Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზარელი წრე


სკოლის ბოლო წლები საზარლად პერვერსიულ გარემოში გავატარე. იმ წლებში, როცა დანაშაული, ძალადობა, ადამიანის მკვლელობა ლამის ყოველდღიური რეალობა იყო. ჩემი სკოლელი, კლასელი, ნაცნობი თუ მეზობელი ბიჭები ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავდნენ - ქვეყანაში არც მართლმსაჯულება მოქმედებდა, არც კანონი, არც განათლების სისტემა. ხშირად ისეც ხდებოდა, რომ მკვლელის ვინაობაც ყველამ ვიცოდით - გვესმოდა, რომ ის „პაბეგშია“, მოკლულის მეგობრების შურისძიებას გაქცეული. შემდეგ მკვლელად მიჩნეულ ბიჭს უცებ უცხოური მანქანით მოსეირნეს დავინახავდით ხოლმე თბილისის ცენტრში. გავლენიანი მამების კონტაქტების და ფინანსების წყალობით ასეთ ბიჭებს პატიმრობა არ ემუქრებოდათ.

ეს იმ ავბედით წლებში იყო, „ოთხმოცდაათიანებს“ რომ ვუწოდებთ ხოლმე. მას შემდეგ დაახლოებით 25 წელი გავიდა - მეოთხედი საუკუნე. რამდენი პოლიტიკური მღელვარება გადავიტანეთ, რამდენი პატრიოტული განცხადება მოვისმინეთ, რამდენი ხელისუფლება ვამხილეთ მართლმსაჯულების უზურპაციაში. რამდენი მაღალჩინოსნის „ხელი“ ვნახეთ, მკვლელობის საქმეებში ჩარეული და დამნაშავეებზე დაფარებული. რამდენი დაპირება მოგვცეს, რომ „მსგავსი აღარასოდეს განმეორდებოდა“. ძალიან ბევრი, ძალიან. ისე ძალიან, რომ ეს პათეტიკა და დაპირებებიც მოსაწყენ ტრივიალობად გვექცა.

შედეგი - ნული. წრეზე ვტრიალებთ და ყოველი მორიგი ტრაგიკული შემთხვევა გვაჩვენებს, რომ ცნებები „სამართალი“ და „მართლმსაჯულება“ - და თავად „სახელმწიფოც“, თავისი ინსტიტუტებიანად - ჩვენს რეალობაში ისევ ცნებებად რჩება.

განათლების სისტემა არ არსებობს იქ, სადაც სკოლის მოსწავლეებს შორის სკოლის ტერიტორიაზევე ხდება დაუნდობელი, სასტიკი გარჩევები, სადაც მოზარდ ბიჭებს ჯგუფურად კლავენ და შემდეგ მკვლელობის ათობით თვითმხილველი გამოძიებასთან „არ თანამშრომლობს“. რომელ განათლებაზე, ან რა ღირებულებებზეა ლაპარაკი, როცა ხორავას ქუჩის ტრაგედიიდანაც აშკარად ვხედავთ - მართლმსაჯულებასთან თანამშრომლობა კვლავაც „გაბოზებად“ ითვლება, ახლაც, დღევანდელ თინეიჯერებშიც - იმ თაობაში, რომელიც მალე ქვეყნის მომავალს ჩაიბარებს.

მაგრამ ქვეყანაში თავად „მართლმსაჯულებაც“ არ არსებობს. უკვე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა დღეს ეს ფაქტობრივად თავად გვითხრა - რომ ქვეყანა საკუთარი ძალებით ვერ - ან არ - იძიებს თბილისის ცენტრში, დღისით, მზისით, ათობით მონაწილისა და მოწმის პირობებში მომხდარ ორი ბიჭის მკვლელობას და ახლა „უცხოელ პროკურორებს“ მოიწვევს „არსებული კითხვების გაფანტვის მიზნით“.

ამ უცხოელი პროკურორების ფირფიტა ერთხელ უკვე დაგვიკრეს, სადღაც 2013-2014 წლებში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მალევე, როცა ლაპარაკი „სისტემური დანაშაულების“ გამოვლენას და გამოძიებას ეხებოდა. მაშინ, პრობლემის და დანაშაულის მასშტაბიდან გამომდინარე, საერთაშორისო პროფესიონალების მოწვევა ალბათ ლოგიკური იყო (თუმცა შედეგები დიდად ვერ ვნახეთ - მაინც შეგახსენებთ, რომ დღემდე ისიც კი არ ვიცით, საერთოდ თუ მიმდინარეობდა, ან მიმდინარეობს გამოძიება, მაგალითად, წინა ხელისუფლებისგან დარჩენილ 26000-მდე უკანონო ჩანაწერზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ციხეებში წამების და სხვა დანაშაულების სისტემურობაზე). მაგრამ, 2013-14 წლებისგან განსხვავებით, დღეს საქმე ცალკეულ დანაშაულს ეხება - თუნდაც ჯგუფურს და უაღრესად ტრაგიკულს. და ამ საქმეში საერთაშორისო პროკურორების მოხმობა სრული უუნარობისა და არაკომპეტენტურობის აღიარებაა.

თუმცა გასაკვირი არაფერია. ასე ხდება, როცა „სისტემის დანაშაულებზე“ ლაპარაკი მხოლოდ შენი წინამორბედის დისკრედიტაციისთვის და პოლიტიკური ქულების დაწერისთვის გჭირდება („ცხრა წელი“! „გირგვლიანი“! „პოლიტიზებული მართლმსაჯულება“!), სისტემას კი პრაქტიკულად ხელუხლებლად ტოვებ ადგილზე - იქნება ეს სასამართლო, პოლიცია, თუნდაც იგივე „მოსმენების“ პრაქტიკა. ყველას ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ ის კი ვთქვათ, რომ მისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ, ვინც თავის დროზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი მთავარი პროკურორის პოსტზე დასამტკიცებლად. ვინ მეტყვის, რომ მაშინ თუნდაც ერთ პარლამენტარს სჯეროდა, რომ სწორედ შოთაძე იყო ის პირი, რომელიც პროკურატურის გაძღოლას, მის დეპოლიტიზებას თუ დამოუკიდებლობის მოპოვებას შეძლებდა. მაგრამ მხარი მაინც დაუჭირეს - ალბათ „ზემოდან“ წამოსული დავალებით - და ამით ქვეყანა კიდევ ერთხელ წაიყვანეს იმავე წრეზე.

ამ წრის შედეგს კი დღეს ზაზა სარალიძის სახით ვხედავთ. მორიგი, კიდევ ერთი სასოწარკვეთილი ადამიანისა და უბედური მშობლის სახით, რომელიც სისტემის მანკიერ კედელს შეაჯახეს და გულგრილად ეუბნებიან, რომ ქვეყანამ მისი შვილის სასტიკი მკვლელობა უბრალოდ არ გამოიძია. სასამართლომ დღეს სწორედ ეს დაადასტურა - მოზარდი ბიჭის, დავით სარალიძის უშუალო მკვლელი დაპატიმრებული არ არის, რითიც დარტყმა მიადგა პროკურატურის ვერსიას და დამაჯერებლობა მოემატა ცნობებს იმის შესახებ, რომ გამოძიებაში ჩარეული არიან პროკურატურასთან დაკავშირებული გავლენიანი პირები, რომლებიც დამნაშავეებს ხელს აფარებენ.

სარალიძის ტრაგედია კი მორიგი რგოლია იმ შემთხვევების ჯაჭვში, „გახმაურებულ საქმეებს“ რომ ვუწოდებთ ხოლმე და გამოძიების პასუხი არ გვაქვს - პანკისში ახალგაზრდა ბიჭის თავისივე საწოლში მოკვდინება იქნება ეს, თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტის გატაცება, თუ ბევრი სხვა. და ვითარება სწორედ ასე უნდა დავინახოთ - სრული მანკიერი სურათის სახით.

ახლა უპირველესი პრიორიტეტი რომ სარალიძის მკვლელობის გამოძიებაა, ეს ცხადია. და, თუკი ეს ცნობები დადასტურდება, იმ პირების დასჯაც, რომლებმაც ბოროტად ისარგებლეს თავიანთი ძალაუფლებით და გამოძიებას ხელი შეუშალეს. მაგრამ პრობლემა სცილდება ამ ერთ ტრაგიკულ შემთხვევას. სახელმწიფო ინსტიტუტების, სამართალდამცავი უწყებების მიერ ხალხის ნაცვლად მთავრობის სამსახურში დგომის, პოლიტიზების, არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური კორუფციის წრე თუ არ გაირღვა, ძირეულად არაფერი შეიცვლება და მომავალში კიდევ ბევრი მშობლის გამწარებულ ხმას გავიგებთ. ერთ „შოთაძეს“ მეორე „შოთაძე“ ჩაანაცვლებს - ისევ დარეკავენ „ზემოდან“, მთავრობის ჩრდილოვანი თუ ხილული შრეებიდან - და უბრალო ადამიანს ისევ არ ექნება სამართლის პოვნის შანსი, თუ არ გაუმართლებს და თავზე დამტყდარი უბედურებით მისი გზა „ძლიერებთან“ გადაიკვეთება.

საზარელი წრე უნდა გაირღვეს, რაც ძირეულ, რადიკალურ რეფორმებს და თვისებრივ გაჯანსაღებას ნიშნავს სამართალდამცველ და მართლმსაჯულების უწყებებში. ან - უფრო ნაცნობი სიტყვებით რომ ვთქვა - დიახ, მოქმედი უსამართლო სისტემა უნდა დაინგრეს და ჩვენს სახელმწიფოში სამართლის პოვნა ყველა უფლებაშელახულ და ჩაგრულ მოქალაქეს უნდა შეეძლოს. დღეს და ხვალ ეს არ მოხდება, ცხადია. მაგრამ ჩვენ, „რიგითმა“ მოქალაქეებმა, ეს დაუღალავად უნდა მოვითხოვოთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ჩვენი უფლებაა.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG