Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალწვეულები, პატიმრები, მობილიზებულები... - პუტინი ხარკოვზე იერიშისთვის ემზადება?! 


ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო
ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება. სავარაუდო თარიღი: 2024 წლის მაის-ივნისი.

ასე თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში, თუმცა მანამდე დასავლურმა მედიამაც დაწერა, რომ არაერთი ფაქტორი მეტყველებს რუსეთის ხელისუფლებისა და რუსი სამხედროების სამზადისზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის არაფერი უთქვამს მოსალოდნელი იერიშის მიმართულებაზე, თუმცა საექსპერტო წრეები დარწმუნებული არიან, რომ, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთი შეუტევს ხარკოვის მიმართულებით და ქალაქის აღებასაც შეეცდება.

გამოცემა „მედუზას“ ცნობით, რუსი ჩინოვნიკები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის ჯარი შეძლებს ხარკოვის აღებას, თუმცა ამის პასუხად უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი ოლექსანდრ სირსკი ამბობს:

„თუ რუსეთის არმია გადაწყვეტს ქალაქზე იერიშის მიტანას, ხარკოვი მათთვის საბედისწერო ქალაქად იქცევა“. სარდალმა ასევე შენიშნა, რომ ნებისმიერ ცნობებს იერიშზე სერიოზულად უყურებს და, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობები შენდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი

უკრაინელი გენერლის თქმით, ფრონტზე ვითარება რთულია, რადგან რუსეთი ზრდის ძალებს და მათ აქვთ უპირატესობა როგორც პირადი შემადგენლობის, ასევე შეიარაღების კუთხით.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი ლუგავოიმ პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის შოუში თქვა, რომ ხარკოვი ისე უნდა იბომბებოდეს, რომ ხალხმა ქალაქში ცხოვრება ვერ შეძლოსო: „ხარკოვში იმ დონეზე უნდა გავანადგუროთ ენერგოინფრასტრუქტურა, რომ ქალაქი გახდეს ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი, რათა 800 ათასი ადამიანი, რომლებიც ქალაქში დარჩნენ, იძულებული გახდნენ, ავტომობილებით, საზიდრებით ანდა სულაც ფეხით გაიქცნენ დასავლეთისკენ. იგივე უნდა გავაკეთოთ სხვა ქალაქებში, მათ შორის კიევში“.

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთმა 505 კვ. კმ ფართობის ტერიტორია დაიკავა. ანალიტიკოსების აზრით, რუსების ამგვარი წარმატების მიზეზი შესაძლოა იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხარვეზები, თუმცა ამის მიუხედავად უკრაინის არმია აკავებს მტერს ავდეევკის მიმართულებაზე.

ან ხარკოვი ან...

ISW-ის მორიგი ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სარდლობამ შესაძლოა თავისი ძალების კონცენტრირება მოახდინოს დონეცკის ოლქის დასავლეთში, იმ იმედით, რომ ისარგებლებენ რუსული ძალების სტაბილური, მაგრამ უმნიშვნელო წინსვლით ამ სექტორში.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ცოტა ხნის წინ მართლაც განაცხადეს, რომ რუსული ჯარები ახდენენ კონცენტრირებას ხარკოვ-ლუგანსკის ღერძის გასწვრივ - ბახმუტთან, ავდეევკის მახლობლად და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში, თუმცა, ISW-ის მტკიცებით, რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, შეძლებენ კოორდინირებული ოპერატიული ოპერაციის დაწყებას მხოლოდ ერთი მიმართულებით (დაგეგმვისა და ადამიანური რესურსების შეზღუდულობის გამო).

ISW-ის ანგარიშის მიხედვით, უკრაინელმა ჯარებმა, როგორც ჩანს, 30 მარტს მოიგერიეს ბატალიონის ზომის რუსული მექანიზებული იერიში ავდეევკის მახლობლად. ეს იყო ბატალიონის ზომის პირველი მექანიზებული იერიში მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს რუსულმა ძალებმა წამოიწყეს კამპანია ავდეევკის ასაღებად.

ამ შეტევის მასშტაბები მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის ძალებს არ განუხორციელებიათ მსგავსი ფართომასშტაბიანი მექანიზებული იერიში ავდეევკის დასაპყრობად წამოწყებული ლოკალური შეტევის დაწყების შემდეგ, როდესაც უკრაინულმა ჯარებმა 2023 წლის 19-20 ოქტომბერს გაანადგურეს თითქმის 50 რუსული ტანკი და 100-ზე მეტი ჯავშანმანქანა, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

ამავდროულად, ომის შესწავლის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ 30 მარტს უკრაინის მიერ რუსული იერიშის წარმატებით მოგერიება (თანაც ავდეევკის მახლობლად, სადაც უკრაინული ძალები იძულებულნი გახდნენ სწრაფად გადასულიყვნენ ახალ თავდაცვით პოზიციებზე დასახლებული პუნქტის დაკარგვის შემდეგ), უდავოდ კარგი მაჩვენებელია და მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ასევე წარმატებით მოიგერიებს მომავალ ფართომასშტაბიან რუსულ თავდასხმებსა და მოსალოდნელ იერიშს 2024 წლის მაის-ივნისში.

„უკრაინის მიერ გამოვლენილი უნარი, ოსტატურად დაიცვას თავი რუსეთის ფართომასშტაბიანი იერიშისას ფრონტის განსაკუთრებით კრიტიკულ სექტორზე, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინულ ძალებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე“, - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად, რუსი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები განიხილავენ „მინიმუმ ხარკოვის ხელში ჩაგდების გეგმებს“. ამის შესახებ წერს რუსული გამოცემა „მედუზა“, რომელიც კრემლში არსებულ წყაროებს ეყრდნობა.

„მედუზას“ წყაროების თანახმად, რუსი ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ „რუსეთის არმიას შეუძლია ხარკოვის აღება, მაგრამ შემდეგ სიღრმეში წინსვლა უფრო რთულად ეჩვენებათ“.

ამავდროულად, გამოცემის ყველა წყარო აღნიშნავს, რომ „ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, რომ ხარკოვზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია”. თუმცა, ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ ეს არის „სავარაუდო სცენარი“, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს მობილიზაციის ახალ ტალღას.

საგაზაფხულო გაწვევა

2024 წლის 1 აპრილს რუსეთში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. ვლადიმირ პუტინმა განკარგულებას 31 მარტს მოაწერა ხელი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ საგაზაფხულო გაწვევის დროს, რომელიც 15 ივლისამდე გაგრძელდება, სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 150 ათასით გაიზრდება.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, წელს რუსეთში გაწვევა ახალი წესებით ხდება, რადგან 1 იანვრიდან რუსეთში გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი 27-დან 30 წლამდე გაიზარდა. რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბს მიაჩნია, რომ ასაკიანი მოქალაქეების გაწვევა „დადებითად იმოქმედებს სამხედრო ნაწილების მორალურ კლიმატზე, რადგან ასეთ წვევამდელებს უკვე აქვთ პროფესიული განათლება და ცხოვრებისეული გამოცდილება“.

რუსეთის მოქალაქის სამხედრო ბილეთი
რუსეთის მოქალაქის სამხედრო ბილეთი

ინტერნეტგამოცემა „ვიორსტკის“ ცნობით, რომელიც ეფუძნება რამდენიმე წყაროს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თავდაცვის სამინისტროში, შესაძლოა უკრაინაში გაიწვიონ როგორც რეზერვისტები, ასევე თადარიგში მყოფი პირები და ჯარისკაცები, რომლებსაც სავალდებულო სამსახურის ვადა გაუვიდათ.

„ეცდებიან ყველა საშუალებით ამოუგრიხონ ხელები და აიძულონ კონტრაქტის გაფორმება“, - წერს გამოცემა.

ჯარისკაცთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის - „მოქალაქე და არმია“ - ხელმძღვანელი, სერგეი კრივენკო The Current Time-თან [რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტი] ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთში მოქმედი კანონმდებლობა ახალწვეულების ფრონტზე გაშვების საშუალებასაც კი იძლევა:

„1 აპრილიდან გაწვეულებს, მასობრივად ფრონტზე არ გაგზავნიან, ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გაგზავნიან, თუმცა ამისთვის არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობს. ეს უბრალოდ თავდაცვის სამინისტროს „კეთილი ნებაა“, რომელსაც სინამდვილეში საფუძვლად უდევს უკმაყოფილების გამოწვევის შიში, რადგან საზოგადოებაში ძალიან არაპოპულარულია სავალდებულო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცების ომში გაშვება.

ეს ძველი, ჩეჩნეთისა და ავღანეთის ომების დროინდელი ისტორიაა, როცა მასობრივად მოდიოდა კუბოები - „ტვირთი 200“ რუსულ ქალაქებში. მოკლედ, საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი აზრი, რომ სავალდებულო სამსახურში მყოფი ჯარისკაცები არ უნდა მონაწილეობდნენ ომში.

შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ ცდილობს ანგარიში გაუწიოს ამგვარ განწყობას, თუმცა ოფიციალურად მათი უკრაინაში გაშვების უფლება აქვს. მართალია, მასობრივად არ ხდება, მაგრამ სავალდებულო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების ომში დაღუპვის არაერთი შემთხვევა ყოფილა, რამდენიმე ათეულიც კი. ძირითადად მათ აგზავნიან უკრაინასთან საზღვრის მახლობლად, ანექსირებულ ყირიმში და ა.შ.“

ჯარისკაცთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის - „მოქალაქე და არმია“ - ხელმძღვანელი, სერგეი კრივენკო
ჯარისკაცთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის - „მოქალაქე და არმია“ - ხელმძღვანელი, სერგეი კრივენკო

სამხედრო კომისარიატები კვლავ აფორმებენ კონტრაქტებს მოხალისეებთან, თუმცა, როგორც „ვიორსტკა“ წერს, მსურველთა ნაკადმა მნიშვნელოვნად დაიკლო: თუ ადრე დღის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადების სურვილს 500-600 კაცი გამოთქვამდა, ახლა ეს მაჩვენებელი 20-30 კაცამდეა დაცემული.

სერგეი კრივენკოს თქმით, რუსეთის ჯარის შევსების სულ სამი გზა არსებობს: სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, კონტრაქტის გაფორმება ომში წასვლის მსურველებთან და იძულებითი გაწვევა მობილიზაციით. ასევე პატიმრები...

„კონტრაქტნიკები“

2022 წლის გაზაფხულიდან რუსეთში მიმდინარეობს კონტრაქტით დაქირავების ძალიან აქტიური კამპანია, რომელშიც ჩართული არიან რეგიონული თანამდებობის პირები: გუბერნატორები, მერები, ცენტრალური და ადგილობრივი მედია.

„მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რეკრუტირების ეს პროცესი წარუმატებელია, ის ვერ აღწევს იმ მიზანს, რაც, სავარაუდოდ, დასახული ჰქონდა. ხერხდება ათობით ათასის დაყოლიება და არა ასობით ათასისა, როგორც ეს თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა გათვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისარიატები არ მიმართავდნენ ზეწოლის მეთოდებს მსჯავრდადებულებზე, მიგრანტებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც რთულ ვითარებაში იმყოფებიან“, - ამბობს სერგეი კრივენკო, რომლის თქმითაც, სამხედრო კომისრები სარგებლობენ იმით, რომ წვევამდელებთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება აქვთ, ამიტომ წვევამდელებზე ზეწოლა იწყება გამწვევ პუნქტში გამოცხადებისთანავე, რაზეც ბევრი წვევამდელი ჩივის.

რუსი ჯარისკაცები ანექსირებულ ყირიმში, 2014 წლის 5 მარტი
რუსი ჯარისკაცები ანექსირებულ ყირიმში, 2014 წლის 5 მარტი

"ჯარისკაცების გადაბირება, მოტყუება, მათზე ზეწოლა პრაქტიკულად ჯარში სამსახურის პირველივე დღიდან იწყება, თუმცა რამდენი პროცენტი აფორმებს თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულებას, ეს მონაცემები ოფიციალურად არსად ქვეყნდება", - ამბობს ორგანიზაციაწ "მოქალაქე და არმიის" დირექტორი.

მისი თქმით, საუბარია ახალწვეულთა მინიმუმ 20-30%-ზე, რომლებიც აფორმებენ კონტრაქტებს რუსეთის არმიასთან. უკრაინასთან ომამდე ეს წილი ყველა გაწვეულის ნახევარს აღწევდა.

„ომამდე წვევამდელებთან კონტრაქტის გაფორმება ფაქტობრივად ერთადერთი მაგისტრალური საშუალება იყო კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცების რიგების შესავსებად. ომამდე წვევამდელთა 50%-ზე მეტი აფორმებდა კონტრაქტს, - ამტკიცებს სერგეი კრივენკო, - თუ წელიწადში კომისარიატები 300 ათასამდე ახალგაზრდას გაიწვევენ სავალდებულო სამსახურში, მათი მესამედი კი კონტრაქტს გააფორმებს თავდაცვის სამინისტროსთან, შედეგად გამოვა, რომ თითქმის 100 ათასით გაიზრდება იმ ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის ფრონტზე შეიძლება იბრძოდნენ“.

ყველანი ციხეში, იქიდან კი ფრონტზე

რუსეთის ციხეებში დაახლოებით 400 000 პატიმარია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ყოველდღიური ახალი ამბები გაჯერებულია დაკავებებისა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შესახებ ცნობებით, რუსეთში ერთდროულად იხურება რამდენიმე კოლონია.

რუსეთის კრასნოიარსკის ოლქის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა მარკ დენისოვმა 21 მარტს თქვა, რომ 2024 წელს მინიმუმ ორი ადგილობრივი შრომა-გასწორების კოლონია დაიხურება, არეისკსა და გრომადსკში.

რუსეთში კოლონიების დახურვის პროცესი წელს არ დაწყებულა. 2023 წელს სვერდლოვსკის ოლქში დაიხურა ექვსი სასჯელაღსრულების დაწესებულება, წელს კიდევ ერთის დახურვა იგეგმება. სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთში პატიმრების რაოდენობა განახევრდა.

რუსეთის ხელისუფლების განმარტებით, წლების განმავლობაში პატიმართა რაოდენობის შემცირება დაკავშირებულია დემოგრაფიულ კრიზისსა და ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაციასთან. გარდა ამისა, გაჩნდა ფედერალური სასჯელაღსრულების ცენტრები, რომლებიც მუშაობენ ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ნარკოტიკებით წვრილმანი ვაჭრობის გამო პასუხისგებაში მიცემულ პირებთან. ასეთი ცენტრები არ მიეკუთვნებიან არც ციხეებსა და არც კოლონიებს, ამიტომ მათი ბენეფიციარებიც არ ხვდებიან სტატისტიკაში.

კიდევ ერთი ფაქტორი: 2023 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს მსჯავრდადებულთა საკონტრაქტო სამსახურში მიღების შესახებ.

„ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც რუსეთის ციხეები და კოლონიები ცარიელდება“, - ამბობს რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ოლგა რომანოვა, პატიმართა უფლებების დამცველი ორგანიზაციის „რუს სიდიაჩაიას“ ხელმძღვანელი:

ოლგა რომანოვა, პატიმართა უფლებების დამცველი ორგანიზაციის „რუს სიდიაჩაიას“ ხელმძღვანელი
ოლგა რომანოვა, პატიმართა უფლებების დამცველი ორგანიზაციის „რუს სიდიაჩაიას“ ხელმძღვანელი

„ახალი კანონი, რომელიც უკვე ასახულია სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, იძლევა პატიმრებთან სამხედრო კონტრაქტების გაფორმების საშუალებას უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორში ანუ ფაქტობრივად გვამის გაცივებამდე.

როგორც იტყვიან, გვამი ჯერ კიდევ თბილია, დამნაშავე ცხელ კვალზეა დაკავებული, ხელბორკილები ახალი დადებული აქვს, მას კი უკვე შეუძლია არმიის რიგებში ჩაწერა და ფრონტზე წასვლა. ცხადია, ასეთი კონტინგენტი არ მოხვდება კოლონიაში“.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ბიუჯეტი 2024 წლისთვის 251 მილიარდ რუბლზე (2,7 მლრდ დოლარზე) ოდნავ მეტია, რაც, თავის მხრივ, თითქმის 200 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. არადა, როგორც უწყების ხელმძღვანელი, არკადი გოსტევი ამბობს, თავად სამსახური განიცდის პერსონალის მწვავე დეფიციტს: ერთი წლის განმავლობაში დეფიციტი თითქმის 4%-ით გაიზარდა და 19%-ს მიაღწია.

საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით, რუსეთი მომდევნო ორი წლის განმავლობაში აპირებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ააშენოს მინიმუმ 25 ახალი კოლონია და წინასწარი დაკავების ცენტრი.

რუსი პატიმრები მოსკოვის N5 კოლონიაში. მოსკოვი
რუსი პატიმრები მოსკოვის N5 კოლონიაში. მოსკოვი

ოლგა რომანოვას თქმით, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ბევრი თანამშრომელი სწორედ ამ ახალ კოლონიებში ცდილობს მუშაობის დაწყებას. სხვა შემთხვევაში, მათაც ფრონტზე გააგზავნიან, სავარაუდოდ, ყოფილი პატიმრების მეთაურებად.

„პატიმრებმა, რა თქმა უნდა, არაფერი იციან სამხედრო დისციპლინისა. არც ოფიცრებმა არ იციან როგორ მართონ ისინი, - ამბობს ოლგა რომანოვა, - სამაგიეროდ ეს საქმე კარგად იციან სასჯელაღსრულების სისტემის ოფიცრებმა. გამოდის, რომ ისინიც ფრონტზე უნდა გაიწვიონ მაქსიმალური რაოდენობით. მაგრამ კოლონიების თანამშრომლები სულელები არ არიან - მათ არ სურთ ფრონტზე წასვლა. ამიტომ ეძებენ სამსახურს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც დაკავებული იქნებიან ახალი კოლონიების მშენებლობით, უკრაინელი ტყვეებისა და პარტიზანების წამებით. წინა ხაზზე ყოფნას ეს საქმიანობა ურჩევნიათ“.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორის არკადი გოსტევის თქმით, უწყების 1600 ყოფილი თანამშრომლიდან, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად წავიდნენ, 157 უკვე დაიღუპა.

რუსული "შტორმ Z"-ის რაზმი, რომელიც შედგება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნილი პატიმრებისგან.
რუსული "შტორმ Z"-ის რაზმი, რომელიც შედგება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნილი პატიმრებისგან.

ოლგა რომანოვას თქმით, სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლების ფრონტზე გასაწვევად სახელმწიფო ყველა გზას მიმართავს.

„ჩვენ ვხედავთ თავისუფლების აღკვეთის აბსოლუტურად გასაოცარ მაჩვენებლებს თვითონ სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებს შორის, - ამბობს რომანოვა, - მათ ყველაფერზე იჭერენ და ციხეში სვამენ: ქრთამზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, თაღლითობაზე - ყველაფრის გამო.

ციხეში მოხვედრის შემდეგ, როგორც სხვა პატიმრები, ისინიც აწერენ ხელს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კონტრაქტზე და მიდიან ფრონტის წინა ხაზზე ყოფილი პატიმრების მეთაურებად. აი, ასეთი მექანიზმი მუშაობს.

და რადგან პუტინი არ აპირებს ომის დასრულებას უახლოეს მომავალში, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთში გარკვეული დროის განმავლობაში არც კოლონიებისა და „ზონების“ საჭიროება არ იქნება. ვისაც დაიჭერენ, ყველას დაუყოვნებლივ გააგზავნიან ფრონტზე".

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG