Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძიმე დანაშაული თუ აბსურდი? - სავარაუდო ტრეფიკინგი კახეთში


9 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფერმის მესაკუთრის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციასთან ერთად გაავრცელა ვიდეომასალა.
9 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფერმის მესაკუთრის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციასთან ერთად გაავრცელა ვიდეომასალა.

ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი ედება ბრალად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში დაკავებულ 42 წლის ბიზნესმენს, ნიკოლოზ გიორგელაშვილს.

გამოძიების ინფორმაციით, ის ორი თვის განმავლობაში თავის ფერმაში ამუშავებდა ოთხ ადამიანს, რომლებსაც ხელფასს არ უხდიდა, დასვენების უფლებას არ აძლევდა და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციასაც უკრძალავდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მეფრინველეობის ფერმაში დასაქმებული ოთხივე პირი თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და ერთმანეთის ნათესავები არიან.

9 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფერმის მესაკუთრის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციასთან ერთად გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის მიხედვით, დასაქმებულები შრომის ინსპექციის წარმომადგენელს უყვებიან დამსაქმებლის მხრიდან მუქარასა და ფიზიკურ ძალადობაზე. რადიო თავისუფლებას მათ კომენტარზე უარი უთხრეს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დავუკავშირდით. გვაინტერესებდა, როდის და როგორ გაიგეს სავარაუდო დანაშაულის შესახებ. სამინისტროში შეკითხვებზე არ გვიპასუხეს. უწყებამ თავად გაავრცელა ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის თორნიკე მარსაგიშვილის ოფიციალური კომენტარი.

„ბრალდებულმა შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის გეგმა, რომლის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით ოთხ დაზარალებულს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით საკუთარ ფერმაში მუშაობას აიძულებდა. ასევე დაზარალებულებს უკრძალავდა ტერიტორიის დატოვებასა და მობილური ტელეფონით სარგებლობას. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა“.

საქართველოს პროკურატურამ დაკავებულ ბიზნესმენს ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ფაქტზე. ბრალის დეტალებზე 9 აპრილს ილაპარაკა პროკურორმა თეა გიორგაძემ:

„დაზარალებულებმა გაუსაძლისი პირობების გამო ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს, თუმცა ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობით და მუქარით ისინი უკან დააბრუნა და კვლავ იძულებით სამუშაოში ჩართო. სამმა დაზარალებულმა მოგვიანებით კვლავ შეძლო ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა, ხოლო ერთ-ერთ პირს ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას 4 აპრილამდე უწევდა. დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ფერმა, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა, ამ დრომდე დალუქულია. დაკავებულ ბიზნესმენს ფერმის გარდა საბითუმო მაღაზიაც აქვს, საიდანაც თელავის მაღაზიების ნაწილს სხვადასხვა პროდუქტით ამარაგებდა. საერთო ჯამში, ამ დაწესებულებაში 25-მდე ადამიანი მუშაობს. ბუღალტერი თამარ მამულაშვილი ირწმუნება, რომ პირებს, რომლებიც ძალადობაზე საუბრობენ, ხელფასს პირადად აძლევდა და დაშინება და მუქარა არ ყოფილა.

ფერმა კახეთში
ფერმა კახეთში

„თუ რამე არ მოსწონდათ, რატომ არ წავიდნენ? კარი ღია იყო და ნებისმიერ დროს შეეძლოთ გასულიყვნენ. თავიდან როცა მოვიდნენ, თქვეს, რომ სახლი არ ჰქონდათ და ვერც საჭმელს შოულობდნენ; ასე თქვეს, ჩვენი საჭმელი ბალახიაო და იქნებ თქვენთან გვაცხოვროთო. მეპატრონემ უთხრა, კი ბატონო, ამხელა ტერიტორია მაქვს და იცხოვრეთო, თან რაღაცას გააკეთებთო... მე ცემის ფაქტს ვერ დავადასტურებ იმიტომ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა. ხელფასსაც მე ვაძლევდი“, - ამბობს ბუღალტერი.

კახეთში დაკავებულ ბიზნესმენს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ის გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ბრალს არ აღიარებს იმიტომ, რომ აბსურდია. იქ ტრეფიკინგი არ ყოფილა, ეს არის შრომის ინსპექციის მიერ გაბერილი - "ტრეფიკინგი გავაკეთე საქმე", რომელიც ოთხ მოწმეზე ააწყვეს. ამ კომპანიაში 25 ადამიანი მუშაობს და არცერთი მათგანი არ გამოუკითხავთ. ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პატიმრობაში მოხვედრილიყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ტერიტორიიდან არ უშვებდაო... სად არ უშვებდა, აქ ვინც მუშაობს, ყველა მიდის და მოდის. თუ ხელფასის ოდენობა არ მოსწონდათ, ეთქვათ და წასულიყვნენ. გამოძიების ეტაპზე მე დავამტკიცებ სიმართლეს, ოღონდ ამას იმიტომ კი არ ვიძახი, რომ ადვოკატი ვარ, - მზად ვარ, ფაქტებით დავამტკიცო“.

იოსებ ხარატიშვილის ინფორმაციით, აქვს იმის მტკიცებულებები, რომ ბიზნესმენს დაქირავებულ მუშახელთან მხოლოდ საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

ფერმა ამჟამად ცარიელია
ფერმა ამჟამად ცარიელია

„ისეთი ურთიერთობა ჰქონდა ფერმის მფლობელს, დაბადების დღეებსაც კი ერთად იხდიდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მათთან ერთად მუშაობდა და ცხოვრობდა თავის 6 შვილთან ერთად. აბსურდია ეს ბრალდება, ოღონდ რა მოტივაცია აქვს ამ ოთხ ადამიანს, რომ თავის ხელმძღვანელზე ამას იძახის, ეს არ ვიცი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უფლებადამცველმა იოსებ ხარატიშვილმა.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. პირველი სხდომა 21 მაისს გაიმართება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG