Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული დემოკრატიული მონარქია


გია ნოდია
გია ნოდია

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის სამზეოზე მორიგმა მესამედ გამოსვლამ, შემდეგ კი ორი ირაკლის გადანაცვლებამ შერეული რეაქცია გამოიწვია. ერთი მხრივ, საზოგადოება ხუმრობის ხასიათზე დადგა (თუმცა ზოგმა იქვე დაამატა, რომ „სახუმაროდ არ გვაქვს საქმე“). პარალელურად, დაიწყო მარჩიელობა, თუ რამ გადაადგმევინა ივანიშვილს ეს ნაბიჯი, ამჯერად რა არ მოეწონა პრემიერ ირაკლის საქმიანობაში, რა მოტივით აღაზევა მეორე ირაკლი, ხომ არ მოჰყვება ამას მთავრობის პოლიტიკური კურსის გადასინჯვა და ა.შ. თუმცა, უმრავლესობა თანხმდება, რომ დიდად არც არაფერი შეცვლილა.

ორივე ეს რეაქცია ბუნებრივია. მაგრამ ისინი არსებულთან შეგუების სინდრომსაც შეიცავს: აღარაფერი გვიკვირს და გაბრაზებაც გვეზარება. თუმცა, რაც ხდება, გასაბრაზებელია. კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახეთ, რომ ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად აღიარეს, მონარქიის კანონებით ცხოვრობს.

რა ჰქვია სისტემას, რომელშიც ვცხოვრობთ?

ამ შეკითხვის დასმა დაახლოებით 1990-იანებიდან, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან დავიწყე. გასაგებია, რომ პოლიტიკური სისტემა, რაშიც ვცხოვრობთ, დემოკრატია არ არის; მაგრამ თუ ასეა, რა სახელი უნდა დავარქვათ მას?

მაშინაც და ახლაც პოპულარული იყო სიტყვა „ოლიგარქია“. ივანიშვილის „ოლიგარქად“ მოხსენიება სტანდარტად იქცა, რომელიც ბოლოს ევროკავშირმაც გაიზიარა და „დეოლიგარქიზაცია“ დაგვავალა. მაგრამ თუ ამ ტერმინს მისი საწყისი მნიშვნელობით გავიგებთ, არც ივანიშვილია ოლიგარქი და ოლიგარქიული წყობა არც არასოდეს გვქონია. „ოლიგარქია“ ნიშნავს მცირე ჯგუფის და არა ერთი ადამიანის მმართველობას. ჩვეულებრივ გულისხმობენ, რომ ამ ჯგუფში ყველაზე მდიდარი ადამიანები შედიან, თუმცა ეს გადამწყვეტი არ არის. შესაძლოა, ივანიშვილისთვის ელცინის რუსეთში დაგეძახა „ოლიგარქი“; მაგრამ საქართველოში ის ერთადერთია, რაც სიტყვა „ოლიგარქიასთან“ წინააღმდეგობაში მოდის.

ასევე პოპულარულია ტერმინი „არაფორმალური მმართველობა“. ის სწორად აღწერს ჩვენს ვითარებას იმ თვალსაზრისით, რომ მმართველობის რეალური წესი და მისი კონსტიტუციური ჩარჩო ერთმანეთს აცდენილია. მაგრამ ამით სახელი არ ერქმევა იმას, რაც სისტემის რეალურ არსს შეადგენს.

პროფესიული პოლიტოლოგები, ჩემი ჩათვლით, ვხმარობთ გამოთქმას „ჰიბრიდული რეჟიმი“. ესეც სწორია, მაგრამ არასრული: ის გვეუბნება, რომ რეალური მმართველობითი სისტემა შერეულია, ავტორიტარულ ელემენტებსაც შეიცავს და დემოკრატიულსაც. მაგრამ კონკრეტულად როგორ მუშაობს ეს ნარევი?

ზოგი იყენებს კიდევ ერთ, სრულიად არაადეკვატურ გამოთქმას „გარდამავალი დემოკრატია“. ის გვეუბნება, რომ დემოკრატიაზე გადასვლის პროცესში ვართ; თუმცა არაფერი გვაჩვენებს, რომ რაც დრო გადის, უფრო დემოკრატიული ქვეყანა ვხდებით. გვინდა, დემოკრატიის გზაზე ვიდგეთ, მაგრამ ეს სხვა რამეა: ჩვენი სურვილი რეალობას ვერ ქმნის.

მეფის აუცილებლობა

თუ მართვის პრაქტიკას შევხედავთ და არა ფორმალურ წესებს, ჩვენი პოლიტიკური სისტემა მონარქიაა, თუმცა მას დემოკრატიის ელემენტებიც ახლავს. ეს ელემენტები (ოპოზიციური პარტიები, დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო გაერთიანებები) რაღაც გავლენას ახდენენ პოლიტიკურ პროცესზე და ხანდახან ხელისუფლების ცვლილებაც კი შეუძლიათ. მაგრამ მმართველობითი სისტემის ბირთვი ავტორიტარული რჩება და ყველაზე კარგად აღიწერება, როგორც მონარქია.

ეს სისტემა შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ შევეჩვიეთ; ჩვეულება კი რჯულზე უმტკიცესია. კონკრეტული მონარქი შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ ზოგადად მისი ყოლა ჩვეული, ნორმალური მდგომარეობაა.

რაც თავი მახსოვს (ჩემს და ჩემი თაობის მეხსიერებას ვეყრდნობი), მეფეები გვმართავდნენ. თავიდან მეფეს მოსკოვიდან გვინიშნავდნენ და მას ერქვა „ცეკას პირველი მდივანი“. მერე მათ ვირჩევდით (ან აჯანყებებით და რევოლუციებით მოგვყავდა) და „პრეზიდენტებს“ ვუწოდებდით. ახლა მეფეს უბრალოდ ბიძინა ჰქვია.

გვყავს განათლებული ადამიანები, ვინც წიგნებიდან ან დასავლეთში მოგზაურობით თუ ცხოვრებით იცის, რომ არსებობს სხვა, კონსტიტუციური დემოკრატიის სისტემები, სადაც ინსტიტუტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პიროვნებები. მაგრამ ამას მენტალობის ზოგადი ცვლილება არ მოჰყოლია. როგორც მმართველობაში დასაქმებულთა, ისე რიგითი მოქალაქეების უმრავლესობა ნორმალურად თვლის, რომ ძალაუფლების პირამიდის თავში ერთი ადამიანია, რომელსაც ყველამ უნდა დაუჯეროს. ძალაუფლების დანაწილება, რაც კონსტიტუციური დემოკრატიის არსია, ქართულად „კოჰაბიტაციად“ ვთარგმნეთ და ძალიან ცუდ რამედ მივიჩნიეთ.

დემოკრატიაც გვინდა, მაგრამ ამაში, ძირითადად, ხელისუფლების ხმამაღლა კრიტიკის, პროტესტის თავისუფლებას ვგულისხმობთ. ხანდახან, თუ ძალიან გავბრაზდით, შეიძლება მეფე ჩამოვაგდოთ კიდეც, მაგრამ შემდეგ მას ახალი მეფით ვანაცვლებთ. სხვა გამოცდილება არ გვქონია და წარმოდგენაც გვიჭირს.

დღევანდელი ოპოზიციაც პირველ რიგში იმიტომ გვგონია სუსტი, რომ მეფობის ერთი გამოკვეთილი კანდიდატი არ ჰყავს. ხალხის ნაწილს უნდა, რომ ასეთი ყოფილი მეფე იყოს, მაგრამ სხვებისთვის ის სრულიად მიუღებელია. ხოლო თუ შემდეგი მეფის ვინაობა არ ვიცით, ოპოზიციის მხარდაჭერაც გვიჭირს. პირადად ჩემი პრეტენზიები ოპოზიციის მიმართ სულ სხვაა, მაგრამ მე იმაზე ვლაპარაკობ, რაც მას უმრავლეობის თვალში აქცევს სუსტად.

ბიძინა - ყველაზე ნამდვილი მეფე

მმართველობის სისტემა ბიძინა ივანიშვილის მოსვლამდეც თავისი არსით მონარქიული იყო, მაგრამ ადრე ეს ასე თვალსაჩინო არ ყოფილა.

მის წინამორბედებს მმართველობა თანამდებობიდან გამომდინარე ეკუთვნოდათ. ბიძინა კი მეფეა იმიტომ, რომ ბიძინაა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მოცემულ მომენტში ფორმალურად რა ჰქვია: „პრემიერ-მინისტრი“, „რიგითი მოქალაქე“, „საპატიო თავმჯდომარე“. ეს ყველაფერი სიტყვების თამაშია. რეალური სისტემა პირადად მის მიმართ ერთგულებაზე დგას.

როგორც ნამდვილ მეფეს შეეფერება, ბიძინა სულაც არაა ვალდებული, მმართველობის რუტინული საქმეებით დაკავდეს. ვერავინ უსაყვედურებდა მეფეს, თუ ის ხანგრძლივად წავიდა სანადიროდ ან სამოგზაუროდ, ან თუნდაც მშვენიერ ბანოვანს გაუმიჯნურდებოდა და სახელმწიფო საქმეებისთვის ვერ მოიცლიდა. ბიძინასაც შეუძლია, დაკავდეს ხეების გადარგვით, პირადი ზოოპარკით, ახალი 5-ვარსკლავიანი სასახლის მშენებლობით და ა.შ. საქმეებს მისი დანიშნული ვეზირები მიხედავენ, მაგრამ ყველასთვის ცხადია, ვინაა ნამდვილი უფროსი. როცა მოესურვება, ვეზირებს ავეჯივით ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვამს ან სანაგვეზე მოისვრის, ან „დაბრუნდება“ და იმ თანამდებობას დაიკავებს, რასაც ხელს დაადებს.

როგორც ვეზირებს შეეფერებათ, თანამდებობის პირები არა მხოლოდ მეფის დავალებებს ასრულებენ, არამედ მუდმივად მის ქებას აღავლენენ და მის მიმართ ერთგულებას და მადლიერებას გამოხატავენ. საკუთარი კრიტიკა ხანდახან შეიძლება აიტანონ, მაგრამ მისი - არავითარ შემთხვევაში.

თანამდებობის პირის ფორმალური სტატუსი მეორეხარისხოვანია. პრეზიდენტი ხალხის მიერაა არჩეული, მაგრამ პასუხისმგებელია არა ხალხის და კონსტიტუციის, არამედ პირადად ბიძინას მიმართ. მეფესთან პოლიტიკური უთანხმოების ცნება არ არსებობს: ვინც მის სიტყვას გადადის, „მოღალატეა“ და უნდა მოიკვეთოს. ზოგადად, ეს სიტყვა, „მოღალატე“, ძალიან გვიყვარს, რაც აჩვენებს, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ვერ მოწყდა შუასაუკუნებრივ ფეოდალურ ძირებს.

სულაც არაა შემთხვევითი ბიძინას ბოლო „დაბრუნების“ შემდეგ გამოთქმული ეჭვი, რომ ის საპრემიეროდ თავის შვილს ამზადებდა. არ ვიცით, მას ეს სამომავლოდ ჩაფიქრებული აქვს თუ არა. მაგრამ თავად მოლოდინი სავსებით ლოგიკურია: მონარქია მემკვიდრეობითი უნდა იყოს.

შენიღბვის უაზრობა

თანამედროვე პირობებში მმართველობის მონარქიულ ბუნებას შენიღბვა სჭირდება. მაგრამ რეალურად ეს შეუძლებელია: ხელისუფლების რიტორიკიდანაც და ქმედებიდანაც ცხადია, რომ ყველაფერი ერთი მზის გარშემო ბრუნავს. ამიტომ შენიღბვა რიტუალური ფრაზების გამეორებაზე დავიდა. პერიოდულად ითქმის, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა (ან ადრე არ ერეოდა, ან მომავალში არ ჩაერევა), მაგრამ ამის გამეორებას იგივე ღირებულება აქვს, რაც კომუნისტების დროს არჩევნების ჩატარებას: ვიცით, რომ ასე უნდა, თუმცა ცხადია, რომ აზრი არ აქვს.

ცარიელ რიტუალებს, სულ მცირე, ორი ბოროტება მოსდევს. ერთი მხრივ, ეჩვევი ტყუილის ნორმალურობას: პოლიტიკოსის სიტყვას ფასი არა აქვს და ეს ასეც უნდა იყოს. იმასაც ეჩვევი, რომ კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია, მასში გაწერილი წესები უბრალო „ფორმალობაა“. ის, ვინც კონსტიტუციით ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი უნდა იყოს, საუკეთესო შემთხვევაში მეფის უფროსი თანაშემწეა, რომელიც 2-3 წელიწადში ერთხელ იცვლება.

ასეთი ტექსტის ბოლოს უნდა იყოს ოპტიმისტური აბზაცი მანკიერი წრიდან გამოსვლის პერსპექტივაზე. ზოგადად არ ვთვლი, რომ საშველი არ არის - მონარქია ბევრ ქვეყანაში დაუმხიათ, მათ შორის მშვიდობიანი მეთოდებით. თუმცა, როგორც დავინახეთ, ამ მიზნის მისაღწევად ცნობიერების შეცვლაა საჭირო და არა მხოლოდ კიდევ ერთი რევოლუცია ან ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა. ბევრმა ადამიანმა უნდა დაიჯეროს, რომ სახელმწიფო შეიძლება ერთი ადამიანის ავტორიტეტზე არ იყოს ჩამოკიდებული და მაინც გამართულად იმუშაოს. ჯერჯერობით ამის დაჯერება გვიჭირს.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG