Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სტალინის ხატი“ და სეკულარიზმის შეუძლებლობა


გია ნოდია
გია ნოდია

რამდენად გამართლებულია, როდესაც ადამიანი შედის ეკლესიაში და დემონსტრაციულად საღებავს ასხამს ხატს?

ამ კითხვაზე პასუხებმა ქართული საზოგადოება გაყო - ოღონდ არა მხოლოდ ორ ნაწილად. დისკუსია სულ მცირე ორდონიანი იყო; ერთი მხრივ, საზოგადოების ნაწილი დაუპირისპირდა ეკლესიას „სტალინის ხატის“ გამოფენისთვის; მეორე მხრივ, ერთმანეთს დაეჯახნენ ისინი, ვინც სეკულარული ლიბერალიზმის მომხრედ თვლიდნენ თავს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, ამ ეპიზოდზე როგორი რეაგირება იქნებოდა მართებული.

რას გვეუბნება ამ სკანდალის სხვადასხვა განზომილება დღევანდელ საქართველოზე? დავიწყებ ეკლესიის და მის კრიტიკოსთა დაპირისპირებით.

მკრეხელობა მკრეხელობისა წილ?

რიგითი მოქალაქის, ნატა ფერაძის მიერ ხატისთვის საღებავის შესხმა ჩაფიქრებული იყო, როგორც ეკლესიისთვის დემონსტრაციული სილის გაწვნა; ეკლესიამ და მისი მრევლის დიდმა ნაწილმაც ის ასეც მიიღო. რელიგიური პერსპექტივიდან, ხატის ხელყოფას ჰქვია მკრეხელობა (თუმცა საპატრიარქო რატომღაც გაურბის ამ ტრადიციულ ტერმინს და ის ჩაანაცვლა გაუგებარი გამოთქმით „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“); ფერაძეს სწორედ ეს ჩაუდენია. პატრიარქის მესაყდრემ მორიგ ჯერზე მოითხოვა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ კანონის მიღება, ხელისუფლება კი დაეთანხმა, რომ ამგვარი რამ უნდა ისჯებოდეს. ყველაფერი თითქოს ცხადია.

მაგრამ სიცხადე მოჩვენებითია. საქმეს მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, საწყისი მკრეხელობა ჩაიდინა ეკლესიამ, რომელმაც „სტალინის ხატი“ გამოფინა. სტალინი ცნობილია, როგორც ეკლესიის, მათ შორის ქართველი ქრისტიანების, სისხლიანი მდევნელი.

თუ ეროვნული კუთხით შევხედავთ (მოსაყდრემ „ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფისთვისაც“ მოითხოვა სასჯელი), ის მტერია, რომელიც უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარს შემოუძღვა საკუთარი სამშობლოს დასაპყრობად.

აქ შეიძლება პარალელი გავავლოთ ქრისტიანთა მდევნელ რომაელ იმპერატორ დიოკლეტიანესთან, პროტოტიპთან ურჩხულისა, რომელსაც წმინდა გიორგი განგმირავს. თუ ქრისტიანულ ტაძარში ქრისტიანობის მდევნელი ურჩხულის ხატის გამოფენას არა უშავს, მკრეხელობა რაღას ჰქვია?

თუ ასეა, ნატა ფერაძეს მკრეხელობა კი არ ჩაუდენია, არამედ, პირიქით, მკრეხელობის ჩამდენები დასაჯა. ობიექტურად ეს ეკლესიის უწმინდურობისგან განწმენდის აქტი იყო (აქ გამიზნულად ვცდილობ რელიგიური ტერმინოლოგიის ფარგლებში დარჩენას).

ხელყოფილი ხატის დამცველები უხერხულად იმართლებენ თავს იმაზე მითითებით, რომ ის სტალინისა კი არა, წმინდა მატრონასია; წმინდანების ხატებზე კი ხანდახან ეშმაკებიც არიან გამოსახული. ეს ტექნიკურად ალბათ სწორია, ამიტომ გამოთქმას „სტალინის ხატი“ ბრჭყალებში ვხმარობ. (არ შევალ დისკუსიაში, თავად მატრონა რამდენად იმსახურებს საქართველოს, ან რომელიმე ეკლესიის თაყვანისცემას). მაგრამ ამ ხატზე უბრალო თვალის შევლება საკმარისია იმის დასანახად, რომ აქ სტალინი ეშმაკის სტატუსით არაა გამოსახული; პირიქით, ხატი მის განდიდებას არა ნაკლებ (ან უფრო მეტად) ემსახურება, ვიდრე მატრონასი. არსებითად, ეს ნამდვილად „სტალინის ხატია“.

ან იყო სტალინისა. საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ ხატი უნდა დარედაქტირდეს და სტალინის გამოსახულება ამოიშალოს. რა საბაბი მოიტანა მან ამის გასამართლებლად, მეორეხარისხოვანია: ფაქტობრივად ირიბად აღიარა, რომ ხატი სტალინს განადიდებს და ამან მას უხერხულობა შეუქმნა.

მეტყვიან, რომ ზოგი მღვდელმთავრის ან მრევლის ნაწილის ფუნდამენტური პროსტალინური განწყობა ამით არ შეიცვლება; მაგრამ ეს უკანდახევა სიმბოლურად მაინც მნიშვნელოოვანია. საბოლოოდ, „მორალური გამარჯვება“, რომელზეც ბევრი „შუაშისტი“ ღელავდა, მაინც ეკლესიის კრიტიკოსებს დარჩათ. როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“.

ლიბერალთა ჭმუნვა: ვანდალიზმი თუ სეკულარიზმის ღალატი?

ახლა შიდალიბერალურ დისკუსიებზე გადავალ. აქ გამყოფი ხაზები უფრო ბუნდოვანია. ხშირად გამოიყენებოდა სიტყვები „პროვოკაცია“, „ვანდალიზმი“, „შეუწყნარებლობა“. ითქმოდა, რომ „სტალინის ხატის“ წინააღმდეგ მებრძოლები თვითონ არიან პატარა სტალინები და ისინი ხელისუფლებაში რომ მიუშვა, დიქტატურას დაამყარებენ. ზოგმა ჩათვალა, რომ ეკლესიაში შევარდნა და ხატისთვის საღებავის შესხმა რაღაცნაირად მსგავსია იმ ადამიანთა პათოსისა, ვინც თავის დროზე ეკლესიებს ანგრევდა.

ჩემთვის უფრო საგანგაშო ის იქნებოდა, საზოგადოებას ეს ეპიზოდი არ შეემჩნია. ზოგადად, ზომიერება ქართველების გამორჩეული სიქველე არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ ვიღაცას „წითელი ხაზები“ დიდად გადაელახა. კამათი უფრო გემოვნების საკითხებს შეეხება.

კონკრეტულად, ნატა ფერაძის ექსტრემალურ აქტს წმინდა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და ვინმეს მიმართ ძალადობის ელემენტს არ შეიცავდა. ძალადობის მსხვერპლნი მხოლოდ მისი მეგობრები გახდნენ, რომლებსაც ნამდვილ ექსტრემისტთა ბრბო ფიზიკურად გაუსწორდა.

უფრო საინტერესოა არგუმენტი, რომელიც „სტალინის ხატის“ მოწინააღმდეგეებს არათანმიმდევრულ სეკულარიზმს აბრალებს. თუ სეკულარისტები ხართ, რატომ ერევით ეკლესიის საქმეებში? თქვენ ვინ გეკითხებათ, ან საერთოდ რატომ გაინტერესებთ, ტაძარში ვის ხატზე ილოცებენ?

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ „სტალინის ხატის“ კრიტიკოსთაგან ბევრი მორწმუნეც იყო. მართლმადიდებელი ქრისტიანი შეიძლება სულაც არ უჭერდეს მხარს საპატრიარქოს პოლიტიკას; მისგან უფრო ბუნებრივია, აღშფოთდეს, როცა ქვეყნის მთავარ ტაძარში ეშმაკის სახებას ეთაყვანებიან.

თუმცა ისიც ცხადია, რომ „სტალინის ხატის“ გამოფენამ ბევრი ისეთი ადამიანიც აღაშფოთა, ვისაც რელიგია დიდად არ აინტერესებს. თუ ასეა, რატომ? იქნებ ამით ისინი მართლაც ღალატობენ სეკულარიზმის პრინციპს?

ერთი შეხედვით, ეს დამაჯერებელი არგუმენტია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. სეკულარიზმს ახასიათებენ, როგორც „ორმაგ გამიჯვნას“: ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს (და საერო საზოგადოების) საქმეებში და არც ეს უკანასკნელნი უნდა ჩაერიონ ეკლესიის საქმეებში. ცალმხრივი სეკულარიზმი არ გამოდის. როცა მღვდლები (ხანდახან ტაბურეტით შეიარაღებულნი) ტაძრიდან გამოდიან და ქუჩაში ცდილობენ საკუთარი წესრიგის დამყარებას, ისინი არ უნდა ელოდონ, რომ საერო საზოგადოება მათი საქმეებითაც აქტიურად არ დაინტერესდება. ამის მოთხოვნა არც სამართლიანია და არც რეალისტური.

მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, მორწმუნეები ვართ თუ არა, ქართველები მართლმადიდებლური - საბოლოოდ, ბიზანტიური - ტრადიციის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამ ტრადიციის გამოხატულებაა თანაზომადობა საერო და საეკლესიო საზოგადოებებს შორის. ეკლესიის ავტოკეფალია და ეროვნული სუვერენიტეტი, ჩვეულებრივ, ერთი მედლის ორი მხარეა. მაგალითად, საქართველომ მე-19 საუკუნეში ორივე დაკარგა და მე-20-ში ორივე აღიდგინა. დღეს უკრაინაშიც ვხედავთ, რომ რელიგიური ავტოკეფალიისა და პოლიტიკური სუვერენიტეტისთვის ბრძოლა ერთმანეთზეა გადაბმული. მართლმადიდებლური ტრადიციის სხვა ქვეყნებშიც ასეა: მართლმადიდებლობა გადაბმულია გარკვეული სახის ნაციონალიზმთან. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი განსხვავებაა კათოლიკური სამყაროსგან, ვიდრე ნებისმიერი თეოლოგიური ნიუანსი.

ეს ტრადიცია ეკლესიას უზრდის პრეტენზიას, საერო საქმეებში აქტიურად ჩაერიოს. ხანდახან გამოსდის, ხანდახან - არა, მაგრამ თვით სურვილი გასაკვირი არაა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საზოგადოების დიდი ნაწილიც ასეთ ჩარევებს ბუნებრივად მიიჩნევს: მაგალითად, თითქმის არავის უკვირს იმის გაგონება, რომ პატრიარქი „ერის წინამძღოლია“.

ბევრი ჩვენგანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს, ან ეკლესიასა და საერო საზოგადოებას შორის მეტი დისტანცია უნდა იყოს; მაგრამ მე რეალურ ვითარებაზე ვლაპარაკობ, რომელშიც ეკლესია გავლენიანი სოციალური და პოლიტიკური მოთამაშეა.

ხოლო თუ ასეა, თუ ეკლესია სახელმწიფო საქმეებს თავისად მიიჩნევს, თუ მას პრეტენზია აქვს, ერის მორალური ლიდერი იყოს და მის ლიდერებს ჭკუა ასწავლოს, ეკლესიის საქმეებიც ერის განსასჯელი ხდება და ეს სრულიად ნორმალურია. ვინაა მორწმუნე და ვინ - არა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ამიტომ, როდესაც ეკლესია იკავებს პოზიციას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობასთან, ეს უკანასკნელი ამაზე რეაქციას მოახდენს. ქართველთა დიდი უმრავლესობა რუსეთს ექსისტენციალური საფრთხის წყაროდ მიიჩნევს; როგორ უნდა დარჩეს ხალხი გულგრილი, როცა „მისი“ ეკლესია რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოს თაყვანისცემის ობიექტად აქცევს? გასაკვირი უფრო ისაა, რატომ არ იყო რეაგირება უფრო მკვეთრი.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG