენიმე თვეში NATO-სთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანია.

ის ამჟამად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასაც ხელმძღვანელობს და არის NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის წევრი.

„სხვა საკითხია, რამდენად ეყოფა მას [კობახიძის მინისტრთა კაბინეტში] გამბედაობა გადაწყვეტილებების მიღების დროს, რიტორიკაში, მაგრამ ერთ რამეში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: თუ ის გახდა თავდაცვის მინისტრი, მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ ორი თვალსაზრისით: ერთი, ფულს არ მოიპარავს თავდაცვისგან და ჯარისგან; მეორე, ის არ დახლართავს ინტრიგებს ამერიკელების, NATO-ს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ“, - თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მომავალ მინისტრზე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს (ოპოზიციიდან) თეონა აქუბარდიას იმედი აქვს, რომ ირაკლი ჩიქოვანი, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, უპასუხოდ არ დატოვებს პარლამენტარების შეკითხვებს.

„რუსეთის აგრესიისგან გამომდინარე, დიდი გამოწვევის წინაშე დგას საქართველო, არც თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა და არც რაიმე ტიპის დიდი შეიარაღების შესყიდვაზე საუბარი არ არის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კობახიძეა ის პირი, ვისაც თავის ქვეყნის ჯარი და ტერიტორიული მთლიანობა დიდად აღელვებდეს, რადგან არასდროს არც საოკუპაციო ხაზზე ყოფილა და სამხედრო აღლუმის დროსაც კი არ იმყოფებოდა. დიდად გამიხარდება, თუ ირაკლი ჩიქოვანი წარმატებული მინისტრი იქნება“, - დაამატა თეონა აქუბარდიამ.

კარიერული გზა თავდაცვის მინისტრობამდე

ირაკლი ჩიქოვანის საჯარო პოლიტიკაში გამოჩენა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას უკავშირდება. სანამ ჩიქოვანს „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის პოზიციიდან გაიცნობდა საზოგადოება, ის 2009 წლამდე გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიას მოადგილე იყო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში შემავალი „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარე გახდა.

ჩიქოვანი 2014 წელს ოპოზიციაში ირაკლი ალასანიასთან ერთად წავიდა, რასაც წინ უძღოდა ერთობლივ ბრიფინგზე თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის განცხადება „საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე შეტევის“ შესახებ.

2016 წლის 9 მაისი. ირაკლი ჩიქოვანი „თავისუფალი დემოკრატების" იმდროინდელ ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან ერთად.
2016 წლის 9 მაისი. ირაკლი ჩიქოვანი „თავისუფალი დემოკრატების" იმდროინდელ ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან ერთად.

ოპოზიციონერი ჩიქოვანი აქტიურად ჩაერთო საარჩევნო კამპანიასა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ქალაქ ზუგდიდის ოლქში იყარა კენჭი, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. ის აკრიტიკებდა ხელისუფლების მოქმედებას და მას არჩევნების გაყალბებაშიც ადანაშაულებდა.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იწყებს არჩევნების და არჩევანის მოპარვას ზუგდიდელებისთვის“, - აცხადებდა ჩიქოვანი 2016 წლის აგვისტოში.

იმავე პერიოდში ის დეტალურად ხსნიდა არჩევნების გაყალბების სქემებს: „ქართული ოცნების“ კოორდინატორები პრობაციონერების ოჯახებს ამნისტიას ჰპირდებიან და სანაცვლოდ არჩევნებზე მხარდაჭერას სთხოვენ. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მართვის უფლების აღდგენის შესახებ აკრძალვის ქვეშ მყოფი მძღოლების მიმართ“.

2016 წელი. ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში „თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი იყო.
2016 წელი. ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში „თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი იყო.

საბოლოოდ, ჩიქოვანმა მაჟორიტარულ ოლქში 15.2% აიღო, პარტიამ კი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ჩიქოვანმა დაახლოებით ორ თვეში ოპოზიციური პარტია დატოვა, რასაც წინ უძღოდა პოლიტიკიდან ირაკლი ალასანიას წასვლის გადაწყვეტილება.

მორიგი ლიდერი - გიორგი გახარია

2020 წლის იანვარი. ირაკლი ჩიქოვანი იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში
2020 წლის იანვარი. ირაკლი ჩიქოვანი იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში

„ქართულ ოცნებასთან“ მკვეთრი დაპირისპირების მიუხედავად, გარკვეული პაუზის შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლებაში ბრუნდება, როგორც პრემიერის სტრატეგიული კომუნიკაციის მრჩეველი.

