Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხური მართლმადიდებლობა მოსკოვის მკლავებში


პრაღელი არქიეპისკოპოსი მიხაილ დანდარი. კოლაჟი
პრაღელი არქიეპისკოპოსი მიხაილ დანდარი. კოლაჟი

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში უფლებამოსილება შეუჩერდათ პრაღის ეპარქიის წინამძღვრის მდივანს იგორ სტრჟელეცსა და საეპარქიო საბჭოს ხელმძღვანელს დეკანოზ იან ბერანეკს.

ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის პირველი გადადგომაა ეკლესიის იმ ერთადერთ ეპარქიაში, რომელსაც ჯერაც არ დაუგმია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი.

ამის მიზეზად ასახელებენ პრაღის ეპარქიის მღვდელმსახურების მჭიდრო ურთიერთობას მოსკოვთან: ბევრი მათგანი სწავლობდა რუსეთში, შემდგომში კი ძვირადღირებულ საჩუქრებსაც იღებდა კრემლისა და პატრიარქ კირილისგან ვილებისა და ამა თუ იმ პროექტების დაფინანსების სახით.

პრაღის ეპარქიის პრესსამსახურის განცხადებაში იგორ სტრჟელეცისა და იან ბერანეკის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე ნათქვამია, რომ გადადგომა განპირობა აუდიტმა და „ეპარქიის მუშაობის გასაუმჯობესებლად“ რეფორმის გატარების აუცილებლობამ.

2023 წლის ბოლოს გაირკვა, რომ პოლიციამ შემოწმება დაიწყო როგორ გადასცა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსმა და პრაღის ეპარქიის წინამძღვრმა, მიქაელ დანდარიმ მიწის ნაკვეთი საზოგადოებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. საუბარია ქალაქ ჩესკე-ბუდეიოვიცაში მდებარე მიწაზე, მასზე განთავსებული სამლოცველოსა და სახლზე. სწორედ დანდარმა მოაწერა ხელი განკარგულებას ორი სასულიერო პირის გადადგომის შესახებ.

„გადაყენებები მოულოდნელი იყო. ზოგადად, ყველა გადადგომა, რომელიც ხდება ეკლესიაში, განსაკუთრებით პრაღის ეპარქიაში, მოულოდნელია ხოლმე. ეპისკოპოსი გამოსცემს განკარგულებას, რომელსაც არანაირი ახსნა არ ახლავს, - ამბობს პრაღელი ისტორიკოსი და მხარეთმცოდნე ვლადიმირ პომორცევი, - ასე მოხდა იგორ სტრჟელეცის შემთხვევაშიც.

დეკანოზ იან ბერანეკის გადაყენების შესახებ კიდევ უფრო ცოტაა ცნობილი. აქ ვითარებას ისიც ართულებს, რომ გადაყენების მიუხედავად ბერანეკი განაგრძობს მღვდელმსახურებას პრაღაში, რესლოვას ქუჩაზე მდებარე წმინდა კირილესა და მეთოდეს ტაძარში.

„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ბულდოგების ბრძოლას ხალიჩის ქვეშ: რა თქმა უნდა, არ ვიცით, რა და რატომ მოხდა, რა იყო მიზეზები - საჯაროდ არავის გაუკეთებია განმარტება. ამასთან, ყველას, ვინც რამენაირად ჩართულია ამ საკითხში, მიაჩნია, რომ მომხდარი წაადგება მართლმადიდებელ ეკლესიას. გაჩნდა უკეთესისკენ ცვლილების იმედი. მინდა დავიჯერო, რომ სტრჟელეცის გადადგომა ხელს შეუწყობს პრაღის ეპარქიაში სიტუაციის განმუხტვას. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ყოველივე ეს დიდ გავლენას ახდენს ეპარქიის სარგებლობაში არსებულ კულტურულ ძეგლებზე, მათ შორის ოლშანის სასაფლაოზე არსებულ ეკლესიაზე“, - ამბობს ისტორიკოსი და მხარეთმცოდნე.

წმინდა კირილესა და მეთოდეს ტაძარი - მთავარი მართლმადიდებლური ეკლესია ჩეხეთის რესპუბლიკაში
წმინდა კირილესა და მეთოდეს ტაძარი - მთავარი მართლმადიდებლური ეკლესია ჩეხეთის რესპუბლიკაში

პრაღის ეპარქიას ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი მიქაელ დანდარი. დანდარსაც და სტრჟელეცსაც მრავალი წელია მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთთან, წარსულში კი ისინი იყვნენ ჩეხოსლოვაკიის უსაფრთხოების სამსახურის - კგბ-ს ანალოგის - თანამშრომლები.

სტრჟელეცი მუშაობდა კონტრდაზვერვის განყოფილებაში. მიხაილ დანდარი რამდენიმე წელი ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში. 1969 წელს მან მიიღო ლენინგრადის სასულიერო აკადემიის დიპლომი, იმავე წელს დანდარი გადაიბირა ჩეხოსლოვაკიის სპეცსამსახურმა (ფსევდონიმი "მიშა"). ამის შემდეგ იგი ხელდასხმულ იქნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ნიკოდიმეს (როტოვი) მიერ და გაიგზავნა დრეზდენის ერთ-ერთ რუსულ სამრევლოში.

2023 წლის ივლისში, რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის პარალელურად, მთავარეპისკოპოსმა მონაწილეობა მიიღო მოტოკლუბ „ღამის მგლების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაში. მოტოკლუბის წევრები და მათი ლიდერი სანქციების ქვეშ იმყოფებიან ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირებისა და უკრაინის ომის მხარდაჭერის გამო.

კითხვაზე, რატომ ესწრებოდა რუს ბაიკერებთან შეხვედრას ჩეხი მღვდელმსახური, პრაღის ეპარქიის წინამძღოლის თანაშემწემ თქვა, რომ შეხვედრა ეძღვნებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

რუსეთთან ჩეხი სასულიერო პირების ამ კავშირებს მწვავედ აკრიტიკებდნენ ადგილობრივი მორწმუნეები, რაც ფართოდ შუქდება ჩეხურ მედიაში: რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ხალხი მიდის პრაღის მართლმადიდებელ ეკლესიებში გამართულ ღვთისმსახურებებზე და კითხულობს, ბოლოს და ბოლოს როდის დაგმობს ეპარქია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს, თუმცა არც დანდარს და არც თანამდებობიდან გათავისუფლებულ იან ბერანეკს აქამდე ერთხელაც არ შეუფასებიათ რუსეთის საქციელი.

დანდარი ამტკიცებს, რომ ის ყოველდღე „ლოცულობს მშვიდობისთვის“, ბერანეკი კი მიიჩნევს, რომ დასმულ კითხვაზე ცალსახა პასუხმა შეიძლება მორწმუნეებს შორის ეთნიკური დაძაბულობა გამოიწვიოს.

მრავალი წლის განმავლობაში, მიხაილ დანდარის მარჯვენა ხელი იყო იგორ სტრჟელეცი, ადამიანი, რომელსაც არ აქვს სასულიერო განათლება, მაგრამ აქვს რუსეთთან მჭიდრო კავშირები, რომელთა წყალობითაც იგი აფინანსებდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროექტებს.

სტრჟელეცი აქვეყნებდა წიგნებს და აფინანსებდა მართლმადიდებლურ ჟურნალს, რომლის ავტორებს შორისაა გადაყენებული დეკანოზი იან ბერანეკი. სწორედ მის სახელზე იყო რეგისტრირებული ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებსაიტი და სწორედ იგი უკეთებდა ორგანიზებას მოგზაურობებს საეკლესიო იერარქებისთვის.

როგორც იურიდიულ პირთა რეესტრიდან ირკვევა, პრაღის ეპარქიის მეთაურის ყოფილ თანაშემწეს ჯერ კიდევ აქვს საკუთრების უფლება სააქციო საზოგადოება „ჩეხეთის ეროვნულ კულტურულ ფონდში“.

სახელის მიუხედავად, ფონდს არაფერი აქვს საერთო ჩეხეთის სახელმწიფოსთან. იგი პრაღის ეპარქიის წინამძღვრის მდივნის მონაწილეობით შეიქმნა და რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

ფონდის ვებსაიტზე განყოფილებაში „ჩვენ შესახებ", პარტნიორთა სიაში მითითებულია რუსეთის სამთავრობო უწყებებთან მჭიდროდ დაკავშირებული ფონდები და საზოგადოებები, მათ შორის „კინოს ფონდი“, „რუსული კულტურის ფონდი“, რომლის საბჭოში შედიან პუტინის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ვლადიმირ მედინსკი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი, ომის მხარდამჭერი მიტროპოლიტი ტიხონი (მას ასევე ეძახიან „პუტინის აღმსარებელს“) და რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის მეუღლის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი „რუსული სილუეტი“, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდაჭერის გამო, მედინსკის მსგავსად, ასევე იმყოფება ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ.

ვილა, სადაც რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება „ჩეხეთის კულტურის ეროვნული ფონდი“.
ვილა, სადაც რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება „ჩეხეთის კულტურის ეროვნული ფონდი“.

ფონდის ორგანიზებულია რუსეთის საელჩოში გამართული შეხვედრაც, რომელსაც ესწრებოდა პრორუსული შეხედულებებით ცნობილი ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, ასევე ფონდის ორგანიზებულია ჩეხი მართლმადიდებელი იერარქების ვიზიტები ყაზახეთში იერუსალიმის პატრიარქთან შესახვედრად. 2019 წლიდან ფონდი თანამშრომლობს სანქციების ქვეშ მყოფ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ხიზრი აბაკაროვთან და ორგანიზებას უწევს დერბენტელი ოფიციალური პირების, სკოლის მოსწავლეებისა და ფოლკლორული ანსამბლების ვიზიტებს ჩეხეთში. აბაკაროვმა ინსტაგრამის ერთ-ერთ პოსტში იგორ სტრჟელეცს მეგობარიც კი უწოდა.

აბაკაროვის სახელი ფიგურირებს ორი ჩეხური კომპანიის - Ludda Praha s.r.o-ს და SILVERACT CORPORATION s.r.o.-ს საქმიანობის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ აბაკაროვი ამჟამად არ ჩანს როგორც მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჩეხური კომპანიის DatLab-ის ექსპერტები, რომლებიც აანალიზებენ ჩეხეთის იურიდიულ პირთა რეესტრის ინფორმაციას, მიიჩნევენ, რომ აბაკაროვი ახლა კომპანიებს ცრუმაგიერი პირების მეშვეობით ფლობს.

იგორ სტრჟელეცი (მარცხნივ) და ხიზრი აბაკაროვი (მარჯვნივ) ჩეხეთის რესპუბლიკაში შეხვედრის დროს
იგორ სტრჟელეცი (მარცხნივ) და ხიზრი აბაკაროვი (მარჯვნივ) ჩეხეთის რესპუბლიკაში შეხვედრის დროს

ეს არ არის ერთადერთი კავშირები ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრაღის ეპარქიასა და რუსეთს შორის.

მისმა თითქმის ყველა ამჟამინდელმა იერარქმა და წმინდა სინოდის წევრმა სასულიერო განათლება მოსკოვში ან პეტერბურგში მიიღო, ბევრი საერთოდ რუსეთშია ხელდასხმული.

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრაღის ეპარქიის უკვე ხსენებული წინამძღვრის, მიხაილ დანდარას გარდა, ლენინგრადში სწავლობდა მთავარეპისკოპოსი სიმონიც, რომელიც ხელმძღვანელობს ოლომოუცკო-ბრნოს ეპარქიას, თუმცა იგი ხელდასხმული იქნა პრაღაში და არა მოსკოვში. აქვეა მთავარეპისკოპოსი იაკიმეც, რომელიც 1997 წელს წმინდა სერგის სამების ლავრაში აკურთხეს.

ეკლესიის ყოფილი მიტროპოლიტი ქრისტეფორე, რომელიც 2013 წელს გაათავისუფლეს თანამდებობიდან, სწავლობდა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში. ბერად წავიდა მონასტერში მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა ყოფილმა საყვარელმა სასამართლოში იჩივლა. აღმოჩნდა, რომ მიტროპოლიტს ჰყავდა როგორც საყვარლები, ასევე ქორწინების გარეშე შეძენილი შვილები.

ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნისას ქრისტეფორემ მოაწყო ზეიმი 1951 წელს მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩეხეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების 60 წლისთავთან დაკავშირებით. ქრისტეფორეს არ შეეძლო არ სცოდნოდა, რომ ჩეხეთის მართლმადიდებლობა კონსტანტინოპოლიდან ამოიზარდა და არა რუსეთიდან, მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა დღესასწაულის ორგანიზება რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის პრაღაში ვიზიტის გამო.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა საყვედურის წერილი გაგზავნა პრაღაში. მან შეახსენა მიტროპოლიტს, თუ როგორია ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი. თუმცა ჩეხეთის ეკლესიის იერარქებმა ამის შემდეგაც არაერთხელ უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ მათ ტომოსი გადასცა სწორედაც რომ კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა.

2018 წელს, როდესაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინას ავტოკეფალია მიანიჭა, მოსკოვმა შეუძლებლად მიიჩნია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან შემდგომი ევქარისტიული ურთიერთობა, ამ გადაწყვეტილებაში მას მხარი დაუჭირა მხოლოდ ორმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ - სერბულმა და ჩეხურ-სლოვაკურმა.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემებს შორის, რომლებიც დროდადრო ცნობილი ხდება ხოლმე ფართო საზოგადოებისთვის, ძირითადად ქონებრივი საკითხებია.

2022 წლის მაისში ცნობილი გახდა ეკლესიის უზარმაზარი დავალიანების შესახებ. როგორც გაირკვა, ეკლესიას მთელი ათი წლის განმავლობაში არ შეუტანია თანხა სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში. ამის გამო ეკლესიის ქონების ნაწილს ყადაღა დაადეს.

ეკლესიას დავალიანება გაუჩნდა მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ 2013 წელს მიიღო კანონი რესტიტუციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტმა თანხა გადაუხადა იმ ეკლესიებს, რომლებმაც დაკარგეს ქონება ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტების ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელებული ნაციონალიზაციის შედეგად.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რესტიტუციის შესახებ კანონით 300 მილიონზე მეტი კრონა (დაახლოებით 16 მილიონი დოლარი) მიიღო.

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია პრაღაში, ოლშანის სასაფლაოზე
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია პრაღაში, ოლშანის სასაფლაოზე

გარდა ამისა, ჩეხეთის პოლიცია იძიებს ორ საქმეს, რომლებშიც, გამოძიების ვერსიით, მიხაილ დანდარმა არამიზნობრივად განკარგა საეკლესიო ქონება.

უკვე ნახსენები სამლოცველოს გარდა, რამდენიმე წლის წინ ეკლესიამ შეიძინა ციხე-დარბაზი, რომელიც საჭიროებდა შეკეთებას, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ შენობას მის ღირებულებაზე ათჯერ მეტი ვალი ეკისრებოდა. ამასთან, დანდარმა უძრავი ქონება საეპარქიო საბჭოს ნებართვის გარეშე შეიძინა.

ჩეხური მედია ასევე წერს, რომ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, კვლავ მოსკოვის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება, ასეთი დამოკიდებულება კი ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის მიერ ჩეხოსლოვაკიის ფაქტობრივი ოკუპაციის შემდეგ.

როგორია ამ ეკლესიის ისტორია?

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც რელიგიური ორგანიზაცია, თავის ისტორიას ითვლის ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან.

ჩეხი ისტორიკოსი, ვლადიმირ პომორცევი ამბობს, მაშინ საკმაოდ ტურბულენტური პერიოდი იყო, ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე რამდენიმე ეპისკოპოსი, რბილად რომ ვთქვათ, მტრობდა ერთმანეთს, თუმცა 1925 წლისთვის ყველა ეს დავა დასრულდა და შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ეპარქია, რომელიც ექვემდებარებოდა სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც თავის მხრივ მეექვსე ადგილს იკავებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დიპტიქში:

„ეკლესიას ხელმძღვანელობდა ეპისკოპოსი გორაზდი, ყოფილი კათოლიკე მღვდელი მატეი პავლიკი. ეს ყველაფერი გრძელდებოდა 1942 წლამდე, ვიდრე პრაღაში მოკლავდნენ რაინჰარდ ჰაიდრიხს - რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსსა და ბოჰემიისა და მორავიის რაიხსპროტექტორს.

მედესანტეები, რომლებმაც თავდასხმა მოაწყვეს, იმალებოდნენ რესლოვას ქუჩაზე მდებარე წმინდა კირილესა და მეთოდეს საკათედრო ტაძარში. თავშესაფრის აღმოჩენის შემდეგ ნაცისტებმა დახვრიტეს ყველა მღვდელი, რომელიც ამ ტაძარში მსახურობდა და მათ შორის ეპისკოპოსი გორაზდიც, მიუხედავად იმისა, რომ მას თავად არ მიუღია მონაწილეობა თავდამსხმელების დამალვის ოპერაციაში. ამის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესია აიკრძალა, თუმცა ფუნქციონირებას განაგრძობდა რუსული ემიგრანტული მართლმადიდებლური სამრევლო პრაღაში, რადგან ის ექვემდებარებოდა პარიზში მყოფ მიტროპოლიტ ევლოგიუსს“.

ჩეხეთისა მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია — ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია, უკავია მე–14 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში. იურისდიქცია ვრცელდება ჩეხეთსა და სლოვაკეთზე. დაარსდა დიდი მორავიის სამთავროს ტერიტორიაზე 863 წელს წმინდანი ძმების კირილესა და მეთოდეს მიერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შედიოდა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში, ავტოკეფალია მოიპოვა 1951 წელს. აქვს 4 ეპარქია: პრაღის (რეზიდენცია პრაღაში), ოლომოუცკო–ბრნოს (ბრნო), პრეშოვის (პრეშოვი) და მიხაილოვსკის (მიხაილოვცე). ეკლესიის სათავეში დგას მიტროპოლიტი პრეშოვისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა, უნეტარესი როსტისლავი. სლოვაკეთში ეკლესიას ჰყავს 51 ათასი მრევლი, ხოლო ჩეხეთში – 23 ათასი. ეპისკოპოსი - 6; ეპარქია - 4; სამრევლო - 249; მღვდელი - 197.

როგორც ჩეხი ისტორიკოსი ამბობს, ომის დასრულების შემდეგ საქმეში ჩაერია სტალინი, რომელმაც გადაწყვიტა გამოეყენებინა მართლმადიდებლური ეკლესია გავლენის აგენტად ყველა იმ ქვეყანაში, სადაც წითელი არმია შევიდა.

„უკვე 1945 წლის შემოდგომაზე პრაღაში ჩადის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, არქიეპისკოპოსი ფოტიოსი (ტოპირო), რომელიც უხსნის გადარჩენილ მართლმადიდებლებს, თუ როგორ იმუშავებს განთავისუფლებულ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე მართლმადიდებელი ეკლესია. ანუ უხსნის, რომ ყველაფერი, რაც ადრე ხდებოდა, არ ითვლება, არანაირი სერბული ეკლესიის ფილიალი აღარ იქნება და, რომ ყველაფერი მოსკოვს დაექვემდებარება.

ომის შემდგომი ეიფორიის ვითარებაში ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი სამღვდელოება დათანხმდა ასეთ შეთავაზებას და უკვე 1946 წლის აპრილში შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ეგზარქატი, ანუ დამოუკიდებელი ერთეული მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში.

პრაღაში ჩავიდა მიტროპოლიტი ელევფერი (ვორონცოვი), რომელიც იყო ომის შემდეგ თითქოსდა ხელახლა დაბადებული ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი წინამძღვარი. 1951 წელს კი, ჩეხეთში მართლმადიდებლობის შემორჩენილი ფრაგმენტების ახალი საეგზარქოსოსთვის დამორჩილების შემდეგ, შეიქმნა ავტოკეფალია.

1951 წლის ეს ტომოსი მთლად კანონიერი არ იყო, რადგან ჩეხოსლოვაკიის ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა, მაგრამ ვის აინტერესებდა ეს მაშინ?! ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია, მაგრამ მას ყოველთვის ხელმძღვანელობდნენ საბჭოთა კავშირიდან გაგზავნილი ეპისკოპოსები“, - ამბობს ვლადიმირ პომორცევი, რომლის თქმითაც, ასე იყო 1999 წლამდე, ვიდრე გარდაიცვლებოდა სსრკ-დან გაგზავნილთაგან უკანასკნელი მიტროპოლიტი დოროფეი:

„ეკლესიამ გაუძლო ჩეხოსლოვაკიის დაშლას, შეინარჩუნა თავისი ერთიანობა და განაგრძობს არსებობას ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. აშკარა ფაქტი, რომ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი იყო საბჭოთა კგბ-ს აგენტი ჯერ არ გამოვლენილა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩეხოსლოვაკიის ეკლესია იმყოფებოდა მოსკოვის საპატრიარქოს ძალიან ძლიერი გავლენის ქვეშ, ეჭვგარეშეა.

ასევე ძნელი სათქმელია, შენარჩუნებულია თუ არა ამგვარი ძლიერი გავლენა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეკლესიის პრაღის ეპარქია, ოლომოუც-ბრნოს ეპარქიისგან განსხვავებით, ერთადერთი რელიგიური ორგანიზაციაა ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომელსაც ჯერაც არ დაუგმია რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ყველა სხვა რელიგიურმა ორგანიზაციამ ერთხმად დაგმო რუსეთის ომი უკრაინაში“.

რადიო თავისუფლება: 1998 წელს ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაბრუნდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში, მიიღო ავტოკეფალიაც და ტომოსიც. მაგრამ სულ რამდენიმე წლის შემდეგ, 2001 წელს, მან იზეიმა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ მინიჭებული ავტოკეფალიის წლისთავი.

არადა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქომ არსებითად დაიქვემდებარა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია. წლისთავის აღნიშვნამ კონსტანტინოპოლის პატრიარქის აღშფოთება გამოიწვია. თუ შეიცვალა ეკლესიის იერარქების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ თუნდაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ?

ვლადიმირ პომორცევი: პრაღაში სტუმრად ჩადიოდა მედვედევი, რომელიც მაშინ რუსეთის პრეზიდენტი იყო. როგორც ჩანს, ქრისტეფორეს სურდა საზეიმო დახვედრით მედვედევის გახარება. ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესია, განსაკუთრებით მისი ისტორიის ბოლო პერიოდში, ცდილობს ერთდროულად ორ სკამზე ჯდომას - შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა მოსკოვის საპატრიარქოსთან და, ამავე დროს, შეასრულოს აუცილებელი კანონიკური მოთხოვნებიც, რათა იყოს ნორმალური ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მსგავსად.

მეორე მხრივ, 2011 წელს, როდესაც პრაღაში ვადა გაუვიდა ეკლესიის წინამძღოლის რეზიდენციის იჯარის ხელშეკრულებას, მოსკოვის პატრიარქმა (ჩეხეთში მას სანქციები აქვს დაწესებული უკრაინის ომის მხარდაჭერის გამო - რ.თ.) ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც მაშინ წერდა პრესა, „ძმურად აჩუქა“ ორსართულიანი შენობა, სადაც ახლა პრაღის მთავარეპისკოპოსის რეზიდენციაა განთავსებული.

ჩვენ არ ვიცით, რა პირობებში გაკეთდა ეს საჩუქარი, საჯაროდ ამაზე არსად არაფერი თქმულა. არადა, მისი ღირებულება დღეს რამდენიმე ათეული მილიონი კრონაა.

იმის გარკვევა, თუ რა პირობებით გაიცა ეს საჩუქარი, მომავალი თაობის ისტორიკოსების ამოცანაა. არაა გამორიცხული, გარკვეული დოკუმენტები გასაჯაროვდეს მართლმადიდებელ ეპარქიაში ძალაუფლების შეცვლის შემდეგ. მინდა გულწრფელად მჯეროდეს, რომ იგორ სტრჟელეცის გადაყენება დაკავშირებულია პრაღის ეპარქიის იმიჯის გამოსწორების სურვილთან, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, ის უფრო აზიანებდა ეკლესიას, ვიდრე სარგებელი მოჰქონდა მისთვის.

მიტროპოლიტ ქრისტეფორეს გადადგომის შემდეგ უამრავმა პრობლემამ იჩინა თავი. პრობლემაა წესდების დარღვევა, რასაც ძალიან ხშირად უყენებენ ბრალად მეუფე დანდარს, პრობლემაა ბიუჯეტიდან მიღებული ფულის ხარჯვა და ა.შ. სახეზეა პრობლემების მთელი წყება, რომელსაც დასასრული არ უჩანს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG