Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმდენი ხალხი მოვიდა, ერთ დღეში ორჯერ ვითამაშეთ“ - ხალხური თეატრი ქუთაისში


სცენა სპექტაკლიდან
სცენა სპექტაკლიდან

ამ თეატრში ბილეთები არ იყიდება, დასწრება კი ნებისმიერს შეუძლია. ქუთაისელებმა სამოქალაქო თეატრის დასი შეკრიბეს, რომლის მონაწილეებიც ძირითადად ჟურნალისტები არიან. პიესებს თავად წერენ, სცენა ქალაქის ნებისმიერი ადგილია, თემები ხალხური - ის რაც კლასიკურ სცენას არ აინტერესებს.

რამდენიმე თვის წინ დასმა, რომელიც 12-13 არაპროფესიონალი მსახიობისგან შედგება, სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო. პიესა ერთ ქუთაისურ ოჯახზეა - კლდიაშვილებზე. ამბავი ნამდვილია. ოჯახის ერთ-ერთი წევრი საბა კლდიაშვილი, ოდესაში წარმატებული ქიმიკოსი იყო. 1905 წელს, მეფის რუსეთის ჟანდარმერიამ მის ქალაქში ებრაული თემის დარბევა დაიწყო. საბა კლდიაშვილი ებრაელებს გამოექომაგა, რის გამოც შავრაზმელებმა ადგილზე მოკლეს.

საბა კლდიაშვილი
საბა კლდიაშვილი

მისი გასვენება ქუთაისში სახალხო გლოვად იქცა. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა (1905, 20 ნოემბერი): „იმ დღეს მთელი ქუთაისი დაკეტილი იყო. არ დარჩენილა არც ერთი დაწესებულება, საზოგადოება, ხელოსნები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მოხუცნი, რომელთაც კუბო გვირგვინით არ შეემკოთ“. დაკრძალეს ქუთაისის ცენტრში, მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში, ეკლესიის დანგრევის შემდეგ კი საფიჩხიის სასაფლაოზე გადაასვენეს.

საბა კლდიაშვილის გასვენება
საბა კლდიაშვილის გასვენება

ისე მოხდა, რომ ამ სპექტაკლზე მუშაობისას ისრაელში ომი დაიწყო. სოლიდარობის ნიშნად სამოქალაქო თეატრის მსახიობები პრემიერაზე ისრაელისა და უკრაინის სიმბოლიკებით გამოვიდნენ.

„რაც ჩვენ გვაწუხებს, ეს არის სიტყვის თავისუფლება, ოკუპაცია, სხვა ერისთვის თავგანწირვა. ამ ისტორიაში ჩემთვის ღირებული ის იყო, რომ ეს ოჯახი მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობდა“, - ამბობს სამოქალაქო თეატრის ერთ-ერთი მსახიობი, ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე.

თეატრის დამფუძნებელი ზეკო ხაჩიძე ჰყვება, რომ მისი მიზანია სამოქალაქო თეატრმა ისეთი თემები წამოწიოს, რომელსაც კლასიკური თეატრი გვერდს უვლის, თან პათეტიკის გარეშე.

„2016 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ვმუშაობდი. იქ რაღაც სხვა თხრობა დამაკლდა, რაღაც სხვა ღირებულებების და ფასეულობების პოპულარიზაცია. ვხვდებოდი, რომ აკადემიური თეატრი, პროფესიონალები, ამას ასეთი ტკივილით არ უყურებენ. ამ დანაკლისს შესაძლოა გრძნობდნენ, მაგრამ სახელს არ არქმევდნენ, - ამბობს ზეკო ხაჩიძე, - სულ მახსოვდა, რომ მესხიშვილმა თბილისსა და ქუთაისს შორის, ქუთაისი აირჩია, რადგან იქ შეეძლო თავადაზნაურობისგან მოშორებით, ხალხური თეატრი გაეკეთებინა“.

სცენა სპექტაკლიდან
სცენა სპექტაკლიდან

ამბები, რომელიც სამოქალაქო თეატრმა უნდა დადგას, უფრო ქუთაისს უკავშირდება. მაგალითად, მომავალი სპექტაკლი „1909“ ორმაისობის ტრადიციაზე, საქმის ქართულად წარმოების უფლების მოპოვებასა და იმ წლის სხვა მნიშვნელოვან ამბებზე იქნება.

„ძალიან ბევრი ამბავია ქუთაისზე… როგორ აუარა გვერდი რკინიგზამ, როგორ გარიყეს ნიკო ნიკოლაძე ქალაქიდან, ჩავარდნილი ურბანული პროექტები... ამბები, რომლებსაც ხელი გავუშვით, დავკარგეთ. მგონია, რომ ისტორიის სწორად გახსენებით და სწორად მოთხრობით, მაყურებელსაც შემოვიკრიბავთ“, - ამბობს ზეკო ხაჩიძე.

რადგანაც თეატრი სამოქალაქოა, არც გარანტირებული დაფინანსება არსებობს. ჯერჯერობით მსახიობები რეკვიზიტებისთვის ნაჭრებს და სხვა მასალას სახლებში ეძებდნენ და თავადვე ამზადებდნენ.

„გაგვიჭირდა ისეთი სივრცის მოძებნა, სადაც შევხვდებოდით და რეპეტიციებს გავივლიდით. კაპიკი არ გვქონდა. სულ ამით ვიმშვიდებდით თავს, რომ ჩვენგან პროფესიულ თამაშს არა, უფრო გზავნილებს ელოდებოდნენ. მაგრამ მერე იმდენი ხალხი მოვიდა, ერთ დღეში ორჯერ ვითამაშეთ სპექტაკლი“, - ამბობს ეკა ფხაკაძე.

საბოლოოდ სპექტაკლი სასტუმრო „არგოს“ ფოიეში გაიმართა. მაყურებელი მოვიდა, მსახიობებმა ითამაშეს, მერე შუქი ჩაქრა და სანამ ისევ აინთებოდა, განაჩენს დაელოდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პერფორმანსი ქალაქისთვის. სპექტაკლი ეფრო კლდიაშვილის (ქუთაისის პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამარსებელი, საბა კლდიაშვილის დედა) ცხოვრებაზე იყო, თუმცა, თანამედროვე პრობლემებსაც ეხმაურებოდა და ეს სამოქალაქო თეატრმა ჩვენამდე მოიტანა. კლასიკური თეატრების სცენაზე ამას ვერ ვხედავთ. მსახიობები დამწყებები არიან და დროთა განმავლობაში უკეთ ითამაშებენ, მაგრამ თემატიკა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს გადაიფარა“, - ამბობს თამარ ქავთარაძე, რომელიც სპექტაკლს დაესწრო.

სცენა სპექტაკლიდან
სცენა სპექტაკლიდან

სპექტაკლის კიდევ ერთი მაყურებელი ნანა თოშხუა ჰყვება, რომ სამოქალაქო თეატრის პრემიერას მისი დაარსების დღიდან ელოდა, რადგან ქართული კლასიკური თეატრები დღეს ვერ პასუხობენ იმ გამოწვევებს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას აქვს.

„კლდიაშვილების ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მით უფრო დღეს, როდესაც ისრაელში ომია და ანტისემიტიზმი ისევ ფეხს იკიდებს. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში, როგორ იცავდნენ მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად“.

ხვიჩა ვაშაყმაძე მთელი ცხოვრება ჟურნალისტია, მსახიობობაზე ის მხოლოდ ოცნებობდა, ოცნება ახლა აუხდა, სპექტაკლში ერთბაშად რამდენიმე როლი მისცეს. ეშინოდა, რომ თავს ვერ გაართმევდა, ვერაფერს მოახერხებდა:

„პირველი პერფორმანსი რომ დამთავრდა და შუქი ჩაქრა, ყველა სუნთქვაშეკრულები ველოდით, მაყურებელს რა რეაქცია ექნებოდა. თითქოს გაიწელა კიდეც ეს მომენტი, როდესაც ისევ აინთო შუქი და ტაში დაუკრეს, ყველანაირი დაძაბულობა მოგვეხსნა“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG