Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია ტაბაკად


ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

ლევან ბერძენიშვილზე უკვე მესამედ ვწერ. იმედი კი არა მაქვს, რომ გასამდება და მეტი აღარ მომიწევს დაწერა. განა მეზარება, უბრალოდ, ჩემი აზრი ამ კაცზე ცნობილია და დანარჩენი გამეორება იქნება. ჩემი მოკრძალებული აზრი კი ლევანზე მუდამ იყო, არის და იქნება უმაღლესი. ასე რომ, ამაზე არ ღირს დახურდავება.

დახურდავება არც იმ ხალხზე ღირს, ამას წინათ სრულიად ყვარლის ღირსებას რომ იცავდა. მაგრამ იმსახურებს ორიოდ სიტყვას ამ სეირის მაყურებელი, რომელიც ყლაპავს ამ ბოღმას, და შესაბამისად, თვითონვე იქცევა ბოღმად. დღეს, როცა ასე სანახაობრივი გახდა სამყარო, შეიძლება ითქვას, ის ხარ, რასაც უყურებ. მეგობარი კი არა, ნებისმიერი რამ მანახე შენი და გეტყვი, ვინ ხარ. რასაც კითხულობ, ისა ხარ. რასაც უყურებ, ისა ხარ. ძლიერ კი მეეჭვება, ამ სეირის მაყურებელი კითხულობდეს წიგნს. წიგნის მკითხველს რა დაბოღმავს. ან რა დაადუმებს.

რატომღაც მგონია, რომ იგივე მაყურებელი ჰყავს იუთუბ-არხს “Георгий Кавказ”. ეს კავკაზი კამერის წინ ამზადებს კერძებს მეგობრებთან ერთად. ამ დროს მისი ბავშვები ეზოში თამაშობენ ხოლმე რამე ცხოველის შიგნეულობით. ზოგჯერ ამ ბავშვებთან ერთადაც მიირთმევს კავკაზი, სტუმარი თუ არა ჰყავს. სერიოზული ნამუშევარია კამერებით, ხმით, მონტაჟით, განათებით.

ამ კავკაზს დიდი ფან-კლუბიც ჰყავს. ზოგადად, უამრავი ვიდეო არსებობს კერძების დამზადებასა და მათ დეგუსტაციაზე. მაგრამ ეს კაცი დიდი გამონაკლისია. თან კერძიც არის და კერძიც. ამ კავკაზმა ლამის მთელი ფაუნა გადაჭამა. ეგზოტიკური ცხოველი არ დატოვა - ხან პითონის ბულიონს ხარშავს ვეება ქვაბში, ხან ნიანგის მწვადებს აშიშხინებს მაყალზე, ხან კი დაჭრილ სირაქლემას აწყობს ნიორწყალში. იუთუბზე მისი არხის დევიზია: ”Кавказские блюда для душевных застолий”. მართლაც, სად გაგონილა კავკასიური კერძი ნიანგის ან იაკის გარეშე? სამზარეულოს ადგილი უცვლელია - მისი სახლის ეზო. რა აღარ დაუჭრიათ, დაუჩეხავთ, დაუხერხავთ კავკაზის ეზოში. აქ გაუჩერებლად რაღაც თუხთუხებს, შიშხინებს, იბოლება. ბავშვებიც დაარბენინებენ აქეთ-იქით ცხოველების ფილტვებს, ჩლიქებს, რქებს... ღიპიანი კაცები მონდომებით ჭრიან ანტილოპებსა და გაზელებს, ზებრებსა და კოზაკებს.

მთავარი მაინც ისაა, კერძი რომ დამზადდება და კავკაზი ულუფებს ჩამოარიგებს ხოლმე. რაღაც გრანდიოზული ულუფებია. პირდაპირ საპანტაგრუელე. სულერთია, სტუმარს უდებს რამეს თუ ბავშვს. ლანგარზე ხან ბიზონის ბეჭი დევს, ხან - აქლემის კუზი, ხან - სპილოს ხორთუმი. სტუმარიც ჭამს. ბავშვიც. თვითონ კავკაზიც. ამ ვიდეოებს ნახვებიც მილიონობით აქვთ და კომენტარებიც - ერთიმეორეზე საოცარი. ხალხი აღტაცებულია ამ კაცით. მისი მეგობრებითაც.

ვიღაც წერს, ამათმა მთელი ადგილობრივი ზოოპარკი შეჭამესო. ვიღაც ამატებს, ველი, როდის შეჭამენ ამ ზოოპარკის დარაჯსო. მე მგონია, დარაჯი დიდი ხანია შეიჭამა უკვე. ჯერი ბავშვებზეა. ნუთუ ასე ფაქიზნი არიან კავკაზის ფანები, რომ არ უბრუნდებათ ენა ამის სათქმელად? ნუთუ შესაძლებელია, გართობდეს ვიდეო, სადაც ეგზოტიკურ ცხოველებს უსასრულოდ ჭამენ კაცები, ის კი ვერ დაუშვა, რომ იმ კაცებმა შეიძლება ერთხელაც ეზოში მოთამაშე ბავშვებიც წამოაგონ შამფურზე? მით უფრო, რომ ერთმა სტუმარმა კამერის წინ როგორღაც უკვე ჩაილაპარაკა: ღმერთმანი, ცოტა ყელში კი ამოვიდა ეს ნიანგები და სირაქლემებიო. დღეს უკვე შინაური ცხოველისგან საჭმლის დამზადება ჩანს მხეცობად და ეგზოტიკურისგან ხომ საერთოდ.

ვინ იცის, ამ ვიდეოების მილიონობით მაყურებლიდან რამდენია ყვარლის მცველი? არა მარტო ის არ მესმის, თუ როგორ უნდა გართობდეს მსგავსი ვიდეო, საერთოდ რატომ უნდა უყურებდე, რამე ადამიანური თუ არის შენში? და თუ უყურებ, როგორ უნდა დუმდე? როგორ უნდა დუმდე, როცა ხედავ, როგორ უკრძალავენ ვინმეს ცოდნის მიღებას? ან ცოდნის გაცემას? თან ვის? კაცს, რომელსაც არა მარტო მთაწმინდაზე უნდა ვუნახავდეთ ადგილს, არამედ ორი ქალაქი უკვე უნდა იბრძოდეს მისი ნეშტისთვის - თბილისი და ბათუმი. თუნდაც ჩემდა თავად სულ არ მიმაჩნდეს მთაწმინდა უმაღლეს წერტილად და პანთეონის ნახევარ ბინადრებს, ცოტა მეტსაც, იოლად დავუბრუნებდი მათ ოჯახებს.

ჩვენში რომ არ იჯდეს მხეცი, გიორგი კავკაზი და ძმანი მისნი კი არ იარსებებდნენ. ჩვენში მოთუხთუხე ზიზღით სულდგმულობენ ისინი. შესაბამისად, არავინ აუკრძალავდა ლევან ბერძენიშვილსაც ლექციის ჩატარებას, თან ილია ჭავჭავაძეზე, საქართველოს ეგებ მთავარ რეანიმატოლოგზე. ილიას რომ არ მოესულიერებინა, საერთოდ იარსებებდა დღეს საქართველო? თბილისი? ბათუმი? ყვარელი?

ვუყურებ ყვარლის მცველებს და მგონია, რომ ისინი არა მარტო კიდევ ერთხელ მოკლავდნენ, არამედ ილიას ტაბაკადაც შეწვავდნენ, თავ-ფეხს კი დაამუჟუჟებდნენ. თან კამერის წინ, მონეტიზაციისთვის. ეს ხალხი მონეტის გამო ჩეხავს აქლემსაც, კლავს ილიასაც, იცავს ყვარელსაც ბერძენიშვილისგან. რაც მთავარია, იცავს საკუთარ შვილებს ცოდნისგან. გაუთიშე მონეტიზაცია და მაშინვე გაქრებიან.

როგორ მოხდა, რომ ამასობაში კავკასიური ცარცის წრიდან პირდაპირ კავკაზიურ სისხლის წრეში ვისკუპეთ? და ეგებ არც ვისკუპეთ? ეგებ სულ იქ ვიყავით? ჩვენს ცნობილ კაცთმოყვარეობასაც კავკასიურად ვასაღებდით, კავკაზიური კი იყო? გიორგი კავკაზის მადლი გფარავდეთ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG