Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსები საქართველოდან სომხეთში მიდიან პუტინის წინააღმდეგ ხმის მისაცემად


ვლადიმირ პუტინმა დიდი ხანია დაადუმა საკუთარი კრიტიკოსები. მაგრამ რუსები ახალ-ახალ გზებს პოულობენ წინააღმდეგობის გამოსახატავად.
ვლადიმირ პუტინმა დიდი ხანია დაადუმა საკუთარი კრიტიკოსები. მაგრამ რუსები ახალ-ახალ გზებს პოულობენ წინააღმდეგობის გამოსახატავად.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები წინასწარვეა ცნობილი. ამისდა მიუხედავად, საქართველოში გამოქცეული რუსები სომხეთში მიდიან, რათა ყველა კანდიდატი გადახაზონ.

ეს რუსებს გარდაცვლილმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ უანდერძა.

15-17 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია და საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ხმის მისაცემად სომხეთში მიემგზავრებიან.

საქართველოში ხმას ვერ აძლევენ, რადგან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილი არაა. სომხეთში კი 17 მარტს ორი საარჩევნო უბანი გაიხსნება. ერთი დედაქალაქ ერევანში, მეორე - სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში.

ზუსტი რიცხვები არ ვიცით, მაგრამ, როგორც მაგალითად 38 წლის ალექსანდრე გვეუბნება, პარასკევს ერევანში 25-კაციან ჯგუფთან ერთად ჩავიდა.

“ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, ვაჩვენოთ, რომ ამ ბნელეთის მოციქულების წინააღმდეგ ვართ”, - ამბობს ალექსანდრე.

ყველამ იცის, რომ 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებს ისევ ვლადიმირ პუტინი მოიგებს. დამოუკიდებელი კანდიდატები არჩევნებზე არ დაუშვეს, ოპოზიცია ან ციხეშია, ან ქვეყნიდანაა გაქცეული. პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე, ალექსეი ნავალნი ერთი თვის წინ კოლონიაში მოკვდა.

მაგრამ პუტინის მოწინააღმდეგეები მაინც მიდიან არჩევნებზე, რომ ან გააფუჭონ ბიულეტენი, ან მისცენ ხმა ნებისმიერ კანდიდატს, პუტინის გარდა.

“ბიულეტენი უნდა გავაფუჭო და ზედ მშვიდობა დავაწერო”, - ამბობს ალექსანდრე.

იგი აღიარებს, რომ “ხავსს ეჭიდება”. ეჭვიც არ ეპარება, რომ კრემლი არჩევნების შედეგებს “დახატავს”. მაგრამ ამბობს, რომ თუკი ამ არჩევნებში ბევრი რუსი დააფიქსირებს ანტისაომარ პოზიციას, რუსმა პოლიტიკოსებმა უფრო შეიძლება უბიძგონ პუტინს ომის დასრულებისკენ.

“შუადღე პუტინის წინააღმდეგ”

არჩევნებზე მისვლისკენ რუსებს აწ გარდაცვლილი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც მოუწოდებდა. ნავალნის იდეა იყო, რომ რუსები საარჩევნო უბნებზე 17 მარტს, დღის 12 საათზე ერთდროულად მისულიყვნენ და აერჩიათ პუტინის გარდა ნებისმიერი კანდიდატი.

ამ აქციას დაარქვეს “შუადღე პუტინის წინააღმდეგ”. ზოგი ხმას მისცემს, ზოგი ბიულეტენს გააფუჭებს. ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი საარჩევნო უბნებზე 12 საათისთვის ერთად მისვლაა.

აქციას ემხრობიან ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია, პოლიტიკოსი მაქსიმ კაცი, ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი და სხვები.

“აქციის მიზანია, ვაჩვენოთ სოლიდარობა და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს”, - ამბობს ივან ჟდანოვი, ნავალნის მიერ შექმნილი “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ხელმძღვანელი.

კი, პუტინი იმ შედეგს დაიწერს, რაც მას უნდა, მაგრამ ეს აქცია “ჩვენთვის ერთადერთი გზაა, ვაჩვენოთ, რომ არსებობს სხვა რუსეთიც. რუსეთი, რომელიც პუტინის წინააღმდეგაა”.

“მივდივართ არა პუტინის არჩევნებში დასამარცხებლად, არამედ მისი "სპეცოპერაციის" ჩასაშლელად”, - ეუბნება გამოცემა “მედუზას” აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ყოფილი დეპუტატი, მაქსიმ რეზნიკი.

მას ეიმედება, რომ აქცია შთაბეჭდილებას მოახდენს როგორც თავად რუსებზე, ისე უცხოელებზეც. რეზნიკის თქმით, ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად მისულმა ათასობით ადამიანმა უკვე დაანახვა მსოფლიოს, რომ სინამდვილეში პუტინი არცთუ ისე პოპულარულია. ახლა კი უნდა აჩვენონ, რომ პუტინის წასვლა და ომის დასრულება სურთ.

რისკის ფასად

ალექსანდრეს მსგავსად, ერევანში გაემგზავრა 25 წლის დარიაც.

იგი ამბობს, რომ კრემლმა საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების თითქმის ყველა შესაძლებლობა მოუსპო. დარჩა მხოლოდ ხმის მიცემა. თუნდაც წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში.

“უნდა ვაკეთოთ რაც შეგვიძლია. როგორც აქციებზე გასვლაა მნიშვნელოვანი, ისეა მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობაც”, - ამბობს დარია.

ამბობს, რომ ერევანში საქართველოდან ბევრი მისი ნაცნობი კი ჩავიდა, მაგრამ თან ბევრ რუსს იცნობს, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა არაფრის მომცემია. ეს არ უკვირს, რადგან ბევრი უკვე მიეჩვია “საკუთარი უძლურების განცდას”.

თუმცა, დარიას თქმით, ის, რომ ხმის მიცემა შეუძლია, მისი “პრივილეგიაცაა”.

“მაქვს დისტანციური სამსახური და შემიძლია ფულის დახარჯვა”, - ამბობს იგი.

დარიამაც და ალექსანდრემაც რადიო თავისუფლებას სთხოვეს, მათი გვარები არ გაგვემჟღავნებინა. ეშინიათ, რომ კრემლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო, ქართველმა მესაზღვრეებმა შეიძლება უკან არ შემოუშვან.

ეს უსაფუძვლო შიში არაა, საქართველო ხშირად უარს ეუბნება ოპოზიციონერ რუსებს ქვეყანაში შემოშვებაზე.

17 მარტს, პუტინის საწინააღმდეგო აქცია თბილისშიც გაიმართება. ორგანიზაცია "ფრი რაშა" მოუწოდებს რუსებს, რომლებიც სომხეთში ვერ ან არ წავიდნენ, დღის 12 საათზე პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG