Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-ნატოს ომი გარდაუვალია?


ნატოს წვრთნები რუმინეთში, 2023 წლის მარტი.
ნატოს წვრთნები რუმინეთში, 2023 წლის მარტი.

ბოლო კვირებში სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი და მაღალჩინოსანი სამხედრო ამბობს, რომ რუსეთი უკრაინას არ იკმარებს და ბოლოს აუცილებლად დაესხმება თავს ნატოს წევრ ქვეყანას.

2025 წლის ზაფხულში ნატო-რუსეთის ომი “გარდაუვალი გახდება”, - დაწერა გერმანულმა ტაბლოიდმა, "ბილდმა" 14 იანვარს.

გამოცემის მტკიცებით, ხელში ჩაიგდო გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტი.

მასში აღწერილია მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარი, რომლისთვისაც სამხედრო ბლოკი ემზადება.

ამ სცენარის კულმინაცია ნატო-რუსეთის ომი იქნება.

"ბილდი" წერს, რომ 2024 წლის მიწურულს, (განსაკუთრებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში), რუსეთი ბალტიის ქვეყნების რუსულენოვან მოსახლეობას აამხედრებს, გადასხამს ჯარს საზღვარზე და იქ პროვოკაციებს მოაწყობს.

ამის შემდეგ, რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მოტივით, მოსკოვი ეცდება დაეპატრონოს ე.წ. სუვალსკის დერეფანს, რომელიც ბალტიის რეგიონს დანარჩენ ევროპასთან აკავშირებს.

ეს დერეფანი (იგივე სუვალსკის ყელი) დაახლოებით 100 კილომეტრის სიგრძისაა. ის ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვას. იმავდროულად, ერთმანეთისგან ყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს.
ეს დერეფანი (იგივე სუვალსკის ყელი) დაახლოებით 100 კილომეტრის სიგრძისაა. ის ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვას. იმავდროულად, ერთმანეთისგან ყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს.

ნატო იძულებული გახდება, ბალტიის “მოჭრას” შეეწინააღმდეგოს და რუსეთს იქ დაახლოებით 300-ათასკაციან ჯარს დაუპირისპირებს.

“ნაკლებად სავარაუდო”

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო "ბილდის" სტატიას მყისიერად გამოეხმაურა.

“სხვადასხვა, თუნდაც ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარის განხილვა, ყოველდღიური სამხედრო საქმის ნაწილია. განსაკუთრებით კი წვრთნების”, - უთხრა გაზეთს სამინისტროს წარმომადგენელმა.

ნატოს წარმომადგენელმა, იანის სარტსმა კი დაწერა, რომ ეს სცენარი სავარაუდოა და არ ეფუძნება დაზვერვის შეგროვებულ ინფორმაციას.

მართლაც, სუვალსკის დერეფანზე რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაძლებლობაზე, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბევრს ლაპარაკობენ. მაგალითად, 2022 წლის ივნისში გამოცემა პოლიტიკომ მას “მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილი” უწოდა.

მაგრამ "ბილდის" პუბლიკაციიდან რამდენიმე დღეში, გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ბორის პისტორიუსმაც თქვა, რომ რუსეთის ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა “5-8 წელიწადში გახდება შესაძლებელი”.

ომის მოლოდინი

ბოლო კვირებში მსგავსი განცხადება უკვე არაერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თუ გენერალმა გააკეთა. მათ სიტყვებში განსხვავებულია მხოლოდ ვადები, მაგრამ შინაარსი ერთია - რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაარტყამს ნატოს.

ამ ომის “პირველი მერცხალი” კი ბალტიის ან სკანდინავიის ქვეყნებზე თავდახმა გახდება.

19 იანვარს, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა თქვა, რომ ალიანსს სასწრაფოდ სჭირდება “საბრძოლო ტრანსფორმაცია”.

“თავისთავადი მოცემულობა არაა ის, რომ დღეს მშვიდობა გვაქვს. და ამიტომაც ჩვენ [ნატოს ძალები] ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის", - თქვა მან. რითაც ფაქტობრივად გაიმეორა ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დეკემბრის განცხადება.

15 იანვარს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმაც მოუწოდა ალიანსს, მოემზადოს რუსეთთან კონფლიქტისთვის, რომელიც “3-5 წელიწადში შეიძლება დაიწყოს”.

რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს უკრაინასთან ომის დასრულებას, ან ცეცხლის შეწყვეტას იმისთვის, რათა ახალი კონფლიქტისთვის მოძლიერდეს, - თქვა კალასმა და დაამატა, რომ დაზვერვის მონაცემებით, ბალტიის რეგიონი ნატოს “ყველაზე მოწყვლადი ნაწილია”.

იქამდე, 8 იანვარს, კონფლიქტისთვის მზადება ახსენა შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა კარლ ოსკარ ბოჰლინმა. “შვედეთში შეიძლება ომი დაიწყოს”, - თქვა მან.

“რუსეთის ომი უკრაინაში ნაბიჯია და არა ფინალი”, ყველა შვედი მენტალურად უნდა მოემზადოს ომის შესაძლებლობისთვის, - აუბა ბოჰლინს მხარი შვედეთის მთავარსარდალმა, მიქაელ ბიდენმა.

დეკემბერში იგივე გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც.

“თუკი პუტინი აიღებს უკრაინას, ის არ გაჩერდება” და თავს დაესხმება ნატოს სხვა მოკავშირეებს, - თქვა მან, როდესაც არწმუნებდა კონგრესს, გამოეყო დახმარება უკრაინისთვის.

მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბაიდენის სიტყვებს “სრული სისულელე” უწოდა.

არ ვაპირებთ ნატოსთან ომს. “ეს უბრალოდ სიტყვის მასალაა, რათა გაამართლონ მათი მცდარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით”, - თქვა პუტინმა.

“მტრული განზრახვა”

მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაცია “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” წერს, რომ რუსეთის ნაბიჯები (და ხანდახან სიტყვებიც) საპირისპიროზე მეტყველებს.

პუტინს სურს, “მოამზადოს რუსეთი ნატოსთან სამომავლო ფართომასშტაბიანი ომისთვის”, - დაწერა ორგანიზაციამ დეკემბერში.

მას შემდეგ, რაც ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრობის სურვილი გამოთქვეს, რუსეთმა უკვე დააანონსა, რომ ახალ სამხედრო ერთეულს, “ლენინგრადის სამხედრო ოლქს” შექმნის.

ამისთვის კრემლი აპირებს გადასხას ჯარები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ფინეთის, ლატვიისა და ესტონეთის საზღვრის სიახლოვეს.

ეს ცალსახად მეტყველებს კრემლის “მტრულ განზრახვაზე”, - დაწერა “ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა”.

გარდა ამისა, პუტინი ბოლო დროს ირიბად ემუქრება ნატოს ქვეყნებს.

მაგალითად, მან თქვა, რომ ამიერიდან “პრობლემები ექნება” ფინეთთან და, რომ ბალტიის ქვეყნებში რუსულენოვან მოსახლეობას დევნიან, რაც რუსეთის უსაფრთხოებას პირდაპირ ეხება.

თანაც, კრემლის პროპაგანდის თანახმად, ნატოსთან დაპირისპირება უკვე დიდი ხნის დაწყებულია, რადგან უკრაინაში რუსეთი სწორედ “კოლექტიურ დასავლეთს” ეომება. უკრაინა კი ამ ომში უბრალო სატელიტი და პაიკია.

“რუსეთის გამო”

ამასობაში, ნატო ახლა ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს, ცივი ომის დასრულების შემდეგ. პირად საუბრებში, ნატოს ჩინოსნები რადიო თავისუფლებას უდასტურებენ, რომ ეს საჭირო გახდა “რუსეთის გამო”.

ეს გასაკვირი არცაა.

2023 წელს ნატომ თავისი საჰაერო ძალები სრულ მზადყოფნაში სულ ცოტა 300-ჯერ მოიყვანა რუსული ავიაციის მის საჰაერო სივრცესთან მიახლოების გამო, - ნათქვამია ალიანსის 2 იანვრის განცადებაში.

“რუსეთის ომმა უკრაინაში შექმნა ყველაზე სახიფათო ვითარება ევროპაში ათწლეულების მანძილზე”, - თქვა ნატოს სპიკერმა დილან უაითმა.

მაგრამ რამდენად რეალურია ეს საფრთხე? ნუთუ პუტინი მართლა თავს დაესხმება ნატოს?

ექსპერტების და სამხედრო მიმომხილველების აზრები იყოფა.

მაგალითად, გამოცემა “გარდიანის” რედაქტორ საიმონ ტისდელს მიაჩნია, რომ პუტინს ნატოსთან ომი არაფერში არგია.

ის უკრაინას ძლივს უმკლავდება, ამიტომ ნატოსთან ნებისმიერი სახის კონფლიქტი მისთვის “სამხედრო და პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება”, - წერს იგი.

პუტინი დაესხმება თავს ნატოს, თუკი იგრძნობს, რომ ალიანსმა შეიძლება არ, ან ვერ დაიცვას მისი მსხვერპლი, - უთხრა გამოცემა "ტაიმსს” ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რიჩარდ შირეფმა.

ამის საფრთხე კი არსებობს და ის კიდევ უფრო გაძლიერდება, თუკი აშშ-ის პრეზიდენტნი დონალდ ტრამპი გახდება, - თქვა მან.

XS
SM
MD
LG