Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიალოგი მარიონეტებთან - ერთი ილუზიის მომავალი


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

აფხაზეთის საკითხი უკანასკნელ პერიოდში კვლავ იბრუნებს კუთვნილ ადგილს საზოგადოებრივი დებატების ცენტრში. ეს კარგია. თუმცა, ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დისკუსიაში გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება სერიოზულ პრობლემად არ მივიჩნიოთ.

სამწუხაროდ, მნიშვნელოვანწილად, ასეთი აღმოჩნდა ჩემთვის განსაკუთრებით პატივსაცემი ავტორის, გია ნოდიას სტატია.

სანამ ბატონი ნოდიას მოსაზრებებს შევეხები, უნდა გავიხსენოთ, რა კონტექსტში განახლდა საზოგადოებრივი დისკუსია ამ თემებზე.

წლებია, კოლაბორანტული პოლიტიკიდან გამომდინარე, ხელისუფლების პროპაგანდას სურს დაგვაჯეროს, რომ ქვეყნის დეოკუპაციის გზა „აფხაზებთან“ დიალოგზე გადის, რუსეთი კი საკითხის სქოლიოშია გადასროლილი.

მსგავს ხედვას პროდასავლური განწყობის საზოგადოების საგრძნობი ნაწილიც იზიარებს.

ჩემდა სამწუხაროდ, ამ ქვეყნისთვის მართლაც არსებით საკითხზე მსჯელობისას ჩემთვის პატივსაცემი არაერთი ადამიანი „იკარგება” ისტორიულ წიაღსვლებსა და ნარატივებში. ზოგჯერ კი ინტელექტუალურად არაკორექტული სოფიზმით ცრუ დილემებს სთავაზობს საზოგადოებას.

ინტელექტუალურ ექსპედიციებში დაკარგული ჭკვიანი ადამიანებიც კი ზოგჯერ ხეების მიღმა უზარმაზარ ტყეს ვეღარ ხედავენ.

„სირთულის აღიარებას ხშირად მორალურად და პოლიტიკურად მომგებიანი პოზიციის დაკავება გვირჩევნია“, - წერს გია ნოდია და მთავარ შეცდომად სწორედ ის თეზა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ქართველებს კონფლიქტი არა აფხაზებთან, არამედ რუსეთთან გვაქვს.

აფხაზეთში აგრესიას რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მანქანა ახორციელებდა, მან შექმნა ისეთი სუროგატი სტრუქტურები, როგორიც იყო „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“; რუსეთის ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს, მან გადაწყვიტა რეგულარული არმიით ომის ბედი, მან დაგეგმა და განახორციელა ერთწლიანი სისხლიანი კამპანია აფხაზეთში და ქართველებს გენოციდი მოგვიწყო.

გაუგებარია, რუსეთის გარდა სხვა ვინ შეიძლება წარმოადგენდეს კონფლიქტის სამხედრო-პოლიტიკურ მხარეს.

პარადოქსია, თუმცა იმავე სტატიაში ბატონი ნოდია თავად ამბობს, რომ აფხაზეთის ომის სამხედრო-პოლიტიკური ბედი რუსეთმა გადაწყვიტა; რომ აფხაზებთან დიალოგით ოკუპაციის საკითხი ვერ გადაწყდება; რომ ადგილზე აფხაზები დღეს სერიოზულს არაფერს წყვეტენ, თუმცა იქვე სრულიად ბუნდოვნად დასძენს, რომ აფხაზებს გააზრებული აქვთ, როგორ განსხვავდება მათი კოლექტიური ინტერესები რუსეთის ინტერესებისგან.

ამ რეალობაში გაუგებარია, „აფხაზების ხედვის“ რა ეზოთერულ ცოდნასა და გააზრებაზეა საუბარი?

თუ „აფხაზურ მხარეს“, თავად ავტორისვე აღიარებით, არ აქვს გავლენა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებზე და მხოლოდ იმ ზღვრამდე შეუძლია გაჯიუტება, როგორც რუსეთის შემადგენლობაში მყოფ რომელიმე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ოლქსა თუ მუნიციპალიტეტს; თუ „აფხაზური მხარე“ არა მხოლოდ დევნილების სახლებში დაბრუნებაზე, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის წარსული დანაშაულების შეფასებაზე, არამედ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვაზეც კი დემონსტრაციულად აცხადებს უარს; თუ ღიად ცდილობს ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ აპარტეიდული სისტემის ლეგიტიმაციას; თუ უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერს, ადგილზე მცხოვრებ მოქალაქეებს კი უკრაინის მხარდაჭერის შემთხვევაში დევნის; თუ რუსეთის მთავრობასთან ერთად ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასსაც“ კი დაუჭერს მხარს, მაშინ ასეთ „მხარესთან“, დღევანდელ ვითარებაში, რაზე გვაქვს სასაუბრო?

ხაზს ვუსვამ, დღევანდელ ვითარებაში კონფლიქტის მოსაგვარებელი დიალოგის მხარედ ასეთი „მხარის“ მოაზრება, მხოლოდ ოკუპაციისა და გენოციდის შედეგების ნორმალიზებას და დღევანდელ სტატუს-კვოსთან ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეგუებას ემსახურება.

ჩემთვის შოკისმომგვრელია, რომ ბატონი ნოდია ამ საკითხს უკავშირებს აფხაზების ეროვნული სუბიექტობის აღიარების საკითხსაც და აცხადებს, რომ თუკი მათ კონფლიქტის მხარედ არ მოვიაზრებთ, ეს არაფრით განსხვავდება პუტინის პოზიციისგან უკრაინელების მიმართ, მათი ერად არაღიარების შესახებ.

პუტინი საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფოს თავს დაესხა და გენოციდს აწყობს; მისი ამოცანა ამ გზით უკრაინის განადგურება, საბჭოთა რუსეთის მსოფლიო გავლენის აღდგენა და თავისუფალი სამყაროს შევიწროებაა. რა კავშირი აქვს ამას საქართველოს მიერ თავის დროზე საკუთარი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაცვასთან ან დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლეგიტიმურ ამოცანასთან? ან გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ქართული მოსახლეობის სახლში დაბრუნების უფლებასთან?

გაუგებარია, თუ როგორ მივიდა ბატონი ნოდია ასეთ დასკვნამდე. ეს იმ შემთხვევას ჰგავს, რაზედაც თავის დროზე ჯორჯ ორუელი ამბობდა: ზოგი იდეა იმდენად აბსურდულია, რომ მისი მხოლოდ ინტელექტუალებს შეიძლება სჯეროდეთო.

ჩვენი მხრიდან სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის და ოკუპაციის ერთადერთ მხარედ რუსეთის იდენტიფიცირება არანაირად არ ნიშნავს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოების ან ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის იდენტობის უარყოფას.

თუ რამე პარალელი უნდა გავავლოთ, პუტინის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია, სამხედრო დანაშაულებები და ამის გამამართლებელი იდეოლოგია უნდა შევადაროთ იმას, რაც აფხაზეთში მოხდა რუსეთის მხრიდან 30 წლის წინ.

სწორედ ამიტომ მიგვაჩნია კამპანიის ყველაზე ადეკვატურ მოკლე გზავნილად: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“.

ეს არ ნიშნავს, რომ ადგილზე სხვადასხვა თემს შორის დაპირისპირებას უარვყოფ ან მის მნიშვნელობას ვაკნინებ. არც იმის მიჩქმალვას ვცდილობ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მძიმე შეცდომები დაუშვა და სამოქალაქო ერი-სახელმწიფოს იდეის ნაცვლად, საბჭოთა ეთნო-შოვინიზმით იყო შეპყრობილი.

თუმცა ეს მიდგომა მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრებ უმცირესობას არ მიემართებოდა, ეს იყო და ნაწილობრივ, დღესაც სერიოზული პრობლემაა.

ბატონი ნოდია თავად აღიარებს, რომ ამ შეცდომების გააზრებას არანაირი კავშირი არ აქვს აფხაზეთის ოკუპაციის საკითხის გადაწყვეტასთან და „ეს [წარსული შეცდომების გააზრება] ქართული ერი-სახელმწიფოს მშენებლობის პროექტი უნდა იყოს და არა კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტი“.

ასევე გაუგებარია, ამ დისკუსიისას ზოგადი ისტორიული წიაღსვლები და ერთა იდენტობის, იმპერიების შიგნით თუ მათი გავლენით, ჩამოყალიბებაზე მსჯელობა. ამ ისტორიული წიაღსვლების ლაბირინთში ღრმად შესვლაც შეცდომად მიმაჩნია.

ის კი უნდა აღვნიშნო, რომ განაცხადი, თითქოს აფხაზურმა ელიტებმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართული ეროვნული იდეების საპირისპირო ხედვები ჩამოაყალიბეს, მინიმუმ, ნაწილობრივ მცდარია.

1918-21 წლების რესპუბლიკის ერთ-ერთი აშკარა წარმატება ის იყო, რომ გარე მტრების, თეთრი რუსების თუ ეთნიკურად ქართველი რუსი ბოლშევიკების ყველა მცდელობის მიუხედავად, ეთნიკურად აფხაზი ელიტის ნაწილის ერთიან ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაცია და მშვიდობიანი თანაცხოვრება მოხერხდა, სანამ საბჭოთა რუსეთმა სამხედრო აგრესიითა და ტერორით არ ჩაახშო ქართული დემოკრატიული ექსპერიმენტი.

რაზეც ბატონი ნოდია საუბრობს, სინამდვილეში უმეტესწილად გასაბჭოების და რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია. სწორედ სტალინური „ეროვნული პოლიტიკის” კულმინაციად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს, აფხაზური პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა „ეროვნულ იდეად” საბჭოთა კავშირის შენარჩუნება გამოაცხადა და რუსული იმპერიალიზმის იარაღად იქცა საქართველოს დამოუკიდებლობასთან ბრძოლაში.

აფხაზეთის ოკუპაციას ჩვენ გავიაზრებთ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სადაც ეფექტიანი კონტროლი ყველა საკვანძო მიმართულებით აქვს მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს და სწორედ ის არის ამ ეტაპზე სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის ერთადერთი მხარეც - აფხაზების ეროვნული იდენტობისა და ნაციონალიზმის ისტორიის ანალებში კვლევა ამას არანაირად არ ცვლის.

ცალკე მინდა შევეხო ბატონი ნოდიას კიდევ ერთ არგუმენტს. თავისი პოზიციის გასამყარებლად ის წერს, რომ ქართულ და აფხაზურ იდენტობებს, ინტერესებსა და ეროვნულ პროექტებს შორის არსებით დაპირისპირებას რომ არ ეარსება, რუსეთი „ცარიელ ადგილზე კონფლიქტს ვერ შექმნიდა“.

ცხადია, რომ მტერი ყოველთვის ყველა წინაპირობის გამოყენებას შეეცდება თავისი მიზნის მისაღწევად. მაგრამ ეს ვერანაირად ვერ აბათილებს მთავარს: კონფლიქტის მხარე სწორედ რუსეთია.

ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში არაერთი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობით დასახლებული რეგიონი არსებობდა (რუმინეთში, ბულგარეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში), სადაც კონფლიქტის რისკი მაღალი იყო. თუმცა იქ, სადაც რუსეთს ამისი ძალა და პოლიტიკური გავლენა არ ეყო და/ან სადაც ამ მცდელობებს ადგილობრივი პოლიტიკური კლასი და საზოგადოება, ჩვენი ელიტისგან განსხვავებით, ეფექტიანად დაუპირისპირდა, ვითარება სისხლისღვრამდე არ მისულა.

ვიმეორებ, ასე მოხდა არა იმიტომ, რომ ეთნიკური, კულტურული თუ რელიგიური შეუთავსებლობის პრობლემა და დაძაბულობა არ არსებობდა (ზოგ შემთხვევაში, რუსეთს ბევრად უფრო მასშტაბური დასაყრდენი ჰქონდა, ვიდრე ჩვენთან), არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა ვერ შეძლო შეიარაღებული კონფლიქტის წამოწყება, სისხლისღვრა და გენოციდი.
მაგრამ, მოახერხა დნესტრისპირეთში, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და იმავეს ცდილობს დღეს აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში, ისევე, როგორც ჰიტლერის რეჟიმმა ჩეხოსლოვაკიაში - სუდეტელი გერმანელების საკითხის გამოყენებით.

სისხლიანი დაპირისპირება მოხდა იუგოსლავიის დაშლის დროსაც, და იქაც სისხლისღვრამდე მისვლის გადამწყვეტი ფაქტორი გეოპოლიტიკა და რუსული გავლენა იყო.

ბატონი ნოდია ასევე წერს, რომ რუსეთის კონფლიქტის მხარედ გამოცხადება ძველი და პოპულარული მოსაზრებაა.

რა თქმა უნდა, ეს ლეგიტიმური და ადეკვატური შეფასება თავიდანვე არსებობდა, მაგრამ ის არ დომინირებდა არც მაშინ და, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დღემდე არ მიგვიღწევია არსებითი გარდატეხისთვის.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ აყენებს ასე საკითხს, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც არ იზიარებს ამ პოზიციას და საერთაშორისო აქტორებიც კი, უკეთეს შემთხვევაში, არაერთგვაროვანი დამოკიდებულების არიან.

აფხაზეთის ეთნიკურ კონფლიქტად მოაზრება, სადაც რუსეთი მხოლოდ ცუდ შუამავლობაში, ან ორივე მხარის წაქეზებაში იყო მხილებული, 90-იანი წლების დასაწყისში დამდგარი ისტორიული ვითარების მემკვიდრეობაა.

საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუწია ამ სტატუს-კვოსთან დათანხმება, რაც, რუსი სამშვიდობოების ლეგიტიმაციასთან ერთად, რუსეთის წინაშე პოლიტიკური კაპიტულაციის შედეგი იყო.

აფხაზეთის ომის ეთნიკურ კონფლიქტად მონათვლა იყო რუსეთის სტრატეგიული ამოცანა, რათა ჯერ აქტიური საომარი მოქმედებების დროს შუამავლის როლით საკუთარი სამხედრო წარმატება დაეჩქარებინა (სიმბოლურია, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ დღევანდელი თავდაცვის მინისტრი და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი შოიგუ), ხოლო აქტიური ფაზის შემდეგ, მშვიდობისმყოფლის ოფიციალური სტატუსით, ყოველგვარი საერთაშორისო ფასის გადაუხდელად, გაეგრძელებინა საქართველოს სახელმწიფოებრიობის რყევა-დესტაბილიზაცია.

ეს სტატუს-კვო იმდენად იყო წლების განმავლობაში ჩაბეტონებული, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ რუსეთის შუამავლის როლის დაბლოკვას და სამშვიდობო ძალის სტატუსის ჩამორთმევის მცდელობას საერთაშორისო საზოგადოების წნეხი მოჰყვა.

დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის გამო გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და ისტორიის გამყალბებელი სტატუს-კვო შევცვალოთ. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება დანაშაულებრივი შეცდომა იქნება.

ამ ამოცანის მიღწევას ფუნდამენტურად გვაშორებს აფხაზეთის ომის დანაშაულების შეფასებისას დამკვიდრებული „მორალური რელატივიზმიც“.

გია ნოდია წერს, ძირითადი პრობლემა ქართველების მხრიდან ცალმხრივად აღიარებული დანაშაულიაო, თითქოს აფხაზეთის ომში მხარეების მიერ ჩადენილი დანაშაულები მეტ-ნაკლებად თანაზომადი ყოფილიყო.

ამ ლოგიკას, ქართული შეიარაღებული ძალების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების რუსეთის მიერ ქართველების გენოციდსა და ეთნიკურ წმენდასთან გათანაბრებასთან მივყავართ.

რუსეთმა, მისმა სუროგატებმა და მასთან შერწყმულმა აფხაზური პოლიტიკური კლასის უდიდესმა ნაწილმა, ქართველების გენოციდი და ეთნიკური წმენდა მოაწყვეს.

„ბუჩამდე იყო აფხაზეთის“ ფარგლებში არაერთი დოკუმენტური მასალა და მტკიცებულება გავასაჯაროვეთ, რომელიც ცხადყოფს, რომ ეთნიკური ქართველების განადგურება რუსეთისა და მისი სუროგატების დეკლარირებული, გაცხადებული ამოცანა იყო.

რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე, მისმა მთავარმა სუროგატმა, „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“, ამ სტრუქტურის ხელმძღვანელების პირით ოფიციალურად განაცხადა, რომ სამიზნე ყველა ეთნიკური ქართველი იყო და მათ მიმართ ტერორისტული აქტების გამოყენების ბრძანება გასცა.

„ჩვენ დროზე უნდა ვისწავლოთ მათი [ქართველების] დახოცვა, დანაწევრება, ცხვირების მოჭრა და ა.შ.“ - აცხადებდნენ ისინი.

არაფერი ამასთან შედარებადი ქართულ მხარეს, მის არცერთ პოლიტიკურ ხელისუფლებას ამოცანად არ დაუსახავს და არ განუხორციელებია.

წერილის ბოლოს ბატონი ნოდია ერთგვარად აჯამებს და წერს, რომ ილუზიაა, თითქოს რუსეთის დასუსტებისთანავე ოკუპირებული აფხაზეთის პრობლემა ავტომატურად გადაწყდება, რომ ეს რთული და ხანგრძლივი გზა იქნება და, რომ მანამდე ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილში გვაქვს ქვეყნის ხელისუფლების გადარჩევის ამოცანა მისაღწევი. სულ ბოლოს კი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან ავლებს გარკვეულ პარალელს.

პირველ სამ თეზას სრულიად ვიზიარებ, ოღონდ, სწორედ ამ ამოცანების მისაღწევად არის საჭირო, რომ დღეს ამ ხელისუფლების ნარატივს დავუპირისპირდეთ, რომ ხელისუფლების შეცვლამდეც კი საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ სიმართლე ქართველების გენოციდის შესახებ, რასაც ჩვენი კამპანიით „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ ვცდილობთ და, რა თქმა უნდა, დღესვე უნდა ჩამოვაყალიბოთ ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს პროდასავლური, ანუ პროქართული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

რაც შეეხება რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციისა და ისრაელის კონფლიქტის შედარებას. თუკი რაიმე პარალელი შეგვიძლია დავინახოთ, ეს არის ერთ მხარეს მყოფი თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, (მიუხედავად იმისა, რა ხარვეზებსაც არ უნდა ხედავდეს ზოგიერთი ისრაელის პოლიტიკურ სისტემაში ან ისრაელის მიერ პალესტინის პრობლემასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებში), ხოლო მეორე მხარეს - ტერორიზმისა და ბოროტების ტირანია.

ეს ბოროტება ყველგან უნდა დამარცხდეს. სწორედ ეს არის ნებისმიერი რეალური დიალოგისა და გონივრული კომპრომისების აუცილებელი წინაპირობა. იქამდე კი რუსეთის მარიონეტებთან დიალოგის იმიტაციისათვის რაიმე ღირებულების მინიჭება სახიფათო ილუზიაა.

ბატონი ნოდია სწორად აკრიტიკებს ჩვენში ზოგადად გამეფებულ ილუზიებს. მითების გაფანტვის საჭიროებას მეც ვხედავ.

ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ, ჩემი აზრით, ერთით მეტი ილუზიისგან გვჭირდება გათავისუფლება.

გიგა ბოკერია არის პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი (2010-2013 წწ.)

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG