Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტული წლის ლაურეატები


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი პრესის, რადიოტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოთა 61 ჟურნალისტი მონაწილეობდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ საახალწლო რეფერენდუმში,

რომელმაც გამოავლინა საქართველოს 2001 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო გუნდი და მწვრთნელი. სპორტული წლის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია, ასევე ტრადიციულად, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა.

ჟურნალისტთა გამოკითხვა1964 წლიდან ეწყობა. ამ საქმეს სათავე დაუდეს მიხეილ კაკაბაძემ, ნოდარ გუგუშვილმა, ბიჭიკო ქორქიამ და სხვა ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტებმა. წლევანდელის ჩათვლით, სულ 36 ასეთი რეფერენდუმი გაიმართა. ჟურნალისტთა პირველი რჩეული იყო სლავა მეტრეველი. სხვადასხვა წლებში უძლიერესებად გამოცხადდნენ ომარ ფხაკაძე, ზურაბ საკანდელიძე, ვიქტორ სანეევი, ალექსანდრე მეტრეველი, ნონა გაფრინდაშვილი, ლევან თედიაშვილი და სხვა ცნობილი სპორტსმენები.

წლევანდელი სპორტული სეზონი, მოგეხსენებათ, წარმატებული გამოდგა და, შესაბამისად, არჩევანიც საკმაოდ დიდი იყო. გამოკითხულებმა სპორტის 15 სახეობის წარმომადგენელი 38 სპორტსმენი დაასახელეს. საქართველოს 2001 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს საჩხერელი ძალოსანი , ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ასანიძე, რომელმაც წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში გაიმარჯვა. ასანიძე მესამედ გახდა ჟურნალისტთა რჩეული და ამჯერადაც მას ერგო მთავარი პრიზი: ცნობილი მოქანდაკის, გია ჯაფარიძის კომპოზიცია “მედროშე”. მეორე ადგილზე გავიდა მუხრან ვახტანგაძე – უკვე სახელოვანი ბათუმელი ფალავანი, მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. უძლიერესთა სამეულში შევიდა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მორკინალი ლევან ცაბაძე, იგივე ლეონსიო, ქართველ “ბორჯღალოსანთა” სწორუპოვარი წინამძღოლი. ათეულში მომდევნო ადგილები დაიკავეს: ზურაბ ზვიადაურმა (ძიუდო), ალექსანდრე დოხტურიშვილმა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), დავით პოღოსიანმა (თავისუფალი ჭიდაობა), კახი კალაძემ (ფეხბურთი), დავით მარგოშვილმა (ძიუდო) და ზაზა ფაჩულიამ (კალათბურთი).

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, ბუნებრივია, გიორგი ასანიძე აღმოჩნდა. საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა რადიო “თავისუფლებას“ განუცხადა: [გიორგი ასანიძის ხმა] “დიდი მადლობა ყველა იმ ჟურნალისტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და დამასახელა მესამედ საუკეთესო სპორტსმენად. ეს დიდი პატივია იმის შემდეგ,რაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და არა მარტო ამის, არამედ მთელი წლის ნაჩვენები შედეგებით. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ყველა ადამიანს. მინდა ვუსურვო მომავალ წელს, პირველ რიგში შობა-ახალი წელი მივულოცო ჩემს ქვეყანას, ჩემს ერს, ჩემს სამშობლოს, ჩემს კუთხეს საჩხერეს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ წელს ყოფილიყოს მინიმუმ ათი მსოფლიო ჩემპიონი, რომ გაგჭირებოდეთ საუკეთესოს დასახელება, რომელიც დღეს ასე მოხდა”.

ასანიძემ განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია თავისი მწვრთნელი ვანო გრიქუროვი,რომელიც რამდენიმე წელიწადია, პოლონეთში მოღვაწეობს და იქ ავარჯიშებს ასანიძესა და სხვა ცნობილ ძალოსნებს. გრიქუროვი ძალოსნობის სამყაროში აღიარებული და ავტორიტეტიანი სპეციალისტია – არაერთი მსოფლიო ჩემპიონისა და რეკორდსმენის აღმზრდელი.

[ვანო გრიქუროვის ხმა] “წლევანდელი წელი იყო ძალიან ნაყოფიერი, უამრავი გამარჯვებები. კმაყოფილი ვარ, ბედნიერი ვარ. მომავალი წელიც რთული და საპასუხისმგებლო იქნება, იმიტომ, რომ მომავალ წელს უნდა ჩაეყაროს საფუძველი იმ გამარჯვებებს, რომლებსაც ჩვენ ველით ათენის ოლიმპიურ თამაშებზე”.

გარდა ათი საუკეთესო სპორტსმენისა, გამოვლინდა წლის საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მწვრთნელი. აქ ჟურნალისტები ერთსულოვანნი იყვნენ: უძლიერეს გუნდად საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად – ამავე ნაკრების თავკაცი, ფრანგი კლოდ სორელი. დარბაზში შეკრებილნი ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ ქართველ მორაგბეებს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ევროპის ეროვნებათა თასის გათამაშებაში გამოჩენილი თავდადებისათვის. ცხადია, სეზონის შედეგებით კმაყოფილია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბიძინა გეგიძეც.

[ბიძინა გეგიძის ხმა] “წლევანდელი სეზონი შეიძლება შეფასდეს ძალზე წარმატებულად, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ხუთივე ოფიციალურ თამაშში მოვიპოვეთ გამარჯვება, ანუ ასპროცენტიანი შედეგი გვქონდა იმ შეჯიბრებებში, რასაც ჰქვია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. გარდა ამისა, ჭაბუკთა ნაკრებმა მოიგო მსოფლიოს მცირე თასი, გახდა მსოფლიოს ჩემპიონი “ბ” ჯგუფში. შვიდკაცა ნაკრები გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, არგენტინაში, მარ-დელ-პლატაში იასპარეზა, ათეულში შევიდა და ასეთი წარმატებული სეზონი რაგბის კავშირს და რაგბის ისტორიას არ ახსოვს”.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა მასპინძლობით მოწყობილ ზეიმს ორასზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის ქართული კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო მოღვაწენი. წლის ლაურეატებს და რადიო “თავისუფლების” მსმენელებს მიესალმება საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი.

[ნონა გაფრინდაშვილის ხმა] “მე სულით და გულით ვულოცავ ყველა სპორტსმენს წარმატებას. საქართველოს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია სპორტში და გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია. მე მინდა ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს, გაემრავლებინოთ ეს წარმატებები და ყველას, მსმენელებს, მივულოცავ ახალ წელს. მშვიდობიანი ყოფილიყოს, სიუხვით სავსე და ოჯახური ბედნიერებით სავსე ყველასათვის, ვინც ისმენს ამ სიტყვებს”.
XS
SM
MD
LG