ის განსაკუთრებით აქტიური იყო 2020 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ადმინისტრაციის სახელით ბრიფინგებს მართავდა.

2020 წლის აპრილი. მთავრობის ადმინისტრაცია. ირაკლი ჩიქოვანი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად ბრიფინგს მართავს.
2020 წლის აპრილი. მთავრობის ადმინისტრაცია. ირაკლი ჩიქოვანი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად ბრიფინგს მართავს.

მოგვიანებით, ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრ გახარიას მრჩეველი გახდა, საგარეო ურთიერთობების საკითხებში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან კვლავ ზუგდიდის მაჟორიტარად იყარა კენჭი. ამჯერად „ქართული ოცნების“ სახელით, მან გამარჯვების მოპოვება შეძლო. ჩიქოვანმა „თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარებული“ უწოდა არჩევნებს, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია აპროტესტებდა და თვეების განმავლობაში უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე.

დეპუტატმა ანა წითლიძემ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლების წინააღმდეგობის მიუხედავად, გიორგი გახარიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩიქოვანი ზუგდიდში მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი გამხდარიყო.

ირაკლი ჩიქოვანის ბანერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
ირაკლი ჩიქოვანის ბანერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარია გადადგა. მისმა თანამოაზრეებმა პარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბეს. ირაკლი ჩიქოვანმა კი „ქართულ ოცნებაში“ დარჩენა ამჯობინა.

ჩიქოვანმა, რომელსაც ზოგი აქტორი პროდასავლური ხედვების მქონე პოლიტიკოსად მიიჩნევს, 2023 წლის 7 მარტს, პირველი მოსმენით გამართულ კენჭისყრაზე, მხარი დაუჭირა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს, რომელსაც ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საპროტესტო აქციების სხვა მონაწილეები „რუსულ კანონს“ უწოდებდნენ.

გასული წლის ნოემბერში ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავა.

2023 წლის დეკემბერი. პარლამენტის საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომას ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი უძღვებოდა.
2023 წლის დეკემბერი. პარლამენტის საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომას ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი უძღვებოდა.

დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობს ჩიქოვანის ცოლი, დიანა ჟღენტი. მან 2023 წლის დასაწყისში პოლონეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავა. მანამდე დიანა ჟღენტი წლების განმავლობაში იყო საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში.

2023 წლის 28 თებერვალი. საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი პოლონეთში დიანა ჟღენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
2023 წლის 28 თებერვალი. საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი პოლონეთში დიანა ჟღენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

„ჩიქოვანი არ არის ის ადამიანი, რომელიც შეიძლება, ვინმესთვის სანდო იყოს“

ანა წითლიძე, რომელიც წლებია ირაკლი ჩიქოვანის ოპონენტია, ამბობს, რომ მისთვის ნაკლებად საინტერესოა ამჟამინდელი სამთავრობო ცვლილებები.

„გაგიჭირდებათ ზუგდიდელის პოვნა, რომელიც მისი მაჟორიტარი დეპუტატობით იქნება კმაყოფილი. რა გაუმჯობესდა ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანის პირობებში? არაფერი“, - ამბობს დეპუტატი ოპოზიციიდან და ამატებს:

„მთელი მისი კარიერა აგებულია იმაზე, როგორ უნდა უღალატოს საკუთარ მეგობრებს პოლიტიკური კარიერის სანაცვლოდ. ჩიქოვანი გვახსოვს ირაკლი ალასანიასთან, გვახსოვს, ბრიფინგზე მდგომი, როგორ ამბობდა, რომ ამ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება ... შემდეგ გვახსოვს, რომ კონკრეტული თანამდებობის ფასად მოაბრუნეს „ქართულ ოცნებაში“. გვახსოვს მისი შეცვლილი რიტორიკა და მისი საქმიანობა გახარიას გუნდში... ვნახეთ, რომ გახარიას წასვლის შემდეგ ის დარჩა „ქართულ ოცნებაში“ და საბოლოოდ, ახლა მოგვევლინება თავდაცვის მინისტრად. ჩემი გადმოსახედიდან, ირაკლი ჩიქოვანის პოლიტიკური კარიერა კლასიკური კონფორმიზმის მაგალითია... ის არ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება, ვინმესთვის სანდო იყოს“.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

XS
SM
MD
LG